კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იკრავდნენ იაპონელი ქალები კიმონოს ქვეშ მკერდს და რის გამო ატარებენ ისინი ორქუსლიან ფეხსაცმელს

გეიშების თემის შემდეგ, ალბათ, ლოგიკურია ჩვენთვის უცხო და საინტერესო იაპონურ კულტურაზე საუბრის გაგრძელება მათი სამოსით, რომელიც არ არის მხოლოდ სხეულის დასაფარავად საჭირო ნივთი ან მოდური აქსესუარი. იაპონელისთვის კიმონო გასულიერებულია; მისი ფერები, მასზე დაქარგული გამოსახულებები თავად საუბრობენ ადამიანზე, რომელიც მას ატარებს. კულტუროლოგი ნინო გოგავა კიმონოს საიდუმლოს აგვიხსნის.

 ნინო გოგავა: იაპონელი კიმონოს გარეშე ვერ წარმოგვიდგენია, რადგან, ეს მათი ნაციონალური ხასიათის, თვითმყოფადობის გამოხატულებაა. კიმონო არის დეკორატიული ხელოვნების ულამაზესი ნიმუში. ჯერ კიდევ 712 წლიდან შემორჩენილ იაპონურ ანალებში გვხვდება კიმონოს დასახელება, რომელიც იაპონელს აცვია. მანამდე იაპონელები ჩინური სტილის ხალათს ატარებდნენ, რომელიც მარცხნივ იკვრება, მოგვიანებით კი ამ სამოსმა ცვლილება განიცადა და კიმონოს სახე მიიღო. ჩინეთიდან იღებდნენ აბრეშუმსაც, რადგან, მხოლოდ ამ ქსოვილით შეიძლებოდა კიმონოს შეკერვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიმონოს უწოდებდნენ – „სამოსი სამეფო გოდან“. გო იყო პატარა სამეფო ჩინეთში, სადაც აბრეშუმს აწარმოებდნენ. ვაფუკუ, კიმონო და გოფუკუ – ეს არის სამი სამოსი, რომელსაც იაპონელები ატარებენ. კიმონო აცვია ყველას – ქალს, კაცს და ბავშვსაც კი. კიმონო არსებობს სპორტული, საშინაო, სარიტუალო, რაუტზე ჩასაცმელი.

– აბრეშუმის სამოსი, ალბათ, ძალიან ცივი იქნებოდა. 

– რა თქმა უნდა. ზამთარშიც აბრეშუმის კიმონოები ეცვათ. არსებობდა სპეციალური მოსასხამები, რომელთა ტარების უფლებაც მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ. ქალებმა თბილი ჟაკეტი მოგვიანებით ჩაიცვეს. ახლა ქალები ძირითადად ბეწვის ქურქებს ხმარობენ, რაც ადრე იაპონიაში წარმოუდგენელი იყო – მათთვის მიუღებელია ცხოველის ტყავის დამუშავება. მეოცე საუკუნიდან მოყოლებული, ევროპამ თავისი გავლენა იქონია და ახლა ბეწვის ქურქებიც ჩაიცვეს. ქალის კიმონო შედგება თორმეტი ელემენტისგან, რაც დღეს აღარ იხმარება, რადგან, თანამედროვე ქალისთვის მისი ჩაცმა ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს. მამაკაცის კიმონო შედგება ხუთი ელემენტისგან, ხუთი ნაწილისგან, რომელიც იკერება. მამაკაცის კიმონოსთვის დამახასიათებელია უფრო მოკლე სახელო და, რა თქმა უნდა, ქამარი – ობი. მისი შეკვრა ძალიან რთულია. გოგონები სულ პატარა ასაკიდან სწავლობდნენ ობის შეკვრას, სპეციალური სკოლებიც კი არსებობდა ამისთვის. კაცის კიმონო თეძოზე იკვრება და ის მუქია – შავი, მუქი ნაცრისფერი, ყავისფერი, მუქი მწვანე. მხოლოდ სუმოს მოჭიდავეების კიმონოა ბორდო-იასამნისფერი. ამ სამოსში მთავარია კიმონოს დაქარგვა, თუ როგორი მოხატულობა აქვს მას. თუ კიმონოზე ხუთი ღერბია, ეს ნიშნავს, რომ ის სადღესასწაულოა. თუ მამაკაცი მაღალი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი იყო, მისი ღერბები განლაგებული იყო მხრებზე, ზურგსა და გულისპირზე. ყოველდღიურ კიმონოზე მხოლოდ სამი ღერბი იყო დატანილი. კაცის კიმონოზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამოქარგული გველეშაპები, იეროგლიფები, რომლებიც გამოხატავდნენ ძლიერებას, წარმატებას, სიმდიდრესა და დიდებას. დიდი მნიშვნელობა აქვს კიმონოს შეკვრას – ის აუცილებლად მარჯვენა მხარეს იკვრება. მხოლოდ მიცვალებულს უკრავენ მარცხენა მხარეს.

– ქალის კიმონო, ალბათ, უფრო მრავალფეროვანი იყო.

– რა თქმა უნდა. კიმონო – ეს არის ქალურობის, სინაზის, მოხდენილობისა და სიკეკლუცის სიმბოლო. ის ძალიან რთული სატარებელია. ამ დროს ქალის ზურგი სწორია, მხრები – მოშვებული, ნიკაპი – ქვემოთ დახრილი და შეწეული, ნაბიჯები კი ძალიან მოკლეა, რადგან მოძრაობას კიმონო ზღუდავს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კიმონო საოცრად თავისუფალია. მისი ნაკერებიც კი ისე კეთდება, რომ მასში ზამთარ-ზაფხულ ქარი მოძრაობს. 

– კიმონოს შიშველ სხეულზე იცვამენ?

– არა, კიმონოს შიგნით ორი ხალათი იცმევა. მიჩნეულია, რომ იაპონელი ქალი საცვალს არ იცვამს. იაპონელები ამბობენ, რომ პატიოსანი ქალი აუცილებლად ატარებს ხალათს კიმონოს ქვეშ. ევროპელის საცვალს, ბიუსტჰალტერს ისინი, რა თქმა უნდა, არ ხმარობდნენ. ევროპაში, როცა ხაზი ესმევა ქალის სხეულის სილამაზეს, აქცენტები მკერდზე, გამოყვანილ წელზე კეთდება. იაპონელისთვის ეს მიუღებელია. ქალი უნდა იყოს აბსოლუტურად შეფუთული და ფიცარივით სწორი, ამობურცული ადგილები მის სხეულზე საერთოდ არ უნდა ჩანდეს. მკერდს პატარაობიდან უკრავდნენ, რომ არ გაზრდოდათ. მით უმეტეს, გამორიცხული იყო, რომ ფეხის ან ხელის ნაწილი გამოსჩენოდათ. ძალიან სექსუალურად ითვლებოდა, როცა გეიშა, მარაოთი ცეკვის დროს, ხელის მტევანსა და კიმონოს შიდა ხალათის კალთებს გამოაჩენდა. ერთ კიმონოს შეკერვას 4-დან 12 მეტრ აბრეშუმამდე სჭირდება. სტანდარტული კიმონო, ძირითადად, 9 მეტრისგან იკერება. იყენებენ ძალიან ნაზ ძაფებს, რათა ქსოვილის დაჭიმვა არ მოხდეს. როდესაც კიმონო გარეცხვას საჭიროებს, ის მთლიანად იშლება თორმეტ ნაწილად, ცალ-ცალკე ირეცხება და მერე თავიდან იკერება. კიმონოს კერავენ და ქარგავენ ხელით და ამიტომაც ღირს ძალიან ძვირი. ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და არსებობს გაქირავების ცენტრები, სადაც ქალები სადღესასწაულოდ ქირაობენ კიმონოებს. ამჟამად იაპონიაში კიმონოების ბუმია, მათ ტრადიციების შენარჩუნების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მოხმარება რთულია.

– ფერებს რა მნიშვნელობა აქვს?

– გათხოვილ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონოდა შავი კიმონო, რომელიც მოქარგული იყო ყვავილებით, თაიგულებით. ქორწილში სიძისა და პატარძლის დედები აუცილებლად იცვამენ შავ კიმონოებს. თეთრი მათთვის სამგლოვიარო, უფრო სწორად, სარიტუალო ფერია. ქორწილში პატარძალს თეთრი კიმონო აცვია, რომელზეც აუცილებლად არის ამოქარგული გირლიანდები და წეროები, რაც ბედნიერების ნიშანია. თავზე ახურავს სპეციალური თეთრი ქუდი. იაპონელები ამბობენ, რომ ქალში ეშმაკი ზის და ყველა ქალს აქვს პატარა რქები. ქორწილის დღეს კი ქუდს იმიტომ ვაფარებთ, რომ რქები გავაქროთო. ქორწინების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, პატარძალი იცვლიდა და იცვამდა წითელ კიმონოს. წითელი არის კიმონოს ყველაზე ძვირად ღირებული ფერი. არნახულად ლამაზია ეს ცერემონიალი თავისი წითელი კიმონოთი. ქალის კიმონოსთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ობი, რომელსაც მკერდს ქვემოთ იკრავენ. იაპონელები ამბობენ: „ქალმა, რომელმაც ობის შეკვრა არ იცის, მან არაფერი იცის“. თანამედროვე ქალებს ეს, რა თქმა უნდა, აღარ ეხებათ. კიმონოზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელოს: თუ მისი სახელო ერთ მეტრზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ გოგონა გაუთხოვარია ან მაიკოა. გათხოვილი ქალის კიმონოზე სახელოს სიგრძე მოკლდება. თუ სტანდარტული კიმონოს სიგრძე 1 მეტრი და 50 სანტიმეტრია, გეიშებს და მაიკოებს ორი მეტრის სიგრძის კიმონოები ეცვათ. კიმონო სტანდარტულია და, შეიძლება ქალს მთელი ცხოვრება ეცვას: სანამ პატარაა, ქამარში, ანუ ობიში ისეა მისი სიგრძე ფენა-ფენად ჩაკეცილი, რომ ფეხს უფარავდეს; როცა იზრდებიან, ამ ქამრის დახმარებით მის სიგრძეს არეგულირებენ. კიმონოს აუცილებელი ატრიბუტია საბო, რომელსაც ორი ათსანტიმეტრიანი ქუსლი აქვს – თითებთან და ქუსლთან, აქვს ტყავის თასმები, როგორც „შლოპანცებს”, იმისთვის, რომ მოკლე ნაბიჯები გადადგან, რაც სილამაზის ნიშანია. ჩინეთში, მაგალითად, მაღალი წრის, არისტოკრატ ქალებს ბავშვობიდანვე უკრავდნენ ფეხის თითებს ძალიან მაგარი თასმებით, რომ თითები მოღუნვოდათ. ამის გამო, მათ არ შეეძლოთ სწორად სიარული და დიდი ნაბიჯების გადადგმა, რაც მათ ელეგანტურობად ითვლებოდა. 

– რატომ იყო კიმონოს ჩაცმა ასეთი რთული?

– ქამარი ძალიან გრძელია, ის თხელი მაუდისგან იკერება და იკვრება თხელი ზონრით, რომელზეც საზღვაო თასმები კეთდება. იჭრებოდა პატარა ოთხკუთხედი ხის ფიცარი, რომელსაც ზურგზე ადებდნენ, რათა ქამარი არ ჩამოვარდნილიყო. ახლა ფიცრის მაგივრად ბაფთებს აკეთებენ. ქალებს კიმონოები სეზონის მიხედვით აცვიათ. გამორიცხულია, რომ საკურას ყვავილების დროს ქალმა ქრიზანთემებით მორთული კიმონო ჩაიცვას. თორმეტი თვეა და ყველა თვეს თავისი დატვირთვა აქვს.

– რატომ უყვართ იაპონელებს საკურა ასე ძალიან?

– შუა საუკუნეებში, ერთი სოფლის მამასახლისს, რომელსაც საკურა ერქვა, ფეოდალი ძალიან ცუდად ექცეოდა, მის შვილებს კი სცემდა. საკურა ადგა, წავიდა და ფეოდალი სიუგუნთან დააბეზღა, მერე ბავშვებს გახადა და მათრახებით ნაცემი ზურგი აჩვენა. სიუგუნმა ფეოდალი დასაჯა. ფეოდალმა შურისძიება გადაწყვიტა და ხელქვეითებს უბრძანა, რომ საკურა და მისი შვილები ალუბლის ხეზე მიებათ და სიკვდილამდე ეცემათ. მოხდა ისე, რომ თეთრად აყვავებული ალუბლის ხე წითლად შეიღება. იაპონელებს სჯერათ, რომ საკურა უცოდველი ბავშვების სისხლით არის შეღებილი და მას უდიდესი პატივი უნდა სცენ. მცენარე სულ რამდენიმე დღე ყვავის და ეს მათთვის საოცარი დღესასწაულია, რაც კიმონოშიც აისახება: ვარდისფერი, რძისფერი თეთრი, ოდნავ მუქი ვარდისფერი – ეს გაზაფხულზე სატარებელი კიმონოა და საოცრად ლამაზია. აუცილებელია, ქალმა ატაროს ქოლგა, გაშლილი ქოლგა ნიშნავს, რომ მის ქვეშ მისი სივრცეა. 

საიმპერატორო კარს თავისი ფერი აქვს – მათი კიმონოები ყვითელი, ოქროსფერია და მოქარგულია ბამბუკის ყლორტებით, ნაზი იელებით; ასევე, აუცილებლად არის თეთრი საკურა, თეთრი ქრიზანთემები და სხვადასხვა ფორმის მარგალიტები.

скачать dle 11.3