მახათების ძიებაში
ჯერჯერობით ჩვენი და ევროპის ყველაზე მჭიდრო დაახლოება სატელეფონო კოდებშია ასახული. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, თუმცა, მაინც ვთქვით უარი საბჭოურ კოდებზე და სატელეფონო ნომრებიც 7-ციფრიანი გავხადეთ (და მერე რა, რომ აბონენტთა რაოდენობა მაინცდამაინც ხელს არ გვიწყობდა, თუ გული ევროპულად გულობს, 6-ციფრიანიც 7-ციფრიანი გახდება).
ამ ნოვატორული ნაბიჯების რიგშია მობილური ოპერატორებისთვის ციფრ 8-იანის 5-იანით ჩანაცვლება, რასაც, როგორც იქნა, შეეჩვივნენ ქართველი აბონენტები.
მეტიც, ის-ის იყო, თავი სამშვიდობოს დაიგულეს, ხალხის რჩეულმა კობა დავითაშვილმა გვაცნობა, რომ „ქართული ოცნება” სატელეფონო ინდექს 5-ის შეცვლას გეგმავს, რა თქმა უნდა, იმთავითვე ამოცნობილი მოტივით: ციფრ 5-ს „ნაცმოძრაობის” რეკლამირების ფუნქცია აქვსო.
ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, გაიზიარებს თუ არა თანაგუნდელის ინიციატივას კოალიცია (კობა დავითაშვილი: „ყოველდღიურად „ნაცმოძრაობის” პარტიული ნომრის აკრეფით გვიწევს სატელეფონო ზარების განხორციელება. აუცილებლად დავაყენებ ინიციატივას სატელეფონო ინდექს 5-ის შეცვლისა და 8-იანის დაბრუნების შესახებ“), მაგრამ, იმის ეჭვი კი ჩნდება, რომ, ზოგ-ზოგიერთი მახათების ძიებაშია.