„კალიასკიანი“ ინსპექტორი და მასპინძელთან დაბრუნებული სტუმარი
არა, ძმაო, ქუთაისს ვერ ვშორდები. ნურც დამაშოროს ღმერთმა ჩემს სავარდო და სამაისო ქალაქს. ეს ამბავი სტუდენტობის ბრწყინვალე ხანაში მოხდა.
ჩემმა მეგობრებმა – გოჩა შალამბერიძემ და თემურ ბოჭორიშვილმა სახლში დამპატიჟეს. გაიშალა სუფრა, მაგრამ რა სუფრა, თვითონაც მიხვდებით.
ის დღე ხომ სულ, რომ იტყვიან, „გლანდებში კოცნით“ ვიქეიფეთ. მეორეც არ გახლდათ პირველზე ნაკლები.
თემური მიძახეთ თქვენ და მართლა „ლენგი“ არ გეგონოთ, გადავიღალე ამდენი ღრეობით, ბატონო.
მესამე დღეს სუფრის და ღვინის დანახვა აღარ მინდა. თბილისში წასვლა ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ, რა ვქნა... „გარეთ გავლა“ მოვიმიზეზე და გაბრუებული ჭუკივით გამოვედი ეზოში, ეზოდან – ქუჩაში... მთავარია, აეროპორტამდე მივიდე. ერთი მანქანა რაა, ისიც კი არ ჩანს (კვირა იყო და ყველა თავისას უბერავდა, ალბათ).
ბედმა სულ მთლად არ გამწირა. ინსპექტორის „კალიასკიანი“ მოტოციკლეტი მოხრიგინობს და უკან ამოუცნობი ფერის ბოლს ტოვებს. გადავუდექი წინ. გაჩერდა.
– რა გაგჭირვებია, ახალგაზრდავ? – მეკითხება ინსპექტორი.
– ინსპექტორო ბიძია, ღმერთი შეგეწევა... აეროპორტში მიმიყვანე, რა!
– დაჯექი, შე კაცო, მაგაზე გეტყვი ვარს? (ქუთაისში სტუმარს ვინ გააწბილებს). მოვყუჩდი „კალიასკაში.“ დავიძარით. მივდივართ, მივდივართ...
– საიდან მოდიხარ, ბიძიკო? – გადმოიხარა ინსპექტორი და ყურში ჩამძახა.
– ძმაკაცების ოჯახში ვიყავი აგერ.
– რომლის, ბიძიკო?
– გოჩაიას და... კიდო თემურია ბოჭორიშვილის.
– აა, იგი როა, ხომ? – თემურია რა და გოჩა რო ჰქვია?
– კი.
– აგაშენა ღმერთმა... მოუმატა სიჩქარეს... კარგა თხუთმეტი წუთი დავრბოდით ქუჩა-ქუჩა. ბოლოს გააჩერა ჭიშკართან, გადავალ ცოტა ხანს, შენ აქ მომიცადეო. სხვა რა გზა იყო. ჩავთვლიმე.
ხორხოცმა შემაღვიძა. გაიღო ჭიშკარი და რას ვხედავ... სუფრა დგას ეზოში.
– ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! – ყვირის ჩემი მასპინძელი და განსხვავებული მაჯახა. თურმე, საიდანაც გამოვიქეცი, იქ არ მივუყვანივარ?! (ასეთი „ღალატი“ ქუთაისში სულ ხდება).
სიცილი... ჟივილ-ხივილი...
– ისე, თქვენი ბრალიცაა, – აროხროხდა ინსპექტორი „ბიძიკონა“, კაცი რო სუფრიდან გაგეპარება, ან მასპინძელი არ ვარგიხარ, ან თამადა.
– ვაიმეე! – ვთქვი და გული რომ არ წამსვლოდა, გალიცლიცებული ღვინიანი თასი მაჯახეს.
მაინც მიყვარხარ, ჩემო ქუთაისო!
რადიო-ტელევიზიის სპორტული კომენტატორის, თემურ ჯაფარიძის ნაამბობის მიხედვით