გზა ევროპისკენ
„მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა“
ჯერჯერობით ჩვენი პროკურატურა და სასამართლო იმის ფიც-მტკიცშია, დახარჯა თუ არა საბიუჯეტო სახსრები დედაქალაქის მერმა საკუთარი სურვილისამებრ და კანონის გვერდის ავლით. უმრავლესობა ამტკიცებს, გაფლანგაო; უმცირესობა იმეორებს, ბ-ნი უგულავასნაირი მერი ამ ქალაქს არასდროს ღირსებიაო. ხოლო, რაკი სასამართლოს კოჭებში ემჩნევა, რომ გული უმცირესობისკენ მიუწევს, ბ-ნი უგულავა მერის მოვალეობასაც ასრულებს და საკუთარ სიმართლეშიც დარწმუნებულია.
ამის მიუხედავადაც, ანეკდოტური ელფერი არ აკლდება იმას, რომ დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 700 ადამიანი იყო დასაქმებული, მერიის მესვეურთა განმარტებით, მოქალაქეებისთვის ბუნკერების გაუქმების სიკეთეში დასარწმუნებლად (რამეთუ თავდაპირველად იყო სიტყვა).
ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, რით დასრულდება ქართული ბრალდებისა და თემიდას ჭიდილი, თუმცა, უკვე ვიცით, რომ, მაგალითად, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკის აწ უკვე ყოფილ მერს, პატ. პაპაგეორგოპულოსს, სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საზოგადოებრივი ფონდებიდან 20 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვისთვის (ზედაც, მისი ორი ყოფილი თანამშრომელიც მიუყოლეს).
თავის მხრივ, აწ უკვე ბრალდებული მერი მიიჩნევს, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია. ბერძნული მედია კი აცხადებს, რომ აქამომდე ასეთი ხანგრძლივი ვადით პატიმრობა საბერძნეთის არც ერთ ნაჩინოვნიკარს არ დაუმსახურებია კორუფციისთვისო.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საბერძნეთი (მიუხედავად ეკონომიკური მამაძაღლობებისა) კვლავაც ევროკავშირის წევრია (მეტიც, დახმარებას დახმარებაზე იღებს მდიდარი ევროკავშირელი პარტნიორებისგან), არც ის არის გამორიცხული, სალონიკის მერის გამოცდილების ქართულ სინამდვილეში გადმოღებამ ევროპისკენ მიმავალი გზაც შეგვიმოკლოს!