რატომ ვერ მოახერხა საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ საბჭოთა ანაბრების ნაწილობრივ ანაზღაურებაც კი, ვინ მიითვისა ქართველი მეანაბრეების ფული და რატომ არ არის დაბრუნებული 90-იან წლებში გაცემული კრედიტების 85 პროცენტი
მართალია, სსრკ 20-ზე მეტი წლის წინათ დაიშალა, თუმცა კვლავაც გაურკვეველია საბჭოთა ანაბრების ბედი, რომლებსაც საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის საქართველოს მოქალაქეები შავი დღისთვის აგროვებდნენ და, თუმცა არაერთი შავი დღე გავიარეთ, ნაგროვები თანხით ვერავინ ისარგებლა. უფრო მეტიც, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, უკვე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში იმჟამინდელმა მთავრობამ მოსახლეობას მიმართა და დააიმედა, რომ, თუკი ბანკებს ანდობდნენ თავიანთ დანაზოგებს, თანხა გაუორმაგდებოდათ. ამ მახეში თითქმის სრულიად საქართველოს მოსახლეობა უპრობლემოდ გაება (უპრობლემოდ, რადგან მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ საბაზრო ურთიერთობებსა და აქედან გამომდინარე, ველურ შედეგებზე). გულუბრყვილო მოსახლეობამ, ნაცვლად იმისა, რომ ბანკში არსებული ანაბრები უკან გამოეტანა, ჯიბეები მოიჩხრიკა და დარჩენილი თანხაც, გაორმაგების იმედით, ბანკს ანდო. საბოლოოდ, მანეთი, არათუ გაუფასურდა, ჩაილურის წყალი დალია და საქართველოს მეანაბრეები უბრალოდ გაკოტრდნენ.
ამის პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა კრედიტების გაცემა მანეთებში დაიწყო, დაბრუნებით კი კუპონებში დაიბრუნა, რამაც მავანთ ყოველგვარი რისკის გარეშე იოლად გამდიდრების საშუალება მისცა. მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, დემურ დვალიშვილის, თვითმკვლელობას (თენგიზ სიგუას ვერსიით, მკვლელობას) სწორედ ამ ავადსახსენებელ და ბუნდოვან კრედიტებს უკავშირებს.
საქართველოს მოქალაქეებს კვლავაც აქვთ ანაბრების დაბრუნების იმედი (აქვე გეტყვით, რომ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში მეტ-ნაკლებად მოგვარებულია ეს პრობლემა), რამდენად რეალურია ეს მოლოდინი და ვის ჯიბეებში დაილექა საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების მიერ წლობით ნაგროვები თანხები, – თემას თენგიზ სიგუასთან ერთად განვიხილავთ.
– ბატონო თენგიზ, რა თანხაზე იყო საუბარი, იმ დროისთვის ანაბრების სახით, რა ოდენობის ფული ირიცხებოდა ბანკში?
– ლაპარაკი იყო 700 მილიარდ მანეთზე.
– დაახლოებით, რა თანხა გამოდის დოლარებში?
– საბჭოთა კავშირის დროს სასაცილო შეფარდება იყო მანეთისა დოლართან: ერთი დოლარი 63 კაპიკი, თუმცა, რეალურად, ერთი დოლარი სამი მანეთი ღირდა. იმ 700 მილიარდიდან ბოლოს 500 მილიარდი დარჩა, რადგან 1992 წელს ჩვენ გამოვეცით მთავრობის დადგენილება და შევთავაზეთ მოსახლეობას, რომ ანაბრებზე არსებული თანხებით შეესყიდათ მცირე ობიექტები, საპარიკმახეროები, პატარა მაღაზიები. ნაწილი ასეც მოიქცა და ამიტომაც შემცირდა ეს თანხა 500 მილიარდამდე. ფულად ვერ მიიღებდნენ ამ თანხას ბანკებიდან, იმიტომ რომ რუსეთმა შეგვიწყვიტა თანხების გადმორიცხვა.
– ანუ ანაბრებზე არსებული თანხის გამოტანა შეუძლებელი იყო?
– დიახ, მაგრამ იმ დადგენილებაში, რომელსაც მე ვაწერ ხელს, წერია, უფლება აქვთ, გამოიყენონ ეს თანხები პრივატიზაციაში.
– ამ თანხაში იგულისხმება ის გაორმაგებაც, რასაც მაშინ დაჰპირდით იმ მეანაბრეებს, რომლებიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში ისევ შეიტანდნენ თანხას ბანკში?
– დიახ, მე ასე მახსოვს. საბოლოოდ, სახელმწიფოს მეანაბრეების ვალი 500 მილიარდი მანეთი აქვს.
– როგორც ვიცი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ანაბრების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც?
– მაგალითად, რუსეთმა ანაბრების გაცემა 2000 წელს დაიწყო და ყველა მეანაბრეს მისცა თანხის 30 პროცენტი. შევარდნაძემაც მიიღო 2000 წელს დადგენილება, მგონი, ანაბრების თანხის 8 პროცენტის გაცემაზე იყო საუბარი. ასევე, ნაწილობრივ, გასცეს ანაბრების თანხები აზერბაიჯანში, სომხეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მაქსიმალური გაცემა იყო ანაბრის 30-35 პროცენტი.
ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ: იმავე დადგენილებაში ეწერა ისიც, რომ ანაბრებზე რიცხული თანხა 50 პროცენტით გაიზრდებოდა და გაცემა დაიწყებოდა წელიწად-ნახევრის შემდეგ, ანუ 1994 წელს.
– თქვით, რომ ფულის ერთეულები არ გქონდათ და ამიტომ მეანაბრეებს 1992 წელს არ შეეძლოთ ბანკიდან თანხის გამოტანა, 1994 წელს ფული საიდან გაჩნდებოდა?
– ეროვნულ ბანკს უნდა დაგროვებოდა ეს თანხა, კრედიტების გაცემა რომ არ დაეწყო. ეროვნულ ბანკს პარლამენტმა დაუწესა კრედიტების გაცემის ზღვრული მაჩვენებელი – წელიწადში 170 მილიარდი მანეთი, ეროვნულმა ბანკმა კი 470 მილიარდის კრედიტები გასცა. ბუნებრივია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ოდენობის თანხას თვითნებურად ვერ გასცემდა, ეს ყველაფერი შევარდნაძის ხელდასმით კეთდებოდა. აი, იმ ფულით, რაც კრედიტებზე გაიცა, იყო დაგეგმილი ანაბრების გასტუმრება. მეორე წყარო იყო საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის მიღება: გახსოვთ ეგრეთ წოდებული ნულოვანი ვარიანტი, როდესაც საქართველომ უარი თქვა საბჭოთა კავშირიდან წილის მიღებაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ერგებოდა წილი საბჭოთა კავშირის ქონებიდან – ეს იყო საერთო ქონების 1,62 პროცენტი. უზარმაზარი თანხა, მილიარდ დოლარამდე ადიოდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შევარდნაძემ ამაზე უარი თქვა.
– მახსოვს, მაშინ ზურაბ ნოღაიდელი იყო ფინანსთა მინისტრი და ის აქტიურად უჭერდა მხარს ამ ნულოვან ვარიანტს.
– დიახ. ნოღაიდელს დაავალეს ამის გაკეთება, არადა, უკრაინამ უდიდესი ხეირი ნახა ამ საქმით.
– მაშინ მოტივად დასახელდა ის, რომ, თუკი ჩვენს წილს მოვითხოვდით, იძულებული ვიქნებოდით, რომ საბჭოთა კავშირის ვალიც გაგვენაწილებინა და თითქოს ეს ვალი შემოსავალს აღემატებოდა.
– მხოლოდ უცხოეთში საბჭოთა კავშირს 260 მილიარდი დოლარის ქონება ჰქონდა, რასაც მალავდა რუსეთი. მაგრამ მე, უკრაინელების დახმარებით, მოვახერხე ამის დადგენა. ჩვენ და უკრაინამ დავთქვით, რომ ერთად ვიმუშავებდით და დავადგინეთ, რომ საბჭოთა კავშირის ქონება უცხოეთში შეადგენდა 260 მილიარდ დოლარს საელჩოების სახით, ასევე, „აეროფლოტის“ და საბჭოთა კავშირის საზღვაო ძალების წარმომადგენლობების სახით. ამას გარდა, არსებობდა საბჭოთა კავშირის ალმასისა და ოქროს ფონდი, რუსეთის კი არა, საბჭოთა კავშირის. იქიდანაც უზარმაზარი თანხა გვერგებოდა, ამიტომ ნულოვანი ვარიანტი იყო სისულელე. აი, ამ ფულით უნდა გასტუმრებულიყო მეანაბრეთა დავალიანება და ქვეყანას დღეს არანაირი ვალი არ ექნებოდა ანაბრების სახით, მაგრამ შევარდნაძემ ეროვნულ ბანკს კრედიტებად გააცემინა უდიდესი ოდენობის თანხები, მეანაბრეების ხარჯზე გაამდიდრა ხალხი.
– რუსეთი ფულის ერთეულებს აღარ გვიგზავნიდაო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა გასული საუკუნის 90-იან წლებში გასცა 470 მილიარდი მანეთის კრედიტები. ეს ფული საიდან მოვიდა?
– ანაბრების გაცემა უნდა დაგვეწყო 1994 წლიდან და ველოდით თანხების დაგროვებას, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს ანაბრების გაცემა დაეწყო, დეპუტატების შუამავლობით კონკრეტულ ფირმებზე გასცა კრედიტები. ამიტომ უნდა მოჰკიდონ ხელი პროკურორ ბაბილაშვილს, რომელმაც შევარდნაძის დავალებით დამალა ეროვნული ბანკის იმდროინდელი პრეზიდენტის, დვალიშვილის ჟურნალი და ჰკითხონ, სად არის ის ჟურნალი. ხომ ცოცხალია ბაბილაშვილი?! მან ეს ჟურნალი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე ღიად განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ ბატონმა მიქელაძემ. პარლამენტში შეიქმნა კიდეც ამ საკითხის გამოსაძიებლად კომისია, რომელსაც ბატონი მიმინოშვილი თავმჯდომარეობდა. ორ წელს იბრძოდა, მაგრამ ვერ მიაღწია ამ ჟურნალის ამოღებას, რადგან ის შევარდნაძის დავალებით დამალა პროკურორმა ბაბილაშვილმა. ეს ჟურნალი თავდაპირველად ხელში ჩაიგდო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საიდანაც წაიღო პროკურატურამ და მას შემდეგ ის არავის უნახავს. იმ ჟურნალში მოცემულია, თუ პარლამენტის რომელი წევრის თხოვნით გაიცა ამა თუ იმ ფირმაზე კრედიტი. საწყალ დვალიშვილს ყველაფერი ჰქონდა ჩაწერილი იმ ჟურნალში.
– რამდენადაც ვიცი, არსებობს იმ ფირმების ჩამონათვალი, რომლებმაც მაშინ ეროვნული ბანკისგან მიიღეს კრედიტები.
– ეს ჩამონათვალი არსებობს, მაგრამ სინტერესოა, კონკრეტულად ვინ მიდიოდა დემურ დვალიშვილთან და რატომ აძლევდა იმ ფირმებს დვალიშვილი კრედიტებს. საქმე ის არის, რომ ამით შევარდნაძემ გასვარა დეპუტატები, გამოიჭირა და რაზეც უნდოდა, აწერინებდა ხელს. ეს საკითხი განიხილებოდა პარლამენტის სხდომებზე. იმდროინდელ პრესაშიც არის გამოქვეყნებული, როდესაც მე გამოვდივარ პარლამენტის სხდომაზე და ვამბობ, თქვენ ღუპავთ-მეთქი ქვეყანას, შევარდნაძე კი აცხადებს, სწორ პოლიტიკას ატარებს ეროვნული ბანკიო. ბოლოს, როდესაც თანამდებობიდან გადააყენა დვალიშვილი, ერთი კვირის შემდეგ თავის საკვირაო რადიო-გამოსვლაში თქვა, გვეგონა, კარგ საქმეს აკეთებდა და თურმე, ღუპავდა ქვეყანასო. ხელი შეახოცა დვალიშვილს, რომელიც თვითონ აკეთებინებდა ამ ბინძურ საქმეს. წარმოუდგენელია, რომ დვალიშვილს თავისით გაეცა 470 მილიარდის კრედიტი. ხომ გახსოვთ ის აფერა 103 მილიარდთან დაკავშირებით?!
– დიახ, როდესაც 1993 წლის მარტში ფირმა „თრიალეთმა“, „მწვანეთა მოძრაობის“ მიერ შექმნილმა, მიმართა ეროვნულ ბანკს 103 მილიარდი მანეთის კრედიტის გაცემის თხოვნით. ეროვნულმა ბანკმა კი „აგრობანკს“ დააწერა ამ კრედიტის გაცემა, თან ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.
– 103 მილიარდი ქვეყნის ნახევარი ბიუჯეტი იყო. არადა, მაშინ ფულის გადარიცხვას ვერ ვახერხებდით. მაგალითად, განათლების სამინისტრომ მოსკოვში შეუკვეთა დიპლომებისა და ატესტატების დაბეჭდვა და ეს სულ 8 მილიონი მანეთი დაჯდა. მაგრამ თანხა ვერ გადავრიცხეთ. თუმცა ჩვენ ის 103 მილიარდის აფერაც ჩავშალეთ. ჩემთან მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მითხრეს, მოსკოვიდან მიიღეს ტელეფონოგრამა, რომელშიც ეწერა, რომ მოსკოვის ცენტრალურ ბანკში გამოცხადდა ორი აფერისტი: სათვალიანი ჰომოსექსუალი და მოსკოველი მეძავი, რომლებსაც ჰქონდათ საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 103 მილიარდი დოლარის ყალბი ავიზო. მათ ეგონათ, რომ ავიზო ყალბი იყო. მეც იმავეს ვფიქრობდი, მაგრამ დემურ დვალიშვილმა დაადასტურა, რომ ავიზო ნამდვილი იყო. ერთი სიტყვით, ის აფერა ჩავშალეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით.
– როგორც ცნობილია, ვინც მანეთებში აიღო კრედიტები, დააბრუნა კუპონებში, ანუ ფაქტობრივად, მუქთად შერჩა აღებული თანხა.
– მათ ამ კრედიტებით საქართველოში იყიდეს საქონელი: ჩაი, ღვინო, ციტრუსები და ასე შემდეგ, გაიტანეს რუსეთში, გაყიდეს იქ, შეიძინეს დოლარები და თავიანთ სახელზე მოათავსეს დასავლეთის ბანკებში. გაიმდიდრეს ჯიბეები და მოსპეს საქართველო. აი, ეს არის ამ კრედიტების შედეგი. სხვათა შორის, ნახსენები 103 მილიარდი საერთოდ უპროცენტოდაა გაცემული, ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნებისმიერი ბანკირი სიცილით მოკვდება. აი, ასეთ ბავშვურ თამაშებს თამაშობდნენ.
– კრიმინალურს, რაღა ბავშვურს.
– შემდეგ შავიშვილმა, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ შეისწავლა ეს საკითხი და დაადგინა, რომ ამ გაცემული თანხის 83 პროცენტი არ შემოსულა საქართველოში. ყველაფერი წავიდა კერძო ფირმების ანგარიშებზე. ეს იყო სუფთა მოპარული ფული, თანხის ნაწილს, როგორც შუამავალს, ჯიბეში უდებდნენ იმ პარლამენტარებს, რომლებიც ეხმარებოდნენ კრედიტების აღებაში.
– სამართლებრივად არის შესაძლებელი, რომ იმ ფირმებს დააბრუნებინონ კრედიტები?
– ამიტომაც ვამბობ, გამოძიება უნდა დაიწყონ ბაბილაშვილისგან, რომ გაარკვიონ, სად არის ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის ჟურნალი. იქ წერია ყველაფერი. სხვათა შორის, დვალიშვილი ბოლოს ძალიან წუხდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარების წინა დღეს დამირეკა, მიბარებენ, მივალ და მთელ სიმართლეს ვიტყვიო. არ დაიჯეროთ, რომ მან თავი მოიკლა, ის მოკლულია. თუ ვინმეს ჰკითხავთ, ვინც მას იცნობდა, ყველას გაეცინება იმაზე, რომ დვალიშვილი რევოლვერით დადიოდა. მას, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ერგებოდა იარაღი და როდესაც დაინიშნა, მილიციის მაიორმა, რომელმაც იარაღი მიუტანა, მითხრა, ხელი არც მოკიდა, გამოაღო სეიფი – აქ ჩადეთო. როდესაც მოხსნეს, მაშინ გამოიტანა თავისი ხელით, იარაღი ჯიბეში არ ჰქონია. გარდა ამისა, პოლიციაში რომ მიდის ადამიანი, მას ამოწმებენ, იარაღით ვინ შეგიშვებს?!
– გავახსენოთ მკითხველს, რა ვითარებაში დაიღუპა დემურ დვალიშვილი.
– როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, გამოცხადდა. წაუყენეს ბრალდება და დვალიშვილმა თქვა, რომ ასრულებდა შევარდნაძის დავალებას. ჩემთან მოდიოდნენ დეპუტატები და ამა და ამ ფირმებზე მთხოვდნენ კრედიტების გაცემას. მე მათ, შევარდნაძის დავალებით, ვაძლევდი კრედიტებსო. ალიბი რომ მქონოდა, მდივანს ყველაფერს ვაწერინებდი ჟურნალში. ის ჟურნალი ახლაც მასთან არის, დაურეკეთ, მოიტანოს ის ჟურნალიო. მართლაც, დაურეკეს ამ ქალბატონს. შემდეგ ის ამის შესახებ წერდა: შემეშინდა, ამიტომ დავურეკე ჩემს ვაჟიშვილს. ის წამყვა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჟურნალი მივიტანე იმ პროკურორთან, სადაც დვალიშვილი იჯდაო. იმ ჟურნალის ბედი დღემდე უცნობია, დვალიშვილმა კი ვითომ თავი მოიკლა.
– დაკითხვის შემდეგ?
– შუალედში, დერეფანში იყო გამოსული და ვითომ იქ მოიკლა თავი. ეს ტყუილია.
ამდენად, ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული, რატომ დანიშნა შევარდნაძემ დვალიშვილი, სად არის ის ჟურნალი, პარლამენტის რომელი წევრები იღებდნენ მონაწილეობას კრედიტების გაცემაში. ძალიან ბევრი მილიონერი გაჩნდა მაშინ საქართველოში.