როგორ მოხვდა თვითმფრინავში გველებთან ერთად გოჩა ლორია და როგორ შეიქმნა მისი ლეგენდად ქცეული ჰიტი „ახლა მოდაშია ჩურჩულები”
მისი სახელის ხსენებისას, რა თქმა უნდა, პირველი, ძალიან პოპულარული „ახლა მოდაშია ჩურჩულები” და ლეგენდარული „ყვავის” არია გვაგონდება მიუზიკლიდან „ჩხიკვთა ქორწილი”. გოჩა ლორია, „რეროს”, „ვია 75”-ის და „ივერიის“ წევრი, დღეს არც სცენაზე ჩანს და არც ტელეეკრანზე. თუმცა ის საყვარელ საქმეს აგრძელებს და უამრავი პროექტი აქვს ჩაფიქრებული. სურს, რომ საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება ჰქონდეს სამშობლოში. ბატონი გოჩას წარსულზე, აწმყოსა და მომავალ გეგმებზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ფოთიდან როსტოვის ფილარმონიამდე
ფოთში დავამთავრე საშუალო სკოლა. ვიყავი ჩელისტი, თუმცა ხელებზე ოპერაციის გაკეთება მომიწია და ვეღარ გავაგრძელე ჩელოზე დაკვრა. მოხდა ისე, რომ ფოთიდან თბილისში ახალი ჩამოსული ვიყავი უმაღლესში ჩასაბარებლად – ხან სად მირჩევდნენ ჩაბარებას და ხან სად. ბოლოს ჩემით, მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. ბავშვობაში სულ ვმონაწილეობდი სასკოლო კონცერტებში და იმედი მქონდა, ვოკალურზე მოხვედრას მოვახერხებდი. მართლაც ისე, მოხდა, რომ მოეწონათ ჩემი მონაცემები და მიმიღეს. მაშინ მუსიკალური სასწავლებელი არ უკეთებდა „ჯავშანს” ჯარიდან დასახსნელად სტუდენტებს და მესამე კურსიდან წამიყვანეს. არადა, ჯარში არ უნდა წავსულიყავი, რადგან ბრტყელტერფიანი ვიყავი და ვიცოდი, ჯარში ასეთები არ მიჰყავდათ. თუმცა, ასეთი უსამართლობა მოხდა (იცინის). ჩემი გიტარით ვიყავი წასული და მაშინვე ჯარის ანსამბლში ჩამწერეს. ბევრს ვმოგზაურობდი ანსამბლთან ერთად. ერთხელ რიგასა და ტალინში მოგვიწია კონცერტებით წასვლა და უკან რომ ვბრუნდებოდით, მატარებელში როსტოველი მუსიკოსები ამოვიდნენ. დაინახეს, რომ გიტარით ვიყავი და აქეთ-იქით შემომისხდნენ. მითხრეს, რას დაუკრავო. მე მაშინ ტომ ჯონსს, ენგელბერტ ჰამპერდინკს ვუკრავდი. წარმოიდგინეთ, ტომ ჯონსის „დილაილა” დავუკარი და ვიმღერე. ძალიან მოეწონათ, მკითხეს რუსული რეპერტუარი ხომ არ გაქვსო. არა, მაგრამ, ქართულები ვიცი-მეთქი და დავუკარი. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ეს მუსიკოსები როსტოვის ფილარმონიის ანსამბლის წევრები იყვნენ და ისე „შემაბეს”, რომ მატარებლიდან როსტოვში ჩამოვედი. ცოტა ხანში, როსტოვის ფილარმონიაში გამაფორმეს სამუშაოდ. პარალელურად, სამშენებლო ტექნიკუმში მომაწყვეს და მოკლედ, დავრჩი როსტოვში. შემდგომ ეს ანსამბლი დაიშალა და ისე მოხდა, უსამსახუროდ ვრჩებოდი. ამ დროს, სრულიად შემთხვევით, ჩემს ნათესავთან ერთად აღმოვჩნდი რესტორან „იუჟნიში”, სადაც საკმაოდ კარგი ორკესტრი იყო. ჩემმა ნათესავმა ფული გადაუხადა მათ და სთხოვა, რომ მე მემღერა. ავდექი და ტომ ჯონსის „დილაილა” ვიმღერე, ზუსტად იგივე ტონალობაში. წარმოიდგინეთ, 1969 წელს, ინგლისურ ენაზე ვმღეროდი და მთელი რესტორანი ფეხზე იდგა, ისე მისმენდა. შემომთავაზეს ამ რესტორანში მუშაობა და თან, „პიშევოი” ინსტიტუტში გამაფორმეს. მოკლედ, ჩავრჩი როსტოვში სამი წლით და ერთ მშვენიერ დღეს როსტოვში გასტროლებზე ჩამოვიდა „რერო”. მაშინ რეპერტუარში მქონდა მუსლიმ მაგომაევის სიმღერა „ბლაგოდარიუ ტებია.” ვმღერი ამ სიმღერას და უცებ ვხედავ ჩემკენ გენო ონაშვილი მოდის, „რეროს” სოლისტი. თავისთან, „კუპეში” შემიყვანა, სადაც კონსტანტინე პევზნერი და სხვები ისხდნენ, მათ გააცნო ჩემი თავი და პევზნერმა მითხრა: როცა საღამოს მორჩები, ჩათვალე, რომ „რეროში” ხარ აყვანილიო. ასეთ შემოთავაზებაზე, რა თქმა უნდა, უარს ვერ ვიტყოდი. ასე მოვხვდი სოლისტად „რეროში”. სახლშიც კი არ იცოდნენ. დედაჩემი და მამაჩემი ძალიან ძლიერი ფოლკლორისტები იყვნენ. ბაბუაც – ირაკლი სიხარულიძე თავის დროზე გურიაში პირველი კრიმანჭული იყო. ასე ჩავირიცხე „რეროში”.
„რერო”, „ვია 75”, „ივერია”
„რეროში” 2-3 წელი ვიყავი, შემდეგ დაიშალა ანსამბლი და ერთი თვე რესტორან „არაგვში” მომიწია მუშაობა. ერთსაათიანი კონცერტი მქონდა და საკმაოდ კარგი ანაზღაურება იყო. ერთ საღამოს, ვხედავ, მაგიდასთან სხედან უჩა კორძაია და რობერტ ბარძიმაშვილი. რობერტს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი აყვანა და სწორედ მაშინ „ვია 75-ის” პირველი პროგრამა მზადდებოდა, რომელიც გემზე „შოთა რუსთაველი” დავუკარით. „75-ში” სერიოზული პროგრამა მქონდა. თუმცა, შემდეგ შეიცვალა და გადავწყვიტე, „ივერიაში” გადასვლა, მივედი ალექსანდრე ბასილაიასთან და პირდაპირ ვუთხარი, რომ მის ანსამბლში მინდოდა გადასვლა. თავიდანვე „ყვავის” როლზე დამამტკიცეს და 10 წელი ვიყავი „ყვავი”. 1 500 კონცერტი შევასრულე „ჩხიკვთა ქორწილში” და 80-იანების შუა პერიოდში წამოვედი „ივერიიდან”. წამოვედი და შევქმენი საბავშვო ანსამბლი „მშვიდობის მტრედები”. 6 პატარა გოგო მღეროდა ჩემთან, ხშირად გვიწვევდნენ გასტროლებზე, ტელევიზიაში, მოსკოვის პროფკავშირებმა პირველ ადგილზეც კი დაგვასახელა, თუმცა შემდეგ აირია სიტუაცია ქვეყანაში, ომი დაიწყო და „მშვიდობის მტრედებიც” დაიშალა.
ფოთის კლუბი
1992-1993 წლებში მქონდა საკონცერტო გაერთიანება „ფილარმონიაში”. პირველი თაობის მოდელები – ლალი ტოტიკაშვილი, თამუნა ჯაფარიძე – კახა თარგამაძის მეუღლე, თეა გობეჯიშვილის ბალეტი, დათო ფორჩხიძის „სახე” – გავაკეთე მათთან ერთად ერთგვარი შოუ. ეს იყო სინთეზი – ჩემს სიმღერებზე მოდელების მოძრაობა, „პაკაზი” ახალი ხილი იყო მაშინდელ თბილისში. ფოთში ცენტრალურ სტადიონზე გავაკეთეთ დიდი კონცერტი. ძალიან ახალი იყო ის, რასაც ვაკეთებდით: სიმღერა, მოდელი, დისკოთეკა. დიდი მოწონება დაიმსახურა, ჩვენ თვითონ ვაკეთებდით ყველაფერს – სიმღერებს ვწერდი, გოგონები ტანსაცმელს იკერავდნენ, სამჯერ იცვლიდნენ შოუს დროს. მოკლედ ძალიან კარგი იყო ეს შოუ სულ სამ ქალაქში: ფოთში, სამტრედიასა და მარნეულში გავაკეთე, მაგრამ არავის აინტერესებდა იმ დროს ესტრადა. დაფინანსება ვერ მოხერხდა და ბოლოს ფოთის მერმა ნუგზარ ნადარაიამ შემომთავაზა იქ დარჩენა. დავრჩი ფოთში და გავხსენი კლუბი. მაშინ იქ რამდენიმე ტვირთმზიდი სააგენტო მუშაობდა და ამ ხალხისთვის თბილისიდან დავიწყე მომღერლების ჩაყვანა. მერე აირია სიტუაცია, ფოთის პორტის უფროსი ვალერი გეგიძე მოკლეს. ეს ადამიანი მეხმარებოდა ძალიან. შემდეგ სხვებმაც დაიწყეს ხელის ფათური ამ საქმეში. ჩამოჰყავდათ მომღერლები და მე ორ თვეში ერთ კონცერტს თუ მოვარტყამდი. ნამდვილი „ბესპრედელი” იყო, „მხედრიონელები” დაჰყვებოდნენ ამ ხალხს. ავდექი და წამოვედი თბილისში.
„ჩურჩულები”
ფოთიდან ჩამოვედი და დავიწყე ჩემი სოლო-კონცერტის მზადება. თეა გობეჯიშვილის ბალეტი, ბექ-ვოკალი, დათო ფორჩხიძე, თემურ თათარაშვილი, ნუგზარ კვაშალი და თამუნა ამონაშვილი მეხმარებოდნენ კონცერტის ორგანიზებაში. ასე გაკეთდა 1999 წელს გოჩა ლორიას სოლო კონცერტი – „ჩურჩულები”, რომელზეც კარგა ხანი ლაპარაკობდნენ თბილისში. თვითონ სიმღერა „ჩურჩულები” ფოთში დაიწერა. ფოთში მუშაობს ჩემი კლასელის შვილი. იყო მდივნად ჩემთან – ახალგაზრდა, ლამაზი გოგო, დაიწყეს ქალაქში ჭორაობა, კუდი გამოაბეს ამ საქმეს და სწორედ ამ ჭორაობაზე დავწერე „ჩურჩულები”. ახლაც პოპულარულია ეს სიმღერა, სხვადასხვა შოუებში იყენებენ. ჩემია ტექსტიც და მუსიკაც. „ჩურჩულების” შემდეგ დიდი კონცერტი არ გამიკეთებია, თუმცა სპექტაკლი დავწერე. მზად მაქვს მუსიკა, ტექსტები. „ბიორდს ფართი” დავარქვი – „ფრინველთა დღესასწაული.” გათვლილი მქონდა, მთავარი როლები ზუკა ხუციშვილს, თიკა ჯამბურიას და კაბუს შეესრულებინათ. კლასიკა, როკი, რეპი, ესტრადა, ქართული ცეკვები და სხვა მრავალი – ნამდვილი სინთეზი. სულ 17 სიმღერაა, თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებული. თუმცა, ჯერჯერობით განუხორციელებელია, დაფინანსებას საჭიროებს.
მსოფლიოს გარშემო
სინგაპურზე გავგიჟდი, დღესაც თვალწინ მიდგას ეს ქალაქი. ერთხელ კინაღამ ტრამვაი დამეჯახა ქუჩაში, ისე ჩუმად მოდიოდა, რომ ვერც გაიგებდი. საოცარი შენობებია. ქუჩებში კაციშვილი არ დადიოდა. მხოლოდ შესვენებაზე გამოდიოდნენ საჭმელად. ეს იყო 1980-იანების დასაწყისი. დღემდე მახსოვს სინგაპური. ლაოსი მახსოვს კიდევ კარგად. მოგვაწყვეს სასტუმროში, რომლის უკანა კედელი სულ დაცხრილული იყო. ტაილანდს და ლაოსს ერთი მდინარე ყოფდათ და როცა ტაილანდელი თვრებოდა, ლაოსში ისროდა თოფს (იცინის). თვითმფრინავით რომ წამოვედით ლაოსიდან, საშინელ „კუკურუზნიკში” ჩაგვსვეს. მას შემდეგ ფრენის შიში გამიჩნდა. ჩვენს გიდს კი კალათაში გველები, ცოცხალი კობრები ჰყავდა წამოყვანილი. თვითმფრინავი, ხან ერთ მხარეზე გადაიწეოდა ხან მეორეზე, საჰაერო ორმოებში ვარდებოდა, საშინელება იყო... რა გვექნა, აღარ ვიცოდით. დათო აბულაძემ ჩანთიდან ერთი ბოთლი არაყი „პშენიჩნი” ამოიღო. დავარტყით და გავითიშეთ. სხვა გზა არ იყო (იცინის). ჩავფრინდით ვიეტნამში, ჰანოიში. კონცერტი იქ არ გვქონდა, მაგრამ ხო ში მინის მავზოლეუმში წაგვიყვანეს ექსკურსიაზე. აზიის გარდა, აფრიკაშიც ვარ ნამყოფი: მუმბასა, მაპუტუ, დურბანი, კეიპტაუნი, რუანდა, მონროვია, დაკარი, კასაბლანკა, ალჟირი, ტუნისი, ტრიპოლი, ალექსანდრია. თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი – ლათინური ამერიკა, ევროპა, კანადა, ამერიკა. ერთადერთი, თურქეთში არ ვარ ნამყოფი (იცინის).