იზოლაციაში მოსაქცევები
სცენარისტები
სახალხო დამცველის აპარატმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებების (როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა) მონიტორინგი ჩაატარა და გასულ კვირას შედეგებიც გამოაქვეყნა,. რის მიხედვითაც, დარღვევები თითქმის ყველა დაწესებულებაში აღმოჩნდა. ისინი კი შემდეგნაირია: არასათანადო მოპყრობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური შეზღუდვის ფაქტები, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურების შეზღუდვა და სხვა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, „ფაქტობრივად, არც ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ ეძლევა შესაძლებლობა, განივითაროს ფუნქციური უნარები და დამოუკიდებელი ცხოვრების ჩვევები.“
უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ტიპის დაწესებულებებში არც შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვთა და ზრდასრულთა ფიზიკური შეურაცხყოფაა უცხო ხილი.
თუ ზედაც გავიხსენებთ, რომ პატიმრები ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე ისეთ ამბებს ყვებიან, საშინელებათა ფილმის ჰოლივუდელ სცენარისტსაც რომ არ მოუვა თავში ფანტაზიად, იბადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანარჩენი სამყაროსგან იზოლაციაში ვართ მოსაქცევი, თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ „ჰოლივუდისგანაც“ მივიღოთ შეკვეთები (საშინელებათა ფილმის სცენარისთვის, რასაკვირველია).