“რჩეულნი„ – თანამედროვე ზღაპარი თინეიჯერებისთვის
წიგნის სახლ „ბახტრიონში” მწერალ მაია ბუიღლიშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ქალბატონმა მაიამ წიგნის პრეზენტაცია საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია, შესაბამისად, პრეზენტაციაზე შეკრებილი სტუმრები მას იუბილეს და ახალ, რიგით მესამე წიგნს ერთად ულოცავდნენ. მაია ბუიღლიშვილი არის ავტორი წიგნებისა „იისფერ ფიფქთა მოზაიკა” და „არაბესკები”. „რჩეულნი” განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებია, ეს არის ფანტასტიკურ-შემეცნებითი, თანამედროვე, ნოველისტური ზღაპარი, იდეით, თემატიკით, სიუჟეტით, ეროვნული კოლორიტით დაკავშირებული რეალობასთან. თანამედროვე ზღაპარი მკითხველს უნერგავს იმედსა და სულიერ სიმტკიცეს, ხალისსა და ენერგიას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ბოლოს კი გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი, რომელზეც ზღაპრის პერსონაჟები იყვნენ გამოსახულნი. ვულოცავთ ქალბატონ მაიას იუბილეს, წელთა და წიგნთა სიმრავლეს ვუსურვებთ!