კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიღწევას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის აგრესიის ხელოვნურად ზრდით და რატომ არ აპირებს „ოცნება“ ასეულობით მილიონის ფიარში დახარჯვას

ისე მოხდა, რომ ბოლო 9 წელია, ფიარის ელემენტებით გაჯერებულ მართვას შევეჩვიეთ. მეორე მხრივ, ფიარი არცთუ უცხო ხილია ქართული ცხოვრების წესისთვის, იმ მარტივი მიზეზით, რომ უცხო თვალისთვის ცხოვრება ქართული ყოფითი კულტურისთვის ორგანულადაა დამახასიათებელი (ამის ერთ-ერთი დასტურია სტუმრის საგანგებო დახვედრაც და ძვირად ღირებული „ჯიპებიც“, რომელთა პატრონებსაც იმ „ჯიპებში“ ჩასასხმელი ბენზინის ფული არ აქვთ). ფიარში დაოსტატებული „ნაციონალური“ ხელისუფლება „ოცნებამ“ ჩაანაცვლა, რომელიც პრინციპულად ამბობს უარს თანამედროვე მსოფლიოსთვის დამახასიათებელ ამ ტექნოლოგიაზე და ხელმძღვანელობს პრინციპით: საქმემან შენმან გამოგაჩინოს. რომელი მიდგომაა მართებული პოლიტიკური ძალისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად (ქვეყნისთვის, უდავოდ, საქმეზე ორიენტირებულობა ჯობს)? – ამას პოლიტიკურ კონსულტანტ ვალერიან გორგილაძესთან ერთად გავარკვევთ, რომელიც მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციის დეპარტამენტს სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

– ფაქტია, რომ მხოლოდ ფიარტექნოლოგიების მოხერხებულად გამოყენებამ არ გაამართლა, რადგან არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ მთავარია შინაარსი და არა ის, როგორაა შეფუთული, თუმცა 9 წლის განმავლობაში სანახაობას შეჩვეულ საზოგადოებას ერთგვარი შიმშილის გრძნობა გაუჩნდა, იმიტომ რომ „ოცნებამ“  უარი თქვა ფიარზე. მოუტანს ეს მას წარმატებას?

– სწორი შეფასებაა, რადგან რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ეგრეთ წოდებული ფიარი? 9 წლის განმავლობაში საზოგადოება ცხოვრობდა ინტენსიური, ჰიპერაქტიური პროპაგანდის რეჟიმში. ეს არც იყო ფიარი, არსებობდა ინფორმაციის გავრცელების ექსკლუზიური წყაროები, პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, სხვა მედიასაშუალებები და მიმდინარეობდა მძლავრი ავტორიტარული პროპაგანდა. პროპაგანდა სწორედ ავტორიტარიზმის მახასიათებელია: როდესაც ფლობ ინფორმაციის გავრცელების ექსკლუზიურ წყაროებს და არ არსებობს ალტერნატიული წყაროები, ბუნებრივია, ეს პროპაგანდაა. პროპაგანდას იყენებდა წინა ხელისუფლება და ეს პროპაგანდა ხშირად გადადიოდა ინფორმაციულ, ფსიქოლოგიურ ძალადობაში. მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს შეიცვალა ხელისუფლება, მოსახლეობაში დარჩა გარკვეული ფანტომური ლტოლვა საინფორმაციო ნაკადის მიმართ.

– შეაჩვიეს და რა ქნას?

– დიახ და ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინა ხელისუფლება ძალადობდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ამ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, იმიტომ რომ პირველი ოქტომბრის შედეგი იყო ძალადობაზე უარის თქმა. თუმცა ორ მაუწყებელზე: საზოგადოებრივ არხსა და „რუსთავი 2-ზე“ ისევ გრძელდება წინა ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლი, მმართველი კოალიცია კი არც კი ცდილობს, რამე კონტროლის დამყარებას მედია-საშუალებებზე, მათ შორის, არც „მეცხრე არხზე“.

– აქვე დავამატებ: გარწმუნებთ, ძალიან ეხმარებიან ოპოზიციას რიგი სამინისტროების პრესსამსახურები, რომლებიც ცოცხალი თავით არ გახვედრებენ სამინისტროების პირველ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად.

– აქ ობიექტური პრობლემაცაა: დღეს ხელისუფლებაში, ძირითადად, არის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ და, შესაბამისად, არ გააჩნიათ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებაც. ჩემი აზრით, რაც ხდება, პოზიტიურია, უბრალოდ მოსახლეობაში არის შფოთი და მგონია, რომ ეს შფოთი არ არის რაციონალური. პრეტენზია ასეთია: ფიარში თქვენ აგებთ, რატომ არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია გაზრდილ პენსიებთან, შემწეობებთან დაკავშირებით…

– საინტერესოა, რომ თვითონ პენსიონერმა და მარჩენალდაკარგულმა იცის, რომ გაეზარდა დახმარება.

– რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც პრეტენზიებს გვიყენებენ, ადასტურებენ, რომ ამ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ, რატომღაც, მიაჩნიათ, რომ სხვა არ ფლობს. არადა, თავისუფალი მედიასივრცე რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ გაიხსნა, აძლევს საშუალებას მოქალაქეს, რომ მოიპოვოს მისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამდენად, ამ არგუმენტს მე ვერ მივიღებ.

– პროპაგანდა, უდავოდ, ავტორიტარიზმის ნიშანია, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პროპაგანდას ჰქვია ფიარი. დასავლური სამყაროსთვის ფიარი არ არის უცხო ხილი, არ შეიძლება მათი ამ გამოცდილების გაზიარება?

– ამას წინათ ერთ-ერთი ანალიტიკოსის წერილი წავიკითხე, რომელიც წერდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებულ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და აღნიშნავდა, რომ დასავლეთ ევროპაშიც კი ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ასე იყენებს ხელისუფლება სიანფორმაციო ტექნოლოგიებს. ვიმეორებ, პროპაგანდის რეჟიმია, როდესაც გაქვს სტერილური სივრცე, აკონტროლებ საინფორმაციო ნაკადებს, მაგრამ ამ ხელისუფლების ამოცანა სულ სხვა რამაა: ეს არის მოქალაქეების ინფორმირებულობა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს და რის გაკეთებას აპირებს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს აქტივობა არ გამოირჩევა ინტენსივობით. თუ გაითვალისწინებთ, რა ინტენსივობით ხვდება პრემიერ-მინისტრი ინტერესთა ჯგუფებს, ბიზნესმენებს, მედიას, არასამთავრობოების წარმომადგენლებს, ეს უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შეხვედრებზე არ არის შეზღუდვები და სტერილური რესპონდენტების სივრცე. ვხედავთ იმასაც, რომ რესპონდენტი ხშირად ემოციურად ეკამათება ჟურნალისტებს, რაც ძალიან ბუნებრივია. მოსახლეობის ნაწილს, ალბათ, უკვირს ეს ბუნებრიობა. კოაბიტაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევადაროთ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგები და პრეზიდენტის რიტორიკა. პრეზიდენტის აუდიტორია საგანგებოდაა შერჩეული, აშკარად ეტყობა, რომ სინთეტიკური სივრცეა. აქ ემოციური, ცოცხალი სივრცეა. ერთი მხრივ, ვხედავთ სიყალბეს, მეორე მხრივ, ემოციურ რეალობას. ამდენად, უნდა გადავლახოთ ეს პრობლემა, ფანტომური ტკივილები, რაც დაკავშირებულია ინფორმაციულ ძალადობასთან.

– გენეტიკური მიდრეკილებაც ხომ არ გვაქვს სიყალბე-ხელოვნურობისადმი?  პომპეზურობა ორგანულადაა დამახასიათებელი ჩვენი ყოფისთვის. 

– არტისტული ერი ვართ, მაგრამ წარმოდგენაც არის და წარმოდგენაც. როდესაც ეს წარმოდგენა შენს ესთეტიკურ გემოვნებას არ ესადაგება, ჩნდება უნდობლობა და ეს უნდობლობა არის კიდეც. შევადაროთ რეიტინგები და ვნახავთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს. ის ნაწილიც, რომელიც უყურებს, ხშირად მაზოხისტურ ლტოლვას აჩვენებს: რესპონდენტი უყურებს პრეზიდენტის გამოსვლას აღშფოთებული განწყობით, კიდევ უფრო აღშფოთებული რჩება, როდესაც ყურებას დაასრულებს და აფრთქვევს ამ აგრესიას. თუმცა სხვა თემაა, რომ ამ მიზანმიმართულ, აგრესიის გამომწვევ კამპანიას შეგნებულად აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“ და დარწმუნებული  ვარ, ეს ფიქოლოგიური ომის გაგრძელებაა.

– მაგრამ ეს აგრესია ხომ მათ დაუბრუნდებათ?

– რასაკვირველია და სწორედ ეს უნდათ. ამის ნათელი დასტურია 8 თებერვალი, 19 აპრილს დაანონსებული  მიტინგიც. ამას ეხმარებიან მოსამართლეებიც თავიანთი გადაწყვეტილებებით. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს აძლევს ასეთი ვითარება, რადგან, როდესაც აღშფოთებული მოსახლეობა ხედავს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც ჰქონდა არჩევნებამდე, ამან შეიძლება, გამოიწვიოს კონფრონტაცია და დესტაბილიზაცია ქვეყანაში.

– ამით რა ხეირს ნახავს „ნაციონალური მოძრაობა“, თვითონ დაბრუნდება ხელისუფლებაში თუ  რა გათვლები შეიძლება, ჰქონდეთ?

– ერთია, დაანახვოს დასავლეთს, რომ ეს არის ველური სივრცე, რომელიც ვერ ეგუება მოდერნისტებსა და რეფორმატორებს; მეორე, უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ვხედავთ, რომ საკონსტიტუციო მოლაპარაკებები გადაიზარდა ვაჭრობაში. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვის ნათელი მიზანია თავიანთთვის პოლიტიკური და ეკონომიკური სამართლებრივი გარანტიების შექმნა.

– რაციონალურია „ნაციონალური მოძრაობის“ ეს გათვლა?

– რაციონალურია, რადგან ყოველთვის არის არგუმენტი, რომ აი, ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სტაბილურობას.

– მაგრამ, რეალურად, შესაძლოა, სანამ პავლე მოვიდეს, პეტრეს ტყავი გააძრონ. თუ ფიქრობენ, რომ მათ მიმართ აგრესია რეალურ აგრესიაში არ გადაიზრდება?

– „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგად ხვდება, რომ ლინჩის  წესის დაშვება არ არის ხელისუფლების ინტერესი. აქ საუბარია რამდენიმე ათეულ ადამიანზე, ამიტომაც მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის სპიკერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც არ არიან დამნაშავეები, არ აქვთ ჩადენილი მძიმე დანაშაული. ეს არის გარკვეული დერეფნის გახსნა იმ წევრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მოტივით არიან ამ ორგანიზაციაში. რეალურად, პრობლემაა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებმაც იციან, რომ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით ქვეყნისა და კონკრეტული ადამიანების წინაშე. ამიტომ ისინი ყოველდღიურად გეგმავენ რაღაც პროვოკაციებს, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით.

– ჩვენ პირველად ვაკვირდებით ვითარებას, როდესაც პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ სვლებს აკეთებენ და ეს საინტერესო სანახაობაა, უბრალოდ ჩვენი ბედია ამაზე დამოკიდებული. ხელისუფლებას აქვს პრევენციის ფუნქციაც. რას აკეთებს იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ის ზიანი, რაც შეიძლება მოიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აგრესიის გამოწვევაზე აგებულმა კამპანიამ?

– „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მოსახლეობა უნდა ინარჩუნებდეს მშვიდობას, არ უნდა აჰყვეს ამ პროვოკაციებს და რაციონალურად მიუდგეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ამ აგრესიაში მოსახლეობის ჩართვა. ძველი ხელისუფლება ფლობს ბერკეტებს თვითმმართველობაში, მოსამართლის კორპუსში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც თავისი ბერკეტები გააჩნია, ამდენად, პრევენცია არის მოთმინება, რუტინული შრომა, ძალიან უძნელდება მუშაობა პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს, პროცესი ხანგრძლივია და არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოში კვალიფიციური გამოძიება ახლა იწყება. მანამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა.

– ძალიან დაბალია საგამოძიებო ორგანოების კვალიფიკაცია. მათ არასდროს მიუღიათ მონაწილეობა რეალურ შეჯიბრებითობაში დაცვის მხარესთან.

– მხოლოდ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით იხსნებოდა საქმეები და, ფაქტობრივად, სტალინური პროკურატურის სტილში მუშაობდნენ. მაგრამ დღეს ვხედავთ საჯაროობას, სასამართლო დარბაზებში მონტაჟდება კამერები. სულ რამდენიმე დღის წინათ დაამტკიცა თავმის ელჩები კოალიციამ, 100 დღის თავზე, ანუ ფაქტობრივად, აქამდე არანაირი მუშაობა არ იყო უცხოეთში. შედეგებიც არის: აპატურაის განცხადება. ნორლანდის განცხადება, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს, ეჭვი შეიტანოს საგარეო კურსის უცვლელობაში. რაც უფრო ინტენსიური გახდება ხელისუფლების კონტაქტი დასავლელ პარტნიორებთან, პრობლემაც, რომელიც იქმნებოდა დასავლეთში, სრულად მოგვარდება.

– ქვეყნის შიგნით მოსახლეობა თავის თავზე იგრძნობს ყველა სიკეთეს, რაც მოხდება, რის საშუალებაც არ აქვს დასავლეთს. ისევ ფიქრობთ, რომ ლობისტური კომპანიების დახმარებას არ უნდა მიმართოთ და მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის იმედზე იქნებით?

– ლობისტების დახმარებით „ქართული ოცნება“ არჩევნების დროს სარგებლობდა და არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპზეც მიმართოს გარკვეულ ლობისტურ ჯგუფებს, მით უფრო, რომ „ოცნებას“ აქვს კავშირები დასავლეთში. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: ასობით მილიონ დოლარს ხარჯავდა ლობისტებში წინა ხელისუფლება. არავინ აპირებს ლობისტებისთვის ნახევარი მილიარდის გადახდას, რათა „ნიუ-იორკ თაიმსში“ წავიკითხოთ, თუ რა კარგი მთავრობა ჰყავს საქართველოს.

– მაგრამ, თუ მოსახლეობის ნაწილს უნდა, რომ ეს წაიკითხოს „ნიუ-იორკ თაიმსში“?

– ეს არის, მათ შორის, ამ მოსახლეობის პრობლემა.

– ეს მოსახლეობა ჰყავს ამ ქვეყანას.

– ამიტომ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ეს დალაგდება. მმართველ პოლიტიკურ ელიტას ნაკლები ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. ეს კონტაქტები დამყარდება ეტაპობრივად. რაც შეეხება ჩვენს ამ პროვინციულ დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართ, რომელიც შესაძლოა, გააჩნდეს მოსახლეობის ნაწილს: ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, გათავისუფლებულია სხვადასხვა რეპრესიული სტრუქტურებისგან, არ ხდება დაშინება, ქონების წართმევა. არადა, ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა ვარდების რევოლუციის შემდგომ პროცესში. ვხედავთ იმასაც, რომ ბიუჯეტი მკვეთრად სოციალური გახდა. უამრავი პროგრამაა ჯანდაცვაში, შემოვიდა დაზღვევის უნივერსალური ბაზისური პოლისი, 14 ფაკულტეტზე სწავლება უფასო გახდა, შემწეობები 100-პროცენტით გაიზარდა, უპრეცედენტო ინიციატივა სოფლის მეურნეობის ფონდის დაარსება. ეს ყველაფერი მიმზიდველს გახდის ქვეყანას ინვესტორებისთვის და ბევრად უფრო ეფექტიანია, ეკონომიკისთვის, ვიდრე ვირტუალური რეიტინგები, რითიც მანიპულირებდა წინა ხელისუფლება.

– არის იმის ალბათობა, რომ ამასობაში გარღვევა მოახდინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“?

– თეორიულადაც კი წარმოუდგენელია რამე გარღვევა. როდესაც დღითიდღე კლებულობს მათი რეიტინგი, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი ძალების მობილიზაციით მხოლოდ პრობლემების შექმნა შეუძლია და ის ამ პრობლემებს ქმნის. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი მძიმე პრობლემა და ამიტომაც იქცევა ისე, როგორც იქცევა. სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

скачать dle 11.3