როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
სულთანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულთანი, რომელიც წარმოიშვა არაბულ ქვეყნებში და მეფის ტიტულის აღმნიშვნელია.
1569 წლის ყმების შეწირულობის წიგნში, რომელიც კახთა მეფეს, ლეონ მეორეს მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიისადმი მიუცია, მოიხსენიება ღანუკელი სულთანა.
ბასილა, გიორგი და კაცია სულთანიშვილები მოიხსენიებიან 1743 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელსაც იასე საგინაშვილი აძლევს თავის ძმისწულს, როსტომ ბეჟანიშვილს.
საქართველოში 633 სულთანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 363, ონში – 98, რუსთავში – 62. არიან სხვაგანაც.
დუშუაშვილი
დუშუაშვილი ძირძველი ქართული გვარია. „ამათნი წინაპარნი ჩანან ადგილსა სურამის სამთავროსა შინა და აზნაურის ხარისხით არიან მიღებულნი“.
დუშია გაუვრცობელი ფორმით, სუფიქსის გარეშე იყო გავრცელებული და მოიხსენიება როგორც ქვემო, ისე შიდა ქართლსა და სამეგრელოში. დღეს შემორჩენილია მხოლოდ გვარი დუშუაშვილი.
საქართველოში 148 დუშუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 51, საჩხერეში – 41, ქუთაისში – 28. არიან სხვაგანაც.
გაბაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გაბა.
ამავე ძირისაა გვარი გაბაშვილი.
1853 წელს სოფელ ბორბალოში მოიხსენიება კიკოლა გაბაძე.
1843 წლის აღწერაში, დიდ თონეთში მოიხსენიება მაკარ გაბაძე.
საქართველოში 936 გაბაძე ცხოვრობს: საჩხერეში – 497, თბილისში – 203, ლაგოდეხში – 32. არიან სხვაგანაც.
არჩაია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არჩა, რომელიც კოლხეთში ფართოდ იყო გავრცელებული.
არჩა საკუთარი სახელის – არჩილის კნინობითი ფორმა უნდა იყოს, არჩილი კი ძველი ქართული საკუთარი სახელია.
მსგავსი ფუძით ნაწარმოები გვარებია: არჩავა, არჩვაძე, არჩვანიძე.
1637-1660 წლების ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ბაბუშარა არჩაია.
საქართველოში 634 არჩაია ცხოვრობს: სენაკში – 176, თბილისში – 60, ქუთაისში – 50. არიან სხვაგანაც.
ვაჩაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩე, ვაჩა.
ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩნაძე, ვაჩენაძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერიძე.
1700 წელს ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ვინმე ვაჩაძე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი, მათ ნათესაური კავშირი არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.
საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს. თბილისში – 195, ამბროლაურში 124, ქუთაისში 71. არიან სხვაგანაც.
ტერტერაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტერტერა. სომეხთა მღვდელსაც ტერტერა ჰქვია.
„ავთანდილ ტერტერაშვილი 1685 წლის ღალის ამოკვეთის წიგნში მიცემული იყო მუხრანის ბატონის შვილის ბოვნელ ეპისკოპოსის ნიკოლოზის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისთვის“.
1721 წლის აღწერით, ტერტერაშვილები ყაფლანიშვილების აზნაურებად მოიხსენიებიან, მათ უცხოვრიათ და ყმები ჰყოლიათ ქცია-ყარაბუღლაში, გარისის მიწაზე, სოფელ ლიპში.
„დათუნა ტერტერაშვილი, 1701-1711 წლების აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა დილამაშენში“.
მოგვიანებით, ტერტერაშვილები რუსული დაბოლოებით – ტერტეროვებად გაუფორმებიათ.
საქართველოში 1 124 ტერტერაშვილი ცხოვრობს: გორში – 464, ახმეტაში – 350, საგარეჯოში – 86. არიან სხვაგანაც.
კონიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კონა.
კონიაშვილი მოხსენიებულია 1789 წელს გიორგისაშვილი სიმონას მიერ ვახტანგ ყაფლანიშვილისადმი გაცემულ ნასყიდობის წიგნში.
საქართველოში 359 კონიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 138, საგარეჯოში – 132, კასპში – 52. არიან სხვაგანაც.
ზადიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზადიკა.
საკუთარი სახელი ზადია გვხვდება გვარში ზადიაშვილი. ვარაუდობენ, რომ გვარი ზადიკაშვილი აქედანაა ნაწარმოები.
1672 წელს დავითა ზადიკაშვილი მოიხსენიება მითარას მიერ ალავერდა საფარიშვილის სახელზე გაცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.
საბარათიანოში, ბატონის დედოფლის სახასოში, 1721 წელს მოიხსენიება პაპუა ზადიკაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ზადიაშვილი, ზვადიაშვილლი, ზადიშვილი.
საქართველოში 20 ზადიკაშვილი ცხოვრობს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით