რა აკავშირებს გიგა კვენეტაძეს ფილიპ კირკოროვთან და იმღერებს თუ არა მის სიმღერას დიმა ბილანი
ქართველებისთვის კარგად ცნობილი ავტორ-შემსრულებელი, გიგა კვენეტაძე უკვე 5 წელია, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. ამ დროის განმავლობაში, რუსულ შოუ-ბიზნესში თავს, როგორც კომპოზიტორი ისე იმკვიდრებს. არაერთი ცნობილი ადამიანი ასრულებს მის სიმღერებს, თუმცა საკუთარი თავისთვის ვეღარ იცლის და უკვე ძალიან იშვიათად მღერის. მიუხედავად ამისა, არც ეს არის მისთვის პრობლემა, რადგან უკვე საკმაოდ წარმატებული კომპოზიტორია რუსეთში. ჩვენი რესპონდენტი საქართველოს აპრილში ეწვევა, მანამდე კი მისი ინტერვიუს საშუალებით შეიტყობთ, თუ რაზე მუშაობს და როგორ ცხოვრობს ის ამ ეტაპზე.
– რაზე მუშაობ ახლა?
– ვმუშაობ ფილიპ კირკოროვის სიმღერაზე, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქეთა თოფურიას, რომელმაც კირკოროვთან დამაკავშირა. ამ ეტაპზე უკვე პირდაპირი კავშირი მაქვს ფილიპთან. შემიძლია, პირადად მას გავუგზავნო რამდენიმე სიმღერა, რომელსაც მოუსმენს და არჩევანს თავად გააკეთებს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ რუსული შოუ-ბიზნესის მეფე შეასრულებს ჩემს რომელიმე სიმღერას. კირკოროვთან პირდაპირი კავშირი ყველა კომპოზიტორს არ აქვს, მე კი გამიმართლა და მომეცა შანსი, პირადად მოისმინოს ჩემი სიმღერები, შეაფასოს და დასკვნა გამოიტანოს. ამისთვის კი მადლობა ქეთას, რომელიც ყოველთვის მეხმარება.
– კიდევ რაზე მუშაობ?
– დიმა ბილანსაც უნდა გავუგზავნო სიმღერა, რომელთან ურთიერთობაშიც ცნობილი რეჟისორი, კონსტანტინ ჩერებკოვი მეხმარება. კონსტანტინ ჩერეპკოვს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი ვითარდება. კოსტია მოკლე ხანში, სერიოზულბიუჯეტიანი ფილმის გადაღებას გეგმავს ჰოლივუდში, რომლის მუსიკალური გაფორმებაც მე შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ეს პროექტი ჯერ დამტკიცების პროცესშია, მაგრამ 60-70 პროცენტით უკვე გადაწყვეტილია. საინტერესო პერსპექტივაა. მანამდე მე და კოსტია ვთანამშრომლობდით. ჩემს სიმღერებზე გადაღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური კლიპი. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სარეკლამო ბიზნესში. ის სხვადასხვა სერიოზული კომპანიისთვის სარეკლამო კლიპებს იღებს, მე კი მუსიკალურ გაფორმებას ვუკეთებ.
– ეს ფილმი, რომელსაც ჰოლივუდში გადაიღებენ, ალბათ, საკმაო ტრამპლინი იქნება შენი შემოქმედებისთვის.
– ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მიზანიც ის არის, რომ რომელიმე სერიოზული ფილმისთვის დავწერო მუსიკა. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც პირველი ნაბიჯია.
– გამოდის, რომ 2013 წელი შენთვის ძალიან კარგად დაიწყო.
– კი, ძალიან ნაყოფიერად დაიწყო ეს წელი ჩემთვის. ნიკალაი ტიმოფეევის ალბომზე ვმუშაობ და უკვე თითქმის ნახევარი გაკეთებული მაქვს. მალე ის ამ სიმღერებზე კლიპების გადაღებას იწყებს. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იღბალი ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. საჭირო დროს, საჭირო ადგილას თუ არ აღმოჩნდი, ისე არაფერი გამოვა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ფირცხალავას ველაპარაკე, რომელმაც თავის სტუდიაში დამპატიჟა და თანამშრომლობა შემომთავაზა. ირაკლის სტუდიაში უამრავი ცნობილი სახე დადის. მე კი შემომთავაზა, ჩემი პროდუქცია მივიტანო, რომელსაც სხვადასხვა მომღერალს მოასმენინებს. მგონი, სულ მალე თვითონაც შეასრულებს ჩემს სიმღერას. ამის წინაპირობაც არის. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინაა.
– მოკლედ, რუსეთში ქართული მაფიაა, რომელიც აქტიურად მუშაობს.
– კი, ასეა.
– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავ?
– მინდა აპრილში ჩამოვიდე. სურვილი მაქვს, დასვენებასთან ერთად, ჩემი ვიზიტი საქმიანიც იყოს. არის ერთი პროექტი, რომლის გადაღებაც საქართველოში უნდა შედგეს. თან, წინა ჩამოსვლაზე ვერ მოვასწარი ყველასთან დარეკვა და მონახულება, რადგან მხოლოდ 10 დღით ვიყავი კლიპის პრეზენტაციისთვის. ვანო ჯავახიშვილმაც დამპატიჟა თავის შოუში, მაგრამ, უკვე მოვფრინავდი მეორე დღეს. მაია ასათიანის „პროფილშიც” უნდოდათ ჩემი მიწვევა, მაგრამ ვერც იქ მოვასწარი მისვლა. ასე რომ, ამ ჩამოსვლაზე, ყველას წინასწარ დავურეკავ და ყველაფერს ერთად ავინაზღაურებ.
– რა ხდება გიგას პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაში ისეთი სიმშვიდეა, როგორც არასდროს. თვითონვე მიკვირს, სიმღერებს რომ ვწერ, მუზა საიდან მოდის. დროებით გატაცებებს არ ვთვლი, რა თქმა უნდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს ისტორიები, მოკლე დროში რომ მთავრდება. პირადი ცხოვრება ისაა, როცა ნორმალური, ჩამოყალიბებული ურთიერთობა გაქვს ადამიანთან, რომელსაც ყველაფერს უძღვნი. საბედნიეროდ, მუზა არ მტოვებს და სიმღერებსაც ვწერ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. იქნებ, ერთ დღეს ძალიან შეყვარებულმა გავიღვიძო.
– მგონი უკვე დროა.
– ნამდვილად დროა. ოჯახის წევრებიც შეწუხდნენ უკვე. აი, მაგალითად, დედაჩემს რომ ვურეკავ, თან ყოველდღე, პირველი კითხვა ის არის – რა ხდება, ხომ არაფერია ახალი პირადშიო? თან, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს – საქმეები, წასვლა-წამოსვლა. შოუ-ბიზნესში რაც ხდება, შენც კარგად იცი, მით უმეტეს, აქ. სვეცკური საღამოების გარეშე აქ თითქმის არც ერთი დღე არ არსებობს. სიმართლე გითხრა, ცოტა დავიღალე ამ სვეცკურ საღამოებზე სიარულით. კარგია, როცა კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრებაც მოწესრიგებული გაქვს. კარგია, როცა გაქვს მისასვლელი იქ, სადაც ყოველთვის გელოდებიან. ეს ძალიან სასიამოვნოა.
– სიმღერებს წერ ცნობილი შემსრულებლებისთვის, თუმცა ამასობაში საკუთარი თავისთვის ვეღარ იცლი როგორც მომღერალი.
– სამწუხაროა, მაგრამ ასეა. სხვათა შორის, ძალიან ბევრ მომღერალს, რომელთანაც ვთანამშრომლობ, უპირველესად კი, ბორიას, „ა სტუდიოს” შეფს, ხშირად უკითხავს: გიგა, რატომ არ მღერი, იქნებ მეც დაგეხმარო რამეშიო. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ამ ადამიანს, უპირველესად კი ქეთას. მან იმდენი გააკეთა, რომ „ა სტუდიოც” მღერის ჩემს სიმღერებს, 2012 წელს „კაზახსტანი“ გამოვიდა ჩემი სიმღერით იურმალაში.
რაც შეეხება ჩემს სიმღერას, მართლა ყველა მეკითხება, რატომ არ ვმღერი. მგონი, უკვე დადგა ამის დრო. დროდადრო სხვადასხვა კონცერტებში მივიღებ მონაწილეობას. ალბათ, მერე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ჩემს გაფიარებასა და პროდიუსინგს მოჰკიდებს ხელს. ყველაფერი იქნება, თუ მოინდომებ. აბა, სიმღერები თუ არ ჩავწერე და რეპერტუარი არ მექნა, ისე ვინ გამაფიარებს?!
– შენი ძველი სიმღერები თუ აქვთ მანდ მოსმენილი?
– კი, როგორ არა. ერთხელ მანქანაში რადიო „ვასტოკი” ჩავრთე, რომელიც მთელ მოსკოვში ძალიან პოპულარული ტალღაა. გაკვირვებული დავრჩი, როცა რადიო „ვასტოკის” ეთერში მოვისმინე ჩემი სიმღერა – „როგორ მინდა, მოგეფერო.” იმედი მაქვს, ახალ სიმღერებს რომ ჩავწერ, უფრო აქტიურად მოვისმენ საკუთარ ხმას ეთერში. ახლახან ბოლო სიმღერა გავუგზავნე ნიკოლაი ტიმოფეევს, რომელმაც დამირეკა და ერთგვარი კომპლიმენტი მითხრა: გიგა ცოტა კი მრცხვენია, შენი ნამღერის მერე მე რომ უნდა ვიმღეროო.
– რაც დრო გადის, გიგა კვენეტაძე უფრო იმკვიდრებს ადგილს რუსულ შოუ-ბიზნესში.
– ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინაა, ძალიან ბევრი სამუშაოა. უკვე მეხუთე წელია, მოსკოვში ვარ, ისეთ წრეში ვტრიალებ და ისეთ ხალხთან მაქვს ურთიერთობა, უკვე არის იმის საშუალება, როგორც კომპოზიტორმა, სერიოზული ადგილი დავიმკვიდრო რუსულ შოუ-ბიზნესში. სოლო მომღერლის კარიერისთვისაც არის წინასწარი ძვრები. იმედია, ესეც კარგად განვითარდება. თავდაუზოგავად ვმუშაობ და ალბათ, შედეგიც არ დააყოვნებს.
– იმედია, სულ მალე საკმაოდ ძვირადღირებული კომპოზიტორის სახელსაც დაიმკვიდრებ.
– ამის იმედი მეც მაქვს, ძვრები ნამდვილად არის...