რისთვის ამზადებს ავთანდილი ქალიშვილს და როგორ ვითარდება მისი კარიერა
ავთანდილ ცქვიტინიძეს მოდის სახლ „ავთანდილში” ვესტუმრეთ. ის, როგორც ყოველთვის, საქმიანი, კომპეტენტური და კომუნიკაბელურია. რა სიახლეებია ცნობილი დიზაინერის კარიერაში და რა ტენდენციებია აქტუალური 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ავთანდილ, როგორ ხართ, რა შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ?
– ძალიან დატვირთულები ვართ შემოქმედებითად. ჩვენი სახლი უკვე ძალიან სერიოზულ რაღაცეებს შეეჭიდა – ეს არის ევროპის ბაზრის დაპყრობა, აზიური ბაზარი, რუსეთის ბაზარი. ამ ყველაფერზე ერთად ვმუშაობთ, პლუს, ვაკეთებთ გამოფენებს პარიზში – ტრენოიზე; გვაქვს საკუთარი შოუ-რუმი პარიზში, ასევე მილანში. ძალიან სერიოზულად ვამუშავებთ კოლექციებს და გავდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ. მართალია, ძალიან რთულია ყოველივე ეს, მაგრამ, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს, რადგან, კომპანია გაიზარდა და მას უკვე ბევრ რამეზე აქვს პრეტენზია. ასევე, გავაკეთეთ საქართველოში „მასმარკეტის“ ხაზი, რომელიც გათვლილია საშუალო და დაბალშემოსავლიანი ადამიანების ფენაზე, რამაც ძალიან გაამართლა და ძალიან მოსწონს საზოგადოებას. ეს, რაც ქართულ ბაზარს შეეხება. ჯერჯერობით ორი მაღაზიაა და აბსოლუტურად ყველა ახალ თუ არსებულ ცენტრთან გვაქვს მოლაპარაკება, სადაც ქსელური სახით იქნება წარმოდგენილი ეს ხაზი. ჩვენ სამი დღის წინ ჩამოვედით გამოფენიდან.
– გვიამბეთ, ამ გამოფენის შესახებ.
– ეს გამოფენა ტარდებოდა პარიზში. პარალელურად, მილანში მიმდინარეობს ხოლმე. ჯერ მილანში ვაჩვენებთ, სადაც კომპანია „ავთანდილმა“ აიღო ვიტრინა და უკვე შევიდა მილანის ძალიან სერიოზულ მაღაზიებში. ეს არის „მილან 30”, რომელიც საოცარ ადგილას მდებარეობს – „ლანვინისა” და „დოლჩე გაბანას” მაღაზიებს შორის, სადაც უკვე სერიოზული ვიტრინა გაკეთდა „ავთანდილის“.
– მოკლედ, ძალიან დატვირთულები ხართ შემოქმედებითად. რაც შეეხება პირად ცხოვრებას?
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცოლ-ქმარი ძირითადად შვილით ვართ დაკავებული, მის განვითარებაზე, განათლებაზე გვაქვს ორიენტირი. ძალიან გვინდა, რომ კარგად ფლობდეს ფრანგულს, რადგან, ბევრი გეგმა გვაქვს პარიზთან დაკავშირებით და, მინდა, რომ ანასტასია თავიდან ბოლომდე მზად იყოს ამისთვის. ის არაჩვეულებრივად ხატავს. მეც კარგად ვხატავდი ბავშვობიდან, მაგრამ, გამოდის, რომ არაფერს არ ვხატავდი. ანასტასიას საოცრად კარგი შეგრძნება აქვს ფერის, ქსოვილის და სერიოზულად არის ყოველივე ამით დაკავებული. არ ვიცი, რას აირჩევს ანასტასია საბოლოო ჯამში, თუმცა, მე მას ყველანაირად შევუწყობ ხელს – ძალიან მინდა, ჩემი გზა გააგრძელოს.
– ჩვენ ზემოთ საკმაოდ ყურისმომჭრელი სახელები ვახსენეთ. ზოგადად, ბებერი ევროპა განებივრებულია მაღალი დონის დიზაინერებით. როგორ ფიქრობთ, რა მოსწონთ მათ „ავთანდილში“?
– ძალიან რთული გზა ავირჩიეთ. მე არ წავედი არც ლონდონის ბაზარზე, არც ამერიკის, სადაც შედარებით მარტივად იღებენ დიზაინერებს. ჩემი ოცნება და მიზანი იყო, პარიზში გამეკეთებინა შოუ-რუმი. პირველი ჩვენების შემდეგ, რომელიც სასტუმრო „პრისტოლში” გაკეთდა, სადაც ძალიან სოლიდური საზოგადოება დაესწრო, წამოვიდა იდეა, რომ მე სერიოზულად დამეწყო მუშაობა პარიზის შოუ-რუმებთან და მქონოდა ხშირი გამოფენები, სადაც სპეციალურად ვიწვევდით ბაერებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორი-სამი სეზონი იყო ძალიან რთული, რადგან, ეს იყო დაკვირვების პერიოდი, როცა აკვირდებიან დიზაინერს, თუ როგორ ვითარდება, რა სიახლეები აქვს, სწორად ავრცელებს თუ არა კოლექციებს, აქვს თუ არა სწორი ფიარი და, საერთოდ, აბსოლუტურად ყველაფერი... რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. არ ვიცი, ალბათ, არსებობს „ავთანდილში“ რაღაც ისეთი, რაც ყველაზე ძალიან მოსწონთ. ახლა განსაკუთრებით მოეწონათ ახალი თემა, – „ოლეგ ტიმჩენკო ავთანდილისთვის”, სადაც ოლეგმა გააკეთა ინფანტები და ანგელოზები სპეციალურად ჩემთვის. ჩვენ ეს უკვე შევიტანეთ ქსოვილში და გავაკეთეთ კოლექცია, რომელმაც საოცარი წარმატება მოიპოვა. უკვე ძალიან სერიოზულ მაღაზიებში შევიდა ეს კოლექციები, სადაც ისეთი სერიოზული ბრენდები იყიდება, როგორებიცაა: „ჟივენში“, „ალექსანდრ მაქქუინი“, „ლანვინი“ და, ამ ბრენდებთან ერთად შერეულ, კონცეპტუალურ მაღაზიებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ უკვე შეიძინა ეს კოლექცია.
– როგორ და როდის შედგა თქვენი და ტიმჩენკოს ტანდემი?
– მე ძალიან მინდოდა, რამე გამეკეთებინა ჩემს რომელიმე საყვარელ მხატვართან ერთად. ყველაზე ახლოს ჩემს სულიერ სამყაროსთან ოლეგი იყო, ვთხოვეთ და დაგვთანხმდა.
– მანამდე იცნობდით?
– არა. ვიცნობდი მხოლოდ მის შემოქმედებას. ჩემს მეუღლეს უყვარს ძალიან. ხომ როგორი რთული ადამიანები არიან მხატვრები, მაგრამ, ის დიდი სიამოვნებით წამოვიდა ამ ექსპერიმენტზე, რომელმაც გაამართლა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ ვითანამშრომლებთ. ასევე, გეგმაში მაქვს და უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა ცნობილ ადამიანთან – პოპულარულ ქალბატონებთან, მომღერლებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს გააკეთებენ ჩემთვის იდეებს. ახლა იყო „ოლეგი ავთანდილისთვის“, მალე კი, შეიძლება, რომელიმე ძალიან სერიოზული ქართველი დიზაინერი ნახოთ „ავთანდილისთვის“.
– გაზაფხულდა, დათბა და, ამინდთან ერთად, განწყობაც შეიცვალა. შესაბამისად, ყველა ქალბატონი ახლის ძიებასა და მოლოდინშია. უნდა, ახალი შტრიხები შეიტანოს თავის ჩაცმულობაში, რათა, უკეთ გამოიყურებოდეს. რა არის მოდაში ამ სეზონზე?
– საერთოდ, ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. ალბათ, ყველა ქალი შინაგანად გრძნობს, რა უნდა, რა სჭირდება. ზოგადად, მოდის ბრმად მიმდევრობა არც ისე მისაღებია და ცოტა სასაცილოდ და აბსურდულად მიმაჩნია ეს ყველაფერი. შენ უნდა კარნახობდე მოდას, უნდა ატარო ის ტანსაცმელი, რაც შენია, ამისთვის კი არსებობს სარკე და ვიზუალი, რომელსაც შენ თვითონ აკონტროლებ. ზოგადი ტენდენციები კი ასეთია: ახლა არის ძალიან ქალური სილუეტები მოდაში, 60-იანი წლების – ოდრი, სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა – აი, ეს პერიოდი: წელი დაფიქსირებული, კლოში ქვედაბოლოები, შრიალა, ფრიალა, რაც ძალიან უყვართ ქალებს. ის ძალიან ქალური და ნაზია. ნუ შეეშინდებათ ქალებს, რომელთაც დიდი თეძოები აქვთ. მცდარია აზრი, თითქოს კლოში ქვედაბოლოები ადიდებს თეძოებს. არა! თუ წელი არსებობს, ჩათვალეთ, რომ თეძო აღარ ჩანს კლოშ ქვედაბოლოში. მეორე უკიდურესობასაც გვთავაზობს ეს ტენდენცია: ცოტა მამაკაცური პიჯაკები, ოდნავ გაზრდილი მხრები, ბანანი შარვლები, რომელიც კოჭთან მთავრდება; ასევე, სლაქსები, რომელიც ძალიან რთული მოსარგებია და ალბათ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი თუ ჩაიცვამს. ამიტომ, ვამბობ: იმხელა ინფორმაციაა ზოგადად ტენდენციის შესახებ, რომ ქალმა ყოველთვის თვითონ უნდა აირჩიოს, რა არის მისი.
ფერთა გამას რაც შეეხება, არასდროს ასეთი აქტუალური არ ყოფილა ამგვარი ბეჟის გრადაცია; წითელი, რომელიც ოდნავ გადადის სტაფილოსფერში და საოცარი ფირუზისფერი, რომელიც ნაცრისფერსა და მწვანეს შორის მერყეობს – ეს საოცრად ახალი ფერია, რომელსაც, იმედია, კარგად მიიღებს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით – ზაფხულში და ყველა დაელოდება გარუჯვას. განსაკუთრებით იმ ქალბატონებს მოეწონებათ, ვისაც ნათელი ფერის თვალები აქვს. ძალიან აქტუალური იქნება ტიული და გაშლილი ქვედაბოლოები.
– ერთფეროვანი, სადა ქსოვილებია მოდაში თუ?..
– მე მიყვარს ტონალობის დაცვა და ამ სეზონზე სიჭრელეს ვახერხებ ჩვენი პრინტით – ოლეგის ნამუშევრებით, ანგელოზებით, რომელიც იქნება ახლი თემა და მას ვერ ვუხამებთ სიჭრელეს. თუმცა, ძალიან დიდი ყვავილები, ვარსკვლავები, კოპლები, ზოლები, ძალიან აქტუალურია ამ სეზონზე, განსაკუთრებით – შავისა და თეთრის კომბინირება, კუბიკების კომბინირება. ძალიან დიდი ხანია, ზოლები ასეთი პოპულარული არ ყოფილა. ჩვენ უკვე დაგვავიწყდა კუბოკრული ქსოვილების ასეთი დიდი დოზით გამოყენება. მომავალი შემოდგომა-ზამთრისთვის „შოტლანკები“ იქნება უკვე ძალიან აქტუალური.
– მართალია, თქვენ ფეხსაცმელზე არ მუშაობთ, მაგრამ თუ თქვენს ზემოთ შემოთავაზებულ რჩევებს გავითვალისწინებთ, როგორი ფეხსაცმელი შეიძლება მოვირგოთ ამ ჩაცმულობაზე?
– წელს მოდაშია ძალიან წვეტიანი, ქალური, მაღალქუსლიანი, ღრმაჭრილიანი სექსუალური ფეხსაცმელები; ასევე, ბატილიონები, რომელიც კოჭზე მთავრდება და, „ქართულ“ ფეხზე, ცოტა არ იყოს, ცუდად მოსარგები ფეხსაცმელია. ფერადი ფეხსაცმელებია მოდაში.
– როგორია მეუღლის წილი თქვენს წარმატებაში?
– მეუღლეები დიდ როლს თამაშობენ ერთმანეთის ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში ჩემი მეუღლის გამოჩენით აღმასვლა დაიწყო ცხოვრებაშიც, კარიერაშიც და ჩემს ჩამოყალიბებაშიც სხვა ეტაპი დაიწყო – ჩემი კოლექციები უფრო ნაზი, ქალური და ელეგანტური გახდა, იმიტომ, რომ კარგი მუზა მყავს.