კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში წამოარტყამენ თავში ქართულ ბიზნესს რუსულ ბაზარზე და რატომ არის საქართველო ერთადერთი პოსტსოციალისტური ქვეყანა, სადაც დეპოზიტებს არ აზღვევენ

ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პროცესი მძიმედ, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. ბუნებრივია, რაც იყო, ის ვითარება ვეღარ დაბრუნდება, თუმცა ქართულ კომპანიებს საკუთარი გაყიდვების გაზრდის რეალური შესაძლებლობა ეძლევათ. მოვიხმოთ ციფრები: 2000-იან წლებში საქართველოს ექსპორტში ღვინოს მეორე ადგილი ეჭირა. მაგალითად, 2004 წელს ექსპორტის საერთო მაჩვენებელმა  646 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზე შავი ლითონების ჯართი იყო 95 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტით ქვეყანაში 48 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2005 წელს 81 მილიონ აშშ დოლარამდე ავიდა. ბოთლებში კი მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: 2004 წელს საქართველომ უცხოეთში 23 მილიონი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი გაყიდა, 2005 წელს – 45 მილიონი ბოთლი. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მინერალური წყლების გაყიდვების მაჩვენებელიც: 2004 წელს საქართველოდან 19 მილიონი აშშ დოლარის მინერალური წყლები გაიყიდა, 2005 წელს – 32 მილიონის. თუმცა 2006 წელს რუსეთმა ხარისხის გამო დაწუნებულ ქართულ პროდუქციას თავისი ბაზარი გადაუკეტა და ქართულმა ღვინომ და მინერალურმა წყლებმა ექსპორტში პირველი პოზიციები დათმო. მეტიც, საერთო ჯამში, რფ-ის ბაზარზე ღვინის, მინერალური წყლების, ხილის, ციტრუსებისა და ბოსტნეულის აკრძალვით  მიღებულმა ზარალმა საქართველოსთვის, სულ ცოტა, 150-180 მილიონამდე აშშ დოლარი შეადგინა.

რა პერსპექტივა და საფრთხეები ელის ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე? – თემას ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

 

– სტატისტიკის თანახმად, რა ხეირს ნახულობდა საქართველოს ბიუჯეტი, კერძო კომპანიები და მოსახლეობა რუსული ბაზრით 2006 წლის აკრძალვამდე?

– საქართველო წლების განმავლობაში ინტეგრირებული იყო, ჯერ, საბჭოთა ერთიან სისტემაში და, შემდეგ, მყარი კავშირები ჰქონდა რუსეთის ფედერაციასთან. თუ ავიღებთ გასული საუკუნის 80-იანი წლების პერიოდს, რუსეთის წილად მოდიოდა საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის, დაახლოებით, 75 პროცენტი, დანარჩენი 25 პროცენტი –  სხვა მოკავშირე რესპუბლიკებზე.

– საბჭოთა დროზე ვლაპარაკობთ?

– დიახ. 1988 წლის მდგომარეობით, სანამ აირეოდა სიტუაცია, საქართველოს საგარეო ვაჭრობის სამი მეოთხედი მოდიოდა რუსეთზე, დანარჩენ 13 რესპუბლიკაზე კი –  ერთი მეოთხედი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთელ საგარეო ბრუნვაში, სადაც საბჭოთა რესპუბლიკებიც შედიოდნენ და დანარჩენი მსოფლიოც, უცხოეთის წილი, დაახლოებით, 13 პროცენტი იყო, საერთო საგარეო ბრუნვის სამი მეხუთედი რუსეთზე მოდიოდა და ეს ძალიან დიდი ციფრი იყო.

– ანალოგიური სიტუაცია იყო სხვა რესპუბლიკებშიც?

– დიახ, რესპუბლიკები მიბმული იყვნენ რუსეთზე და სამხრეთკავკასიური შიდა კოოპერაცია იყო ძალიან დაბალი. ყველა დაკავშირებული იყო ცენტრთან. ტექნოლოგიურად კოოპერაციის რესურსი არსებობდა, მაგრამ არ იყო წახალისებული, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შიდა კოოპერირება გაძლიერებულიყო. დაიშალა საბჭოთა კავშირი და რუსეთის წილი საგარეო ბრუნვაში 30 პროცენტამდე შემცირდა, შემდეგ –  20-22 პროცენტზე დავიდა. 90-იანი წლების ბოლოს რუსეთში, ძირითადად, ხდებოდა მინერალური წყლების, ღვინისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი. ღვინის ექსპორტის დიდი ნაწილი მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე. მაგალითად, 2005 წელს ღვინის 75-77 პროცენტი ღირებულებითი ფორმით რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა, ნატურით კი ეს ციფრი გაცილებით მაღალი გამოდიოდა –  85 პროცენტზე ადიოდა. ესე იგი, ერთ მხარეს იყო ყველა დანარჩენი და მეორე მხარეს –  რუსეთი. თანაც, რუსეთში გატანილი ღვინომასალების ღირებულება გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში გატანილის. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: გადიოდა დაუფასოებელი ღვინო კონტეინერებში და, ალბათ, რუსეთში უფრო დაბალი ხარისხის ღვინო გაჰქონდათ, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.

– იტანდა რუსეთის ბაზარი, თორემ ხომ არ გავიდოდა?

– დიახ, იტანდა, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ქართველი მეღვინეებისა და ექსპორტიორების სარგებელი. იმ პერიოდში მოსკოვში 3-4 ათას რუბლად მინახავს „ხვანჭკარა“ და სხვა აშკარად ფალსიფიცირებული ქართული ბრენდული ღვინოები. აქედან გატანილ ღვინოს ადგილზე ხვდებოდა სუროგატი ძმა და ორივე ერთად ითვისებდა რუსულ, თითქმის უსასრულო ბაზარს. ამდენად, ჰქონდა თავისი ეკონომიკური საფუძველი იმას, რომ რუსეთმა 2006 წლის დასაწყისში აკრძალა ქართული პროდუქცია.

ჩვენი მეწარმეების დიდი ნაწილი დიდი იმედით ხვდება პროდუქციის რუსულ ბაზარზე გასვლას, თუმცა პირადად მე, დიდი მოლოდინი არ მაქვს.  დიდი მოლოდინი ბაზრის დიდი სეგმენტის დაპყრობისა იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები, ძალიან თამამი და ოპტიმისტური განაცხადია.

ის პრობლემაც არსებობს, რომ შესაძლოა, დაინტერესებულმა პირებმა რუსეთში დაიწყონ ქართული ღვინის ფალსიფიკაციაც და მე მეორე პრობლემასაც ვხედავ: ვინ დაიცავს ქართველი ბიზნესის ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში? როგორ მოხდება ანგარიშსწორება, პირობების დაცვა?! ეს ხომ ის კლასიკური ბაზარი არ არის, რომელიც ჩვენ ევროპასა და აზიის ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში გვხვდება?! რუსეთის ბაზარი ახლა ყალიბდება და იქ სულ ახლახან დამთავრდა სფეროების დიდი გადანაწილება და 90-იან წლებში დღე არ გავიდოდა, ვინმე არ მოეკლათ სწორედ ამ ეკონომიკური მიზეზების გამო.

– თუმცა რუსეთის ბაზარზე მთელი მსოფლიო მუშაობს, მათაც იგივე პრობლემები აქვთ თუ ჩვენ დაბალი ღობის პრინციპით მოგვიდგებიან? 

– თანაც, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და მე არ მინდა, რომ ქართული ბიზნესი რუსეთში იყოს თავში წამოსარტყმელი. ჩვენ გვჭირდება ისეთი ავტორიტეტული სტრუქტურები და ინსტიტუტები, რომლებიც თვალყურს მიადევნებენ ქართული ინტერესების დაცვას რუსეთის ფედერაციაში.

– ორიოდე კვირის წინათ მედვედევმა თქვა, ჩვენ არ შევუშვებთ ქართულ ღვინოს რუსეთის იმ რეგიონებში, საადც არის ღვინის ადგილობრივი წარმოებაო. ასეთი წესია რუსეთში? კრასნოდარის მხარეში არ უშვებენ ფრანგულ ღვინოებს?

– არ მგონია, ეტყობა, ეს სურვილის დონეზეა. მაგრამ ყველაფერი ვერ გადაწყდება სურვილის დონეზე, რადგან რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი.

– ამ ორგანიზაციის წევრობა არ არის მექანიზმი, რომელიც დაიცავს ქართული ბიზნესის ინტერესებს რუსულ ბაზარზე?

– ამ ორგანიზაციის პირობაა, რომ ყველასთვის თანაბარი მდგომარეობა შეიქმნას და რაც ერთისთვისაა დასაშვები, ავტომატურად გავრცელდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანაზე. ამდენად, ეს ერთ-ერთი ძირითადი დამცველი სტრუქტურაა და კიდევ ერთი საკითხი: რუსული ბაზარი უკვე ათვისებულია, განაწილებულია და ქართულ პროდუქციას ხელგაშლილი ნამდვილად არ ხვდებიან. გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებულ ფილმებში რესტორნები: „არაგვი“ და „წინანდალი“ ითვლებოდა პრესტიჟულ ადგილებად, დღეს ქართული გამოდევნილია, როგორც ბრენდი. რა თქმა უნდა, მოსკოვში არის რამდენიმე ათეული ქართული რესტორანი, მაგრამ სხვა ქვეყნების ეგზოტიკური დატვირთვის მქონე სამზარეულოების ფართო არჩევანიცაა. დივერსიფიცირებულია იქაური ბაზარი.

ერთ მაგალითს გავიხსენებ: გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვში გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტი „მაკდონალდსი“ და ამ სწრაფი კვების ობიექტში რომ მოხვედრილიყავი, უფრო დიდხანს უნდა მდგარიყავი რიგში, ვიდრე ლენინის მავზოლეუმთან. აი, ასეთი ალოგიკური სურათი იყო: სწრაფი კვების ობიექტში რიგში გიწევდა დგომა. ახლა ასეთი პრობლემა აღარ არსებობს, იმიტომ რომ სწრაფი კვების ძალიან ბევრი ობიექტია მოსკოვში, სხვა ქალაქებშიც და რიგის პრობლემა მოხსნილია. ამდენად, ქართულ სამზარეულოსა და ქართულ ღვინოს მოუწევს ბაზრის ხელახლა დაპყრობა და რამდენად გავა ბოლომდე ეს პროცესი, ძნელი სათქმელია.

– მაშინ არც ისე მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებდით, თუმცა უფრო ბევრს, დღეს კი იმდენს ვეღარ ვაწარმოებთ, მაგრამ სამაგიეროდ, ხარისხია მაღალი.

– თანაც, ჩვენ მხოლოდ ღვინის ექსპორტზე კი არ უნდა ავიღოთ აქცენტი, არამედ უნდა შევეცადოთ, მომსახურების ექსპორტიც მოვახდინოთ. ეს ნიშნავს, რომ მოვახერხოთ უცხოელი ტურისტების ჩამოყვანა საქართველოში და მათ ისეთი სერვისი და კომპლექსური მომსახურება შევთავაზოთ, რომელში ღვინოც შევა და ჩვენი ისტორიისა და კულტურის გაცნობაც. კარგი ხარისხის ღვინის გასაღების პრობლემა მისი მარტო ქვეყნის გარეთ გატანა კი არ არის, არამედ ქვეყნის შიგნით მისი რაციონალური და კომპლექსური მიწოდება, რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მოუტანს სახელმწიფოს, ვიდრე ღვინის შიშველი გატანა და დახლებზე დაწყობა. ამდენად, ჩვენ უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი ფორმა: საქონლის ექსპორტი და მომსახურების ექსპორტი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის გატანასთან.

– თუკი ღვინისა და მინერალური წყლების შემთხვევაში უფრო მარტივია ხარისხის შემოწმება, ხილ-ბოსტნეულის შემოწმება უფრო რთული არ არის?

– იქ მე სხვა პრობლემას ვხედავ. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცხოელები ითვისებენ მიწებს, რომ ალაზნის მარცხენა სანაპირო იყიდეს ინდოელებმა. მაგალითად, ერთ-ერთმა ინდოელმა ინდოეთში ერთი ჰექტარი მიწის გაყიდვით 200 ჰექტარი იყიდა საქართველოში. ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენთან ერთეული მიწის ფასი 200-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ინდოეთში. რომ შევადაროთ ინდოეთი და საქართველო, საქართველო უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაუძლებს ამას. გეოგრაფიაში გვასწავლიდნენ მოსახლეობის სიმჭიდროვის ცნებას: რამდენი ადამიანი მოდის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. პირიქით დავითვალოთ.

– რამდენი მიწა მოდის თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე?

– დიახ და გამოვა 115-115 მეტრი ერთ კაცზე.

– დასამარხად გვეყოფა, მეტზე რა მოგახსენოთ.

– ერთი გოჯი მიწაა, ინდოეთში კიდევ უფრო ნაკლებია –  50-50-ზე. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამდენი უცხოელი მივიღოთ. მიწა აუცილებელია არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანისთვის, არამედ ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. შარშან გერმანიის კაცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკამ, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ატარებდა დასავლეთ ევროპის ქვეყნები მულტიკულტურიზმის დანერგვით, კრახი განიცადა. იმიტომ რომ ევროპაში ჩადის მილიონობით უცხოელი მიგრანტი, მათი ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში ნაკლებად ხდება. ისინი ქმნიან თავიანთ ჩაკეტილ სისტემებს, კომუნებს, არ ემორჩილებიან ადგილობრივი ცხოვრების წესს და ცხოვრობენ თავიანთი კულტურისა და რელიგიის კარნახით, რაც დისონანსში მოდის ადგილობრივი ცხოვრების წესთან. თუ ეს პრობლემა გააჩნია 80-მილიონიან გერმანიას, 60-მილიონიან საფრანგეთს, საქართველოში ხომ სულ სამ-ნახევარი მილიონი ქართველი ცხოვრობს?! ასეთი კოროზია, რასაც გამოიწვევს ინდოელებისა თუ ჩინელების კომპაქტური დასახლებები, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც უკავშირდება არა მარტო სოფლის მეურნეობას, არამედ მთლიანობაში ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნებას. ჩვენ ახლა რუსეთის ბაზრისკენ ვიყურებით, მაგრამ ზურგიდან ასეთი საფრთხე გვაქვს.

– რით შეიძლება დავაზღვიოთ რუსეთის ბაზარზე არსებული რისკები? ერთ დღეს ხომ შეიძლება, ისევ ჩაგვიკეტონ?

– აბსოლუტური დაცვა არ არსებობს. მაგალითად, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სადაც არ არის მიღებული კანონი დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. თუ თქვენ გაქვთ დეპოზიტი ბანკში და ის ბანკი გაკოტრდება, მხოლოდ ბანკის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, დაგიბრუნოთ თუ არა თანხა, ანუ ინსტიტუციურ დონეზე თქვენი დეპოზიტი დაზღვეული არ არის. მით უმეტეს, რთულია უცხო ქვეყნის ბაზრის რისკების დაზღვევა, თუმცა ერთგვარი დაზღვევაა სახელმწიფოს როლისა და მნიშვნელობის ზრდა. მოსკოვში არის ადგილი, სადაც მხატვრები ჰყიდიან თავიანთ ნამუშევრებს. ათიოდე წლის წინათ გავიარე და რამდენიმე ქართველ მხატვარს გამოველაპარაკე. მათ მითხრეს, როდესაც საქართველოში სიტუაცია არეული იყო, მილიციაც აგდებულად გვექცეოდა და მოსახლეობაცო, მაგრამ, როდესაც საქართველოში ვითარება ცოტა დაწყნარდა, ჩვენც უფრო მორიდებით გვექცევიანო. ამდენად, ყველაზე მთავარი დაცვა არის ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური გაძლიერება. თუ მოხერხდა სამოქალაქო მშვიდობის დამყარება და გარკვეული კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, ეს კეთილმყოფელ გავლენას მოახდენს ბიზნესისთვის გარანტიების შექმნისთვის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

скачать dle 11.3