კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მესამე სანთებელა

ღამის ორ საათზე  ოუენ კენდრიკმა ცოლი გააღვიძა და ჰკითხა, გასროლის ხმა ხომ არ გაგიგიაო. ქალმა თვალები მოიფშვნიტა და უთხრა, არაო. მე კი გავიგონე. მგონი, მეზობელ ბინაში რაღაც მოხდა, უნდა გავიდე და ვნახოო.

– რატომ? შარი გინდა? მოვიდეს პოლიცია და გაარკვიოს...

– შენ ნუ გეშინია, რამე რომ მომხდარიყო, მკვლელი იქ უკვე აღარ იქნება.

– ღმერთო... შენ მაინც ფრთხილად იყავი!

ოუენი ცოლს აღარ უსმენდა. კიბეზე ხტუნვით ჩავიდა და გვერდით სადარბაზოში შეირბინა. სწორედ იქ იყო ბინა, რომლის ორი კედელი მისი ბინის საძინებელი ოთახის კედელს ებჯინებოდა. სტანდარტული ტიპის, საშუალო დონის ბინებს მეტისმეტად თხელი კედლები ჰქონდა. მეოთხე სართულზე ასულმა, რაც შეიძლება ჩუმად შეაღო კარი. მხოლოდ წუთით მიაყურადა და შიგნით შეაბიჯა. აბსოლუტურ სიჩუმესა და ნახევრად ბნელ ოთახში, ფანჯარასთან ზორბა მამაკაცი იდგა. როცა შემობრუნდა, კენდრიკმა მის მზერაში დაბნეულობა და შიში ამოიკითხა.

– რა ხდება აქ? – ხმა გაიმკაცრა ოუენმა, – ჯერ მამაკაცის ოხვრა გავიგონე, მერე ქალის შეკივლება, ბოლოს კი – გასროლის ხმა. მე გვერდით ბინაში ვცხოვრობ და ყველაფერი მესმის.

– მე არ ვიცი, თქვენ რა გესმით, მაგრამ ბინაში მარტო ვარ და ბუნებრივია, არც არავითარი ხმები არ ყოფილა.

კენდრიკმა მხრები აიჩეჩა.

– კარგი. მაშინ მე პოლიციაში წავალ და ყველაფერს მოვყვები. იმათ გადაწყვიტონ, რა იყო და რა არა.

მამაკაცი შესამჩნევად გაფითრდა.

– მოითმინეთ. მე არაფერ შუაში ვარ. მართლა. თუმცა, ალბათ, ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. „ის“ საძინებელშია.

ოუენი საძინებელ ოთახში შევიდა. ფართო საწოლზე, რომელიც თითქმის მთელ სივრცეს ფარავდა, გარდიგარდმო ახალგაზრდა ქალი იწვა. შიშველ სხეულს არაფერი უფარავდა. ოცდაათი წლის თუ იქნებოდა, ქერა თმით და მსხვილი, ვნებიანი ტუჩებით. გახელილ თვალებში შიში და განცვიფრება ჩასდგომოდა. ნატყვიარი პირდაპირ შუბლზე ჰქონდა, თითქოს მიბჯენით ესროლესო. თუმცა, ოუენი დიდად არ აუღელვებია, ისევ მისაღებში დაბრუნდა. სავარძელში ჩაჯდა და ირონიული ღიმილით მიაჩერდა იქ მყოფ მამაკაცს.

– ვილიამ მაგრუდერი ვარ. მის დიკარლო ჩემს ოფისში მდივნად მუშაობდა. ზოგჯერ დოკუმენტები სახლში მომქონდა ხოლმე მასთან... დღესაც მოვედი და...

– ნუ მიხსნით, ისედაც ყველაფერი გასაგებია. როგორც ვხვდები, სკანდალი არაფერში გჭირდებათ. წარმომიდგენია, როგორი რეაქცია ექნება ცოლს... გყავთ, ხომ, ცოლი?

მაგრუდერმა ამოიოხრა.

– დიახ... და სამი შვილიც... მაგრამ მე არანაირი კავშირი არ მაქვს...

– არ გინდათ, ნუ მიხსნით. ეგ ყველაფერი პოლიციაში დაგჭირდებათ.

– პოლიციაში? მე რა მინდა პოლიციაში. მე არ მომიკლავს მის დიკარლო.

– ვშიშობ, გაგიჭირდებათ ამის დამტკიცება, – მხრები აიჩეჩა ოუენმა, – მე ვარჩევდი, პოლიციას საერთოდ არ გაეგო ჩემი აქ ყოფნის შესახებ. თუმცა, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, პრობლემებს არ შეგიქმნით. იფიქრეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დრო ცოტა გაქვთ.

მისტერ მაგრუდერი გამოცოცხლდა.

– გავიგე... და რა დამიჯდება თქვენი სიჩუმე?

– სულ რაღაც ორმოცდაათი ათასი დოლარი.

– კარგი. ორი დღის შემდეგ მობრძანდით ჩემს ოფისში – „მაგრუდერი და კომპანია“ და მიიღებთ თქვენს ფულს.

– ჩემს ფულს? მგონი, მე ის დავიმსახურე. როგორი საინტერესო სანთებელაა, ოქროსია?

მაგრუდერმა უხერხულად დახედა ხელში შერჩენილ სანთებელას, რომელზეც მისი ინიციალები იყო...

– მოკლედ, შევთანხმდით.

ოუენი შესანიშნავ გუნებაზე დაბრუნდა სახლში. ცოლს არ ეძინა.

– რა ქენი?

– ყველაფერი შესანიშნავად არის, უკეთესი რომ არ შეიძლება.

– რას ამბობ? აბა, ისროლესო...

– ჩვენთვის ისროლეს, საყვარელო, ჩვენთვის... ოუენი მოკლედ მოუყვა მომხდარის შესახებ.

– დარწმუნებული ხარ, რომ მოგცემს ფულს და არ გადაგაგდებს? – დაეჭვებით იკითხა ცოლმა.

– ვერ გაბედავს. პოლიციაზე მეტად ამ საქმის გახმაურების შეეშინდება. ხუმრობა ხომ არ არის, როცა ასეთ მსხვილ ბიზნესმენს საკუთარი საყვარლის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

ორი დღის შემდეგ  ოუენ კენდრიკი მასტერ მაგრუდერის კაბინეტში იჯდა და სიამოვნებით ეფერებოდა სქელ კონვერტს, რომელშიც ტკიცინა დოლარები ეწყო. ბიზნესმენი სერიოზული და მკაცრი იყო. თავიც ამაყად ეჭირა.

– იმედი მაქვს, ჩვენ აღარასდროს შევხვდებით.

– არასოდეს თქვა არასოდეს, – გაიღიმა ოუენმა.

მაგრუდერმა ხელის აქნევით შეაჩერა.

– ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა. კონვერტში ასი ათასი დოლარია – ეს არის თქვენი სიჩუმის საბოლოო ფასი. ვიცნობ თქვენნაირ ადამიანებს და გაფრთხილებთ, მეორედ აღარ გაბედოთ აქ მოსვლა. თქვენი მოკვლა მაგ თანხის მესამედიც არ დამიჯდება. მერწმუნეთ, ამას ისე გავაკეთებ, სინდისი ოდნავადაც არ შემაწუხებს. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, არ ჩაყოთ ცხვირი იქ, სადაც წაიტეხთ. მით უმეტეს, რომ მის დიკარლოს მკვლელობაზე უკვე დააკავეს ეჭვმიტანილი. კაცი, რომელმაც მას ავტომატური პისტოლეტი აჩუქა. იარაღი იქვე, საწოლთან იპოვეს.

– ჰო, მაგრამ ჯერ არ არის დადასტურებული, რომ სწორედ იმ იარაღიდან ესროლეს. გაზეთებში ასე ეწერა.

– მე ეს არ მაინტერესებს. აღარ მინდა რამე ვიცოდე ამ მკვლელობის შესახებ. მიბრძანდით, მისტერ კენდრიკ, მშვიდობით.

– კარგად ბრძანდებოდეთ, მისტერ მაგრუდერ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

ბიზნესმენმა აღარ უპასუხა. სიგარა გააბოლა და ამით მიახვედრა, შენთან ლაპარაკი დავამთავრეო.

ოუენ კენდრიკის შემოსავალი არასოდეს ყოფილა ათას დოლარზე მეტი. დანაზოგი სამას დოლარსაც არ აღემატებოდა. მის ცოლსაც უბადრუკ გროშებს უხდიდნენ კოსმეტიკურ ფირმაში.

– ასი ათასი! – წამოიკივლა ელეინ კენდრიკმა, – ღმერთო ჩემო, ამ ფულით მეფეებივით ვიცხოვრებთ. საკუთარ სახლს ვიყიდით პრესტიჟულ უბანში, წვეულებებს მოვაწყობთ. აქაურობას მოვშორდებით და რივიერაზეც დავისვენებთ... ოუენ, როგორ წარმოუდგენლად გაგვიმართლა იმ ქერა თოჯინას სიკვდილით.

– ჰო, აბა, რა. ამ რაიონიდან მართლა უნდა წავიდეთ. ან სულაც სხვა შტატში გადავიდეთ საცხოვრებლად. მაგალითად, ფლორიდაში.

– მართლა? – ქალი აღფრთოვანებით მოეხვია ქმარს, – საყვარელო, როგორ გამახარე... ფლორიდაზე ყოველთვის ვოცნებობდი.

სასამართლოზე ვინმე ლილი გედისმა თქვა, რომ ნამდვილად აჩუქა პისტოლეტი მის დიკარლოს, რომელმაც ერთხელ შესჩივლა, ვიღაც უცნობი მამაკაცი მითვალთვალებსო... მას მერე პისტოლეტი აღარ უნახავს. გედისი უარყოფდა, რომ მკვლელობის ღამეს ნახა გარდაცვლილი. თუმცა, მოკლულის მიერ ნაჩუქარი, ინიციალებიანი ოქროს სანთებელა მასთან ინტიმურ კავშირს ადასტურებდა. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ გედისი დიკარლოს ერთადერთი საყვარელი არ ყოფილა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა და დაკავებული სასამართლოს წინაშე წარდგა. მიუხედავად იმისა, რომ გედისის ადვოკატი თავისი კლიენტის უდანაშაულობის დამტკიცებას თავგამოდებით ცდილობდა, მას მაინც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ამ დროს ოუენ და ელეინ კენდრიკებმა ფლორიდის პრესტიჟულ რაიონში სახლი შეიძინეს და ახალი ნაცნობებიც გაიჩინეს. ოუენმა ძვირფასი ავტომობილიც იყიდა. გარეგნობაც ხელს უწყობდა, რომ ნამდვილად მოეპოვებინა ქალბატონების კეთილგანწყობა. ელეინი დიდი ხანია, ყელში ამოუვიდა, მაგრამ ცოლს ვერ გაეყრებოდა. ეს სახიფათო იყო... სამაგიეროდ, მოიფიქრა, როგორ მოეშორებინა ხოლმე ელეინი რამდენიმე დღით. იმ კოსმეტიკური ფირმის წილი უყიდა, რომელშიც მანამდე დისტრიბუტორად მუშაობდა. ახლა ელეინს მივლინებებში ხშირად უწევდა წასვლა ახალი პროდუქციის პრეზენტაციებზე. ოუენი კი თავისუფლებით ტკბებოდა... იმ დღესაც თავის ახალ საყვარელთან ერთად ძვირფასი სასტუმროს აივანზე, მზეს იყო მიფიცხებული და ხელში შერჩენილ ოქროს სანთებელას, რომელზეც ინიციალები იყო ამოტვიფრული, არხეინად ათამაშებდა.

– რა ლამაზია. ოქროსია? – მოეწონა ქალს, – საიდან გაქვს?

– ერთმა შენსავით ქერა ლამაზმანმა მაჩუქა, ცუდი ჩვევა ჰქონდა, თავის ყველა საყვარელს ერთნაირ სანთებელებს სჩუქნიდა. – ოუენმა გაიცინა, როცა გაახსენდა, როგორ ოსტატურად დაგეგმა მკვლელობა. ოსტატურად და სარფიანად. დიკარლომ შეცდომა დაუშვა, როცა მის გვერდით აყიდინა ბინა იმ სულელ მაგრუდერს და მოითხოვა, ცოლად შემირთეო... კენდრიკი სანთებელას დააშტერდა და უცებ თავის საყვარელს გაუწოდა.

– აჰა, გამომართვი. ჩემგან გქონდეს, სახსოვრად...

скачать dle 11.3