კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა თემიკო ჭიჭინაძე სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები” და რაში არ ზღუდავს ის შვილს

ჩვენი რესპონდენტი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი თემიკო ჭიჭინაძეა, რომელიც ბოლო დროს გამოჩნდა მაყურებლის საყვარელ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.” ის ახალგაზრდა მფრინავის, ლაშას როლს ასახიერებს და ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ განვითარების პროცესშია. ინტერვიუს ჩასაწერად თემიკოს თეატრში ვეწვიეთ. რა სიახლეები აქვს, რაზე მუშაობს და სხვა დანარჩენსაც, უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– გარდა იმისა, რომ მშობლიურ რუსთაველის თეატრში აქტიურად ხარ დაკავებული, ბოლო დროს სერიალის გადაღებებიც დაგემატა. მაყურებელმა გნახა თავის საყვარელ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები”.

– ძალიან საინტერესო სამუშაოში ჩავერთე. იმ შემოქმედებით კოლექტივთან, ვისთანაც ახლა ვმუშაობ, წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი. ძალიან კარგი ჯგუფია, გიორგი ლიფონავას ხელმძღვანელობით. მასთან ადრეც მიმუშავია – იყო სერიალი „კლინიკა” და ფილმი „ჭამა და სექსი.” მოკლედ, გიორგისთან ტრადიციული თანამშრომლობა მაკავშირებს.

– „ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელი თუ იყავი?

– ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, დანიშნულ დროს ვერ ვხვდები ტელევიზორთან. რამდენიმე სერია მქონდა ნანახი. ჩემი გრაფიკის გამო „კლინიკის” ყველა სერიაც არ მაქვს ნანახი. 

– სერიალში დადებითი გმირის სახით გამოჩნდი.

– ჯერჯერობით კი, მერე არ ვიცი, რა იქნება. ცოტა უცნაური მფრინავის როლი მერგო, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონში ჩემს გმირს რაღაც პერსპექტივა აქვს. მერე რა იქნება, არ ვიცი, ჩემზე არ არის დამოკიდებული.

– მართალია, ლაშა ჯერ სულ რამდენიმე სერიის წინ გამოჩნდა სერიალში, მაგრამ მაინც, რას გვეტყვი შენს გმირზე?

– ჯერჯერობით ერთად ვეძებთ ამ გმირის ხასიათს. ლაშა მეორე სეზონის მიწურულს გამოჩნდა სერიალში და ახლა იწყებს განვითარებას. საით წავიყვანთ ამ გმირს, ეს უკვე სცენარისტზე, რეჟისორსა და ჩემზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე დადებითი, ცოტა ძველმოდური, ტრადიციების მიმდევარი ადამიანია. ცხოვრობდა უცხოეთში, მიიღო განათლება და მფრინავის პროფესიას დაეუფლა. ყველაფერთან ერთად, მგონი, ცოტა უცნაური ადამიანიცაა. 

– ბავშვობაში მაინც არ გიოცნებია მფრინავის პროფესიაზე?

– სიმართლე გითხრა, კოსმონავტობაზეც კი არ მიოცნებია, რომელიც ჩვენს ბავშვობაში ძალიან პოპულარული და პრესტიჟული პროფესია იყო. უფრო სხვა რაღაცეებზე ვფიქრობდი.

– მსახიობები იმით მაინც ხართ განებივრებული, რომ ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანად შეგიძლიათ გარდაიქმნათ.

– ეს ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი პლუსია. შეგვიძლია, არაერთი პროფესია მოვირგოთ.

– შენთვის ყველაზე უცნაური რა პროფესია ყოფილა?

– „კლინიკაში” ექიმს რომ ვთამაშობდი, ჩემთვის ისიც უცნაური პროფესია იყო. არავითარი შეხება არ მაქვს ამ სფეროსთან, გარდა იმისა, რომ ბევრი ექიმი მეგობარი მყავს.  თეთრი ხალათის ჩაცმაზე არასდროს მიოცნებია, რადგან სისხლი და ასეთი რაღაცეები ჩემთვის ძალიან რთულად გადასატანია. მკვლელიც მითამაშია, ბოროტიც, რაც ასევე შორსაა ჩემგან. მეფეც ვყოფილვარ და კიდევ ბევრი პროფესიის პერსონაჟი. ასე რომ, შეიძლება, სულაც არ იყოს ესა თუ ის გმირი ჩემი ტემპერამენტისა და ხასიათის გამომხატველი, მაგრამ უნდა მოვირგო და განვასახიერო. 

– თეატრს რაც შეეხება, გასტროლზე ხომ არ მიდიხართ? 

– თეატრი ერთ თვეში მიდის გასტროლზე კიევსა და მოსკოვში. ორი სპექტაკლი მიაქვს ჩვენს თეატრს. სამწუხაროდ, მე არ ვმონაწილეობ ამ სპექტაკლებში და შესაბამისად, არც მივემგზავრები. სამაგიეროდ, ჩემი მეუღლე მიდის, რომელიც ერთ-ერთ სპექტაკლშია დაკავებული. 

– ოჯახში გადავინაცვლებ და გკითხავ, როგორი მამა და მეუღლე ხარ?

– საკუთარი თავი იდეალურად არ მიმაჩნია, ალბათ, მეტის გაკეთებაა საჭირო. შეიძლება სიზარმაცის ან სხვა რამის გამო, რაღაცაში მოვიკოჭლებ. თუმცა, დღემდე ისე მოვედით, მათგან ისეთი პრეტენზიები არ ყოფილა, ან ერთს, ან მეორეს, რადიკალური ზომები მიგვეღო. 

– ალბათ, ისიც დიდი პლუსია, როცა ცოლ-ქმარი ერთი პროფესიისაა, მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ და უკეთ ესმით ერთმანეთის.

– რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რაღაცაში უკეთ ვუგებთ ერთმანეთს. ცოტა ძნელია სხვა პროფესიის ადამიანისთვის სახლში მსახიობის ატანა. თუმცა, ყველა პროფესიას თავისი გაგება სჭირდება. ოჯახის წევრები თუ ერთი პროფესიის არიან, მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრი საერთო ინტერესიც აქვთ და უფრო ადვილია კომუნიკაცია. 

– თქვენი შვილი რამდენი წლისაა?

– 21 წლის გახდა. 

– რა პროფესიისაა?

– სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მხატვარ-დიზაინერის პროფესიას ეუფლება. ძალიან არ ვერევი და სიმართლე გითხრა, ბევრს ვერაფერს გავიგებ, მაგრამ როგორც ვამჩნევ, მონდომებულია და უყვარს თავისი პროფესია. 

– მშობლების პროფესიას რომ გაჰყოლოდა, ამის სურვილი არ ჰქონია?

– რაღაც ეტაპზე ჰქონდა. რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს, ახალგაზრდულ სერიალშიც მონაწილეობდა. ჩვენი პროფესიის რაღაც ნიუანსები უფრო ახლოს რომ ნახა, იმ სფერომ უფრო დააინტერესა, რაც საბოლოოდ აირჩია. მსახიობობა რომ მოენდომებინა, წინააღმდეგი არავინ წავიდოდა ოჯახში. თუმცა, არც არავინ დაახია კალთები, გინდა თუ არა, თეატრალურში ჩააბარეო. ასე რომ, მე და ნინომ ძალიან მშვიდად მივიღეთ მისი გადაწყვეტილება, გულის სიღრმეში გაგვიხარდა კიდეც.

– მკაცრი მამა ხარ?

– ჩემს შვილს რომ ჰკითხო, ენა არ მოუბრუნდება იმის სათქმელად, მკაცრი მამა მყავსო. ნამდვილად არაფერში ვზღუდავთ და თვითონაც არ იძლევა იმის საბაბს, მის მიმართ სიმკაცრე გამოვიჩინო. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. ასე რომ, ჯერჯერობით შეშფოთებისა და სიმკაცრის საბაბს არ მაძლევს. 

– ისეთ ასაკშია, უკვე თავისუფლად შეუძლია ოჯახის შექმნა. მშობლებისთვის შვილის გათხოვება კი, ცოტა არ იყოს, რთული შესაგუებელია.

– რა თქმა უნდა, ცოტა რთული მომენტია და ძნელად გადასახარში, მაგრამ ცხოვრების კანონს ვერ გაექცევი. ბუნებას წინ ვერ აღუდგები და ვერაფერს აიძულებ. ალბათ, სერიოზული გრძნობებიც გაჩნდება მის ცხოვრებაში, რისი დროც მოვა. ამისთვის ნელ-ნელა ვემზადებით. თუმცა, სიმართლე რომ გითხრა, ეს მთლად ადვილი არ არის. 

– წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს თქვენს ოჯახს, რადგან იქ ორი ნიჭიერი მსახიობი ცხოვრობს. ბევრს გაუხარდა თემიკო ჭიჭინაძის გამოჩენა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.”

– ძალიან მიხარია, თუ ვინმეს ვუყვარვარ, რადგან მსახიობი ამით საზრდოობს. არ მჯერა, რომ ამბობენ, ძალიან შეწუხებული ვარ ხალხის ყურადღებით და პოპულარობითო. ზოგჯერ იმასაც ამბობენ, ეს მოსაბეზრებელიაო. სადღაც ამერიკაში შონ პენი თუ ჟურნალისტებს ეჩხუბება, მესმის, რადგან იქ სხვა რიტმი, სხვა შეწუხებაა, მოვლენებიც სხვაგვარად ვითარდება. იქ მსახიობები ზეპოპულარულები არიან და ალბათ, იქაური ჟურნალისტების ყურადღება მათ მიმართ მართლაც შემაწუხებელია. საქართველოში კი არ ვართ ისეთი განებივრებულნი, პაპარაცები ქუჩაში კამერით დაგვდევდნენ და პირად ცხოვრებაში იქექებოდნენ. ამიტომ, ის ყურადღება, რომელიც მაყურებლისგან მოდის, ჩემთვის პირადად, ძალიან სასიამოვნოა. შეიძლება, ვიღაცამ იპირფეროს და თქვას, შემჭამეს ამ ჟურნალისტებმაო, ან ქუჩაში თავისუფლად ვერ გავდივარ, ყველა ავტოგრაფს მთხოვსო. ჩემთვის ეს შეწუხება კი არა, პირიქით, დიდი სიამოვნებაა და იმის შეგრძნება, რომ, რასაც აკეთებ, შეუმჩნეველი არ რჩება. ვიღაც, ალბათ, გაგაკრიტიკებს, ვიღაცას მოეწონები, მაგრამ არიან ადამიანები, შენი შექმნილი სახეები თეატრში თუ ეკრანზე დადებით ემოციას რომ აღუძრავს. ამიტომ, რომ დაგინახავს გიღიმის, ან მოგესალმება. ჩემთვის ეს ნორმალური პროცესია, რადგან მსახიობის პროფესიას რომ ირჩევ, უნდა იცოდე, მას ეს ყველაფერი თან ახლავს. უბრალოდ, ძალით არ უნდა შეეტენო ყველგან და არც იყვირო – რა მაგარი ხარ. ყოველთვის დიდი რიდით და ძალიან დიდი სიყვარულით ვექცევი მათ, ვინც მაფასებს.   

 

скачать dle 11.3