“ქიფ სმილინგ„ ანუ გაიღიმეთ„ – რუსუდან ჭყონიას ფილმი უკვე კინოთეატრებში
რუსუდან ჭყონიას სადებიუტო ფილმზე „ქიფ სმილინგ” ანუ გაიღიმეთ” 7 მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ. ნიუ-იორკის კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, რეჟისორი დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობდა, „ქიფ სმილინგ” ანუ გაიღიმეთ” კი მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელმაც უკვე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო პრესტიჟულ კინოფესტივალებზე. სწორედ ეს ფილმი იყო გაგზავნილი „ოსკარზე” საქართველოდან. ფილმი ეხება მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ბინასა და ოცდახუთი ათას დოლარს იღებს. გადაღებების ძირითადი ნაწილი ერთ ლოკაციაში მიმდინარეობდა, რაც ფილმს განსაკუთრებულ ვიზუალს აძლევს. მასზე მუშაობა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისი მთავარი მიზეზიც საჭირო ფინანსების მოძიება იყო. ფილმში მონაწილეობენ: ნანა შონია, თამარ ბუხნიკაშვილი, ოლიკო ბაბლუანი, ია სუხიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, თამრი ბზიავა, გია როინიშვილი, ბექა ელბაქიძე და სხვები. ფილმს საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად A კლასის ფესტივალებზე, ვენეციის კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ მან უამრავი ფესტივალი მოიარა. მონრეალში აღებული სპეციალური პრიზის შემდეგ კი, სცენარისტი და რეჟისორი რუსუდან ჭყონია ჟენევაში გაემგზავრა.