რა შემთხვევაში აღმოჩნდება სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია კიდევ ერთხელ გალახული „შემეტენეს“ როლში
სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა. თავის მხრივ, რუსი პოლიტელიტა მათკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუკი საქართველო პროტესტზე უარს იტყვის და რუსულ ზამთრის ოლიმპიადას დააფასებს. ანტირუსული განწყობებით გამორჩეული ებრაელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი კი წინასწარმეტყველებს, რომ რფ აუცილებლად გამოიყენებს შესაძლებლობას, დაამციროს ქართული დელეგაცია ოლიმპიადის მიმდინარეობისას. უნდა წავიდეთ თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე? – ამ საკითხზე თავის მოსაზრებას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გაგვიზიარებს.
– თუ ავწონ-დავწონით პლუსებს და მინუსებს, უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში?
– ვფიქრობ, საკითხი სწორად არ დგას, რადგან, ჩემი აზრით, რუსეთის დამოკიდებულებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი არაფერი შეიცვლება, იმისდა მიუხედავად, საქართველო მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან კონფრონტაციის გზას ადგა.
– რამდენიმე დღის წინათ პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს დასავლეთისთვის აქვს ერთადერთი – რუსეთთან დაპირისპირებული ქვეყნის ფუნქცია და ამის გარეშე ჩვენ დასავლეთს არ დავაინტერესებთ.
– სწორედ აქამდე მივდიოდი ლოგიკურად. „ნაციონალური მოძრაობის“ საბედისწერო შეცდომა ის იყო, რომ მან საქართველოს ავი ძაღლის ფუნქცია აკისრებინა. თავის დროზე ასეთი როლი ჰქონდა კუბას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. კუბამ, როგორც კუნძულმა, თავი გაართვა ამ როლს და ბოლომდე დარჩა ამერიკელების გამაღიზიანებელ პლაცდარმად, მაგრამ სახელმწიფო კუბა ვერ შედგა. კუბა არის გამათხოვრებული, გაღატაკებული და უპერსპექტივო ქვეყანა.
– შეიძლება იმიტომ, რომ კუბის მოკავშირე რუსეთი არ არის მდიდარი, ჩვენი მოკავშირე ამერიკა კი მდიდარი ქვეყანაა?
– ვერ დაგეთანხმებით: მონადირე ძაღლი მონადირე პატრონზე მსუქანი არასდროს არის. „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ უნდა წავიდეთ ოლიმპიადაზე, უნდა გავხსნათ სავაჭრო გზები და ვეთანხმები, გზები აუცილებლად უნდა გაიხსნას, რუსეთსა და საქართველოს შორის უნდა აღდგეს საზოგადოებრივი და ეკონომიკური ურთიერთობები და ოლიმპიადაზეც უნდა წავიდეთ. მაგრამ მე მაინტერესებს: საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს გულწრფელად, უანგაროდ და ასრულებს თავის ადამიანურ ვალს თუ ამ ნაბიჯების უკან დგას გარკვეული პოლიტიკური გათვლები: ან თავი მოაწონოს რუსეთს, ან შეურიგდეს, ან გაურიგდეს, ან საერთაშორისო ზეწოლა შეარბილოს რუსეთის ფედერაციაზე?!
– თქვენ რომელი გგონიათ?
– ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ვერ დავინახე, რა ხდება. ვერც ხელს დავაფარებ ვინმეს და ვერც გუნდრუკს მივუკმევ, რომელი მიმართულების პარტიაც უნდა იყოს. მეორე მხრივ, შეცდომად მიმაჩნია, მოხვიდე ხელისუფლებაში და პირველივე დღიდანვე გააგრძელო „ნაციონალური მოძრაობის“ კურსი.
– რას გულისხმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ კურსის გაგრძელებაში?
– კონფრონტაციის კურსის გაგრძელებას.
– ფიქრობთ, რომ რუსეთთან კონფრონტაციის კურსი შენარჩუნებულია?
– საქმეც ის არის, რომ ახლა გაურკვევლობის პერიოდია. დიალოგი მიმდინარეობს მხოლოდ სავაჭრო გზების გახსნაზე და მეტი არაფერზე. რუსეთს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, ჩახვალ თუ არა ოლიმპიადაზე.
– აქ არის ერთი საინტერესო მომენტი: რუსეთი თავისი განცხადებებით არ იძლევა საშუალებას, არაკონფტრონტაციული იყოს ურთიერთობა. ლამის ითხოვენ, რომ საქართველომ აღიაროს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა არ ვიცი, რა ხდება უშუალოდ მოლაპარაკებებზე?
– შემიძლია, გითხრათ, რომ რა პოზაშიც რუსეთი დგას გარეგნულად, იმ პოზაშივეა შიდა მოლაპარაკებებზე. აბსოლუტურად არანაირ თემებზე არ მიდის იქ ლაპარაკი, გარდა სავაჭრო ურთიერთობის აღდგენისა. პირდაპირ გეტყვით, რუსეთის ხისტი პოზიცია საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ, რუსეთის ხისტი პოზიცია აფხაზებისა და ოსების მიმართ, რუსეთის ასეთი კატეგორიულობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ, დასავლეთს აძლევს საშუალებას, გაამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ კონფრონტაციის კურსი რუსეთთან და საქართველოს მოსახლეობასაც, ალბათ, ძალიან მალე ამოუვა ყელში კუდის ქიცინი. თუ რუსეთს უნდა, რომ ქართველებს გული ატკინოს, ნუ ამბობს, რომ მათთვის პრობლემა პიროვნულად სააკაშვილი იყო. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგრესიულად დეკლარირებული პროდასავლურობა არ იყო სწორი, რადგან დასავლეთს აჩვენა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დასავლეთსა და „ნატოში“ შეუძლია პრობლემები მიიტანოს, საქართველოს მოსახლეობას კი აჩვენა, რომ ევროკავშირი და „ნატო“ არცთუ ისე ახლო პერსპექტივაა. ამის საპირწონედ „ქართული ოცნება“ ამბობს: დასავლეთი, საერთაშორისო ორგანიზაციები და კარგი ურთიერთობა რუსეთთან. რას ნიშნავს კარგი ურთიერთობა რუსეთთან? მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობის გაუმჯობესებას? მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, რა იქნება შემდგომ.
– გასაგებია, რომ სოჭში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ გამოიყვანს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, მაგრამ შესაძლოა, უშუალოდ შეჯიბრების წინ დაუკრან მათი ჰიმნები და გამოაცხადონ, როგორც აფხაზი ან ოსი სპორტსმენები. კიდევ რით შეუძლია რუსეთს, დაგვამციროს სოჭის ოლიმპიადის დროს?
– თუ ჭკუა აქვთ თავში, ასე არ უნდა მოიქცნენ, მაგრამ მე სხვა რამის უფრო მეშინია: ძალიან დამწყდება გული, თუ ჩვენ იქ ჩავალთ და დამცირებულად ვიგრძნობ თავს. ნაცემი კაცი რომ შეგეტენება, იმ პოზაში თუ აღმოჩნდა საქართველოს ნაკრები, ძალიან მეწყინება და სერიოზულ პროტესტსაც გამოვთქვამ. თუ არ მოგვიწყვეს ჯეროვანი, განსაკუთრებული დახვედრა, თუ არ აღინიშნა, რომ, მიუხედავად ხელისუფლებებს შორის დაპირისპირებისა, ჩვენ მაინც მეზობლებად ვრჩებით, თუ ეს რიტუალი არ შესრულდა, მე ჩავთვლი, რომ ჩვენ გვცემეს, წაგვართვეს ტერიტორიები და მაინც მათ ვეტენებით.
– მესმის, რომ საქართველოს მონაწილეობა-არმონაწილეობა დიდ ვერაფერს ვერც შეჰმატებს, თუ ვერც დააკლებს ოლიმპიადის მიმდინარეობას, მაგრამ თუ მიდის მსგავსი ტიპის მოლაპარაკება რუსულ და ქართულ სპორტულ ხელმძღვანელობებს შორის?
– მე არ ვიცი რა მოლაპარაკება მიდის რუსეთისა და საქართველოს ოლიმპიურ ხელმძღვანელობებს შორის, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი: რუსეთის ოლიმპიური ხელმძღვანელობა პირველი პირების დონეზე არ დაილაპარაკებენ ჩვენთან და, მეორე, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ორგანიზაციული საკითხები აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ჩვენთან დალაპარაკებაა. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ასეთი საკითხები მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტთან უნდა გაარკვიოს.
– ვთხოვოთ, გვიშუამდგომლონ რუსეთთან, რომ ღირსეული დახვედრა მოგვიწყონ?
– არ უნდა თხოვნა, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რაც მოხდა ჩვენ შორის?! საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ისევ გულნატკენია და, თუ ვინმე რუსულ ბაზარზე თავის პროდუქციას გაიტანს და ფულს იშოვის, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ტერიტორიების დაკარგვას შეეგუება. მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ჩასვლა განსაკუთრებულად ყურადსაღები გახდეს.
– როგორ შეიძლებოდა სოჭის ოლიმპიადის გამოყენება, რომ დიპლომატიური თუ პოლიტიკური ხეირი გვენახა?
– ჩვენ არ ვართ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომ ვივაჭროთ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ემოციური და ცანგალა ხალხი გამოვდექით, ბევრად უფრო წარმატებულად ვურტყამთ და ვსჯით ერთმანეთს, ვიდრე მტერს. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ საქართველო ისევ გაყოფილია, ისევ დაპირისპირებულია, ისევ დაკარგული აქვს ტერიტორიები, ისევ სიღატაკე და ისევ გაურკვეველი მომავალია. დღემდე მე ვერც საქართველოს პარტნიორი დავინახე და ვერც ეკონომიკური მხარდამჭერი. თუ ვინმე 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ საქართველოში ფულს დებდა და მატერიალურად ეხმარებოდა, ამით ის პოლიტიკურ ელიტას აფინანსებდა და ხალხისთვის საძულველ ხელისუფლებას აძლიერებდა. ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გაკეთდეს განცხადება, მიუხედავად ომისა და ტერიტორიების ოკუპაციისა, ჩვენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ვიცავთ, სამართლებრივად ვიქცევით და ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ნორმალური და ცივილიზებული ქვეყანა. თუ ამას შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყვება რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვიტყვით, ჩვენ ქვები ხომ არ გვისვრია სააკაშვილივით, ღირსეულად მოვიქეცით და მაინც არ იშლის თავისას რუსეთი. მგონია, ამით უფრო მეტი დივიდენდი აიკრიფება, ვიდრე ოლიმპიადის კონტექსტში რუსეთის გალანძღვა ან შექება მოგვიტანდა.
– თუ არ მიიღებს საქართველო მონაწილეობას, ამან შეიძლება, რამე დადებითი მოგვიტანოს?
– პირადად ჩემთვის, ის უფრო მნიშვნელოვანია, რა არის უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის, მაგრამ ჯერ ის ვერ გაგვირკვევია, რა მომავალზე ვლაპარაკობთ. საქართველოში ერთმანეთს ებრძვიან გარე ძალები და ამისთვის იყენებენ ქართველ ხალხს. ჩვენ რომ ქართული სახელმწიფო ვიყოთ და ქართულ სახელმწიფოს ვაშენებდეთ, გეტყოდით, რას მოგვიტანდა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ან მონაწილეობის არმიღება. მაგრამ ახლა ადამიანურად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ცოდვა იქნება სპორტსმენი, რომელიც საქართველოში სულს ღაფავს შიმშილით და ოთხ წელიწადში ერთხელ აქვს ტიტულის მოპოვების საშუალება, ავუკრძალოთ თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, თორემ არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს არც პროტესტს და არც მონაწილეობას.
დასრულდება სოჭის ოლიმპიადა, მეორე დღეს ახალი თემა გამოვარდება მსოფლიო მედიაში და უცბად გადაფარავს ამ საკითხს. თან, სიმართლე გითხრათ, ზამთრის სახეობებში არ გვყავს ისეთი სპორტსმენები, რომ პირველ ათეულში მაინც მოხვდნენ. არადა, დღეს საქართველოში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემებია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა.
– კერძოდ?
– მაგალითად, სირიაში, რუსეთმა აეროპორტები გახსნა, ირანის შიგნით იზრდება საპროტესტო მუხტი და ირანში არც სირიასავით განვითარდება მოვლენები და არც სხვა არაბული ქვეყნების მსგავსად. როგორ აისახება კავკასიაზე, რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე სირიაში ომის დამთავრება და ირანში ომის დაწყება?! ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის აზიასა და კავკასიაში და ჩვენ ამ სერიოზულ საკითხებზე არ ვმსჯელობთ.
– რუსეთი ამბობს, მნიშვნელოვანია, მიიღებს თუ არა საქართველო მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაშიო. გვაბნევენ ამ შეფასებით?
– არა, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა, რომ შეანელონ დასავლეთის ზეწოლა, რათა თქვან, ქართველებს კი არ ვერჩოდით, არამედ, სააკაშვილის წინააღმდეგი ვიყავით. აღარ არის სააკაშვილი და ამიტომ ჩვენ გავაღეთ სავაჭრო გზები და ისინიც ჩამოვიდნენ ოლიმპიადაზეო.
– ანუ რუსულ თამაშს მივყვებით?
– არ მივყვებით, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?! ჩვენთან ხომ, სამწუხაროდ, დიდი პოლიტიკური არჩევნის საშუალება არ არის?! საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია ვიღაცის ინტერეს-ჯგუფია. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში ფინანსდება ყველა პოლიტიკური მიმართულების ინტერეს-ჯგუფები პოლიტპარტიების სახით, ერთადერთი, რაც არ ფინანსდება და არც დაფინანსდება, ეს იქნება ძალა, რომელიც შეეცდება ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
– ჩრდილოკავკასიელები როგორ აპირებენ სოჭის ოლიმპიადის შეხვედრას?
– ჩრდილოკავკასიელები ოლიმპიადას ცუდად და დიდი სიფრთხილით უყურებენ. ცუდად უყურებენ, იმიტომ რომ ჩერქეზებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ იმ ტერიტორიისადმი, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს. ჩერქეზებს კავკასიურ დიასპორებს შორის ყველაზე დიდი და სერიოზული დიასპორა აქვთ. ისინი არ გაჩერდებიან და აუცილებლად მოაწყობენ დიდ და მასშტაბურ საპროტესტო აქციებს. მეორე, ყველა ჩრდილოკავკასიელი ეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს ტერაქტებში, რომლებიც იქნება შურისძიების გამოხატულება.
– ჯობია, არ წავიდეთ მაშინ?
– ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. გინდა, წადი და გინდ, ნუ წახვალ. რაღაც განსაკუთრებული და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სოჭის ოლიმპიადაზე წასვლას, უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური საზღვრების გახსნა საქართველოსა და რუსეთს შორის და, რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, რადგან იმას მაინც გავარკვევთ, ღირდა თუ არა და შეიძლება თუ არა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მოსახლეობისთვის დასავლური ორიენტაცია გააიგივა მონობასთან, წამებასთან, სიღატაკესთან, უსამართლობასთან და ავტოკრატიასთან. ახლა გაიხსნება რუსეთთან გზები და ხალხი ნახავს, ეს რა იქნება. კიდევ ვიმეორებ, სანამ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და იდეოლოგია არ იქნება ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, მანამ სულ ასე ვიქნებით.