„შენ ზემოთა ხარ, მე – ქვემოთ“
„ოდნავ გადაიხარეს“ მონატრება
შესაძლოა, იმიტომ, რომ მცირე ქვეყნის კომპლექსი გვაქვს, ან, სულაც, იმის გამო, რომ „უმცროსი ძმის“ როლს დიდხანს ვასრულებდით, თუ გულზე ხელს დავიდებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთთან ჩვენს აქამომდელ ურთიერთობას „უფროსი ძმისადმი“ მოკრძალებაც ახლდა. თუმცა, გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრ ევროპარლამენტარებს (23 ერთეულ პატიოსან გვამს) წერილი მისწერა და, არც მეტი, არც ნაკლები, სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებზე ხელმოწერისგან თავის შეკავება ურჩია.
მოვიხმობ ციტატას: „სინამდვილეში, ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა „მუმიები“, „ჩასარეცხები“, „კრემლის აგენტები“, „გასანადგურებელი კლასი“, „სახელმწიფოს მტრები“ და სხვა? ურჩი პარლამენტის წევრების სასიკვდილოდ გამეტებით სააკაშვილი ევროპისკენ მიმავალ კარს ფართოდ აღებდა და ამ საქმეების გამოძიების დაწყებით ახალი მთავრობა ამ კარებს ხურავს?“
მოკლედ რომ ვთქვა, ბ-ნი უსუფაშვილი ასკვნის: „თუ ესაა დემოკრატიის თქვენეული სტანდარტები და ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ ევროპაზე გვესაუბრებით, ჩვენ ასეთ ევროპას ნამდვილად არ ვიცნობთ და არც ასეთი ევროპისკენ მივდივართ“.
ჯერჯერობით უცნობია, რა დასკვნას გამოიტანენ ევროპარლამენტარები ზემოხსენებული ეპისტოლედან, თუმცა, ჩვენებური უმცირესობა უმრავლესობას შენიშვნას აძლევს და მოძღვრავს, რომ ევროპას ასეთი ტონით არ ელაპარაკებიან. ვითომ, მხოლოდ ოდნავ გადახრილი პოზაა ჩვენთვის მოსახერხებელი, ზედაც – ოპტიმალური?!