რას იპარავდა სკოლაში სწავლის პერიოდში ჯეიმს ფრანკო და რომელ საჩუქარზე უთხრა მან უარი სკანდალურ ლინდსი ლოჰანს
მსოფლიოს კინოეკრანებზე გამოვიდა ახალი ბლოქბასტერი, 200 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე „ოზი: დიდებული და ძლევამოსილი,” რომელმაც კინოგაქირავების პირველ დღეებში 80 მილიონამდე დოლარის მოგება მოიტანა. ტრილოგია „ადამიანი-ობობას” შემქმნელისგან, რეჟისორ სემ რეიმისგან, დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ ამ ფილმს მაყურებლები და, როგორც ჩანს, რეჟისორმა მათი მოლოდინი გაამართლა. ფილმის მთავარი გმირის როლს ჰოლივუდის ახალი თაობის ვარსკვლავი – ჯეიმს ფრანკო ასრულებს, რომლის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ცნობებსაც დღევანდელ ნომერში მოგაწვდით:
* ჯეიმს ედვარდ ფრანკო დაიბადა 1978 წლის 19 აპრილს პალო-ალტოში, კალიფორნიაში. მისი მშობლები არიან ბეტსი ვერნე და დაგ ფრანკო. ჯეიმსს პორტუგალიური, ებრაული და შვედური ფესვები აქვს. დედა რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების შთამომავალია. ჯეიმსი უმცროს ძმებთან – ტომთან და დევიდთან ერთად იზრდებოდა.
* 1996 წელს ჯეიმს ფრანკომ პალო-ალტოს სკოლა დაამთავრა, სადაც თანაკლასელებმა „საუკეთესო ღიმილის” მქონე მოსწავლედ დაასახელეს.
* ჟურნალისტ ტერი გროსოსთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეიმს ფრანკომ აღიარა, რომ უფროს კლასებში სწავლის პერიოდში პოლიციამ წვრილმანი ქურდობისთვის დააკავა – ფრანკო მეგობრებთან ერთად ოდეკოლონებს იპარავდა და სკოლაში ყიდდა.
* სამსახიობო ოსტატობას ჯეიმს ფრანკო ივანა ჩაბაკასთან ეუფლებოდა, რომლის მოსწავლეებიც სხვადასხვა დროს იყვნენ: შარლიზ ტერონი, ჰელი ბერი, კერი-ენ მოსი, ჯონ ვოიტი და ელიზაბეთ შუ.
* პირველი მთავარი როლი ჯეიმს ფრანკომ შეასრულა 2000 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმში – „ნებისმიერ ფასად.” ახალგაზრდულ კომედიაში ჯეიმსის პარტნიორი იყო მისი ყოფილი გერლფრენდი მარლა სოკოლოფი.
* ჯეიმს ფრანკო კომპანია „გუჩის” პარფიუმის სახეა – „გუჩი ბაი გუჩი პოურ ჰომე”.
* ჯეიმსის ოცნებაა, ბავშვებისთვის წიგნების წერა დაიწყოს.
* ჟურნალმა „ფიფლმა” ჯეიმს ფრანკო მსოფლიო კინოს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მსახიობად დაასახელა, თუმცა, შეეშალა მისი ნამდვილი სიმაღლე – 180 სანტიმეტრის ნაცვლად, 167 სანტიმეტრი დაუწერა და ყველაზე დაბალ მსახიობებში გაიყვანა.
* როდესაც ჯეიმს ფრანკოს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რის გამო აირჩია მსახიობის პროფესია, მან უპასუხა: „არ მიფიქრია ამაზე, უბრალოდ, ჩემს ოთახში გაკრული მქონდა გოგოების პოსტერები და, სურვილი გამიჩნდა, რომ მათ ჩემი პოსტერები ჰქონოდათ გაკრული”.
* ჯეიმს ფრანკოსთვის ყველაზე მიუღებელია გადასაღებ მოედანზე მოუმზადებელი მისვლა. ადამიანებში ის პროფესიონალიზმს აფასებს.
* კინოკრიტიკოსები ჯეიმს ფრანკოს „ახალ ჯეიმს დინს“ უწოდებენ.
* 2007 წელს ჯეიმს ფრანკოს სარეჟისორო დებიუტი შედგა ფილმით – „მხიარული მაქსი“.
* ფრანკოს საყვარელი გატაცება ღამის ქალაქში ავტომობილით მაღალი სიჩქარით სიარულია.
* კარიერის დასაწყისში ჯეიმს ფრანკო „მაკდონალდსის” რესტორანში მუშაობდა სალაროსთან.
* თავდაპირველად ჯეიმს ფრანკო კრისტოფერ ნოლანის მიერ განიხილებოდა ერთ-ერთ მთავარ როლზე ფილმში „დასაწყისი”, თუმცა, გახმაურებულ ბლოკბასტერში ფრანკოსთვის განკუთვნილი როლი ჯოზეფ გორდონ-ლევიტმა შეასრულა.
* ჟურნალ „ქენდისთვის” მოწყობილ ფოტო-სესიაში ჯეიმს ფრანკომ ტრანსვესტიტის ფორმაში იპოზიორა.
* „ესკადრილია ლაფაიეტის” გადაღების პერიოდში ჯეიმს ფრანკო პროფესიულ დონეზე დაეუფლა სამხედრო თვითმფრინავის მართვას და პილოტის მოწმობა მიიღო.
* თავდაპირველად ჯეიმს ფრანკო პიტერ პარკერის „ადამიანი-ობობას” როლზე განიხილებოდა, თუმცა, მოგვიანებით რეჟისორმა სემ რეიმ მთავარ როლზე ტობი მაგუაიერი დაამტკიცა, ხოლო ფრანკოს მეორე მთავარი პერსონაჟის – ჰარი ოსბორნის როლის შესრულება მოუწია ტრილოგიაში.
* ჯეიმს ფრანკო ფერწერის კურსებზე დადიოდა და „ადამიანი-ობობას” მესამე ნაწილში, ერთ-ერთ კადრში, იგი თავად ხატავს.
* 2008 წელს ჯეიმს ფრანკომ ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი მიიღო ინგლისურ ენაში. სადიპლომო ნაშრომი მან მწერალ მონა ფილიპსის ხელმძღვანელობით დაწერა. მოგვიანებით ჯეიმსმა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ინგლისური ლიტერატურის მაგისტრის წოდება მიიღო. ამჟამად ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ფილმების წარმოების ფაკულტეტზე სწავლობს.
* ბავშვობაში ჯეიმს ფრანკოს თავისი არასწორი კბილების რცხვენოდა.
* 2008 წელს ჯეიმს ფრანკომ ნარკოდილერის როლი შეასრულა კომედიაში „ანანასის ექსპრესი”. ფილმის გამოსვლის შემდეგ ფრანკოს ქუჩაში უცნობები აჩერებდნენ და მათთვის მარიხუანის მიყიდვას ითხოვდნენ.
* ჯეიმს ფრანკო, ენ ჰეთუეისთან ერთად, „ოსკარების” 2011 წლის დაჯილდოების წამყვანი იყო.
* გას ვან სენტის ბიოგრაფიულ ფილმში – „მილკი,” შონ პენის პერსონაჟის, ჰარვი მილკის საყვარლის, სკოტ სმიტის როლის შესრულებისთვის, ჯეიმს ფრანკო კინოჯილდოს – „დამოუკიდებელი სულის” მფლობელი გახდა.
* ფილმ „127 საათის” გადაღებების დაწყებამდე ჯეიმს ფრანკო თავისი გმირის რეალური პროტოტიპის – ალპინისტ არონ როლსტონის პირადი ჩანაწერების დიდ არქივს გაეცნო. ფილმში ფრანკომ კანიონებს შორის გაჭედილი ახალგაზრდა განასახიერა, რომელსაც, სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, საკუთარი ხელის ბლაგვი დანით ამპუტირება მოუხდა.
* ერთი პერიოდი ცნობილ ჰოლივუდელ ლამაზმანს, სკანდალებით განთქმულ ლინდსი ლოჰანს, ჯეიმს ფრანკოსთან რომანის გაბმა სურდა და გაცნობის მიზნით მისთვის ძვირად ღირებული საათის ჩუქება გადაწყვიტა, რაზეც მსახიობისგან თავაზიანი უარი მიიღო.
* ჯეიმს ფრანკოს გატაცებებია: ფერწერა, ფსიქოლოგია, ფრანგული ენა, ინგლისური ლიტერატურა.
* ცნობილია, რომ ჯეიმს ფრანკოს არ უყვარს საწოლში ძილი – ის დივანზე იძინებს ლეპტოპით ხელში, რომელიც სპეციალურად აქვს შეფუთული, რომ არ გატყდეს, რადგან, ჩაძინების მომენტში ხელიდან უვარდება.
* 2013 წელს კინოეკრანებზე ჯეიმს ფრანკოს მორიგი სარეჟიროსო ნამუშევარი „ღვთის შვილი” გამოვა. ესაა ფსიქოლოგიური დრამა, რომელშიც ფრანკო თავად ასრულებს მთავარ როლს.
* ფილმისთვის – „ოზი: დიდებული და ძლევამოსილი” – ფრანკოს რამდენიმე ფოკუსის შესრულების შესწავლა მოუწია. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ, ფრანკომ ცილინდრიდან ბაჭიებისა და მტრედების ამოყვანა, ნივთების ლავირება და სხვა ელემენტარული ფოკუსები ისწავლა.
* 2006 წლიდან 2011 წლამდე ჯეიმსი მსახიობ ანა რაილის ხვდებოდა, ამჟამად ის მსახიობ ეშლი ბენსონს ხვდება.