მოციქული
კოაბიტაციის ბატალური ხიბლი
რაკი ისე ხდებოდა, რომ დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, მმართველი ძალა იმავდროულად საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ფლობდა, პოლიტიკური ცხოვრება ფრიად ერთფეროვანი და მონოტონური გვქონდა (მიმიქარავს საბჭოეთი!), თუმცა, ვითარება შეიცვალა და საქართველოს მოქალაქეების თვალწინ ახლა უკვე პოლიტიკური ბრძოლის ბატალური სცენები ვითარდება, ხშირად იმდენად დაძაბული, მთლად ჩვენს ცხოვრებას რომ არ ეხებოდეს, უკეთეს გასართობს ვერც ინატრებდი.
მაგრამ, რადგან ეხება, ბუნებრივია, გართობის პროცესი დიდ სიამოვნებასაც ვერ გვანიჭებს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა: დაითხოვს თუ არა პრეზიდენტი მთავრობას? – კვლავაც უპასუხოდაა დარჩენილი. თუმცა, მაგალითად, საქართველოში აშშ-ის ელჩი ბ-ნი ნორლანდი გვარწმუნებს, რომ ბ-ნი სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას არ აპირებს, რაშიც ამ უკანასკნელს ის თავად დაურწმუნებია.
ამის პარალელურად, ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი ქვეყნის ელჩი კოაბიტაციის აუცილებლობაზეც საუბრობს და გვირჩევს, რომ წონასწორობა დავიცვათ სამართლიანობისა და ანგარიშსწორების სურვილებს შორის (არადა, რავარი დასაცავია?!).
რაკი ელჩის სიტყვამაც კოაბიტაცია მოიტანა, სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ამ კონკრეტულ ეტაპზე, ჩვენ, თუმცა, რაღა ჩვენ, „იმ ორს შორის მოციქული არის“ განა ტყვია, თვით რიჩარდ ნორლანდი!