კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-10(636) 

– ეს რა არის? – ცივი ხმით წარმოთქვა ზურაბმა.

– ნანა სირაძის აღიარება, – უპასუხა ფიფიამ, – რას იტყვი, ხომ მაგარია?

– ძალიან... და ამის სისხლის სამართლის საქმეში ჩადებას აპირებ? – ჰკითხა ზურაბმა.

– მთლიანად არ გამოდგება, მხოლოდ ჩემთვის საინტერესო მონაკვეთს ამოვიღებ ჩვენების სახით, ნანა სირაძე კი ხელს მოაწერს.

– ნანა სირაძემ ისედაც აღიარა, რომ ვერულიძეს იცნობდა. გვითხრა, რომ მის მეუღლესა და ვაჟას შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა. რაა ახალი ამ ჩვენებაში, „კეთილო” გამომძიებელო?

– არც ერთი მოწმე და ეჭვმიტანილი ბოლომდე არ ამბობს სათქმელს. ადამიანებს არ უყვართ საკუთარი პიროვნების მუქ ფერებში წარმოჩენა. ყველა ცდილობს, ფრთიან ანგელოზად მოგვაჩვენოს თავი და გამონაკლისი არც ნანა სირაძეა. ვერულიძე ცოცხალი რომ იყოს, სხვანაირად მივუდგებოდი მას, მაგრამ, ახლა აღარ ღირს.

– მაინც, როგორ მიუდგებოდი? – ჰკითხა ზურაბმა.

ფიფია სკამის საზურგეს მიეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა და აუჩქარებლად განაგრძო:

– ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგებია. მიზეზს თავი გავანებოთ, ფაქტი კი ისაა, რომ ნანა სირაძე უკმაყოფილო იყო მეუღლით. ამ დროს გაიცნო ვაჟა ვერულიძე. ქალმა ქმართან განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, მისგან უარი მიიღო – აი, ესაა ამოსავალი წერტილი. სწორედ მაშინ იშვა ანდრო სირაძის მკვლელობის იდეა და, ალბათ, გეგმაც!

– მოტივი? – ჰკითხა ზურაბმა.

– ეს ხომ ელემენტარულია!.. – წინ გადაიხარა ფიფია და ზურაბს თვალებში ჩააცქერდა, – ვერ ხვდები, რატომ თქვა უარი ანდრო სირაძემ განქორწინებაზე? ქალბატონმა ნანამ პირველი შეხვედრისას გვითხრა, რომ მათ საერთო ბიზნესი ჰქონდათ, უბრალოდ, საქმეებს მისი მეუღლე უძღვებოდა. განქორწინება თავისთავად გაყოფდა მათ ქონებას, აქედან გამომდინარე – ბიზნესსაც. სწორედ ამიტომ არ სურდა ანდრო სირაძეს განქორწინება. ახლა ვაჟა ვერულიძის პოზიციიდან შევხედოთ ამ საქმეს: ანდრო სირაძის თავიდან მოშორების შემთხვევაში, ნანა სირაძესთან ერთად, ის კარგად აწყობილ ბიზნესსაც ჩაიგდებდა ხელში – განა ეს სერიოზული მოტივი არ არის მკვლელობისთვის?

– მერე, მერე? განაგრძე...

– დანარჩენი იოლი წარმოსადგენია. ჩემი აზრით, ანდრო სირაძე დარწმუნდა, რომ განქორწინებას თავიდან ვერ აიცილებდა და შესაძლოა, გარკვეული შეთანხმების დადება სცადა ვერულიძესთან. სწორედ ამისთვის მიიწვია სახლში. ვერულიძეს კი უკვე ჰქონდა მასთან ურთიერთობის გამოცდილება და, იმის შიშით, რომ სირაძე ისევ მუშტების ქნევაზე გადავიდოდა, შეხვედრაზე შეიარაღებული მივიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეღარასოდეს გავარკვევთ, ზუსტად რა მოხდა სირაძის ბინაში – შესაძლოა, ვერულიძემ მაშინვე მოკლა მასპინძელი; შესაძლოა მკვლელობა საუბრის შემდეგ მოხდა. თუმცა, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ აქვს – ფაქტი ფაქტად რჩება: ის შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა ანდრო სირაძისთვის!.. ახლა ამ საქმეში მხოლოდ ნანა სირაძის როლია გასარკვევი. მე არ მჯერა მისი ნაამბობის. არ ჰგავს ის ისეთ ქალს, რომელიც ვერულიძეს მხოლოდ მთვარის შუქზე რომანტიკული საუბრებისთვის შეხვდებოდა. შესაძლოა, სწორედ მისი ორგანიზებულია ანდრო სირაძის მკვლელობა... რას იტყვი? უფრო მაგრად ხომ არ მოვკიდოთ ხელი? არა მგონია, დიდხანს გაქაჩოს... – ფიფიამ მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო ზურაბს.

– ნინუას მკვლელობაზე რა აზრის ხარ? – ჰკითხა მან, – ესეც ნანა სირაძემ ხომ არ დაუკვეთა ვერულიძეს?

– არა მგონია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვეღარასოდეს შევიტყობთ!

– კეთილი... შენი ვერსიით,  რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს საქმის ძიება?

– ძიება?! – გაოცებით შეხედა რეზომ, – რომელ ძიებაზეა საუბარი? უკვე ყველაფერი გაირკვა. ნანა სირაძეზე დროის დაკარგვა არ ღირს. დღესვე შევადგენ დადგენილებას საქმის დახურვის შესახებ და მასალებს ზედამხედველ პროკურორს გადავცემ...

ვიდრე რეზო ლაპარაკობდა, ზურაბი აუჩქარებლად გადასწვდა დიქტოფონს და მეხსიერების ჩიპი ამოაცალა.

– რას აკეთებ?! – დაიბნა ფიფია, – ეგ მონაცემები დაკითხვის ოქმის შესადგენად მჭირდება!

– აქედან ერთ სიტყვასაც ვერ შეიტან დაკითხვის ოქმში, ნანა სირაძეს მე თვითონ დავკითხავ! – უპასუხა ზურაბმა.

– რას ნიშნავს ეს?! – დაუფარავი ბრაზით ჰკითხა ფიფიამ.

– იმას, რომ შენთვის არავის მოუცია ადამიანების სულებში ხელის ფათურის უფლება!.. დაკითხვა მკაცრად განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედებაა და არა გულითადი საუბარი! მე არ მოგცემ უფლებას, ნანა სირაძის მიერ ნათქვამი მრავალი ფრაზიდან შენთვის სასურველი ჩვენების შეკოწიწების საშუალებას – ეს პირველი... და, მეორე: დღეიდან ყველა დაკითხვას ჩემთან ერთად ჩაატარებ! – ცივად თქვა ზურაბმა.

რეზო დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში და ავად გამოცრა:

– ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. არ მჯერა შენი და გურამის ადამისჟამინდელი დედუქციური მეთოდების. მე საქმეში მხოლოდ მყარი ფაქტებით ვხელმძღვანელობ. ფაქტები კი ასეთია: ანდრო სირაძე მოკლა ვერულიძემ – ეს დასტურდება მის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი შეტყობინებით, ბინიდან ამოღებული ვერულიძის თითის ანაბეჭდებით, ნანა სირაძის ჩვენებითა და ვერულიძის ბინიდან ამოღებული პისტოლეტით. ვერულიძემ თავი მოიკლა და ეს დასტურდება იმავე პისტოლეტით. ანდრო სირაძის მკვლელობამდე ვერულიძემ ნინუა მოკლა და ეს ისევ და ისევ მისი ბინიდან ამოღებული პისტოლეტით დასტურდება. ასე რომ, ჩემთვის ეს საქმეც დახურულია! – ტყვიამფრქვევივით მიაყარა ფიფიამ.

– საქმე მაშინ დაიხურება, როცა მე ვიტყვი ამას! – ცივად უპასუხა ზურაბმა.

– ნუ მეჭიდავები, ზურაბ, ვერ გაქაჩავ!

– რაში მჭირდება შენთან ჭიდაობა?.. უბრალოდ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. შენ ვის საქმეს აკეთებ? 

– არაფრისმომცემია ეს საუბარი. არ გეკამათები, რადგან, ვიცი, რომ შენს დარწმუნებას ვერ შევძლებ. დაე, ჩვენი დავა პროკურატურამ გადაწყვიტოს! – თქვა რეზომ, მერე დიქტოფონი აიღო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.

* * *

რეზომ დიდი ხნით აღარ გადადო დანაპირების შესრულება – მეორე დღეს ზურაბი ზედამხედველმა პროკურორმა კოტე რუხაძემ საქმის შესახებ სასაუბროდ დაიბარა პროკურატურაში.

ზურაბი სტუდენტობიდან იცნობდა რუხაძეს. ის სწორედ კოტეს მიზეზით გარიცხეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან. კოტეს სწავლაში არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული წარმატებები – ის ერთი უღიმღამო, საშუალოზე დაბალი მონაცემების სტუდენტი იყო. მაგრამ, ეს „საშუალო” სტუდენტი რექტორატისა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობისთვის ერთობ საჭირო საქმიანობით იყო დაკავებული: მის მახვილ თვალს ვერაფერი გამოეპარებოდა. საკმარისი იყო, რომელიმე სტუდენტს დაეგვიანა ან ლექცია გაეცდინა, ან ხელისუფლება გაეშარჟებინა, ან, კიდევ უარესი – მის მიმართ უკმაყოფილება გამოეთქვა, რაც მოუნანიებელ ცოდვად ითვლებოდა კომუნისტურ საზოგადოებაში, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ ხდებოდა ცნობილი რექტორატისთვის. ამის გამო მასთან ურთიერთობას სტუდენტების უმეტესობა გაურბოდა. მას არ სწყალობდა პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილიც, რომელსაც ასეთი საქმიანობა ახალგაზრდა კაცისთვის სამარცხვინოდ მიაჩნდა.

კონფლიქტი ზურაბსა და კოტეს შორის მეორე კურსზე მოხდა. იმხანად საქართველოში უკვე აშკარად იგრძნობოდა უკმაყოფილება კომუნისტური რეჟიმის მიმართ. ხელისუფლებაც, თავის მხრივ,  გააფთრებული ებრძოდა უკმაყოფილების ყოველგვარ გამოვლინებას, თუმცა, ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. საუბრებმა, რომლებიც ადრე უნივერსიტეტის ბაღში და დერეფნებში იმართებოდა, თავისთავად გადაინაცვლა აუდიტორიებში.

ერთ-ერთ ლექციაზე პროფესორი ვაშაყმაძე ღიად ესაუბრა სტუდენტებს საქართველოში ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ტერორზე, რომელმაც ქართული ინტელიგენციისა და თავადაზნაურობის უდიდესი ნაწილი იმსხვერპლა. უამბო იმაზე, თუ როგორ მალულად, ყველასთვის ფარულად ხვრეტდნენ არყით გამობრუჟული წითელი კომისრები საქართველოს საუკეთესო შვილებს. ამ საუბრის შესახებ კოტეს მიერ ორიგინალურად შედგენილი მოხსენებითი ბარათი სასწავლო დღის დამთავრებამდე მოხვდა რექტორატში. შედეგად, დამსახურებული პროფესორი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდათ სტუდენტებს, ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. მომხდარმა ძალიან გააღიზიანა სტუდენტები. ზოგმა პირდაპირ უთხრა რუხაძეს, რომ ამიერიდან მათ სიახლოვეს აღარ გამოჩენილიყო, ზოგმა ზიზღით აღსავსე მზერა აკმარა. ზურაბმა კი საპირფარეშოში შეამწყვდია „ჯაშუში” და უმოწყალოდ სცემა. შედეგმაც არ დააყოვნა: თანაკურსელისა და „აქტივისტი კომკავშირელის” ცემისთვის ის დაუყოვნებლივ გარიცხეს უნივერსიტეტიდან, თანაც, ისეთი დახასიათებით, რომ მისთვის საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის კარი სამუდამოდ დაიხურა. ზურაბს ორი წელიწადი და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ხელახლა ჩარიცხულიყო იურიდიულ ფაკულტეტზე, ოღონდ, ამჯერად, ურალის ქედს მიღმა, ორენბურგის იურიდიულ ინსტიტუტში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. იმ პერიოდში რუხაძე თბილისის პროკურატურაში მოღვაწეობდა. მუშაობისას მათ მხოლოდ რამდენჯერმე მოუწიათ შეხვედრა. როგორც წესი, რუხაძე ყოველთვის გაურბოდა ზურაბთან სიახლოვეს და არც ზურაბს იზიდავდა ყოფილი თანაკურსელის საზოგადოება. მაგრამ, ამჯერად ეს უხილავი საზღვარი დარღვეული იყო და ზურაბი უნდა შეხვედროდა კოტე რუხაძეს, რომელიც ზედამხედველი პროკურორი იყო.  

– მოდი, მოდი, რა უცხოსავით იქცევი! – ზურაბის დანახვაზე რუხაძე ფეხზე წამოდგა, კაბინეტი გადაკვეთა და შინაურულად ჩამოართვა ხელი.

– ფიფია სად არის? – ჰკითხა ზურაბმა.

– რაში გვჭირდება ფიფია? მე უკვე მოვუსმინე მას, საქმესაც გავეცანი. ასე რომ, მის გარეშეც მოვაგვარებთ ყველაფერს, – უპასუხა კოტემ და დაჯდომა შესთავაზა, – რას დალევ – ჩაის, ყავას თუ... სამწუხაროდ, სამსახურში სხვა სასმელს ვერ შემოგთავაზებ.

– მე აქ საქმეზე სალაპარაკოდ მოვედი, – უპასუხა ზურაბმა და მაგიდას მიუჯდა.

– კეთილი... საქმეზე გადავიდეთ.

– რა გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ?

– პრინციპში, დადებითი, – უპასუხა რუხაძემ.

– რას ნიშნავს – დადებითი?

– ძიების შემდგომი გაგრძელება ფორმალობად მიმაჩნია. შენი გამოცდილების პროფესიონალს არ გაუჭირდება დამატებითი სამხილების მოძებნა. მაგრამ, რისთვის მოგაცდინოთ? სამუშაო უამისოდაც გყოფნით, თან, ისედაც ყველაფერი ნათელია. ამ საქმეს რა სამხილებიც არ უნდა დაემატოს, სურათი მაინც აღარ შეიცვლება. სირაძისა და ნინუას საქმეები მკვლელობის მუხლით იყო აღძრული. ამოღებულმა პისტოლეტმა კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ მკვლელობები ვერულიძის მიერ იყო ჩადენილი. იგივე შეიძლება ითქვას თავად ვერულიძის თვითმკვლელობის საქმეზეც. ასე რომ, პროკურატურა ყველაფრით კმაყოფილია. ყველა შემთხვევა სწორად იყო კლასიფიცირებული. ვერულიძის კვალზე გასასვლელად ძიებას მხოლოდ ორი დღე დასჭირდა. ვერაფერს ვიტყვი – ორ დღეში გახსნილი ორი მკვლელობა შესანიშნავი მაჩვენებელია. ძიებაში მონაწილე ყველა თანამშრომელი მადლობას იმსახურებს, შენს დამსახურებას კი განსაკუთრებით აღვნიშნავთ.

– ესე იგი საქმის შეწყვეტას აპირებ? – ჰკითხა ზურაბმა.

– თავისთავად, – უპასუხა რუხაძემ.

– მე ეს ნაადრევად მიმაჩნია!

– ვიცი, ვიცი... რეზო მესაუბრა ამ საკითხზე, – თავი დაუქნია რუხაძემ.

– მე ოფიციალური მომართვა შევადგინე. აქ ყველა ის გარემოებაა აღწერილი, რომელიც შესწავლას მოითხოვს. სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, ძიება უნდა გაგრძელდეს, – თქვა ზურაბმა და რუხაძეს მიმართვა გაუწოდა. კოტემ სწრაფად გადაათვალიერა მიმართვა, შემდეგ საქაღალდეში შეინახა და ზურაბს მიუბრუნდა:

– ეს მხოლოდ მოსაზრებებია. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, პისტოლეტს მაინც ვერაფერი გადაწონის!

– ასე ძალიან ხარ დაინტერესებული ფიფიას გაქაჩვით? – გაიკვირვა ზურაბმა, – მე ხომ განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ – მომეცით დრო საქმის გამოსაძიებლად, სხვა არაფერი მინდა!

– რა შუაშია ფიფია?! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა რუხაძემ, – შენ შენს საქმეს აკეთებ, მე – ჩემსას!

– მართლა?.. მე მეგონა, რომ ერთ საქმეს ვაკეთებდით, – ირონიულად შენიშნა ზურაბმა.

– საქმე და მიზანი ერთი გვაქვს, მაგრამ, სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს მოქმედება. შენი საქმე ქუჩა და პისტოლეტია. მე კი, როგორც ზედამხედველი პროკურორი, თვალს ვადევნებ გამომძიებლებსა და პოლიციელებს, რათა ისინი როლში არ შეიჭრნენ და ისეთ საქმეებზე არ გადაერთონ, რაც მათ არ ევალებათ.

ზურაბმა, რომელიც კარგად მიხვდა, თუ რას გულისხმობდა პროკურორი „როლში შეჭრაში”, უკმაყოფილოდ შეხედა.

– რა გინდა, რისთვის ირთულებ ცხოვრებას? – სწრაფად განაგრძო რუხაძემ, – ნინუას ოჯახის წევრები ადრეც არ გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, ახლა კი – მით უმეტეს. მკვლელის ვინაობა მაინც შეიტყვეს. იგივე ვითარება გვაქვს სირაძეებთანაც. ვიცით, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, მაგრამ, მკვდარს რა მოვკითხოთ? ვერულიძეებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს – მათ საერთოდ არ ამოეღებათ ხმა. პროკურატურას ძიების მიმართ შენიშვნები არ აქვს. არა მგონია, რომ შენი ხელმძღვანელობა საქმის დახურვის წინააღმდეგი იყოს. ხომ ხედავ, ყველა კმაყოფილია, მხოლოდ შენ არ გასვენებს რაღაც!

– ის „რაღაც“ – გამოუძიებელი საქმეა! – ცივად უპასუხა ზურაბმა.

– საქმე გამოძიებულია. იქნებ, შენ ამის გაპროტესტებას აპირებ?! – რუხაძე გამომცდელად ჩააცქერდა სახეში.

ზურაბი უმალ მიხვდა, რაც აინტერესებდა ყოფილ თანაკურსელს: ოფიციალურად ზურაბს ჰქონდა უფლება, არ დასთანხმებოდა რუხაძის გადაწყვეტილებას და ძიების გაგრძელების მოთხოვნით მიემართა ქალაქის პროკურორისთვის. კოტეს სწორედ იმის გარკვევა უნდოდა, როგორ მოიქცეოდა ზურაბი.

– ჩემს მომართვას გადახედე – იქ საინტერესო გარემოებებზეა საუბარი. დანარჩენს კი შემდეგ გადავწყვეტთ! – უპასუხა ზურაბმა, შემდეგ ადგა და კარისკენ წავიდა. რუხაძემ ის ბრაზით აღსავსე მზერით გააცილა და, როგორც კი კარი დაიხურა, მიმართვა ნაკუწებად აქცია და სანაგვე ყუთისკენ მოისროლა.

* * *

ზურაბი უხალისოდ მიესალმა დერეფანში მდგარ თანამშრომლებს, თავის კაბინეტში შევიდა და კარი მიიხურა.

– რა მოუვიდა? – ჰკითხა გიას მისი საქციელით გაოცებულმა გურამმა.

– ჩანს, მძიმე საუბარი ჰქონდა პროკურატურაში. ტყუილად ველით, დღეს თათბირი აღარ შედგება, – ხელი ჩაიქნია გიამ და დერეფანს გაუყვა, გურამი კი შებრუნდა და ზურაბის კაბინეტს მიაშურა.

ზურაბი მაგიდასთან იჯდა და ჩაფიქრებული ფურცლავდა საქაღალდეს. გურამი მის პირისპირ ჩამოჯდა და ჰკითხა;

– რა მოხდა პროკურატურაში?

– კარგი არაფერი, – ზურაბმა გვერდზე გადადო საქაღალდე.

– ესე იგი, რუხაძეს შეხვდი?

– სხვანაირად რომ წასულიყო საქმე, მაგ შეხვედრას როგორმე ავიტანდი, მაგრამ... – არ დაასრულა ზურაბმა.

– რა – „მაგრამ“? – ჩაეძია გურამი.

– საქმის დახურვა უნდათ, – უპასუხა ზურაბმა.

– რუხაძე ხელიდან არ გაუშვებს შენი კბენის შესაძლებლობას. მაგრამ, გამოძიების ხარჯზე როგორ აკეთებს ამას, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გურამმა, – ვის უფუჭებს საქმეს?!

– ძალიან ბევრ ადამიანს და მათ შორის მეც. კარგად იცის, რომ ეს საქმე მოსვენებას აღარ მომცემს. დღედაღამ ამაზე უნდა ვიფიქრო. მე ჯანდაბას, მოვითმენ, მაგრამ, გამოუძიებელი საქმით როგორ გავცეთ პასუხი სირაძის, ნინუასა და ვერულიძის ოჯახებს?

– იმ მონაცემებზე რა თქვა? – ჰკითხა გურამმა.

– ზერელედ გადახედა... სიმართლე გითხრა, რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არც მქონია. რუხაძე საერთოდ ვერ ერკვევა გამოძიების ნიუანსებში. ყურადღებითაც რომ წაეკითხა, მაინც ვერაფერს მიხვდებოდა. ის ყველაფერს მარტივად წყვეტს – აკეთებს იმას, რის შესაძლებლობასაც კოდექსი აძლევს. ამ შემთხვევაში მას სავსებით აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი ნივთმტკიცება – ვერულიძის სახლიდან ამოღებული პისტოლეტი. მორჩა და დამთავრდა, მისთვის საქმე უკვე გამოძიებულია!..

– როგორ აჩერებენ ასეთ ტიპებს პროკურატურაში?!

– როგორ აჩერებენ ის სიტყვა არ არის, – შენიშნა ზურაბმა, – კაცი, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია საგამოძიებოში და ერთი საქმეც არ აქვს გახსნილი, ზედამხედველ პროკურორად დაინიშნა!

– აღარ მიკვირს ფიფიასი. ჩანს, რუხაძის სკოლა აქვს გავლილი! – გურამმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.

– როგორც ჩანს...

– იქნებ, ვერ გაბედოს, – ივარაუდა გურამმა, – უბრალო საქმე არ არის, ამ ისტორიამ სამი ადამიანი შეიწირა!

– დახურავს... ულაპარაკოდ დახურავს. სწორედ იმიტომ დახურავს, რომ საქმე სამი ადამიანის სიკვდილს ეხება. შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა თავისი პროტეჟესთვის მომგებიანი ქულების დასაწერად! – უპასუხა ზურაბმა.

– ფიფიას გულისხმობ?

– რა თქმა უნდა. შენ რა, ხომ არ გგონია, რომ რუხაძემ შემთხვევით მისცა ეს საქმე? მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში გავხსნიდით და თავისი შეგირდი მოგვამაგრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან გამოგზავნამდე შესაბამისი ინსტრუქციაც მისცა ფიფიას, პირველი შესაძლებლობისთანავე, საქმის დახურვის მოთხოვნით მიემართა მისთვის.

– შენ რას აპირებ? – ჰკითხა გურამმა.

– არაფერს, – მშვიდად უპასუხა ზურაბმა.

– არაფერს?! – გაუკვირდა გურამს, – ასე გულხელდაკრეფილმა უნდა ადევნო თვალი, როგორ გაატანს რუხაძე წყალს ჩვენს ნაწვალევს?!

– შენ რას მირჩევ?

– თუ რუხაძემ საქმე დახურა, ქალაქის პროკურორს მიმართე!

– როგორ გგონია, ვისი რეკომენდაციით დაინიშნა რუხაძე ზედამხედველ პროკურორად?

– მისი კაცია?

– მხოლოდ „მისი კაცი” კი არა, განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირია, – უპასუხა ზურაბმა.

– ვითომ, ვერ გავქაჩავთ? ვიღაც-ვიღაცეები ჩვენს „არსენალშიც” მოიძებნება.

– მოიძებნება, მაგრამ, მე არ მინდა ეს. ჭაობში რაც მეტად ფართხალებ, მით უფრო ღრმად იძირები. ჯობია, ჩავთვალო, რომ ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობ, ვიდრე ველურების ტომში!.. რაც ახლა ხდება, ცუდი, გარკვეულ საკითხებში გაუმართავი სახელმწიფოს ნიშანია. პირადად მე არაფრით ვაგებ პასუხს სირაძის, ნინუასა და ვერულიძის ოჯახების წინაშე, მათ წინაშე მხოლოდ სახელმწიფოა პასუხისმგებელი; ის სახელმწიფო, რომელმაც მე კრიმინალური პოლიციის უფროსად, რეზო ფიფია – გამომძიებლად და რუხაძე ზედამხედველ პროკურორად დანიშნა. ნორმალურ ქვეყანაში სრულფასოვანი ძიების ჩასატარებლად არ უნდა გახდეს საჭირო საქმეში ჩემი ნაცნობების, როგორც შენ თქვი, „არსენალის” გამოყენება. მე ვიცი, რაც მოხდება, ქალაქის პროკურორს რომ მივმართო: ის ყურადღებით მომისმენს, მიმართვასაც გულდასმით წაიკითხავს. შემდეგ კი დამპირდება, რომ უახლოეს მომავალში განიხილავს მიმართვას. იმავე საღამოს ან მომდევნო დღეს დამიკავშირდება რომელიმე ჩემი ნაცნობი მთავარი სამმართველოდან ან პროკურატურიდან და დამიწყებს შეგონებას, რომ არ ღირს ასეთ „წვრილმანებზე” პროკურატურის მომდურება – ყოველი ასეთი საჩივარი ხომ მისი თანამშრომლების არაკომპეტენტურობაზე მიანიშნებს. თუ მას უარი ვუთხარი, დამიკავშირდება სხვა, შემდეგ კიდევ ვიღაც და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თავს ველურთა ტომში არ ვიგრძნობ. ამის შემდეგ ყველაფერს მივაფურთხებ, მიმართვას რუხაძეს გადავახევ თავზე და ცხვირ-პირს დავამტვრევ. მე კი ძალიან არ მინდა ამის გაკეთება. თავისთავად გასაგებია, რომ ამის შემდეგ სამსახურში ვეღარ დავრჩები – რომც არ გამათავისუფლონ, ჩემით წავალ!..

– სერიოზული არგუმენტია, – ჩაილაპარაკა გურამმა.

– ძალიან სერიოზული. არ მინდა, რუხაძის მიზეზით მეორედ დავტოვო ის ადგილი, სადაც მომწონს ყოფნა, – უპასუხა ზურაბმა.

– ისე, ყოველთვის მინდოდა მეკითხა: მართალია, რასაც შენზე და რუხაძეზე ყვებიან? საპირფარეშოში სცემაო...

– მორჩი!.. – გაიცინა ზურაბმა, შემდეგ კი საქაღალდეს მიაპყრო მზერა, რომელიც გურამს წინ ედო, – რა არის მაგ საქაღალდეში?

– ის, რაც შენ მთხოვე, – უპასუხა გურამმა, – „ინტელგრუპჯორჯიასთან” დაკავშირებული მასალები. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მონაცემები აღარ დაგვჭირდება!

– ვნახოთ... შეიძლება, ასეც იყოს, შეიძლება – არა, – უპასუხა ზურაბმა და საქაღალდეს გადასწვდა.

* * *

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ზურაბი ვარაუდობდა: რუხაძემ მეორე დღესვე მისცა რეზო ფიფიას საქმის დახურვის განკარგულება, რაც მან შესაშური მონდომებით აღასრულა. ძიება ოფიციალურად შეწყდა და ზურაბმა ამის შესახებ შეტყობინება მიიღო. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ზედამხედველი პროკურორი მთლიანად ეთანხმებოდა გამომძიებლის მიერ შემუშავებულ ვერსიას, რაც შემდგომი გამოძიებისას სრულიად დადასტურდა. ძიებამ სირაძისა და ნინუას მკვლელად ვერულიძე დაასახელა, რომელმაც შემდგომ თავი მოიკლა. სწორედ მისი თვითმკვლელობა ჩაითვალა საქმის დახურვის მთავარ მიზეზად, რადგან, გამომძიებელი მთავარი ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო შეუძლებლად მიიჩნევდა დამატებითი ფაქტების მოძიებას.

– რას იტყვი? – შეტყობინების გაცნობის შემდეგ ზურაბს გახედა გურამმა.

– ზუსტად ისაა, რასაც ველოდი, – უპასუხა მან.

– და ასე მშვიდად ხვდები ამას? ერთხელ მაინც შეიგინე!

– მშვიდად არ ვხვდები, მაგრამ... იცი, რა მასწავლა სამსახურმა?

– რა?

– ასეთ საქმეებს ყოველთვის სდევს გარკვეული კანონზომიერება. როგორც ნათქვამია, „შუბი ხალთაში არ დაიმალება”!.. თუ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ანუ, სირაძე, ნინუა და თავად ვერულიძეც სრულიად სხვა პიროვნებამ დახოცა, ეს მაინც არ დაიმალება. ასეთი ტიპები არასდროს ჩერდებიან – ფიფიას გამოუცდელობასა და რუხაძის იდიოტიზმს საკუთარ დამსახურებად ჩათვლის და სხვა საქმით შეგვახსენებს თავს. ადრე თუ გვიან, ის მაინც მოხვდება საბრალდებო სკამზე, მაგრამ, ახლა სხვა რამ მაღელვებს. ქურდობასთან ან, თუნდაც, ძარცვასთან რომ გვქონდეს საქმე, შედარებით მშვიდად ვიქნებოდი, მაგრამ, საქმე თავზე ხელაღებულ მკვლელს და, შესაძლოა, უფრო უარესიც – მკვლელთა ჯგუფს ეხება, რომელსაც ვიღაცის უთავბოლობის გამო, ისევ აქვს თარეშის გაგრძელების შესაძლებლობა, – ზურაბმა სიგარეტს მოუკიდა და ლაპარაკი განაგრძო, – ოთხმოცდაათიან წლებში პოლიციის მთავარ სამმართველოში ვმუშაობდი. ერთი თანამშრომელი გვყავდა – იური ლაბაძე. სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი, მხიარული ბიჭი იყო. გიტარაზე დაკვრა, სიმღერა, ცეკვა – ყველაფერი ლამაზად გამოსდიოდა. გვიკვირდა კიდეც – ასეთ ბიჭს პოლიციაში რა ესაქმებაო... ერთ საღამოს იური სამმართველოდან სიგარეტის საყიდლად გავიდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შეტყობინება მივიღეთ დიდუბის ხიდთან მომხდარი სროლის შესახებ. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი გავიდა... – ზურაბმა შუბლი მოისრისა, – ის სურათი დღემდე თვალწინ მიდგას: იური საჭეზე თავჩამოდებული იჯდა მანქანაში. მკერდის მარცხენა მხარე ავტომატით ჰქონდა დაცხრილული. ერთი ნატყვიარი საფეთქელზე ემჩნეოდა. თვითმხილველებმა გვიამბეს, რომ თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ. ისინი თეთრი „ჟიგულით” მიჰყვებოდნენ იურის მანქანას. შემდეგ შესაფერისი მომენტი შეარჩიეს, გვერდზე ამოუდგნენ და ავტომატით დაცხრილეს. ერთ-ერთმა მათგანმა კი მანქანის შეჩერების შემდეგ საფეთქელში პისტოლეტიდან ესროლა... და, იცი, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი?!

– წარმოდგენა არა მაქვს.

– მხოლოდ ავტომატისთვის. იმ ნაძირლებს იარაღი სჭირდებოდათ. იური მარტო იყო და, ამიტომაც, მაღაზიაში შესვლისას იარაღი მანქანაში არ დატოვა. მაშინ შეამჩნიეს იმ არაკაცებმა. უკან გაჰყვნენ, მოკლეს და ავტომატი წაიღეს!.. გესმის, გურამ? სამი კოლოგრამი რკინის გამო ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. დააქვრივეს ახალგაზრდა ქალი, დააობლეს ბავშვი!.. საშინელი დრო იყო. დღის განმავლობაში ქალაქში სამ-ოთხ მკვლელობაზე ნაკლები არ ხდებოდა. დღე და ღამე გასწორებული გვქონდა იმ არაკაცების ძებნაში. ერთი თვის შემდეგ იურის ავტომატი ერთ ნაბიჭვარს ამოვუღეთ და... მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ, სახელმწიფოში კი არა, ველურების ტომში ვცხოვრობ. იმ არაკაცს ძალიან გავლენიანი მფარველები აღმოაჩნდა. ატყდა რეკვა, სირბილი, თხოვნა, ზოგჯერ მუქარაც. საქმე მხოლოდ ავტომატი არ იყო. ჩვენ გვქონდა თვითმხილველების ჩვენებები, თავდამსხმელთა აღწერილობა. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორედ იურის მკვლელი იჯდა საკანში, მაგრამ, საქმე პროკურატურამ წაიღო. შემდეგ გაჩნდა მონაცემები, რომ ის ავტომატი იმ არაკაცს თავისმა მეგობარმა აჩუქა და პირადად მას არაფერი აკავშირებდა იურის მკვლელობასთან. სად იყო მისი მეგობარი?! ის ორი კვირის დაღუპული იყო!.. მოგვიანებით თვითმხილველებს მასობრივი ამნეზია დაეწყოთ. ამოცნობისას ყოველი მათგანი აცხადებდა, რომ ამ პიროვნებას ცხოვრებაში პირველად ხედავდა. საბოლოო ჯამში, ის საქმე მიცვალებულზე ჩამოწერეს. არ დასახელდა ის სამი კაცი, რომლებიც იურის მკვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას... და, რა მოჰყვა ამას? – გათავისუფლებიდან ერთი კვირის შემდეგ იმ არაკაცმა ყაჩაღობისას სამი ადამიანი მოკლა: ერთი – ოჯახის წევრი და ორი პოლიციელი. საპასუხო სროლისას ისიც მოკლეს. მაშინ ვინანე, რომ აყვანისას არ დავახალე ტყვია და ამით არ დავამთავრე ყველაფერი. ახლაც იგივე შეგრძნება მაქვს. ინტუიცია მკარნახობს, რომ ამ საქმეში არის რაღაც ისეთი, რასაც ვერ ჩავწვდით, რაღაც ვერ გავთვალეთ, რაღაცას ჯეროვანი ყურადღება არ მივაქციეთ და, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ისევ მოგვიწევს ამ საქმეზე მუშაობა!..

გურამთან საუბრისას ზურაბი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სირაძის საქმე ძალიან მალე – ორი კვირის შემდეგ შეახსენებდა თავს.

თათბირი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც კაბინეტის კარი გიამ შემოაღო.

– რა მოხდა?! – სწრაფად ჰკითხა ზურაბმა, რომელსაც მაშინვე მოხვდა თვალში მისი დაბნეული გამოხედვა.

– თქვენთან ნანა სირაძეს უნდა შეხვედრა, – უპასუხა მან.

– ვის?! – გაუკვირდა ზურაბს.

– ნანა სირაძეს. შემოვიყვანო?

– შემოიყვანე, – უპასუხა მოულოდნელი სტუმრობით გაოცებულმა ზურაბმა.

ნანა კაბინეტში შემოვიდა და გაუბედავად შედგა კარის სიახლოვეს.

– მობრძანდით, – მაგიდასთან მიიწვია ზურაბმა.

ნანამ კაბინეტი გადაკვეთა და მის პირისპირ ჩამოჯდა. ის შესამჩნევად ღელავდა.

– რისთვის გინდოდათ ჩემთან შეხვედრა? – ჰკითხა ზურაბმა.

– არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... მე დახმარება მჭირდება, – უპასუხა ნანამ.

– რაში დაგეხმაროთ?

პასუხად ნანამ ხელჩანთიდან რაღაც დოკუმენტი ამოიღო, ზურაბს გაუწოდა და თქვა:

– ეს ხუთი დღის წინ მივიღე.

ზურაბმა დოკუმენტს ჩახედა. ეს საბანკო ანგარიშსწორების შეტყობინება იყო. ბანკი „ჯიაიაი” იუწყებოდა, რომ კრედიტის არდაფარვის შემთხვევაში, კრედიტორს დაეკისრებოდა საჯარიმო თანხის გადახდა. დოკუმენტი ანდრო სირაძეს ეგზავნებოდა.

– გასაგებია, – ზურაბმა ნანას დაუბრუნა დოკუმენტი, – მაგრამ, რატომ მოხვედით ჩემთან? ეს საკითხი ბანკში უნდა გაგერკვიათ. 

– ბანკში უკვე ვიყავი. იქ მიჩვენეს ხელშეკრულება, რომლის მონაწილე მეც ვარ! – აკანკალებული ხმით უპასუხა ნანამ, – იმ დოკუმენტის თანახმად, მე და ანდრომ ბანკში იპოთეკით დავტვირთეთ მთელი ჩვენი უძრავ-მოძრავი ქონება: ბინა, აგარაკი, მანქანა და ბანკიდან კრედიტის სახით მივიღეთ რვაასი ათასი ლარი. იმ ხელშეკრულებაზე მეც მაქვს ხელი მოწერილი.

– ვერაფერს ვხვდები... მე რისთვის მიყვებით ამას?! – გაოცებით ჰკითხა ზურაბმა.

– მაგრამ, მე პირველად ორი დღის წინ შევიტყვე ამის შესახებ. არც ბანკში ვყოფილვარ, არც ხელშეკრულებაზე მომიწერია ხელი და, მით უმეტეს, თვალითაც არ მინახავს ბანკიდან გამოტანილი არათუ რვაასი ათასი, არამედ, რვაასი ლარიც კი!

– როგორ თუ არ გინახავთ?! – დაიბნა ზურაბი.

– ხელშეკრულება, რომელიც ბანკში მაჩვენეს, ყალბია – ხელი მე არაფერზე მომიწერია!

– იქნებ, თქვენმა მეუღლემ აიღო სესხი? – ივარაუდა ზურაბმა.

– ის აგარაკს იპოთეკით ვერ დატვირთავდა, რადგან აგარაკი ჩემი საკუთრებაა. ასეც რომ იყოს, მე ხომ თანხმობა უნდა მიმეცა და ხელშეკრულებაზეც უნდა მომეწერა ხელი! – უპასუხა ნანამ.

– გასაგებია, მაგრამ, მე რით დაგეხმაროთ? სიყალბესთან რომც გვქონდეს საქმე, ეს მაინც არ ხვდება კრიმინალური პოლიციის კომპეტენციაში.

– თქვენც იმავეს მეუბნებით! – გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ნანამ.

– მეც?! კიდევ ვის ესაუბრეთ ამის შესახებ? – ჰკითხა ზურაბმა.

– პროკურატურაში გამომძიებელ ფიფიასთან ვიყავი. მან ჩემი მოსმენაც კი არ მოისურვა. მითხრა, თვითონ გაარკვიეთ თქვენი ვალის საკითხებიო და კაბინეტიდან დამითხოვა, – ცრემლი მოერია ნანას.

– დამშვიდდით... თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მეუღლის ხელმოწერაც გაყალბებულია?

– არა მგონია, – თავი გააქნია ნანამ, – ექვსი თვის წინ ანდრომ ბიზნესის გაფართოებაზე დაიწყო საუბარი, ამ საქმეს კი ფული სჭირდებოდა. მაშინ, ბანკიდან იპოთეკური სესხის აღება შემომთავაზა, მაგრამ, მე უარი ვუთხარი.

– კონკრეტულად რისთვის სჭირდებოდა ფული? – დაინტერესდა ზურაბი, – კვების ახალი ობიექტების გასახსნელად?

– არა... ანდრო რომელიღაც სამშენებლო კომპანიაში აპირებდა ფულის ჩადებას.

– რომელ კომპანიაში? – დაინტერესდა ზურაბი.

– ახლა აღარ მახსოვს. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა.

– „ინტელგრუპჯორჯიაში” ხომ არა?

– დიახ... საიდან იცით ამის შესახებ? – თქვა ნანამ და გაოცებით შეხედა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3