რის გაკეთება მოსთხოვა თბილისში ჩამოსულ ვინი ჯონსს ნიკა ხომასურიძემ და ვინ იქნება მსახიობი ქალი, რომელსაც ის ახლო მომავალში საქართველოში ჩამოიყვანს
ფილმ „ჯინსების თაობის“ გადაღებას, პირადად მე, მოუთმენლად ველოდები, რადგან‚ გარდა იმისა, რომ ეს თემა ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს ეხება, ფილმზე ნამდვილი პროფესიონალები იმუშავებენ – ისინი‚ ვისაც არაერთი წარმატებული პროექტი გაუკეთებიათ და ძალიან ბევრ ჯილდოს ფლობენ. როგორც ფილმმეიკერი ნიკა ხომასურიძე ამბობს, გადაღებები ახლო მომავალში აუცილებლად დაიწყება, როდესაც მთავარი გმირის, გეგა კობახიძის როლზე ერთ-ერთ, მსოფლიოში ცნობილ მსახიობთან შეთანხმებას მიაღწევენ. ასე რომ‚ წესით‚ სულ მალე თბილისში „ვარსკვლავთცვენა“ დაიწყება.
ნიკა ხომასურიძე: გუშინ ლოს-ანჯელესიდან ჩამოვედი (ინტერვიუ ჩაწერილია 11 მარტს – ავტორი), სადაც ძალიან წარმატებული შეხვედრები მქონდა აგენტებთან, მსახიობებთან. სერიოზული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და კიდევ დამატებით ჩაერთნენ საინტერესო მსახიობები. ამ კვირის განმავლობაში ვაპირებთ ფინანსური სიტუაციების „ჩაკეტვას“. 20 მარტისთვის ისევ ლოს-ანჯელესში ვბრუნდები და საბოლოო შეთანხმება უნდა დავდო ჯგუფის წევრებთან, მსახიობებთან, რეჟისორთა გილდიასთან, მსახიობთა გილდიასთან. მეც ვხდები რეჟისორთა გილდიის წევრი, ოფიციალურად ვაწერ ხელს. ეს, პირადად ჩემთვის, ძალიან კარგია. წარმოიდგინე‚ მე, რიდლი სკოტი, სტივენ სპილბერგი ერთ გილდიაში ვიქნებით – ამაზე მეტი რაღა უნდა გინდოდეს. ამის მერე‚ გილდიის გარეთ ვეღარ იმუშავებ და შენი ანაზღაურება კონკრეტულ თანხაზე დაბალი აღარ იქნება. როცა გილდიის წევრი ხარ, რომელიღაც წარმატებული სააგენტო უფრო მეტად ინტერესდება შენით და გთავაზობს თავის მომსახურებას. მოკლედ‚ მთელი ინდუსტრიაა ერთმანეთზე აწყობილი.
– ახალი მსახიობები თუ დაემატნენ? მთავარი გმირის საკითხი ბოლომდე არ იყო გარკვეული. ახლა რა ეტაპზეა ეს საკითხი?
– მთავარი გმირის როლზე ისევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ ვერ ვიტყვი სახელს, მაგრამ საკმაოდ წარმატებული და ცნობილი მსახიობია. ზოგადად‚ მსახიობების ძალიან კარგი, ძლიერი დასი გვყავს, მაგრამ მთავარ‚ ანუ‚ გეგას როლზე გვინდოდა ისეთი მსახიობი, რომელიც საუკეთესო მსახიობთა თხუთმეტეულში, ათეულში შედის. ეს‚ რა თქმა უნდა‚ ურთულესია. მაგრამ ჯობია‚ ერთი წელი არაფერი გააკეთო და დაელოდო იმ ადამიანს როდის ეცლება, რომ ეს პროექტი შედგეს, ვიდრე იჩქარო და გადაიღო. ასე, წარმატება უფრო მეტად გექნება გარანტირებული. ძალიან მაგარი პროექტია, თან‚ მით უმეტეს „არგომ“ მოიგო წელს „ოსკარი“. ბენ აფლეკი რომ გამოაკლო „არგოს“, დაახლოებით იგივეა „ჯინსების თაობაც“. ბენ აფლეკს, რომ უმატებ უკვე სხვა მასშტაბს იძენს. მიდის მოლაპარაკება, რომ დაახლოებით ბენ აფლეკის რანგის მსახიობი დავაინტერესოთ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ჯერ ერთზე ვმუშაობთ. დღეს მივიღე წერილი, რომ ის ჩვენს პროექტს განიხილავს. რომ ჩავალ, უკვე ერთმანეთს შევხვდებით. გაყიდვების აგენტებისგანაც საკმაოდ დიდი ინტერესია. თავად გამოდიან კონტაქტზე, მთხოვენ კონტრაქტი გავაფორმოთ, მაგრამ ჯერ არ მინდა. ამ ადამიანს რომ „ჩავკეტავთ“‚ მერე სულ სხვა რაღაც წავა. დებორა ანგერი ითამაშებს ნათელა მაჭავარიანის როლს, თინას როლზეც რამდენიმე ვარიანტია: რეიჩელ ჰარდ-ვუდი, ჯესიკა ბრაუნ-ფინდლი და ემი თინგარდენი. ჩვენ რეიჩელ ჰარდ-ვუდს ვანიჭებთ უპირატესობას, უკვე მოლაპარაკებულებიც ვართ, ისევე‚ როგორც ემისთან. ჯესიკა სტივენ სპილბერგის ქასთინგ-დირექტორმა შემოგვთავაზა. ბილი ზეინზთანაც ვამთავრებთ მოლაპარაკებას, კონკრეტულ დეტალებზე უნდა შევთანხმდეთ და ის „ჯინსების თაობაში“ ერთ-ერთ საინტერესო როლს შეასრულებს. ძალიან მოეწონა სცენარი. ამ წასვლაზე ისეთ დონეზე მოვხვდი, რომ თვითონაც გაოცებული ვარ. რაც მთავარია‚ ეს საქმე ისეთ შედეგს იღებს, რისკენაც აქამდე მივდიოდი. ძალიან რთული გზაა, მაგრამ ნელ-ნელა ისეთი რაღაცეები ჩნდება, იხსნება... 5 წლის წინ რომ მარცვალი ჩააგდე, იმას ახლა იმკი. გასაძლები პერიოდია და უნდა გაუძლო. ისეთ სიტუაციებში ხვდები, ისეთი ადამიანების გვერდით, რაც შენთვის წლების წინ წარმოუდგენელი იყო. ეკრანზე უყურებდი – აუ, რა მაგარია და მერე სადილზე ერთად ხვდებით. თუ სწორად მიდიხარ, უკან არ იხევ, არავის უსმენ და შენსას აკეთებ, შედეგს აუცილებლად მიიღებ. თუმცა ძალიან ძნელია. ჩემი შემდეგი პროექტი იქნება მწერალზე, რომელიც ციხის შესახებ წერს და ციხეში მოხვდება. მოკლე ფილმი უკვე გადავიღეთ და ახლა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვაპირებთ. როცა ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში ვსწავლობდი, ფილმი გვაჩვენეს, რომელსაც ჰქვია „ბნელი სამეფო“, სადაც თამაშობდა კრისტანა ლოკენი. კარგი მსახიობია, მეომარი, „ტერმინატორ 3-შიც“ თამაშობს – ტერმინატორის მოწინააღმდეგეა. როდესაც ეს ფილმი ვნახე, მაშინ „დიდგორზე“ ვმუშაობდი და ვიფიქრე: რა კარგი იქნება, ეს ქალი ჩვენს ფილმში-მეთქი. იმის მერე 4 წელი გავიდა და ახლა‚ იქ რომ ვიყავი‚ შევხვდით, ვისაუბრეთ, ძალიან უნდა, რომ ითამაშოს ჩვენს პროექტში. ის‚ რაც 4 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, ჩვეულებრივი გახდა, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი გზა მქონდა გასავლელი. დიდი სურვილი მქონდა, კრისტანას „ჯინსების თაობაშიც“ ეთამაშა, მაგრამ ისეთი ასაკი აქვს, თინასთვის უფროსია, ნათელასთვის – უმცროსი. პატარა როლს კი ვერ შევთავაზებ. აქედან გამომდინარე‚ „დიდგორში“ ითამაშებს ერთ-ერთ როლს, რომლის გადაღებასაც‚ სავარაუდოდ‚ ოქტომბერ-ნოემბერში დავიწყებთ.
– როდის დაიწყება „ჯინსების თაობის“ გადაღებები?
– ფაქტობრივად‚ მზად ვართ. აპრილის ბოლოს გვინდა, დავიწყოთ გადაღებები‚ თუ ის ადამიანი, რომელთანაც‚ როგორც უკვე გითხარი‚ გეგას როლზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თანახმა იქნება და იმ დროს ეცლება. თუმცა, როცა მოიცლის‚ მაშინ დავიწყებთ გადაღებებს და ეს რომ დასრულდება, მერე დავიწყებთ და „დიდგოზე“ ვიმუშავებთ.
– საკმაოდ გამოცდილ და სერიოზულ სტაფთან მოგიწევს მუშაობა, ვგულისხმობ გადამღებ ჯგუფს.
– ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, ესენი კი, ყველანი თავის მიმართულებით ტოპ-ათეულის ფილმმეიკერები არიან. ისეთი პროდუქტის შექმნაში გეხმარებიან, მსოფლიოს ნებისმიერ კინოდარბაზში რომ გაუშვა, კარგი იქნება და იამაყებ. სასწავლი ბევრია და ჩვენი მიზანია, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყოს. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ტოპ-ათეულის ფილმმეიკერებში აუცილებლად ვიქნები. ეს გეგმაა და განვახორციელებ. ყველაფერი მონდომების, ნებისყოფის, სწავლის, სწორად გათვლის შედეგია. ვინც ასე მოიქცევა, ყველას შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას, მარტო „მინდაზე“ არაფერი ხდება. ბევრი მაქვს სასწავლი‚ იმ დონემდე რომ მივიდე, მაგრამ აუცილებლად მივალ.
– გარდა ფილმებისა, უკვე რეკლამებზეც დაიწყე მუშაობა. ცოტა ხნის წინ ვინი ჯონსიც ჩამოიყვანე სპეციალურად ერთ-ერთ რეკლამაში გადასაღებად.
– ჩემი სურვილია, პროდუქტი‚ რაზეც ჩვენ ვმუშაობთ‚ საქართველოდან გავიდეს. ძალიან ძნელია, ქართველი ინვესტორი დააჯერო იმაში, რომ ამხელა რაღაცის გაკეთება შეგიძლია. სამწუხაროდ‚ ჩვენს ქვეყანაში კინოს არ ექცევა ყურადღება, სამაგიეროდ‚ რეკლამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამიტომ, გავხსენით სარეკლამო ბაზარზე ჩვენი მიმართულება. გვინდა, გავაკეთოთ მსოფლიო დონის პროდუქტი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად. კლიპი ჯერ არ გადამიღია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მომსახურება და ერთ-ორ წელიწადში შემეძლება, როგორც ქართულისთვის, ისე უცხოური პროდუქტისთვის შევთავაზო არჩევანი: რომელი მსახიობი ან მომღერალი, მოდელი უნდათ გადასაღებად და ისინი დავაინტერესო. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ბანკმა „კონსტანტამ“ თავისი პროდუქტისთვის „ინბოქსისთვის“ გააკეთა ეს რეკლამა. სერიოზული რამაა, აქამდე არავის გაუკეთებია. მე და ლაშა გოგუა, რომელიც „ინბოქსის“ მარკეტინგის მენეჯერი და აზრზე მოსული ადამიანია, შევთანხმდით და „ინბოქსის“ „გასამარიაჟებლად“ ჩამოვიყვანეთ ვინი ჯონსი. 5 დღის განმავლობაში ამ პროდუქტის შესახებ ყველამ გაიგო. ვინი ჯონსთან უშუალოდ მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებას და ვიცი, როგორ უნდა წავიყვანო მოლაპარაკებები. ამიტომ‚ თუ მე ვაკეთებ, ბოლომდე მე უნდა გავაკეთო, სხვას არ გავაკეთებინებ. მოკლედ ავუხსენი ყველაფერი და ფინანსურ დეტალებზეც შევთანხმდით. რა თქმა უნდა‚ იოლად არავინ არაფერზე მოდის, მაგრამ შენ ისეთი კომფორტი უნდა შეუქმნა, მოანდომო ის‚ რაც გინდა, რომ გააკეთო. ეს უნდა იცოდე. დღეს მე და ვინი ახლო მეგობრები ვართ. ძალიან მოეწონა ქვეყანა და „ჯინსების თაობაშიც“ ითამაშებს გია ტაბიძის როლს. მაისში ჩამოვა გადაღებებზე. ყოველ შაბათს სახლში აკეთებს ფართის – მსახიობები, მომღერლები, მისი მეგობრები, კინოსა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები იკრიბებიან, პოკერს თამაშობენ. მეც ვიყავი ორჯერ, საინტერესო ხალხი გავიცანი. პოკერს არ ვთამაშობ, მაგრამ ჩემი ძმაკაცი წავიყვანე, რომელიც თამაშობს. ახლა მეორე კომპანია დაინტერესდა, რომელიც ითხოვს ძალიან ცნობილ მანდილოსანს, მასთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები და რომ ჩავალ‚ დავამთავრებთ საქმეს. ზაფხულში მასაც ჩამოვიყვანთ.