როგორ გაატარა ცოტნე გამსახურდიამ გადასახლებაში რამდენიმე წელი და რით შემორჩა მის ბავშვობას ჩასახლება უდაბურ საზღვარზე
ციხიდან გათავისუფლებული ცოტნე გამსახურდია მკურნალობის აქტიურ კურსს გადის. შერყეულ ჯანმრთელობას არ „ნებდება” – ვარჯიშობს, წერს, მუშაობს. როგორც თავად ამბობს, 40 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება უწევს და ამ გზას მარტო შეუყვა, მაგრამ, იმ განსაცდელებმა, რაც მას საკმაოდ ბევრჯერ ერგო, თავადაც შეცვალა და მისი ცხოვრების წესიც.
– ცოტნე, როგორ ხარ როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ?
– ვმკურნალობ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ, კიდევ დიდხანს მომიწევს მკურნალობის კურსის გაგრძელება, ალბათ, მაისში ოპერაციასაც გავიკეთებ. ამჟამად ღვიძლს ვმკურნალობ და არსებული მდგომარეობით ამ კურსის გაგრძელებაც მომიწევს. ციხიდან რომ არ გავთავისუფლებულიყავი, ჩემი ფიზიკური მდგომარეობით მაქსიმუმ წელიწად-ნახევარი გამეძლო; ასე რომ, შეიძლება ითქვას, მიხეილ სააკაშვილის დამარცხებამ სულზე მომისწრო.
– დღეს შენი მდგომარეობა აქტიური ცხოვრების საშუალებას გაძლევს?
– ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების პასიური რეჟიმი მაქვს, პირიქით, როგორც ვახერხებ ვმუშაობ. მოგეხსენებათ, მწოლიარე მდგომარეობაში წერა მთლად მოხერხებული არ არის, მაგრამ, საბედნიეროდ, არის ტექნიკური საშუალებები, რაც მეხმარება, რომ გავაუმჯობესო მუშაობის პროცესი. რაც ციხიდან გამოვედი, შეძლებისდაგვარად ვესწრები სხვადასხვა ღონისძიებას, კონფერენციებს, რომლებიც იმართება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ თუ სხვა საინტერესო თემებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვახერხებ დარჩენას, რადგან, დიდხანს დგომა ძალიან მიჭირს.
– როგორია ახალ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური პარტიების „მოთხოვნა” საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილზე?
– ეს უკვე ჩემზე იქნება დამოკიდებული. საბაზრო ურთიერთობის პრინციპით ვერ შევხედავ ამ საკითხს, რადგან, საქონლად არ მივიჩნევ საკუთარ თავს, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში მიღებულია. იმის მიუხედავად, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, ყოველთვის მქონდა შეხება პოლიტიკასთან, ეს სფერო ჩემთვის დიდად მომხიბლავი არასდროს ყოფილა, თუმცა, მყავს ამ სფეროში ბევრი ახლობელი. დღემდე მაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებთან, ასევე, ხელისუფლების გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებთან. მაქვს მათთან ურთიერთთანამშრომლობა აზრთა გაცვლა-გამოცვლის სახით; უფლებადაცვის კუთხით ვთანამშრომლობ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან და კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც იქ ვითარდება.
– უცხოეთში ხომ არ აპირებ წასვლას საცხოვრებლად?
– წინასწარ დარწმუნებით არაფრის თქმა არ ღირს, რადგან, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები შენს ცხოვრებაში, თუმცა, ამ ეტაპზე საცხოვრებლად სხვაგან წასვლის გეგმა არ მაქვს. ბევრი წელი მაქვს გატარებული სხვა ქვეყნებში და ვიცი, როგორი რთულია ეს. 40 წლის ასაკში მამაკაცისთვის ცხოვრების კიდევ ერთხელ თავიდან დაწყება არაა იოლი. მე ეს ბევრჯერ გამიკეთებია და, დღესაც, ფაქტობრივად, თავიდან ვიწყებ ყველაფერს. მე ადრეც მითქვამს, რომ მარტო კაცი ვარ, აღარც ჯანმრთელობა მაქვს, აღარც სურვილი და აღარც შესაძლებლობა, რომ სხვაგან დავიწყო ცხოვრება თავიდან.
– მარტო კაცი ვარო, ამბობ. არ გიჭირს ასე ცხოვრება?
– როგორ გითხრათ... ამას უკვე მიჩვეული ვარ. ერთ-ერთ მწერალს აქვს ნათქვამი: მარტოობა თავიდან გაუსაძლისია, შემდეგ ეგუები, მერე კი მის გარეშე გიჭირსო. მარტოობაში ყველაზე რთული, ალბათ, იმ სტერეოტიპთან და ფობიებთან „გამკლავებაა”, რაც ჩვენი აღზრდიდან და ცხოვრების წესიდან მოგვყვება. ეს დიდი ხნის წინ გადავლახე, თუმცა, მარტოობას თავისი პლუსებიც აქვს, ინდივიდუალისტური ცხოვრების წესისთვის მარტო ყოფნა ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან, ინდივიდუალურად ახერხებ შენი ცხოვრების ორგანიზებას. ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ვახერხებ საკუთარი თავის მოვლას, ყველაფრით თავად უზრუნველვყოფ საკუთარ თავს.
– ოჯახი არ დგას შენ გვერდით?
– მე ოჯახი არ მყავს, არავითარი ურთიერთობები არ მაქვს ამ ადამიანებთან და ამაზე საუბარიც კი არ მინდა. ამის მიუხედავად, ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში არ ვუყურებ. ვიღაც მოდის ჩემთან, ვიღაც – არა, ვიღაცას არც ვთხოვ არაფერს. ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში. არსებობენ ადამიანები, ვისთანაც განსაკუთრებით ახლოს ვარ, მაგრამ, მე მაინც მირჩევნია, მარტო გავუმკლავდე ცხოვრებისეულ სირთულეებს.
– ორი შვილი გყავს. გაქვს ურთიერთობები მათთან და ყოფილ ცოლებთან?
– ჩემი უმცროსი შვილი, 5 წლის დანიელი და დედამისი მოსკოვში ცხოვრობენ. ის ყოფილი მეუღლე არაა, მოქმედი მეუღლეა, ის ზრუნავდა ჩემზე, როდესაც ციხეში ვიყავი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჩვენც ცალ-ცალკე მოგვიწია ცხოვრება. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ასე ცხოვრობს. პერიოდულად ისინი ჩამოდიან ხოლმე ჩემთან. მე თვითონ წინააღმდეგი ვარ, რომ მოსწყდნენ იქაურ ჩვეულ გარემოს, ცხოვრების წესს და აქ ჩამოვიდნენ. მე თვითონ არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი ცხოვრება უახლოეს მომავალში – ერთი წელი მაინც მჭირდება, რომ წესიერად ფეხზე დადგომა შევძლო. რაც შეეხება ჩემი მეორე შვილის დედას, ის ქალი არასდროს ყოფილა ჩემი მეუღლე, ის კი ამბობს ამას, მაგრამ, ეს ასე არაა. რამდენ ქალთანაც გამივლია, ყველას რომ მეუღლე ვუწოდო, კარგა დიდი ჰარამხანა გამოვა (იცინის).
– შენი ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი იყო, ეხვეოდი უამრავ ინციდენტსა და ისტორიაში. ახლა როგორ ცხოვრობ? ძალიან შეცვლილი ჩანხარ.
– ყველაფერი იცვლება ამ სამყაროში. არავინ თქვას, რომ ის ისეთივეა, როგორიც იყო ერთი წლის წინ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემო – ამ ქალაქში პირველად ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ. რაც შეეხება იმას, რომ არასასიამოვნო ინციდენტებში ვხვდებოდი, მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიწევს გამკლავება ისეთ სიტუაციებთან, როცა სახელმწიფოს სახელით თუ კერძო ინტერესით მოქმედი პირები ცდილობდნენ ჩემს დაჩაგვრას, იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან ვიყავი დაპირისპირებული. ამით ცდილობდნენ, შეჰკედლებოდნენ სისტემას, ვინმესთვის სიამოვნება მიენიჭებინათ, ეს ადამიანურ, პრივატულ ისტორიებშიც გამოიხატებოდა ხოლმე. ისეთი პერიოდიც იყო, როცა სისტემასთან არ ვყოფილვარ დაპირისპირებული, მაგრამ, მომყვებოდა სახელი-გვარი, წარმომავლობა და, შესაბამისად, ვიღაცეებს უჩნდებოდათ სურვილი, ჩემთვის ზიანი მოეყენებინათ. მეც ვცდილობდი, რომ არავისთვის დამეჩაგვრინებინა თავი. მაინცდამაინც ის რომ გახსენდებათ, ვიღაცას მოგიერიების დროს რომ ცხვირი გავუტეხე, ისიც გაიხსენეთ, რამდენი პროვოკაცია იყო ჩემი მისამართით: მამა მომიკლეს, სახლ-კარი გამიძარცვეს, 200 ნაკერი მადევს ტანზე, – ვინმემ ამისთვის ვინმეს მოჰკითხა პასუხი?!
– და, გამსახურდიების რთული ბუნება არ განსაზღვრავდა თქვენს ბედს?
– მე არ მჯერა ამის, შეხედულებები და აზრები გენეტიკურად არ გადადის. ჩემი ცხოვრების ნახევარი, თითქმის ოცი წელიწადი, მარტომ გავატარე, რომელ კლიშეებზე და სტერეოტიპებზე შეიძლება ლაპარაკი?! ჩემი თავი მე თვითონ გავზარდე; უამრავი კომპლექსის, ფობიის დაძლევა მომიხდა ამ წლებში, მაგალითად, მქონდა შიში მარტოდ დარჩენის, ჩვეული ადამიანური ურთიერთობების დანგრევის. ჩვენი კულტურულ-ისტორიულ-რელიგიური გარემო და აღზრდა სულ სხვა წარმოდგენებს გვიყალიბებს და გვახვევს თავზე, რეალური ცხოვრება კი აბსოლუტურად სხვანაირია. მეც ვუყურებდი სამყაროს კლიშეებით მანამ, სანამ ეს კლიშეეები ნგრევას დაიწყებდა. ჩემთვის თითქმის ყველაფერი საბოლოოდ დაინგრა გლდანის ციხეში, დაინგრა ის, რაც უკავშირდებოდა კონსერვატიულ ღირებულებებს. მე არ მაქვს ტიპური, ეგრეთ წოდებული „გრუზინული“ მენტალიტეტი, ამისგან შორს ვარ.
მივხვდი, რომ ეს კლიშეები არ მუშაობს, დავინახე, როგორ იქცევა ტიპური, „საშუალო სტატისტიკური” ქართველი კაცი. ეს ადრეც ნანახი მქონდა, სამოქალაქო ომის პერიოდში, თუმცა, მაშინ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, აღქმა სხვანაირი იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო მძაფრიც კი.
– ამ სტერეოტიპებთან ერთად, საგზლად ხომ პირველი პრეზიდენტის შვილის სტატუსიც გერგო...
– მე არავისგან არაფერი არ მერგო საგზლად. ეს ისაა, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია, მაგრამ, ყველაფერი დანარჩენი მაინც ჩვენს ხელშია. არასდროს მიფიქრია იმაზე, სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება... ცხოვრების დიდი ნაწილი სხვა სახელითა და გვარებით მაქვს გატარებული, ჩემთვის ეს სახელი და გვარიც მეორადია. ჩემი ცხოვრება უზრუნველი არ ყოფილა, 2-3 წლის ვიყავი, როცა გადასახლებაში წავედით – სადღაც, დაღესტნისა და ყალმუხეთის საზღვარზე. ჩვენ ვცხოვრობდით ჩასახლებაში, ახლომახლო სოფელიც არ იყო. იყო არტეზიული ჭა, იმისთვის, რომ წყალი გვქონოდა; ვცხოვრობდით მიწურ სახლში. პატარა ვიყავი და ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. მერე იყო ხანმოკლე პერიოდი, როცა მამა პრეზიდენტი იყო, მაგრამ, მე არასდროს მიყვარდა რაიმეს აფიშირება პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე, არც ის მიფიქრია, რომ რაიმეთი მეტი ვიყავი გარშემო მყოფებზე და ამის გამო დისტანცია უნდა მქონოდა ადამიანებთან. შეძლებისდაგვარად, მახსოვდა მამია გურიელის სიტყვები: „არ დაივიწყო, რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი“.
– ალბათ, ბევრ ცდუნებასაც გიყენებდა ცხოვრება.
– კი, როგორ არა, ძალიან ბევრჯერ ჩამიდგამს ფეხი ხაფანგში; მეტსაც გეტყვით, ერთსა და იმავე ხაფანგშიც ბევრჯერ გავბმულვარ. ეს მხოლოდ ზღაპრებშია, როცა ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ არ წაიქცევი (იცინის). კარგიც ბევრი ვნახე და ცუდიც და, შესაძლოა, ვთქვა, რომ სწორედ ამიტომაც, საკმაოდ ძვირი ფასი გადავიხადე იმაში, რომ დღეს, საკუთარი გამოცდილებით, ვიცი კარგისა და ცუდის განსხვავება. დღეს მეტი ინფორმაცია და გამოცდილება მაქვს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო.
– და, როდესაც „მარტო კაცს”, როგორც უწოდებ საკუთარ თავს, ადამიანურად გიჭირს, რა გზას ადგები? რა არის ყველაზე კარგი რელაქსი შენთვის?
– მე იშვიათად ვარ ცუდ ხასიათზე, არ მჭირდება დამატებითი საშუალებები იმისთვის, რომ საკუთარ მდგომარეობას გავუმკლავდე. არსებობს ფსიქოლოგიური თუ სხვა ტიპის მეთოდები, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მეთოდიკების გამოყენება უკვე არის დამატებითი მიჯაჭვა ნეგატიურ მდგომარეობაზე. სასტიკად ნეგატიური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა სხვადასხვა დამამშვიდებელი საშუალებისა თუ ალკოჰოლის მიმართ. ჯერ ერთი, ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის არის სახიფათო, მეორეც თუ ამ დაავადებას მოვირჩენ, მაინც არასდროს დავაპირებ, გავეკარო ალკოჰოლს, რომელიც რეალობის შეგრძნებას გაკარგვინებს. მე გავიგე ფხიზელი გონების ფასი და, რომ მაიძულონ, ვეღარ შევძლებ ამის შეცვლას. წარსულის გამოცდილებით ჩვენ ყველას გვაქვს გამომუშავებული ის, რითაც ვუმკლავდებით სიძნელეებს; მე, მაგალითად, ძალიან მსიამოვნებს წიგნთან ურთიერთობა, ბუნებაში ყოფნა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ამას ხშირად ვიყენებ. მსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, როცა ამის საშუალება მაქვს. ვცდილობ, ვიცხოვრო აქ და ახლა, არ ვფიქრობ წარსულზე, მომავალზე, შეიძლება, გააკეთო ანალიზი, მაგრამ, ვერასდროს წარმოიდგენ, როგორ განვითარდება შენი ცხოვრება; ამიტომაც, არ უნდა მიეჯაჭვო გონების პროექციებსა და ფანტაზიებს, რაც მხოლოდ ფანტაზიად რჩება და მეტი არაფერი. ამ მიდგომამ სიტყვა „დეპრესიის” მნიშვნელობაც კი დამავიწყა – აღარც კი მახსოვს, ამ ყველაფერმა ბოლოს როდის შემაწუხა...