რომელ ფილმშია გამოყენებული ბრიუს ლის დაკრძალვის რეალური კადრები და რა სახელი დაარქვეს მას მშობლებმა დაბადებისას
„დრაკონის დაბადება” – ასეთი სახელი ექნება ლეგენდარულ ბრიუს ლიზე გადაღებულ ახალ ჰოლივუდურ ბლოკბასტერს. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატისა და მსახიობის, ბრიუს ლის შესახებ არაერთი ბიოგრაფიული ფილმია გადაღებული, თუმცა, პროექტში ჩართული პროდიუსერები ირწმუნებიან, რომ ახალი ფილმი განსხვავებული იქნება. ბრიუს ლის ხანმოკლე სიცოცხლე უამრავ საინტერესო დეტალს შეიცავს, რომელთა შესახებ ფაქტებით მოგახსენებთ.
* მშობლები ლეგენდარულ მსახიობს ბრიუსს არ ეძახდნენ. მათთვის იგი იყო საი ფონი – „პატარა სასწაული“. რეალურად, ბრიუსს ქალის სახელს უწოდებდნენ, რადგან, ცრურწმენის თანახმად, ბოროტ სულებს არ სურდათ, რომ მათ ოჯახში ბიჭი დაბადებულიყო (პირველი შვილი ჩინური ოპერის მსახიობს, ლი ხოი ჩენსა და გრეის ლის, ჩვილობაში გარდაეცვალათ). მათ სჯეროდათ, რომ, თუკი ვაჟს ქალის სახელს დაარქმევდნენ, ამით მოატყუებდნენ დემონებს და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ შვილს. სახელი ბრიუსი კი მას სან-ფრანცისკოს სამშობიარო სახლის მედდებმა დაარქვეს. მედდების აზრით, ბიჭისთვის ამერიკული სახელით გაცილებით მარტივი იქნებოდა მოქალაქეობის მიღება. ბრიუს ლი დაბადებიდან ამერიკის მოქალაქე იყო და არასდროს მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
* ბრიუსი არ იყო წმინდა სისხლის ჩინელი, მას გერმანული ფესვები ჰქონდა – დედის ბაბუა ნახევრად გერმანელი ჰყავდა.
* ბრიუს ლიმ მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი ორთაბრძოლის დროს – 13 წლის ასაკში იგი იმავე სკოლის მოსწავლემ დაამარცხა, სადაც ორთაბრძოლებს სწავლობდა. აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი ვინ ჩუნი, მეტსახელად – იიპ მენი, ბრიუს ლის ხელმძღვანელი და მასწავლებელი იყო. იგი მასთან ინდივიდუალურად მუშაობდა, რადგან სხვა მოწაფეებს არ სურდათ მასთან ერთად ევარჯიშათ, რადგან ის არ იყო წმინდა სისხლის ჩინელი.
* ბავშვობაში ბრიუსს არ აინტერესებდა სწავლა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ იგი „ლა სალეს” კოლეჯში მოეწყო ჰონკონგში, სადაც ინგლისურენოვანი ბავშვები სწავლობდნენ. ცუდი ქცევების გამო ბრიუსი რამდენჯერმე გარიცხეს კოლეჯიდან, თუმცა, მშობლები მას უკან აბრუნებდნენ. იგი ხშირად ერეოდა ქუჩურ ჩხუბებში ან თავად იყო ჩხუბის ინიციატორი.
* აღმოსავლური ორთაბრძოლების პარალელურად, ბრიუს ლი ცეკვით იყო გატაცებული და 1958 წელს, 18 წლის ასაკში, ჰონკონგის ჩემპიონატში გაიმარჯვა „ჩა-ჩა-ჩაში.“ გარდა ამისა, ის კრივშიც ვარჯიშობდა და იმ წელს მსუბუქ წონაში ჰონკონგის ჩემპიონი გახდა – ფინალში ნოკაუტით გაიმარჯვა.
* ბრიუს ლი ვაშინგტონის უნივერსიტეტში ფილოსოფიას, კერძოდ, აღმოსავლური ორთაბრძოლების ფილოსოფიურ პრინციპებს სწავლობდა. სწავლის პარალელურად, ბრიუსს ორთაბრძოლების კურსები ჰქონდა გახსნილი, სადაც სტუდენტებს ავარჯიშებდა. მოგვიანებით მან საბოლოოდ მიატოვა სწავლა და საკუთარი სკოლა გახსნა.
* ბრიუს ლის სიმაღლე 171 სმ იყო, ხოლო სიკვდილის მომენტში ის 53 კილოგრამს იწონიდა.
* ბრიუს ლის ყვავილებიდან განსაკუთრებით უყვარდა ქრიზანთემები.
* ბრიუს ლის ერთ-ერთი მოსწავლე კუნფუს სკოლაში, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, ბრიტანელი მსახიობი ჯორჯ ლაზენბი იყო.
* ბრიუს ლის რამდენიმე წამის განმავლობაში გაშლილი ხელით შეეძლო 32-კილოგრამიანი გირის დაჭერა.
* ბრიუს ლი თავისუფლად საუბრობდა ოთხ ენაზე: ინგლისურად, კანტონურად, პუტუნხუაზე და იაპონურად.
* ბრიუს ლის ნამდვილი სახელია ლი იუნ ფაი. ოჯახის წევრები მას ხშირად „პატარა ფენიქსს” ეძახდნენ.
* პოპულარული კომპიუტერული თამაშისა და კინოფილმის – „მორტალ კომბატის” პერსონაჟი ლიუ კენგი, ბრიუს ლის პროტოტიპია.
* ბრიუს ლის აქვს საკუთარი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში, კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.
* ბრიუს ლი ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლშია დაკრძალული.
* ბრიუს ლის უკანასკნელი ფილმი – „სიკვდილის თამაში” კინოეკრანებზე მსახიობის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გამოვიდა. ფილმი იმით არის საინტერესო, რომ ლი გადაღებების დასრულებამდე გარდაიცვალა და ფილმის დასრულება მხოლოდ ორეულების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. ფილმის სცენარი რამდენჯერმე გადაკეთდა და, საბოლოო ვარიანტში ბრიუს ლის დაკრძალვის დოკუმენტური კადრებიც კი იქნა გამოყენებული.
* ყვითელი სპორტული კოსტიუმი, რომლითაც ბრიუს ლი მონაწილეობდა ფილმში „სიკვდილის თამაში,” კვენტინ ტარანტინომ თავის ბლოკბასტერში – „მოკალი ბილი” – უმა თურმანს ჩააცვა.
* ბრიუს ლის პარტნიორი ფილმში „დრაკონის გამოსვლა” – ჯიმ კელი, 1968-71 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის შავ ქამარს ფლობდა კარატეში.
* ჩაკ ნორისისა და ბრიუს ლის ცნობილი ჩხუბის სცენა, ფილმიდან „დრაკონის გზა,” რომის კოლიზეუმის ნაცვლად, კინოსტუდია „გოლდენ ჰარვესტის” პავილიონში იყო გადაღებული.
* ბრიუს ლის მოძრაობა და დარტყმა იმდენად სწრაფი იყო, რომ გადაღების ჩვეულებრივი რეჟიმი – წამში 24 კადრი – ვერ ასწრებდა დაფიქსირებას და ამიტომაც ფილმების გადაღებების დროს გამოიყენებოდა გადაღების სპეციალური რეჟიმი – 32 კადრი წამში.
* ბრიუს ლის მეუღლე – ლინდა იხსენებდა, რომ მის ქმარს კვების სპეციალური რეჟიმი ჰქონდა. ლი უპირატესობას ცილებითა და ვიტამინ-მინერალებით მდიდარ საკვებს ანიჭებდა. არ უყვარდა ცომეული, რძის პროდუქტი, თუმცა, კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად ის ყოველდღიურად მიირთმევდა რძესა და კვერცხს. ბრიუს ლი უპირატესობას ჩინურ, აზიურ სამზარეულოს ანიჭებდა, უყვარდა საქონლის ხორცი, შემწვარი ღვიძლი. სასმელებიდან ნატურალურ ხილის წვენს გამოარჩევდა, ასევე უყვარდა სტაფილოს წვენი.
* ნუნჩაკების არსებობის შესახებ ბრიუს ლიმ პირველად 1960-იანი წლების შუა პერიოდში შეიტყო კარატეს ოსტატ ხიდეხიკო ოტიასგან. ამ იარაღს ლი მოგვიანებით ხშირად გამოიყენებდა თავის ფილმებში.
* ბრიუს ლის ცხოვრება ჩვილობიდან იყო დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან. თავისი პირველი როლი მან 1 წლის ასაკში ითამაშა. საერთო ჯამში, მის ფილმოგრაფიაში 36 ფილმია, ხოლო თავად ბრიუს ლის ცხოვრებაზე გადაღებულია 30 ფილმი.
* მამის მსგავსად, ფილმის გადასაღებ მოედანზე გარდაიცვალა ბრიუს ლის ვაჟი, ბრენდონ ლი. 28 წლის მსახიობი საკულტო ფილმ „ყვავის” გადასაღებ მოედანზე ტრაგიკულად დაიღუპა. ფილმი მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე.
* ბრიუს ლის თითებით შეეძლო „კოკა-კოლის” რკინის ქილის გახვრეტა ერთი დარტყმით (იმ პერიოდში რკინის ქილები გაცილებით მსხვილი ლითონისგან მზადდებოდა).
* ბრიუს ლის დაკრძალვას სიეტლში ესწრებოდნენ ამერიკელი კინოვარსკვლავები – ჯეიმს კობერნი და სტივ მაკკუინი. მსახიობები მეგობრობდნენ და საერთო პროექტებზე მუშაობდნენ.
* ფილმი „დრაკონის გამოსვლა” ეკრანებზე ბრიუსის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გავიდა და არნახული მოგება მოუტანა პროდიუსერებს. ამჟამინდელი მონაცემებით, ფილმმა კინოგაქირავებიდან და დივიდი დისკების გაყიდვიდან 300 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა, მაშინ როცა წარმოებაზე სულ 300 ათასი დოლარი იყო დახარჯული.
* ბრიუს ლიმ 32 წელი იცოცხლა – ის გარდაიცვალა ჰონკონგში. ოფიციალური ცნობით, ტვინში სისხლის ჩაქცევით. თუმცა, არსებობს რამდენიმე არაოფიციალური ვერსია, რომელთა შორის არის ჩინური მაფიის – „ტრიადას“ შურისძიება და ნარკოტიკულ საშუალებებზე, კერძოდ, კოკაინზე დამოკიდებულება.