რა სასაცილო და საინტერესო ისტორიები გადახდენია რამაზ ჩხიკვაძეს ალა პუგაჩოვასთან ერთად და სად დადიოდა ის ყველაზე დიდი სიამოვნებით
28 თებერვალს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიმართა რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილე, მუზეუმის ეზოში კი მისი ბიუსტი გაიხსნა. გრანდიოზულ გახსნას ესწრებოდნენ ბატონი რამაზის მეგობრები, ოჯახის წევრები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრების საინტერესო ისტორიების შესახებ გვესაუბრებიან მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია და რამაზ ჩხიკვაძის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ოქიტაშვილი.
გიორგი კალანდია: პირველი, რაც მინდა, გითხრათ, არის ის, რომ, ჩვენთვის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული თეატრის ისტორიაში. ასეთი იყო რამაზ ჩხიკვაძე. 85 წელი გავიდა მისი დაბადებიდან და ამ 85 წლის განმავლობაში ბევრი ისეთი რამ დარჩა ქართულ თეატრს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რამაზ ჩხიკვაძის სახელთან არის დაკავშირებული. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენს მუზეუმში ინახება ცნობილი სპექტაკლის, რითაც ყველას თავი დაგვამახსოვრა ბატონმა რამაზმა, „კავკასიური ცარცის წრის“ უნიკალური ესკიზები. მე ძალიან მინდა, რამაზ ჩხიკვაძის კოსტიუმი ვიპოვო და ჩვენთან წამოვიღო.
– თქვენს მუზეუმში, ალბათ, იქნება ბატონ რამაზთან დაკავშირებული სხვა მოგონებებიც?
– ჩვენთან დაცულია უამრავი მოგონება მის შესახებ. რამდენიმე მოგონებაში წერია ასეთი რამ: „რომ არა რამაზ ჩხიკვაძე, „კავკასიური ცარცის წრე“ ასეთი არ იქნებოდა”. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება რამაზ ჩხიკვაძის გარეშე ეს სპექტაკლი მომავალში დაიდგას. ჩვენი სასახლის უკან არის ეგრეთ წოდებული „უკვდავთა ბაღი”, ანუ, ის უკვდავი სახელები, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენს ისტორიაში. დიდხანს ვფიქრობდით, ვისი ბიუსტებით უნდა დამშვენებულიყო ჩვენი ბაღი. აქ არის ბალანჩივაძეების, ნიკოლოზ შენგელაიას, ჯანო ბაგრატიონის და ახლა დაემატა რამაზ ჩხიკვაძის ბიუსტი. მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ, ეს ბიუსტი გაკეთებულია მის სიცოცხლეში, მოქანდაკე პიპინაშვილის მიერ და ინახებოდა ჩვენი მუზეუმის ფონდში. ახლა მოგვეცა საშუალება, გამოვიტანოთ ფართო საზოგადოების სამსჯავროზე. ბიუსტის გახსნა მივუძღვენით მის დაბადების დღეს, 28 თებერვალს. საკმაოდ დიდი ღონისძიება გაიმართა, იმღერეს ჩოხოსნებმა, აქ იყვნენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები. ქანდაკება ხომ ადამიანის ხსოვნის უკვდავყოფაა. ჩემთვის, როგორც მუზეუმის დირექტორისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამაზ ჩხიკვაძის მთელი არქივი გახდება ჩვენი მუზეუმის კუთვნილება. მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უკვე დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უნიკალური, ინტელექტუალური მასალა, რომელიც რამაზ ჩხიკვაძის შესახებ არსებობს უკვე ზოგადად მთელი ერის კუთვნილება ხდება. ჩვენ დავიწყებთ ამ არქივის დამუშავებას და, დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო მასალა იქნება, რაც შემდეგში, მომავალი კვლევა-ძიებისა და სამეცნიერო შრომების საგანი გახდება. ჩვენ გვაქვს უცხოელი ავტორებისა და კრიტიკოსების შეფასებები რამაზის შესახებ, რომელთა შორის ვერ ნახავთ ვერც ერთ უარყოფითს – ყველა ერთნაირად არის აღფრთოვანებული მისით.
– რას წერენ მის შესახებ უცხოელი ავტორები, რომელიმე წერილს ხომ არ გაიხსენებთ, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ?
– ყველამ იცის, რომ რამაზ ჩხიკვაძე ძალიან კარგად მღეროდა. სიმღერასთან დაკავშირებული მასალებიც აქ არის წარმოდგენილი. მე წავიკითხე, თუ არ ვცდები, გერმანული პრესის გამოხმაურება, სადაც წერენ ასეთ რაღაცას: „მე არ მესმოდა სიტყვები, მე ვერ ვხვდებოდი, რას გადმოსცემდა ქართული ენის ჟღერადობა, მაგრამ, ყველაფერი იყო გასაგები რამაზ ჩხიკვაძის ხმით”. ეს ფრაგმენტი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა; თუმცა, იმასთან შედარებით, თუ რამხელა არქივია ჩვენთან დაცული (ორმოცდაექვსი ათასი დოკუმენტი), რამაზ ჩხიკვაძე არ არის სათანადოდ წარმოდგენილი, ისე, როგორც მას ეკუთვნის. ჩვენთან, ასევე, დაცულია რამაზ ჩხიკვაძის თეატრალური მოღვაწეობის მთელი საწყისი პერიოდი; აღმოვაჩინეთ მისი ხელით შევსებული კადრების ფურცელი.
დავით ოქიტაშვილი: მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონ რამაზს ვიცნობდი. როდესაც იხსნებოდა რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი, ის ძალიან ნერვიულობდა. იმ პერიოდში ჩვენ რამდენჯერმე ერთად ვიყავით ბაზარში. ის სიმღერ-სიმღერით შედიოდა ხოლმე, ძალიან უყვარდა ბაზარში სიარული და ყოველთვის თვითონ დადიოდა. ძალიან სიამოვნებდა გლეხებთან ურთიერთობა. საოცრად უშუალო და სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. რაც არ უნდა ცუდად ყოფილიყო, სცენაზე დადგომისთანავე ცოცხლდებოდა, ის წუხილი, დარდი, რაც ჰქონდა, ყველაფერი ავიწყდებოდა.
– საინტერესო ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ ბატონი რამაზის ცხოვრებიდან?
– მე არ დამავიწყდება ერთი საინტერესო ისტორია, როდესაც მათ სახლში ალა პუგაჩოვა იყო ჩამოსული. ვიქეიფეთ, დავთვერით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ალას მეორე დღეს 9 საათზე ჰქონდა შეხვედრა. ალა ამბობდა, ალბათ, ვერ ავდგები დილის 9 საათზეო, მაგრამ, რამაზმა მითხრა, არ ინერვიულო, აუცილებლად ადგებაო (იცინის). სენსაცია ის იყო, რომ მეორე დილით, 9-ის ნახევარზე რომ მივედი, ორივე გაღვიძებული დამხვდა და დაბლა მელოდებოდნენ. ასეთი კაცი იყო ბატონი რამაზი, ყოველთვის ზეიმი იყო მასთან მისვლა, სტუმრობა. ძალიან უშუალო ურთიერთობა მქონდა მასთან და ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მე დამნიშნეს რამაზ ჩხიკვაძის საქველმოქმედო, საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. ჩვენ გვინდა, რომ ამ ფონდის სახელით ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩავატაროთ. ვაპირებთ რამაზ ჩხიკვაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსებას.
– ალა პუგაჩოვას გარდა, ალბათ, სხვა ცნობილი ადამიანებიც მიდიოდნენ ბატონ რამაზთან სტუმრად?
– მგონი, ვინც კი ჩამოდიოდა საქართველოში, ყველა რამაზთან და ნატაშასთან ცხოვრობდა (იცინის). რამაზი პატარა ბავშვივით იყო, ყველაფერი სიამოვნებდა, ყველასთან ურთიერთობა უხაროდა. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. კონკრეტულად ვერ დავასახელებ, ვინ იყვნენ სტუმრები, არ ვიცი, მე უშუალოდ ალას სტუმრობის მომსწრე გავხდი.