კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჰქონდა „ჩაკეტვის“ პერიოდები გიგი დედალამაზიშვილს და რას არ აუკრძალავს ის მეუღლეს არასდროს

„მგზავრების“ წევრი გიგი დედალამაზიშვილი დიდი ხანია, არ გამოჩენილა ჟურნალების ფურცლებზე. ამ ბოლო დროს ბევრი სიახლეა მის მუსიკალურ ცხოვრებაში... ჩაწერა ახალი ალბომი, გადაიღო კლიპი, კონცერტებს გეგმავს სხვადასხვა ქვეყანაში და, ასევე, თბილისში... მოკლედ, ამ ყველაფერზე გიგი თვითონ გვესაუბრება.

– რა ხდება შენკენ ახალი და კარგი?

– სიახლე ისაა, რომ, გამოდის ჩვენი ახალი ალბომი, რომელიც უკვე დაიბეჭდა და ამ დღეებში გამოვა გასაყიდად. ახლა ვაპირებთ რადიოებში მიტანას. ალბომი შედგება თორმეტი სიმღერისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსმენელს მოეწონება. ჩემი აზრით, საკმაოდ მრავალფეროვანი ალბომია. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეკეთებინა რაღაც ცოტათი განსხვავებული. გარდა ამისა, გადავიღეთ ახალი კლიპი, რომლის პრემიერაც „პროფილის“ ეთერში იყო. რამდენიმე დღეში კიევში მივდივართ „იუნას“ დაჯილდოებაზე. ეს არის უკრაინული მუსიკალური კონკურსი, რომელიც ყოველ წელს იმართება. ძალიან ვნერვიულობ, რადგან, ისეთი ჯგუფები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ბავშვობიდან ვუსმენ და, უცბად, ჩვენც მათთან ერთად უნდა წარვდგეთ. თბილისშიც ვგეგმავთ კონცერტს – დაახლოებით, აპრილის ბოლოსკენ.

– უცხოეთში ჩატარებულ კონცერტებზე უფრო ნერვიულობ ხოლმე თუ საქართველოში?

– ორივეს სხვადასხვა ნერვიულობა აქვს. ბევრ ქვეყანაში არ ვართ ნამყოფი. ძირითადად, უკრაინაში და აზერბაიჯანში გვიწევს ხოლმე კონცერტების გამართვა. ყველაზე კარგი მსმენელი მაინც უკრაინაშია. უკრაინელებს ერთი პლუსი აქვთ: თუ შეუყვარდები, ბოლომდე შენთან არიან. ნერვიულობა მაინც არის, რადგან, სხვა ქვეყანაში ხარ, საქართველო უნდა წარადგინო და სხვა პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება აქაურ კონცერტებს, როცა მსმენელი უკვე გიცნობს, ბევრი სიახლე უნდა შესთავაზო, სულ უნდა გააოცო, თუმცა, „ტრიუკებსა” და „სალტოებს,” ალბათ, ვერ გააკეთებ (იცინის).

– თაყვანისმცემლებისგან თუ გრძნობ სიმპათიებს და როგორ გამოხატავენ?

– დაახლოებით ერთი წლის წინ, კიევში ქუჩაში მივდიოდი. ვიღაცამ გამაჩერა და მთხოვა, სურათი გადამეღო მასთან ერთად. თავიდან ვერ მივხვდი, არ მოველოდი, კიევში თუ მიცნობდნენ. ძალიან დავიბენი და ერთი საათი ვუხდიდი იმ გოგოს მადლობებს (იცინის). ახლა უკვე ხშირად ჩავდივართ ხოლმე უკრაინის პატარ-პატარა ქალაქებში და ვატარებთ კონცერტებს.

– რომელია შენი საოცნებო ქვეყანა?

– ყოველთვის უფრო მარტივია ისეთ ქვეყნებში წასვლა, სადაც საქართველოს იცნობენ და დაახლოებითი სტერეოტიპი შექმნილი აქვთ, თუმცა, ძალიან საინტერესო იქნება ისეთ ქვეყანაში ჩასვლაც, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იციან. შემოთავაზებები გვაქვს პოლონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ყაზახეთიდან... ამერიკაზე არც ვოცნებობ (იცინის). მართალია, დღეს-დღეობით ბევრად უფრო ადვილია იქ წასვლა, ვიდრე წინათ, მაგრამ, მე ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ (იცინის). ჯერჯერობით, ევროპა უფრო რეალურად მიმაჩნია.

– საერთოდ ყველაფერს წინასწარ გეგმავ თუ ექსპრომტად იღებ ხოლმე გადაწყვეტილებებს?

– ერთადერთი, რაც დაგეგმილი მაქვს, კონცერტებია – სამ თვეში ერთხელ უკრაინაში ვატარებთ კონცერტებს, დანარჩენი კი ყოველთვის ექსპრომტად ხდება ხოლმე. ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, ერთი პერიოდი ძალიან გახსნილი ვიყო, სულ მხიარულად, კარგ ხასიათზე, მაგრამ, ხანდახან, შეიძლება, ჩავიკეტო. პერიოდები მაქვს ხოლმე „ჩაკეტვის” (იცინის).

– ძალიან დიდი ხანია, შენი ინტერვიუ არსად ყოფილა. ეს „ჩაკეტვის” პერიოდის ბრალი ხომ არ არის?

– რომ არ მოგატყუო, მეზარება ხოლმე. ბოლო ინტერვიუ შარშან მქონდა. ხანდახან თემები არ მომწონს, მაგალითად – როგორ ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას ან როგორ ისვენებთ ოჯახთან ერთად... ასეთ თემებს არ ვთანხმდები ხოლმე. ასეთი ინტერვიუები, ალბათ, უფრო პოპ-მომღერლებთან უნდა ჩაწერონ. შეიძლება, შორიდან ძალიან გახსნილი და მხიარული ვჩანვარ, მაგრამ, ყოველთვის ასე არ არის. ცოტა უცნაური ვარ, ოღონდ, ძალიან უცნაურიც არა (იცინის).

– როგორც ვიცი, ძალიან აქტიური ადამიანი ხარ.

– საერთოდ, გარეთ იშვიათად გავდივარ, თუ საქმე არ მაქვს. რატომღაც, მიყვარს სახლში ჯდომა. რაც ცოლი მოვიყვანე, ძირითადად სახლში დავჯექი (იცინის). გარეთ მარტო მაშინ გავდივარ, როცა მაქვს ჩაწერა, კონცერტი ან რამე სხვა საქმე. ძირითადად, საქართველოში არ ვარ ხოლმე. ერთი თვიდან, საშუალოდ რომ ავიღოთ, ორი კვირა უცხოეთში ვარ, ორი კვირა – საქართველოში.

– მეუღლესთან ერთად დადიხარ ხოლმე თუ მარტო?

– ძირითადად, ცალ-ცალკე დავდივართ. მასაც თავის საქმეები აქვს და, როცა ის მიფრინავს, არ დავყვები. ის უფრო ხშირად დამყვება ხოლმე. მარინა ძალიან კარგი ფოტოგრაფია და ხშირად უწევს უცხოეთში წასვლა გადაღებებზე. თითქმის ყველაფერს იღებს – პორტრეტებს, პორტფოლიოებს... ჩემზე მეტს ის მოგზაურობს.

– ანუ, რაიმე აკრძალვები არ გაქვს და ყველაფერში ხელს უწყობ?

– კი, ნამდვილად არაფერს ვუშლი. ჩემს ოჯახშიც ყოველთვის ასე იყო: დედაჩემიც და მამაჩემიც მუშაობდნენ და მამაჩემს არასდროს აუკრძალავს არაფერი. მე ასე ვუყურებ ამ ყველაფერს: თუ შენს ცოლს აქვს იმის სურვილი, რომ იმუშაოს, აუცილებლად უნდა შეუწყო ხელი; თუ არ აქვს ამის სურვილი, რა თქმა უნდა, ამაშიც არაფერია ცუდი. მარინას ხანდახან ეზარება ხოლმე სადმე გაფრენა, მე კი ყოველთვის ვეუბნები, რომ უნდა წავიდეს, იმუშაოს, განვითარდეს. ხელი რატომ უნდა შევუშალო? მე ძალიან მეამაყება, რომ მყავს ცოლი, რომელიც რაღაც საქმეს აკეთებს; არ აქვს მნიშვნელობა, კარგად თუ ცუდად, მთავარია, ის ცდილობს განვითარდეს და მე ამით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ძალიან არ მომწონს, როდესაც ადამიანი არ არის რეალიზებული.

– მარინა ხომ არ ეჭვიანობს ხოლმე, რა აზრის არის შენს გასტროლებზე, მოგზაურობაზე?

– მარინა არასდროს ეჭვიანობს, რადგან, ძირითადად ჩემთან ერთად დადის ხოლმე. სხვათა შორის, ჩვენი ჯგუფის წევრების ცოლები ვერ იტანენ, როცა უკრაინაში დავდივართ გასტროლებზე (იცინის). ისეც არ გამოდის, ყველანი ცოლებით რომ გავფრინდეთ ხოლმე. ასე რომ, ეს თემა ყოველთვის არის – რამდენი ხნით მივდივართ, როდის ჩამოვალთ (იცინის)...

– რამე ისეთი თვისება თუ გაქვს, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლის?

– ძალიან ემოციური ვარ. ეს თვისება, ალბათ, თითქმის ყველა ხელოვანს აქვს. მე ძალიან რადიკალი ვარ: რაღაც ან ძალიან მიხარია, ან ძალიან მწყინს. საშუალო არ მაქვს. ყველა ამას მეუბნება, რომ ძალიან ემოციური ვარ. ეს ძალიან ცუდია. ყველაფერზე ზედმეტად ვნერვიულობ. როდესაც რაღაც საქმე კარგად მთავრდება, მერე ვფიქრობ ხოლმე, რა მანერვიულებდა-მეთქი. იმდენად ემოციური ვარ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე შემიძლია, ვინერვიულო – პატარა, უმნიშვნელო რაღაცაზეც კი. რომ გითხრა, ეს თვისება ძალიან მაფერხებს-მეთქი, არა, რადგან, მყავს პროდიუსერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი კომფორტისთვის.

– ამდენი ნერვიულობა დეპრესიაში ხომ არ გაგდებს ხოლმე?

– არა, დეპრესიები არ მახასიათებს. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ თითქმის ყველას ასე ემართება – ყველა ნერვიულობს და მე გამონაკლისი არ ვარ. ძალიან რთულია, როცა ხელოვნებასთან გაქვს საქმე. არარეალურ სამყაროში ცხოვრობ – ეს არის სამყარო, სადაც არ არის არანაირი წესები; სულ ვარაუდში ხარ; რასაც აკეთებ, არასდროს იმალება – შენ მიერ დაშვებულ ერთ შეცდომასაც კი ყველა ხედავს და ეს ადვილი ნამდვილად არ არის. სიმართლე რომ გითხრა, ცოტათი მთრგუნავს პოპულარობა.

– რატომ გთრგუნავს?

– სულ მრცხვენია. როდესაც ადამიანი მცნობს და სითბოს გამოხატავს, მინდა ხოლმე, რომ ერთიასად დავუბრუნო. სიტყვები არ მყოფნის და ხშირად ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში. ასაკით უფროსი ბევრი ადამიანი მეუბნება ხოლმე კომპლიმენტებს და, მინდა მივიდე, ჩავეხუტო. ამ ბოლო პერიოდში ვცდილობ, არ გავიდე ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია.

скачать dle 11.3