რატომ ითვლებოდა იაპონიაში ყოფილი გეიშა სასურველ საცოლედ და როგორ ანიჭებდნენ მამაკაცებს უმაღლესი დონის სიამოვნებას ისინი
იაპონია... ღრმა, მიუწვდომელი, შორეული, ბუნდოვანი და საოცრად მიმზიდველი. იაპონური ლიტერატურა, კინო თუ თეატრალური ხელოვნება სულიერებით სავსეა, მათ ყველაფერი ხელოვნების დონეზე აჰყავთ, სექსიც კი, რომელსაც, მათდამი პატივისცემის ნიშნად, კულტუროლოგ ნინო გოგავასთან ერთად, „ალერსის ხელოვნება“ დავარქვით.
ნინო გოგავა: იაპონელებისთვის ყველაფერი სულიერია – ყვავილები, მცენარეები... და ეს რელიგიიდან მოდის. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ სიყვარული, ალერსი, მათ ღმერთებმა ასწავლეს და ეს ფილოსოფია შინტოიზმიდან მოდის. ღმერთებს კი სიყვარული ჩიტებმა ასწავლეს – ისინი ისე თბილად ეფერებიან ერთმანეთს, რომ ღმერთებმა ეს თავისთვის გადმოიღესო. აღმოსავლეთში სექსს სულ სხვა დატვირთვა აქვს ევროპელებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც სექსი თითქოს სპორტის დონეზეა მისული. იაპონიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო დანარჩენი მსოფლიოსგან, სექსთან დაკავშირებული ტრადიციები თავიდან ბოლომდე შენარჩუნდა. ამ ქვეყანამ მოახერხა, იყოს საოცრად ტრადიციული და, ამავდროულად, სუპერთანამედროვე. უზომოდ დიდ შრომისმოყვარეობასთან ერთად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გართობას, რაც უკავშირდება როგორც დალევას (ეს იაპონელებს ძალიან უყვართ), ისე სექსუალურ თავგადასავლებს.
– და, ამავდროულად, მიდრეკილები არიან სუიციდისკენ.
– დიახ, ესეც მათი რელიგიიდან მომდინარეობს, რომელიც აიძულებს, რაც შეიძლება მეტად ჩაუღრმავდეს ადამიანი საკუთარ თავს, არსს. რა არის იკებანა? ყვავილების სულში ჩახედვა, რომელიც საშუალებას მოგცემს, შექმნა რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი. ასე არის ქვის ბაღები, ასევეა ჩაის დალევის ცერემონიალი და, რა თქმა უნდა, გეიშებიც.
– რას ნიშნავს გეიშა?
– სიტყვა ორი იეროგლიფისგან შედგება: „გეი“ ნიშნავს „ტალანტს“, „ნიჭიერებას“, მეორე ნაწილი კი – შია, რომელიც იაპონურად ჟღერს როგორც „სია“ – ნიშნავს „ადამიანს“. ანუ, გეიშა – ნიჭიერი ადამიანი. ეს იყო მაღალ დონეზე განათლებული ქალი, რომელსაც შეეძლო საინტერესო საუბარი, სიმღერა, ცეკვა, დაკვრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, აუცილებლად უნდა სცოდნოდა იკებანა, ჩაის ცერემონიალი ყველა წესის დაცვით. მას არა მარტო უნდა გაერთო და უმაღლესი სიამოვნება მიენიჭებინა მამაკაცისთვის, არამედ, ის უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აეყვანა. იაპონიაში ძველად ქალი იყო აბსოლუტურად უუფლებო. კაცს ყველაფრის უფლება ჰქონდა, ქალი კი მონის მდგომარეობაში იყო, რომელიც ქმარს თქვენობით მიმართავდა, თავი სულ დახრილი უნდა ჰქონოდა და მორჩილებაში ყოფილიყო. მათი ფილოსოფია იყო – „მამაკაცს ეცი პატივი და ქალი გძულდეს”. ცოლი ნაკლებად მოჰყავდათ სიყვარულით, ეს გარიგებით ხდებოდა. სიყვარულსა და სიამოვნებას რაც შეეხება, ამას მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან იღებდნენ.
– მითია თუ რეალობა გეიშების ზურგზე დამაგრებული ლეიბებთან დაკავშირებული გადმოცემა, თითქოს ისინი ვალდებული იყვნენ, მამაკაცისთვის სიამოვნება მიენიჭებინათ ნებისმიერ ადგილას?
– გეიშები იყვნენ რანგებად დაყოფილი. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ქვეყნის მორალურ-ეთიკური პრინციპები აიგო კონფუციანიზმზე, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო იყო ოჯახის პატივისცემა, მაგრამ, ამასთანავე, მამაკაცი იყო მამა, ქმარი, რომელიც ყველაფერს განაგებდა ოჯახში, დამოუკიდებლად იღებდა ყველა გადაწყვეტილებას და, ამავდროულად, მას ენიჭებოდა თავისუფლება სიყვარულში. ამ პერიოდიდან პროსტიტუცია სახელმწიფოსგან დაშვებული იყო და ხელსაც უწყობდა, რომ აშენებულიყო მხიარული კვარტლები, სადაც მამაკაცები გართობას შეძლებდნენ. იყო ჩაის სახლები, სადაც რეალურად ხდებოდა გოგოების არჩევა. რაც შეეხება გეიშების ისტორიას: რაღაც ასაკში, გაჭირვებული ოჯახის უფროსს თავისი შვილი ან ცოლი მიჰყავდა საროსკიპოში და ათწლიანი ხელშეკრულებით მას იქ ტოვებდა. პირველი და ბოლო წელი არ ეთვლებოდა, ანუ, გეიშა ვალდებული იყო, თორმეტი წელიწადი დარჩენილიყო იმ ადგილას. გეიშას მომსახურე გოგოს „მაიკო“ ერქვა და სწორედ მაიკო იყო პირველი საფეხური გეიშას ცხოვრების გზაზე. ადრეულ პერიოდში მაიკოები 7 წლიდან იწყებდნენ სწავლას, მომსახურებას კი – 11 წლიდან. 15 წლის ასაკში უტარდებოდათ ეგრეთ წოდებული ინიციცია, რომლის შემდეგაც ისინი იღებდნენ სახელს, რომელიც მისი უფროსი გეიშას სახელის ნაწილი უნდა ყოფილიყო. მაიკო ამ დროისთვის უკვე შესაფერისი ვარცხნილობითა და კიმონოთი დადის. ამ ადამიანებთან ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა: ვარცხნილობას, მარაოს მოძრაობას, კიმონოს ხარისხს, ფერებს. რაც უფრო ზემოთ იწევდა ვარცხნილობა, ეს ნიშნავდა, რომ მაიკოც ახალ საფეხურზე ადიოდა. მაიკოს ჰქონდა მხოლოდ ზედა ტუჩის შეღებვის უფლება, ხოლო გეიშა ორივე ტუჩს წითლად იღებავს.
– საიდან იწყება გეიშების ისტორია?
– გეიშები მოდიან კაბუკის თეატრიდან, სადაც თამაშობდნენ ქალები, რომლებმაც პირველად ჩაიცვეს კიმონოები საცვლების გარეშე. მარაოებით ცეკვის დროს მათ შიშველი ფეხი და მკერდი მოუჩანდათ, რაც სექსუალურ ფანტაზიებს აღძრავდა. მოგვიანებით სახელწიფომ თეატრში ქალების მონაწილეობა საერთოდ აკრძალა და აქედან იწყება გეიშების ისტორია. მამა, ქმარი ან ძმა, რომელიც მხიარულ კვარტალში გოგონას მიიყვანდა, გეიშას გასამრჯელოს თავად იღებდნენ, ხოლო თავად გეიშას მფარველები ჰყავდა, რომლებიც მას აცხოვრებდნენ. მხიარულ კვარტლებში ამათი საცხოვრებლები მაღალი კედლით იყო შემოსაზღვრული და მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა. კედლის მიღმა წყლის არხი გადიოდა, რათა ვინმე არ გაქცეულიყო, კლიენტი გადახდის გარეშე არ გაპარულიყო ან კართან იდგა ორი ტირიფი, რაც პროსტიტუციის სიმბოლოა. თვითონ ქუჩებში იდგა ძალიან ბევრი საკურა – ალუბლის ხე, რომ საზოგადოების მხატვრებისთვის, პოეტებისთვის, მწერლებისთვის, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაქსიმალურად ლამაზი გარემო შეექმნათ, რათა ბოჰემურ ნაწილს ამ ადგილების იდეალიზება მოეხდინა. თავისი ვიზუალითაც, გეიშები მაქსიმალურად ხაზს უსვამდნენ სინატიფეს, მორჩილებას, ბავშვურ უცოდველობას, რისთვისაც იყენებდნენ ბრინჯის ფქვილს, წარბებისა და ტუჩების მოყვანილობას. ამ კვარტლიდან გასვლის უფლება მათ არ ჰქონდათ. გეიშები, კურტიზანი ქალები და მეძავები ერთად ცხოვრობდნენ. დაბალი დონის კურტიზანები ცალკე საუბრის თემაა – შესაძლოა, მათ მართლაც ამ მიზნით დაჰქონდათ ლეიბი კიმონოთი, ეს გამორიცხული არ არის, რადგან, ისინი ძალიან დაბალ საფეხურზე იდგნენ გეიშებთან შედარებით, ისევე როგორც მომღერალი-მონაზონი ქალები, რომლებიც საპორტო ქალაქებში იყვნენ და პირდაპირ გემებსა და ნავებზე ამყარებდნენ სქესობრივ კავშირს კლიენტებთან. ჩაცმულობის მიხედვითაც სერიოზული განსხვავებები იყო მათ შორის. დაბალი დონის კურტიზანს ეცვა იაფფასიანი კიმონო, რომელიც თხელი ქამრითა და მარტივი კვანძით იკვრებოდა წინ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ხშირად უწევდა მისი გახდა-ჩაცმა, მაშინ, როცა გეიშას ჰქონდა რამდენიმეფენიანი, ყელამდე დახურული ძვირად ღირებული კიმონო, რომლის ფასი დღესაც კი, საშუალოდ, ხუთი ათასი დოლარიდან იწყება. გეიშა კიმონოს სქელი ქამრითა და ძალიან რთულად შესაკრავი კვანძით უკან იმაგრებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი გახდა შეუძლებელი იყო, თუ მაიკო ან კლიენტი მამაკაცი თავად არ მოემსახურებოდნენ. კიმონოს გახდაც დიდ სექსუალურ რიტუალად მიაჩნდათ. საერთოდ, ძალიან ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა, თუ გეიშა თავის მფარველს თავისი ხელით შეკერილ ან მოქარგულ ნივთს აჩუქებდა. ცნობილია, რომ ოჯახის მრეცხავი ქალები ხშირად აღმოაჩენდნენ ხოლმე ოჯახის უფროსის საცვლებზე დაქარგულ სექსუალურ ნახატებს, სადაც თავად ის და მისი გეიშა იყვნენ გამოსახულნი. სამოსის შიგნით მამაკაცები ასეთ საცვლებს ატარებდნენ. კურტიზანები ფეხშიშველები დადიოდნენ; მხოლოდ მაღალი დონის კურტიზანს, რომელიც ახალი მოდის შემომტანი იყო, შეეძლო, ფეხზე დაწნული საბო ჩაეცვა.
– რა ასაკიდან ემსახურებოდნენ გოგონები მამაკაცებს?
– 18 წლიდან მათ უკვე აქვთ მფარველის ყოლის უფლება, 20 წლიდან კი ტარდება ეგრეთ წოდებული ერიკაეს ცერემონიალი, როდესაც ტუჩების წითლად შეღებვის უფლებას აძლევენ.
– თითქოს ბავშვურ სილამაზეს ეძებდნენ მათში...
– არ მინდოდა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ, ბოლო პერიოდშიც კი ხშირია, როდესაც სკოლის მოსწავლის ფორმას აცმევენ კურტიზანს და ისე ცხოვრობენ მათთან. საერთოდ, იაპონიაში, მიუხედავად აკრძალვისა, ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული სექსუალური ინდუსტრია და ქუჩაში უკვე 12-13 წლის ბავშვებიც კი დგანან. ისეთი რაოდენობის სექსუალური კომიქსები, ჟურნალები გამოდის, როგორც არსად მსოფლიოში. მამაკაციც თავის სოციალურ საფეხურს ხაზს გეიშასთან ურთიერთობით უსვამდა და ყოველთვის ხდებოდა ამის აფიშირება.
– მაიკოსთან პირველი ღამე, ალბათ, ძალიან ძვირი ღირდა.
– რა თქმა უნდა, აუქციონებიც კი იმართებოდა, სადაც მიმდინარეობდა მამაკაცებს შორის ვაჭრობა, თუ ვის ექნებოდა მასთან პირველი ღამე.
– ქალიშვილობის თემა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვეულებრივ ქალებში?
– ეს მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, რომ ქალები საკმაოდ ახალგაზრდები თხოვდებოდნენ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქალს ძირითადად სახლში ტოვებდნენ და მასთან სექსუალურ კავშირს მამამთილი ან ქმრის ძმა ამყარებდა.
– გეიშები დღესაც არსებობენ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ, უფრო სახეშეცვლილი ფორმით – ეს უფრო თეატრალიზებული სანახაობაა. უცხოელებიც ხშირად სტუმრობენ ამ ადგილებს, რაც ძალიან ძვირი ღირს – იწყება დაახლოებით ორი ათასი დოლარიდან და ზემოთ და ზემოთ ადის – გეიშების ცხოვრება საკმაოდ ძვირია და ამიტომ. კიმონოები, სამკაულები მისი საკუთრება ხდება და ხელშეუხებელია; რა თქმა უნდა, გასამრჯელოც თავად მათ რჩებათ. თუმცა იაპონელის გარეშე იქ მისვლას აზრი არ აქვს, რადგან, ისინი ყველა ჟესტით, მოძრაობით, ცეკვით თუ იკებანათი, სიყვარულზე საუბრობენ და, თუ ეს არ გესმის, უმაღლესი სიამოვნების მიღებაც შეუძლებელია. სხვათა შორის, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მფარველსა და გეიშას ერთმანეთი უყვარდებოდათ და ამის გამო იაპონიაში გავრცელებული იყო ორმაგი თვითმკვლელობები – ორივემ იცოდა, რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო.
– მხიარულ კვარტალში გატარებული თორმეტი წლის შემდეგ გეიშა სად მიდიოდა?
– მას შეეძლო იქ დარჩენა, მაგრამ, უკვე ასაკში მყოფ გეიშაზე დიდი მოთხოვნა აღარ იყო, თუ, რა თქმა უნდა, რამდენიმე ერთგული მფარველი არ ეყოლებოდა. ისინი, ძირითადად, სახლში ბრუნდებოდნენ და შემდეგ ძალიან სასურველ საცოლეებად ითვლებოდნენ, რადგან, იყვნენ ყოველმხრივ განათლებულები, ჭკვიანები, მორჩილები, დამყოლი ხასიათის და ასეთი ქალის ცოლად შერთვა საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნეოდა.
– მამაკაცები მათ განსხვავებულად ექცეოდნენ და არა ისე როგორც მეძავს კლასიკური გაგებით?
– რა თქმა უნდა, ერთგვარი მოწიწება, სინატიფე და სინაზე იყო გეიშებთან ურთიერთობაში. შეიძლება, მამაკაცთან საუბარში, მისთვის ცეკვაში ან დაკვრაში გაეტარებინა გეიშას მთელი საღამო. რა თქმა უნდა, სექსის ხელოვნებასაც ძალიან მაღალ დონეზე ფლობდნენ. იგივე „კამასუტრა“ და სხვა წიგნები მიუთითებს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სექსუალურ ურთიერთობას. იაპონელს ძალიან ბევრი აკრძალვა, დოგმა ჰქონდა; ბევრი რამის უფლება არ ჰქონდა ცხოვრებაში და მას ამ აკრძალვებს უწესებდა როგორც რელიგია, ისე სიუგუნი – მმართველი. კონფუციანიზმის შემდეგ კი მათ თავისუფლება მიენიჭათ სიყვარულში.