დედოფლის სამარხში!
მაიას ტომის უძველესი მმართველის სამარხი აღმოაჩინეს გვატემალაში. სამარხი მთლიანად ძვირფასი ქვებით არის შემკული – ძირითადად, ნეფრიტითა და დაუმუშავებელი ლალით. სპეციალისტების აზრით, სამარხი ეკუთვნოდა ქალს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700-400 წლებში ცხოვრობდა. იმაზე, რომ სამარხში ნამდვილად მაიას ტომის ბელადი-ქალი განისვენებდა, მეტყველებს სამკაული, რომელზეც ამოტვიფრულია მაიას ტომის დიდგვაროვნების დამადასტურებელი ნიშნები. სამწუხაროდ, სამარხი იმდენად ძველია, რომ მასში ნეშტის არანაირი ნარჩენი არ აღმოჩნდა.
ექსპერტებმა, რომლებმაც ნაპოვნი ძვირფასი თვლები დაათვალიერეს, დაამტკიცეს, რომ მაიას ტომებში იუველირთა ხელობა საკმაოდ მაღალ რანგში იყო აყვანილი. ორი ასეთივე სამარხი აღმოჩენილია სამხრეთ მექსიკაში და ჰონდურასში. საქმე ისაა, რომ ჰონდურასში უხსოვარ დროში მაიას ტომის წინაპრები – ოლმეკები ცხოვრობდნენ. გამორიცხული არ არის, რომ ოლმეკებსა და მაიას ხალხებს შორის იმაზე მჭიდრო კავშირი არსებობდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ მეცნიერები.