რატომ აიტაცა ინტერნეტის მომხმარებელმა „ბავარიელის“ სიმღერები და რომელ ქვეყანაშია მისი შემოქმედებითი ბუმი
მუსიკოსი გოჩა იაშაღაშვილი უკვე 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს და მას იქ ფსევდონიმ „ბავარიელით“ იცნობენ. მიუხედავად სამშობლოდან შორს ყოფნისა, ის საკმაოდ პოპულარულია ქართულ ბაზარზე და მისი სიმღერები რადიოს ჰიტ-ათეულების ლიდერ პოზიციას იკავებს. ამჯერად, ცხრათვიანი განშორების შემდეგ, ჩვენი რესპონდენტი სამშობლოს ეწვია და, რა თქმა უნდა, არც ჩვენი მკითხველისთვის დაიშურა ინტერვიუ. მის შემოქმედებაში ბევრი სიახლეა, რომელზეც ბატონი გოჩა თავად მოგითხრობთ.
გოჩა იაშაღაშვილი: ბევრი სიახლეა ჩემს შემოქმედებაში. იმასაც გეტყვით, რომ აღარ ვარ სახელად „ბავარიელი“, უკვე ფირმა „ბავარიელი“ გავხდი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს საკონცერტო სააგენტოს. მაგალითად, ევროპაში ჩემს კონცერტს რომ ჩავატარებ, იქიდან ნახევარ დროს მოწვეულ სტუმარს დავუთმობ; ასევე, ქართული დიასპორისთვის საქართველოდან ჩვენს მომღერლებს წავიყვან გერმანიაში.
– ცხრათვიანი განშორების შემდეგ დაბრუნდით საქართველოში. ალბათ, ძალიან გენატრებოდათ აქაურობა.
– ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი და მიხარია, რომ აქ ვარ. რომ ჩამოვდივარ, მომენტალურად ვბედნიერდები. ქართველი კაცის თვალებში მაინც სხვა სითბოა.
– თქვენს შემოქმედებაში თუ გამოჩნდა ახალი სიმღერები?
– ახალი სიმღერები მაქვს, რომლებიც ჯერ არავის გაუგია, თუმცა, სიმართლე გითხრა, ამ ცხრა თვეში ბევრი არ მიმუშავია საკუთარ სიმღერებზე, რადგან, ფირმის ჩამოყალიბებამ ძალიან დიდი დრო წაიღო. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა. გერმანია საკმაოდ ბიუროკრატიული ქვეყანაა, ქაღალდომანია იქ ძალიან მაღალ დონეზეა – ყველაფერი ქაღალდზე უნდა იყოს დაფიქსირებული, რაც ძალიან დამღლელი და შრომატევადია. თუმცა, გერმანელებს ის პლუსიც აქვთ, რომ ყველანაირად გიწყობენ ხელს საქმის გასაკეთებლად. მაგალითად, თუ რაიმე პროექტს შესთავაზებ, სახელმწიფო გეხმარება, რაც ყველაზე მთავარია, გაზღვევს და ორი წლის განმავლობაში გვერდში გიდგას. მერე კი უკვე გეუბნება, რომ იმუშაო და ისიც შეინახო. ეს კი ძალიან კარგი პირობაა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ.
– რამდენი წელია გერმანიაში ცხოვრობთ?
– ჩვიდმეტი. 31 წლის წავედი აქედან. ამ დროის განმავლობაში, მართალია, ქართულ სულს ვინარჩუნებ, მაგრამ, ბევრი რამ ვისწავლე გერმანელებისგან. ელემენტარულად, ძალიან პუნქტუალური გავხდი და არასდროს არსად არ მივდივარ დაგვიანებით. თან, ვცდილობ, ქართული კულტურა მაქსიმალურად ყველგან წარმოვაჩინო. ამის გამო ჩემი პირადი პრინციპებიც კი დავარღვიე: ადრე ვამბობდი, რესტორანში არასდროს ვიმღერებ-მეთქი, მაგრამ, როცა შენს ქალაქში ქართული რესტორანი იხსნება, სადაც იქ მუშაობის მსურველი რუსი მუსიკოსების რიგი დგება, უფლება არ მქონდა, იქ არ მემღერა. არ მინდოდა, ვიღაც ვანიას წარმოეჩინა ერთი „სულიკოთი“ ქართული კულტურა, რომლის შემდეგ რუსულ რეპერტუარს შესთავაზებდა სტუმრებს. პირადი პრინციპის მიზეზით, გულმა არ გამიძლო, სახლში ვმჯდარიყავი, თან, თითქოს, სინდისის ქენჯნის ფაქტორიც იყო. როცა შემომთავაზეს იქ სიმღერა, ვუთხარი, ხშირად ვერა, მაგრამ, კვირაში ერთი დღე ვიმღერებ-მეთქი.
– ქართველებმა გახსნეს?
– ქართველმა ებრაელებმა. რესტორანს „ტიფლისი“ ჰქვია და უკვე ძალიან პოპულარული გახდა.
– თქვენს სიმღერაზე მსმენელის გამოხმაურება როგორია?
– ძალიან კარგი, რადგან, ადგილი წინასწარ თუ არ დაჯავშნა, ისე ვერ მოხვდება იქ ვერავინ.
– მხოლოდ ქართულად მღერით?
– ქართულად, რუსულად, გერმანულად და იტალიურად. ინგლისური არ ვიცი და არც ვსწავლობ შეგნებულად. თუმცა, ყოველთვის მაინც ვერ ვახერხებ კვირაში ერთხელ სიმღერას, რადგან ვაიმარში მიწვევენ კონცერტებზე, სადაც ჩემი პროდიუსერი ცხოვრობს. ჰო, ისიც სიახლეა, რომ პროდიუსერი მყავს, რომელსაც პეტერ გეზანგი ჰქვია. ის ჩემი გერმანული მოღვაწეობით არის ძალიან დაინტერესებული და ორივე ხელით ჩამეჭიდა. უნდა, რომ ჩემი ალბომი თვითონ გამოუშვას. ძალიან აქტიური კაცია, რომელიც, ასევე, მუსიკოსია. ჩემ გარდა კიდევ ორი ხელოვანი ჰყავს – ერთი ბერლინიდან არის, მეორე, მგონი ვაიმარიდან. ვაიმარი პატარა ქალაქია, სადაც მოსახლეობის ნახევარი მუსიკოსია. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ამ პატარა ქალაქში არის კონსერვატორია. შილერისა და გოეთეს ქალაქი რომ არის, ეს ყველამ იცის. როცა ვაიმარში მაქვს კონცერტი, შიშით გამოვდივარ – როგორია ამდენი მუსიკოსის წინაშე სიმღერა, სადაც უამრავი კრიტიკოსია?! შემდეგ კონცერტზე თუ ნაკლები ხალხი მოვიდა, ესე იგი, მათი მოწონება ვერ დაიმსახურე. მიხარია, რომ ეს ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა, პირიქით, 30 კაცი დარჩათ გარეთ. ისინი მაინც შემოუშვეს და კიბეზე ისხდნენ, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან, დარბაზი როცა ივსება, ზედმეტი ხალხის შემოშვება მიღებული არ არის. მოკლედ, ჩვენებური წესით შემოუშვეს, მგონი. ძალიან თბილი მიღება იციან, ძალიან კარგი ხალხია. მას მერე თვეში ერთხელ მიწვევენ იქ. ამას წინათ მიუნჰენში ჩატარდა კონცერტი, სადაც გამოვდიოდით: ანსამბლი „შინი“, ლიანა ისაკაძის კამერული ორკესტრი, მგალობელთა ჯგუფი და მე. ასეთი ქართული ღონისძიებაც შედგა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა და უამრავი მაყურებელი ესწრებოდა.
სხვათა შორის, ქალაქ ნიურნბერგში, ბერძნულ ეკლესიაში, ქართულ ენაზე გვაქვს წირვა, სადაც მამა თამაზი ჩამოდის თვეში ერთხელ. მე ვგალობ იქ; უფრო სწორად, გოგონებს, რომლებიც იქ გალობენ, ვეხმარები, რადგან გულით მინდა, რომ იქ ვიდგე. ხშირად შენიშვნას მაძლევენ ხოლმე, ესტრადულად ნუ მღერიო.
– გერმანელებს თუ ესმით თქვენი იუმორი?
– იუმორის გარეშე მართლა არ შემიძლია, რასაც გერმანელებიც შევაჩვიე. ბოლო დროს მივხვდი, როგორ გავაცინო გერმანელები. რაზეც შენ გეცინება, შეიძლება, მათ არ გაეცინოთ და პირიქით. ამიტომ, შუალედური მოვძებნე, რომელზეც მეც ვხალისობ და ისინიც. როგორც ჩვენ გვყავს პერსონაჟები, მაგალითად, კახელები, სვანები და ასე შემდეგ, ისე ჰყავთ გერმანელებს ავსტრიელები. უკვე იმდენი ვიხუმრე, რომ ხშირად რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში რომ შევდივარ, ჩემს დანახვაზე ეღიმებათ.
– ანეკდოტების დიდი მარაგი გაქვთ?
– ყველამ იცის, რომ ანეკდოტების კოლექციონერი ვარ და, ამიტომ, ყველა მიყვება ხოლმე.
– მკითხველის გასახალისებლად რომელიმეს ხომ არ მოგვიყვებით?
– მარო სუფრა გაშალეო, – უთხრა მიხომ. გაშალა. გადახედა და, – პამიდორი არ გვაქვს, გოო? – გასძახა ცოლს. მე რას მეკითხები, ასწი ერთი ადგილი და ბოსტანში ჩადიო. ჩავიდა მიხო ბოსტანში, ბევრი პამიდორი რომ დაინახა, დაუძახა – მაროო, თასი გამაიტაო. რომელიო? რომელი და, ფიგურულ სრიალში რომ აიღე, შენი...
სვანმა შეყვარებულს მიწერა ესემესი: მობილური ჩემთან დაგრჩა და არ ინერვიულოო.
– ახლა ოჯახზე მინდა გკითხოთ. ვიცი, რომ სამი შვილის მამა ხართ. რომელიმე თუ მღერის?
– ხომ გაგიგიათ, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო. ჩემი უმცროსი ქალიშვილი მაია დათუნაშვილთან დამყავდა ოთხი წელი. მაიას მიმართ დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო, მან ჩადო ჩემს შვილში ის მარცვალი, რომელიც დღეს ვითარდება. დღეს ჩემი შვილი 16 წლის არის და თავისი ასაკისთვის დიდ სიმღერებს შეეჭიდა. გასულ წელს ჰიუსტონის სიმღერების შესრულება კატეგორიულად ავუკრძალე, რადგან, ეს სახუმარო თემა არ იყო, მაგრამ, ახლა რომ მოვუსმინე, გავოცდი. უიტნისეული ისეთი ნიუანსები გააკეთა, რომ გავსკდე, მე ვერ გავაკეთებ. ამჟამად მას ევროპული ბაზრისთვის ვამზადებ. ადრე სტამბულის ბაზარი იყო მოდაში, ახლა ევროპულია (იცინის). ვხედავ, რომ დიდი პოტენციალი აქვს. ასე რომ, ორ წელიწადში კიდევ ერთი იაშაღაშვილი გამოჩნდება ევროპულ შოუ-ბიზნესში.
– ხშირად თქვენს სიმღერებს, რომლებიც, შეიძლება, ინტერნეტში მოიძიო, თქვენს უკითხავად ადევს უცნაური კადრები და კლიპის სახით არის წარმოდგენილი. ამაზე პროტესტი არ გიჩნდებათ?
– გასაგებია, რომ სიმღერა მოსწონთ, მაგრამ, პატარა ნიუანსი უნდა გაითვალისწინონ. გამიგულებენ თუ არა გერმანიაში, „იუთუბიზე“ ჩნდება ჩემი ახალი სიმღერა, თან – კლიპით, რომელიც, შეიძლება, არ მომეწონოს. ეს საქმე ევროპულ დონეზე რომ გაირჩეს, დააჯარიმებენ, რადგან, საავტორო უფლებების დარღვევაა. ისრაელის საესტრადო ხელოვნებაში ხომ, საერთოდ, ძალიან მოდაში ვყოფილვარ, ჩემი სიმღერების ბუმია და, ვისაც არ ეზარება, ყველა მღერის. ერთხელ ისიც ვნახე, ჩემს სიმღერაზე ფონად მწვადებისა და რაღაცეების ფოტოები ჰქონდათ დადებული. ვიღაცა მღერის, თან, უსმენოდ და, ჩემი და ხვიჩა მაღლაკელიძის ხმა ბექებში ისმის უკან. „გუგლში“ რომ შევდივარ, ვისაც არ ეზარება – რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი – მოდებულია ჩემი სიმღერებით... ალბათ, უკვე იყიდება კიდეც.
– თქვენს გულშემატკივარს რას ეტყვით?
– ყველა სიმღერით მათ ვეფერები. ჩემს საიტზე www.bavarieli.de კომენტარებს რომ ვკითხულობ, მათ სიყვარულს ვგრძნობ და მიხარია, რომ ჩემი შრომა მათთვის მისაღებია. მინდა, რომ ჩემს ყველა მსმენელს სულში შევუძვრე და ჩემი სიმღერებით ვესაუბრო. ჩემი მიზანია, სიმღერა, რომელსაც ვმღერი, ყველამ საკუთარ თავზე მიიღოს.