რამ დააკომპლექსა გერმანიაში ჩასული მამუკა ღაღანიძე და როგორ გვიდა ის ტროტუარს შვილთან ერთად
ჯგუფ „შინის“ პერკუსიონისტი, მამუკა ღაღანიძე, ამ კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ემოციური და საინტერესო წევრია. ის ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად საქართველოდან 90-იანი წლების შუა ხანებში წავიდა. გერმანია ძალიან მოსწონს, თუმცა, ამბობს, რომ იქაურობას დღემდე ვერ შეეჩვია. ემოციური ქართული ხასიათი გერმანულ ფლეგმატურობას ვერ გუობსო, – ხუმრობით თქვა.
– ალბათ, ზაზა მიმინოშვილმა გითხრათ, რომ რიგაში გვქონდა „არაჩვეულებრივი გამოფენის“ პრემიერა მცირე ხნის წინ. ლიეპაის ორკესტრთან ერთად გაკეთდა ეს პროექტი, ულამაზესი ქალაქია ლიეპაი და ერთ-ერთი უძველესი ორკესტრი ჰყავს – ვიყავით „შინი“, ასევე, სიმფონიური ორკესტრი. დიდი ხანია, გვინდოდა ქართული კინომუსიკის, კერძოდ, გია ყანჩელის მუსიკის „შინისეული“ ინტერპრეტაციის გაკეთება, ზაზა იყო ამ ყველაფრის მოთავე. ქართული კინომუსიკა ჩვენებური, სხვანაირი, „შინური შხამებით“ შევაზავეთ და გავუკეთეთ არანჟირება – შხამს, ხომ იცი, სხვა მუღამი აქვს. ჩვენთან ერთად მღეროდა რიგის ხუთი ყველაზე ძლიერი მომღერალი „ოლ სტარზის“ ფარგლებში. ისეთი სამეგობრო წრე შევიძინე რიგაში... ძალიან უყვართ ქართველები. ადრე გავაკეთეთ ალბომი „ესარი“. უცნობილესი ლატვიელი კომპოზიტორია, ვალტ პუტცე და მასთან ერთად ჩავწერეთ. ქართველი მსმენელისთვის ის ნაკლებად არის ცნობილი, არადა, რიგაში, მუსიკალურ ჩარტებში, პირველი ადგილი დაიკავა. რიგა-შტუტგარდტის მატარებელში ბევრი მუსიკოსი გავიცანით (იცინის). გია ყანჩელს რაც შეეხება, დიდი მეგობრები ვართ და, პირდაპირ, ვკანკალებდით, ისე ვნერვიულობდით, რა რეაქცია ექნებოდა. ჩამოსული იყო და, სხვათა შორის, ძალიან მოეწონა. ძალიან გულს მტკენს ის ამბავი, რომ ქართველებს ერთმანეთის მხარდაჭერა არ შეგვიძლია – ჩვენც ბევრჯერ ვყოფილვართ ასეთ სიტუაციაში... იმის თქმა მინდა, რომ, ვინც კარგი გვყავს, იმის დაფასება არ ვიცით. აქ რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ ცნობიერების შეცვლა აუცილებლად არის საჭირო, არადა, ვერა და ვერ გადავრთეთ ეს პატარა ჭანჭიკი (იცინის). არასდროს მიფიქრია, რომ, სადაც კარგად ვარ, ჩემი ქვეყანა ის არის-მეთქი. რა ვქნა, ვერ გავისამშობლოე გერმანია (იცინის). სულ მიკვირს, როგორ ააშენეს ასეთი ქვეყანა... რამდენჯერ მსმენია ძველი გერმანელებისგან, ნანგრევებად ქცეული ბერლინი და ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ და ყველანი გვერდიგვერდ დავდექითო... რამდენჯერ შემშურებია ამ ხალხის!
– 2008 წლის ომის დროს „შინის“ თავს რა ხდებოდა?
– საოცარი ისტორიაა. ზუსტად მაგ დროს შვეიცარიაში ვიყავით, კონცერტი გვქონდა „ეგარის“ პროექტით... სცენაზე უნდა გავსულიყავით, უამრავი ქართველი გვეხვია გარს. მახსოვს, ერთი პატარა ბიჭი ველოსიპედით დაქროდა აქეთ-იქით, ამბები მოჰქონდა: სად იყვნენ რუსები, რა ხდებოდა... ფოთის დაბომბვა რომ დაიწყო, ზუსტად მაშინ გავედით სცენაზე. ბურთი გვაწვებოდა ყელში, ვერ ვმღეროდით, ზურას გავხედე, ზაზას – ყველას ცრემლები გვქონდა თვალებში, ვტიროდით. მაგრამ, მაინც საოცარი კონცერტი გამოვიდა, დამუხტული... ვფიქრობდი, ჩვენ სად ვართ და საქართველოში რა ხდება-მეთქი. სიმართლე გითხრა, ევროპაში არაფერიც არ იცოდნენ, აქ რა ხდებოდა – საქართველო სად იყო, ისიც არ იცოდნენ... „მესამე მსოფლიოდ“ მოიხსენიებენ. არადა, ქართველი კაცი, იცი, როგორ ბრწყინავს იქ დანარჩენ ემიგრანტებში?! ქართველებს ძლიერად გამოხატული ინდივიდუალიზმი გვახასიათებს (იცინის). ყველა არის, მაგალითად, დირექტორი... ერთხელ, პარიზში რომ ვიყავით, კონცერტის შემდეგ ქართულ რესტორანში დაგვპატიჟეს – წარმოიდგინე, რესტორნის დირექტორი მინისტრი ბობოლასავით შარვალ-კოსტიუმით იჯდა კაბინეტში და ხალხი არ იყო რესტორანში! გვერდით კი ჩინური რესტორნის მეპატრონე ასფალტს გვიდა და მინებს წმენდდა. გვაქვს ეს „შეფობა“ ყველას. პირადად ჩემს თავშიც დამიჭერია – მაღაზიაში კალათის აღებაც მეთაკილებოდა, მქონდა „გრუზინული“ მომენტები... გერმანიამ ბევრი რამე მასწავლა – პირველ ყოვლისა, ის, რომ უბრალო ადამიანი უნდა იყო – გამოვალ, ჩემს 4 წლის ლუკას გამოვიყვან ხოლმე და ერთად ვგვით სადარბაზოსა და ტროტუარს ღიღინ-ღიღინით, გაფორმებით (იცინის).
– აქედან შენც 90-იანებში წახვედი...
– 96-ში წავედი, აქ არაფერი ხდებოდა და სტუდენტი ვიყავი, მაგას თუ სწავლა ერქვა (იცინის). ვიდექი ბირჟაზე და მზესუმზირის ჭამით ვერთობოდი სხვა ბიჭებთან ერთად... „ადიო“ იყო პირველი ჯგუფი, რომელიც საქართველოდან უცხოეთში გავიდა. ამ ჯგუფში იყვნენ: დათო მალაზონია, ზაზა მიმინოშვილი, ზურა გაგნიძე, მერაბ სანოძე... გენო მამედოვს ცნობილი სტუდია ჰქონდა მარჯანიშვილში, ყველა იქ დადიოდა და წერდა, იქიდან ვიცნობდი. ზაზამ დამირეკა გერმანიიდან – გული კინაღამ გამისკდა, ისე გამიხარდა... ჩამოვალ კი არა, ახლავე გამოვიქცევი-მეთქი, ვუპასუხე. ასე მოვხვდი გერმანიაში და „ადიოში“. ოფენბურგში გვქონდა პირველი კონცერტი, „ადიო“ „შინისგან“ ძალიან განსხვავებულ მუსიკას უკრავდა – ჯაზს უფრო. ვერ ვიტყვი, რომ გერმანიაში ძალიან უყვართ ჯაზი, უფრო კლასიკური მუსიკა მოსწონთ. გერმანიაში რომ ჩავედი, თავიდან საშინლად გამიჭირდა. ჯერ ერთი, გერმანულიც არ ვიცოდი და ინგლისურით კი აქ თავს ვერ გაიტან – ერთი-ორჯერ ინგლისურად რომ გამოველაპარაკე, ისეთი რეაქცია ჰქონდათ, ძალიან დავკომპლექსდი (იცინის). მატერიალურადაც ძალიან მიჭირდა, მაგრამ, თბილისშიც ხომ არ ვიყავი უკეთესად – კაპიკი არ მქონდა ჯიბეში! ვსვამდით, ვქეიფობდით და სულ ეგ იყო. „აჭარაში“ იყო ჯაზ-კლუბი და იქ თუ მივიდოდით ხოლმე.
ძალიან მიყვარს გერმანია. 17 წელია, აქ ვარ, მაგრამ, ბევრგან მაინც არ ვყოფილვარ (იცინის). ბადენ-ვურტემბერგი, სადაც ვცხოვრობ, საქართველოსხელაა. კიდევ კარგი, შტუტგარდტი თბილისს ჰგავს – მთებშია, ფერდობებით. რამდენჯერ მითქვამს, ნახე, წყნეთის ასახვევს როგორ ჰგავს, აი, კოჯორი-მეთქი (იცინის)...
– ესე იგი, გაგიჭირდა გერმანულის სწავლა...
– წელიწად-ნახევარი ხმა არ ამომიღია, მარტო ვუსმენდი... მერე ნელ-ნელა ვისწავლე...
– ევროპულ ვოიაჟზე მომიყევი...
– ბევრგან ვიყავით ძალიან, ბევრი ვიმოგზაურეთ. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, ევროპული ქვეყანა ყველა ერთმანეთს ჰგავს. უფრო იტალია და ესპანეთი მომწონს... ჩვენთვის ახლობელი მენტალიტეტის ხალხია, თბილი, ტემპერამენტიანი, ემოციური. მე თვითონაც ემოციური ვარ და ფლეგმატიკთან ურთიერთობა არ შემიძლია – რაღაცას რომ ელაპარაკები, აჩვენებ და რეაქცია არ აქვს... სამზარეულოც იმათი მომწონს, გერმანული სამზარეულო დიდად არ გამოირჩევა ღირსშესანიშნავი რეცეპტებით!
– ისე ლაპარაკობ, თითქოს კარგი გაწაფული მზარეული იყო.
– კი, კარგი მზარეული ვარ, ყველაფერს კარგად ვაკეთებ, მათ შორის ხინკალსაც. გიჟდებიან გერმანელები, რუმინელები! რომ დავურეკავ და, ხინკალი-მეთქი – ვეტყვი, კარლსრუედან მორბიან კისრისტეხით ჩვენი რუმინელი მეგობრები (იცინის). რას იზამ, მარტო ცხოვრებამ მასწავლა, თან, ნოსტალგიამაც იცის.
– კაცები არ ტირიანო, ამბობენ... შენ გიტირია გერმანიაში?
– ნამდვილად ვიტირე, გულით... რა სისულელეა, ტირილი სირცხვილი არ არის, მით უმეტეს, თუ ალალი ცრემლით ტირი... სცენაზე რომ ვუკრავდი, ცრემლი მომდიოდა, ერთმანეთს თვალებში ვერ ვუყურებდით, თორემ, ყველას ერთად აგვიტყდებოდა ბღავილი... რას იზამ, მუსიკოსი თუ ხარ, ვალდებული ხარ, სხვის განწყობაზე იზრუნო. არ გინდა და კარგად იყავი!
– ეგზოტიკურ ქვეყნებშიც ყოფილხართ, როგორც ვიცი...
– მალაიზიაში, სინგაპურში... ინდოეთში არ ვყოფილვართ და ძალიან გვინდა. ჩვენ ინდურ მუსიკას ხშირად ვიყენებთ შემოქმედებაში. არის უძლიერესი მუსიკალური ჯგუფი – „შაქტი“, რომლის სულისჩამდგმელია უდიდესი გიტარისტი – ჯონ მაკლაჰლინი, სხვათა შორის, ორჯერ იყო თბილისში „კოკა-კოლა ჯაზ-ფესტივალზე“ ჩამოსული. ეს კაცი ნამდვილი ცოცხალი ლეგენდაა და ინდოეთში დიდხანს ცხოვრობდა. საოცარია ინდური მუსიკა, მით უმეტეს – რიტმი, პერკუსიული მომენტები... არის ინდური ჩანართი-ტაქტი „არეგამა“. ინდოელ შემსრულებელთან, შანკარ ლალისთან, არაერთი კონცერტი გვქონდა გერმანიაში. წასვლა აღარ უნდოდა საქართველოდან, საოცრად კარგი ადამიანია შანკარი, ტკბილი (იცინის). ყველაზე ემოციური მსმენელი საქართველოშია, რთულიც... მასობრივი მსმენელისთვის ნამდვილად არ არის ჩვენი მუსიკა, მაგრამ, მაინც ძალიან მოსწონს ხალხს. ძალიან გვინდა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენაშიც ჩავერთოთ აქტიურად... შარშან ვიყავით რუსეთში, ხუთ ქალაქში და სრული ანშლაგით ჩაიარა. მოდიოდნენ, გვეფერებოდნენ – რატომ არ ჩამოდიხართ, ძალიან გვენატრება ქართული კულტურაო. თუმცა, არც ერთი ქვეყნის პოლიტიკოსებს არ ვიცნობ. ძალიან მინდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ, არა „უმცროსი ძმის“ სტატუსით. სხვათა შორის, გვაქვს ძალიან მაგარი აფხაზური პროექტი – რამდენიმე წელია, გვიდევს; გვინდა, ენგურს იქით გავიტანოთ ეს პროექტი. სამეგრელოში ვიყავით, იქ იყვნენ აფხაზები ჩამოსულები ჩვენს კონცერტზე. შერიგება ძნელია, მაგრამ, შესაძლებელი.
– მეუღლეს მოსწონს თქვენი მუსიკა?
– დიახ, რჩევებსა და შენიშვნებს მაძლევს ხოლმე და ვასწორებ მერე. ჩემი მეუღლე, ნატა, ჩემივე თანაჯგუფელის – ზურაბ გაგნიძის შვილია, ჩემზე 13 წლით უმცროსი. საკმაოდ პატარა ასაკიდან მახსოვს. შემდეგ სასწავლებლად ჩამოვიდა აქ და დავახლოვდით. მერე ნატას ვუთხარი, მივდივარ და ზურას უნდა ვუთხრა, რომ ჯვარს ვიწერთ-მეთქი. თურმე, რაღაცას კი უგრძნობდა გული (იცინის). ასე გახდა ჩემი ძმაკაცი ჩემი სიმამრი.
– ლექსო ჭუმბურიძეზე მინდა, გკითხო.
– ლექსო მაგარი, უნივერსალური მოცეკვავეა – ორი წელი იყო ზაარბრიუკენში, ლაშა ონიანის „მიმოდრამის“ თეატრში მუშაობდა პანტომიმის მსახიობად; დათუნიკა სხირტლაძე სამეჯლისო ცეკვებსაც გადასარევად ცეკვავს და ქართულსაც; ლექსო მიმიც არის მოკლედ, ამოხტა სცენაზე, ამოხტა და ამოხტა (იცინის)... და, დარჩა მას მერე. გადასარევი პლასტიკა აქვს...
– გერმანულ რადიოსადგურებში ტრიალებს თქვენი კომპოზიციები?
– დიახ. ხშირად მირეკავენ და მეუბნებიან, რადიოში იყო თქვენი კომპოზიცია, მოგისმინეთო.