კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზებაზე თქვა უარი გოგი ჭიჭინაძემ და ვინ შეზღუდა მისი ცხოვრება

30 იანვარს ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი და პატივსაცემი რესპონდენტის, გოგი ჭიჭინაძისა და მანონი მაჭავარიანის ოჯახს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი წევრი – პატარა ალექსანდრე შეემატა. „თბილისელების” სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ალექსანდრეს დაბადებას და, ვფიქრობ, რომ ის თავის მშობლებივით გამორჩეული, ღირსეული და კარგი ადამიანი იქნება. 

გოგი ჭიჭინაძე: მამობა მრავალფეროვანი განცდაა. რა თქმა უნდა, ვხვდები და ვგრძნობ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ახლა სიყვარულის ჩამოყალიბების პერიოდია, იმის გათავისების, რომ ახალი ადამიანი შემოვიდა შენს ცხოვრებაში, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს და დიდი ყურადღება სჭირდება. ეს აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებაა. მე მზად ვიყავი შინაგანად მამობისთვის, თან, უკვე მრავალი წელია და, ამიტომ, რომ გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში რაღაც წარმოუდგენელი მოხდა, ყველაფერი გადაიკეტა – ცაც და დედამიწაც-მეთქი, არ იქნება სიმართლე. ის, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება, არის  საოცარი, უმნიშვნელოვანესი, მაგრამ შეიძლება, ვინმესთვის უცნაურად ჟღერდეს, თუმცა, მეორე, ანუ ჩემი შემოქმედება ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული  ვარ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყმება და არაფერი არაფერს არ შეუშლის ხელს. 

– როდის დაიბადა? 

– 30 იანვარს დაიბადა და ალექსანდრე, სანდრო დავარქვით. ძალიან ბევრს ეგონა, რომ, თუ ბიჭი გაჩნდებოდა, დავარქმევდი მამაჩემის ან ჩემი ძმების სახელს, რადგან, არც ერთი არ არის დღეს ცოცხალი. მაგრამ, მე არ მინდოდა. ბავშვი ისედაც ისეთ ოჯახში გაიზრდება, რომ, ის მნიშვნელოვანი წარსული, რომელიც მის ოჯახში იყო, ისედაც ეცოდინება. ამიტომ, სახელით დამძიმება, დატვირთვა აღარ მინდოდა. ჰქონდეს თავისი სახელი, თავისი ცხოვრება.

– იმედია, ბავშვის დაბადებისას თბილისში იყავით?

– ახალი ჩამოსული ვიყავი. მოვასწარი ვარშავაში კონცერტის ჩატარება, 27 იანვარს ჩამოვედი და 30 იანვარს დაიბადა. ჩემი ერთ-ერთი ძმის გარდაცვალების თარიღი შემდეგი დღეა. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა, რომ მაინცდამაინც ეს დღე ყოფილიყო. მოკლედ, ყველაფერი ლამაზად მოხდა და ყველა დღეს თავისი დატვირთვა ექნება.

– ასეთ დროს მამები განსაკუთრებულად ნერვიულობენ ხოლმე, ხანდახან აქეთ უწევთ მეუღლეებს მათი დამშვიდება.

– ვერ ვიტყვი, რომ იმ მომენტში ბავშვზე ვფიქრობდი. ძალიან აღელვებული ვიყავი იმით, რომ ჩემს მეუღლეს სტკიოდა. არაფერი არ მინდოდა იმის გარდა, რომ მას არ სტკენოდა და, რომ ვკითხულობდი, რატომ სტკივა, რატომ სტკივა-მეთქი, მეუბნებოდნენ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ წევ პანიკასო. მერე იყო ეიფორიის მომენტი: ბავშვის დაბადებიდან სამი წუთის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა ყავა მომაწოდა მანქანაში, ვსვამდი და ვამბობდი: ღმერთო ჩემო, რა უბედურებაა ეს უშაქრო ყავა-მეთქი და მაინც ვსვამდი. რა დროს ყავაა, შვილი გეყოლა, თან – ბიჭიო. 

– ახლა, როცა უყურებთ ბავშვს, ალბათ უკვე დაახლოებით წარმოგიდგენიათ, როგორ გაზრდით. 

– არ ვიქნები მკაცრი, თუმცა, რაღაც მომენტში სიმკაცრეც საჭიროა, მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინ ჭრის, როცა პარალელურად ხდება დიდი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა. თუ ბავშვი გრძნობს იმას, რომ უყვარს მშობელს, ოღონდ, თავისთვის კი არა, მისთვის უყვარს, მისი პიროვნული თავისუფლება არ იზღუდება და, ასეთ დროს, დარწმუნებული ვარ, ბავშვის მიმართ სიმკაცრის გამოხატვა არ იქნება მტკივნეული. ბავშვს სულ უნდა ესაუბრო, ეკონტაქტო, რაღაც ასწავლო. მთავარი ის კი არ არის, მას რას ესაუბრები, არამედ ის, თუ რა ესმის მას თავის ოთახში ღია კარიდან – რას საუბრობენ, როგორ ტონში საუბრობენ მისი მშობლები... ეს არის სწორედ ის ატმოსფერო, რომელშიც ბავშვი იზრდება. რაც მთავარია, „არ შეიძლებას“ ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს ახსნა, თუ რატომ არ შეიძლება და, სამაგიეროდ რა შეიძლება. 

– გარკვეულწილად, ალბათ, უკვე პატარა ალექსანდრეს წესებით გიწევთ ცხოვრება, ბევრი რამის გათვალისწინება.

– მილიონი რაღაც არის გასათვალისწინებელი, ბევრი კომპრომისია. გასაგებია, რომ რაღაცით იზღუდება შენი თავისუფლება; როგორც ადრე ცხოვრობდი, ისე ვეღარ ცხოვრობ, რაც შეიძლება, რაღაც მომენტში გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ,  ტრაგიკული  არ არის. შეიძლება ყველაფრის მისადაგება, დარეგულირება, ერთმანთთან ჰარმონიაში მოყვანა. თუ გინდა შვილი და, შვილი, რა თქმა უნდა, მინდა, მას ყურადღება და ბევრი სხვა რამ სჭირდება. 

– ბოლოს რომ გვესაუბრეთ, საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი გეგმა გქონდათ, იაპონიაშიც აპირებდით გამგზავრებას.

– იაპონიაში ნოემბერში მაქვს პირველი კონცერტი. კუნძულ ოკინავაზე შეიქმნა დიდი, ახალი ფილარმონიული ორკესტრი, რომლის მთავარი დირიჟორიც ვარ მე. 24 იანვარს მქონდა ვარშავის ეროვნულ ახალგაზრდულ ორკესტრთან კონცერტი, დისკზეც ჩაწერეს. ასევე, კონცერტი მქონდა ამსტერდამის რადიო-ფილარმონიულ ორკესტრთან (რომელიც მთელ ევროპაში ძალიან ცნობილი ორკესტრია) და ძალიან კარგად ჩაიარა. ეს წელი შედარებით უფრო თავისუფალი მაქვს. შარშან და შარშანწინ, ორი სეზონის განმავლობაში, ისე ხდებოდა, რომ ჩამოვდიოდი საქართველოში და რამდენიმე დღეში ისევ მივდიოდი. ახლა შედარებით თავისუფალი ვარ, კარგად დაემთხვა ბავშვთან და ახალ ცხოვრებასთან დაკავშირებით, რადგან, სხვა შემთხვევაში, რთული იქნებოდა. შემოდგომიდან ისევ ბევრი გეგმა მაქვს. არტისტის ცხოვრება ასეთია – დატვირთული და ამას უკვე მიჩვეული ვარ. ბევრი არ უნდა იწუწუნო, რადგან, შეიძლება, ბევრისთვის სანატრელი იყოს ისეთი ცხოვრება, როგორიც მე მაქვს. არასდროს ვზოგავ თავს, რაც მეტია საქმე, მით უკეთესი. იმაზე, რაც შემოქმედებითად საინტერესოა, არასდროს ვამბობ უარს. თუმცა, თუ იმ მომენტში შენთვის რაღაც არ არის  საინტერესო და უარს ამბობ, ამაში ცუდი არაფერია, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და, ისიც ბედნიერებაა, რომ არჩევნის გაკეთებისა და რაღაცაზე უარის თქმის საშუალება გაქვს. მთელი ჩემი ცხოვრება შემოქმედებითი პროცესიდან გამომდინარეობს, სადაც შემოქმედებითად ვარ ბედნიერი, იქ იქნება ჩემი ადგილი. შარშან შემომთავაზეს ერთ-ერთ ცნობილ და კარგ თეატრში მუშაობა. საუბარი იყო იმაზე, რომ ძირითადად იქ უნდა ვყოფილიყავი. დავილაპარაკეთ ჩემს აგენტთან, მაგრამ, იყო რაღაც, რაც არ აღმოჩნდა ჩემთვის საინტერესო. ამით ცუდი არაფერი მომხდარა, იმ თეატრთან ახლაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ისინი შენს უარს თუ  თანხმობას დიდ პატივს სცემენ და სწორად იგებენ.  კონტრაქტის თანახმად, იაპონიაში მომიწევს რაღაც პერიოდის გატარება. თანამედროვე კონტრაქტების მიხედვით, არ ხარ ერთ ადგილზე დაბმული.

– როდესაც თქვენთან, კონსერვატორიაში მოვდივარ, ყოველთვის ვგრძნობ და ვხედავ, როგორი სიყვარულით და პატივისცემით არიან სტუდენტები თქვენ მიმართ განწყობილი.

– ჩემი პედაგოგიური საქმიანობა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა. ყოველთვის დიდი მადლობელი ვიქნები კონსერვატორიის ყოფილი რექტორის, მანანა დოიჯაშვილის. 2001 წლის დასაწყისი იყო და პირდაპირ ყურებით მომათრია – არასგზით არ მინდოდა კონსერვატორიაში მოსვლა, რადგან, ვფიქრობდი, რომ ვერ მოვასწრებდი, რადგან, მაშინ იწყებოდა ჩემი აქტიური საქმიანობის პერიოდი. ახლა კი ეს ისეთი დიდი სიხარულია. თან, არ ვიცი, ვინ ასწავლის უფრო მეტს, მგონი, ისინი მე უფრო ბევრს მასწავლიან, ვიდრე მე – მათ. არ ვიცი, თუ შეიძლება, ამდენი რამ ისწავლო კიდევ სადმე ან ვინმესგან, გარდა შენი მოსწავლისა, რაღაც, არ მგონია. ძალიან საყვარლები არიან. პედაგოგობა  ისეთი მადლიანი პროფესიაა, მთელ სულს რომ ჩადებ და მერე შედეგს ხედავ: ის, როგორც შემოქმედი, ბედნიერი რომ არის და ამაში შენი წვლილიცაა ჩადებული, ამ დროს საოცარი სიამაყის გრძნობაც გეუფლება და ამას არაფერი ჯობია. არ ვიცი, რითი დავიმსახურე, მაგრამ, არის ასეთი დამოკიდებულება, არადა, ითვლება (და ვხვდები კიდეც), რომ ძალიან მკაცრი ვარ, ერთი მხრივ, სითბო და მეგობრული დამოკიდებულებაც უნდა იყოს  და, ასევე, უნდა არსებობდეს რაღაც ბარიერი პროფესორსა და სტუდენტს შორის, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. საერთოდ, ნებისმიერი ურთიერთობის გაუბრალოება, გატუტუცება არსად არ ვარგა, არავისთან, უახლოესთანაც კი. არ ვგულისხმობ, რომ ცივი ურთიერთობა უნდა იყოს, მაგრამ, საზღვარი, ზონა უნდა არსებობდეს, რომელიც მისი პირადულია და შენ მას ვერ შეეხები, თუნდაც ის შენი შვილი იყოს. 

– ისურვებდით, რომ თქვენი შვილიც დირიჟორი გამოვიდეს?

– ჩემთვის მთავარია, ვამაყობდე, რომ მე გავზარდე ღირსეული ადამიანი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გარშემო მყოფ ადამიანებზე ფიქრობს. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა სხვების წინაშე, რადგან შენ მუდმივად პასუხისმგებელი ხარ შენი ღიმილით, სალმით, სიტყვით ნებისმიერი ადამიანის წინაშე. მე მინდა, ჩემი შვილი ასეთი იყოს; მინდა, იყოს ბედნიერი, თავისუფალი, ოღონდ, არა სხვის ხარჯზე თავისუფალი, არამედ, თავისთავად თავისუფალი. ნიჭის დიდი მოტრფიალე ვარ, მაგრამ, თუ არჩევანივით იქნება, მირჩევნია, იყოს მოკრძალებული ნიჭის პატრონი და ღირსეული ადამიანი, ვიდრე წარმოუდგენლად ნიჭიერი, მაგრამ, გადათელოს ყველა და ყველაფერი იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. იმედი მაქვს, ჩემი შვილი ღირსეული პიროვნება იქნება. 

скачать dle 11.3