რატომ გადაასახლეს სტალინის სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს ჯანმრთელობის მინისტრი და რა ბედი ეწიათ მისი დაცვის წევრებს
ოფიციალური ვერსიით, ზესახელმწიფოს ერთპიროვნული ლიდერი იოსებ სტალინი 1953 წლის 5 მარტს 21 საათსა და 50 წუთზე გარდაიცვალა.
მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, იმ დღეებში საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი კლემენტ გიტვალდი. ამბობენ, მას თავისი ხელით მოუწმენდია გარდაცვლილი სტალინისთვის დუჟი და ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაუდევს. ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ასე თავისი პროფესიიდან გამომდინარე მოიქცა. ის ექიმი იყო. როგორც ჩანს, პროფესიულმა ალღომ ეჭვი აღუძრა, როცა იოსებ სტალინის სიკვდილის გამომწვევი მიზეზების ოფიციალურ ბიულეტენს გაეცნო.
კლემენტ გიტვალდი იმავე წელის 11 მარტს გაემგზავრა მოსკოვიდან პრაღაში. 14 მარტს კი, ანუ სამი დღის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი კლემენტ გიტვალდი ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, დღის 11 საათზე გარდაიცვალა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, დარღვეული ჰქონდა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა. აღნიშნულ ცნობას ხელს აწერდნენ: აკადემიკოსი ბაკულევი, პროფესორი მარკოვი და მოსკოვიდან საგანგებოდ ჩასული სხვა ექიმები.
იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან სამი-ოთხი თვის თავზე, ლავრენტი ბერიაც სტალინის გზას გაუყენეს. დანარჩენებს ეშინოდათ. თან სურდათ, რომ მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებანი ლავრენტი პავლეს ძისთვის დაებრალებინათ.
ამ დღიდან მოყოლებული მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ყველა, ვინც კი რამე იცოდა იოსებ ჯუღაშვილის მოულოდნელი და უეცარი სიკვდილის შესახებ, ან „იღუპებოდა” უცნაური მოულოდნელობების გამო, ანდა „თვითმკვლელობით” ასრულებდა სიცოცხლეს.
დღემდე ბურუსით მოსილი და პასუხგაუცემელია კითხვა – თუ რა მოხდა რეალურად და რა ვითარებაში დაიღუპა იოსებ სტალინი. მრავალი მკვლევარი, ისტორიკოსი, თუ მოყვარული გვთავაზობს საკუთარ ვერსიას და კიდევ უფრო ბევრი წიგნი მიეძღვნა ამ კითხვას, რომელიც წლების დინების მიუხედავად, ყოველთვის ერთნაირად საინტერესოა საზოგადოებისთვის.
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, რუსეთში გამოიცა მკვლევრისა და ისტორიკოსის, იური მუხინის წიგნი: „სტალინისა და ბერიას მკვლელობა”. ნაშრომი ისტორიულ-სამეცნიერო კვლევაა და ეყრდნობა უამრავ დოკუმენტურ მასალას, ფაქტებს, არგუმენტებულად გვთავაზობს საკუთარ შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
1953 წლის 28 თებერვლის საღამოდან 1 მარტის დილამდე, სტალინთან კუნცოვოს აგარაკზე სტუმრად იმყოფებოდნენ: ბერია, მალენკოვი, ბულგანინი და ხრუშჩოვი. მათ ერთად ივახშმეს, შემდეგ წინასწარ განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელთა შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ ორშაბათს, ანუ 2 მარტს, კრემლში საკავშირო „ცეკას“ პრეზიდიუმის სხდომაზე. განსახილველებიდან ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო ქვეყნის შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების გაერთიანება ერთ სამინისტროდ.
იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კრუგლოვი, ხოლო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი – იგნატიევი. ბელადი, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის მუშაობით იყო უკმაყოფილო. ჯუღაშვილის წინადადებით, გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად ბერია უნდა დანიშნულიყო, მის მოადგილეებად კი – სეროვი და კრუგლოვი. სტალინის საუბრიდან ისიც ჩანდა, რომ იგნატიევი, სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო, არა მხოლოდ თანამდებობიდან იქნებოდა მოხსნილი, არამედ მისი მომავალი საერთოდ გაურკვეველი იყო.
აღსანიშნავია, რომ 1927 წლიდან მოყოლებული სტალინის პირადი დაცვის უფროსი გახლდათ ვლასიკი, რომელიც შემდგომ გენერალ-მაიორის რანგში, მთელი სამთავრობო დაცვის ხელმძღვანელი გახდა. სტალინის დაღუპვამდე ერთი წლით ადრე, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს და გისოსებს მიღმა გამოკეტეს. მუხინის აზრით, ამ ფაქტის შემდეგ იწყება სტალინის წინააღმდეგ ფარული შეთქმულებისთვის მზადება. ამას ისიც ნათელს ხდის, რომ 1953 წლის 28 თებერვალს ვლასიკის მოვალეობას თვით უშიშროების მინისტრი იგნატიევი ასრულებს.
2 მარტს დანიშნული სხდომა არ ჩატარდა. ქვეყნის ბელადს 1 მარტს, მოულოდნელად ინსულტი დაემართა. მხოლოდ 2 მარტს, დილის 9 საათზე გახდა ცნობილი, რომ სტალინი უგრძნობლად იწვა იატაკზე. მისი დაცვის წევრებმა დივანზე გადააწვინეს. ავადმყოფ ბელადთან ექიმები ძალზე დაგვიანებით გამოიძახეს, მაგრამ მათი მცდელობის მიუხედავად, იოსებ სტალინი იმ დღესვე, გრძნობაზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ალბათ, საინტერესოა, თუ რას წერს ცნობილი ექიმი-თერაპევტი მიასნიკოვი, მოგვიანებით, 1989 წელს გამოქვეყნებულ მოგონებებში. მისი თქმით, 1953 წლის 2 მარტს, საღამოს კუნცევოში სტალინის აგარაკზე გამოიძახეს პროფესორი მიასნიკოვი, ნევროპათოლოგი კონოვალიოვი და ტარეევი. ადგილზე მისულებს დახვდნენ: საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის მინისტრი ტრეტიაკოვი, პროფესორი ლუკომსკი, პროფესორები – ტრაჩოვი, ფილიმონოვი და დოცენტი ივანოვ-ნეზმანოვი. ჯანმრთელობის მინისტრმა მათ აცნობა, რომ გასულ ღამეს სტალინს ტვინში სისხლი ჩაექცა, რის შედეგადაც ბელადმა დაკარგა ცნობიერება, მეტყველება და აქვს მარჯვენა ხელისა და ფეხის დამბლა.
წინა დღით, იოსებ სტალინი თავის კაბინეტში გვიან ღამემდე მუშაობდა. ღამის 3 საათზე დაცვის მორიგე ოფიცერმა დაინახა, რომ ის მაგიდასთან იჯდა. მთელი ღამე ოთახში სინათლე ენთო. კაბინეტში იდგა დივანი, რომელზეც სტალინი ხშირად ისვენებდა. დილის 7 საათისთვის მცველმა ისევ შეიხედა ბელადის კაბინეტში და დაინახა, მაგიდასა და დივანს შორის სტალინი გაშხლართული ეგდო. მას გრძნობა დაკარგული ჰქონდა. სტალინი დივანზე გადააწვინეს, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდა.
ექიმთა დიაგნოზი ასეთი იყო: ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის ნიადაგზე მოხდა ჩაქცევა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში.
3 მარტს მალენკოვის კითხვაზე, თუ როგორი იყო მათი პროგნოზი, კონსილიუმმა უპასუხა: „სტალინის სიკვდილი გარდაუვალია”. მალენკოვმა მათ აგრძნობინა, რომ თუ სამედიცინო ღონისძიებებით ვერ შეძლებდნენ ბელადის სიცოცხლის შენარჩუნებას, მაშინ გარკვეული დროით უნდა გაეხანგრძლივებინათ საბჭოთა ბელადის სიცოცხლე. ექიმები მიხვდნენ, რომ მათ საჭირო ფონი უნდა შეექმნათ – მოეგოთ დრო მომავალი ხელისფლების ჩამოყალიბებამდე და რაც მთავარია, მოეხდინათ საზოგადოებრივი აზრის თანდათანობითი შეგუება სტალინის სიკვდილთან.
4 მარტს ექიმებმა სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველი ბიულეტენი შეადგინეს, სადაც მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა ეწერა: „ტარდება მთელი რიგი თერაპიული ღონისძიება მიმართული ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის აღსადგენად”, რაც, ბუნებრივია, განკუთვნილი იყო ქვეყნისა და ხალხის დასაწყნარებლად. პარალელურად, საკავშირო „ცეკას“ ყველა წევრს გაუგზავნეს სასწრაფო გამოძახება მოსკოვში ჩასასვლელად. აღსანიშნავია, რომ გამოძახებისთანავე მოსკოვში ჩავიდა საქართველოს კპცკ-ს პირველი მდივანი აკაკი მგელაძე, რომელმაც თან ჩაიყვანა ცნობილი ქართველი თერაპევტი, პროფესორი ნიკოლოზ ყიფშიძე. თუმცა, მათი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ისინი სტალინთან არ შეუშვეს.
5 მარტს საზოგადოებას აცნობეს ბელადის გარდაცვალების ამბავი.
ამ დღიდან დაიწყო არნახული რეპრესიები. სტალინის პირადი მცველი, ხრუსტალიოვი მალე მოკლეს. ბუნებრივიცაა, მან ბევრი რამ უწყოდა. კიდევ ორმა მცველმა სიცოცხლე „თვითმკვლელობით” დაასრულა. დაცვის ყველა დანარჩენი წევრი კი მოსკოვიდან გადაასახლეს. ამის შემდეგ, „უეცრად” გარდაიცვალა პროფესორი რუსკოვი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა დიდი ბელადის სხეულის გაკვეთაში. გააუქმეს კრემლის სამკურნალო სამმართველო, ხოლო მისი უფროსი, პერინი დააპატიმრეს. თანამდებობა დაატოვებინეს საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის იმდროინდელ მინისტრს ტრეტიაკოვს და ორ ექიმთან ერთად, ვორკუტაში გადაასახლეს. იქ მათ სამსახური „მოუძებნეს” და ტრეტიაკოვი მსჯავრდებულთა ბანაკის საავადმყოფოს მთავარ ექიმად დანიშნეს. ყველა ეს პიროვნება საშიში იყო ხრუშჩოვისა და მის მიერ ორგანიზებული შეთქმულების მონაწილეებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იური მუხინის დასკვნა ასეთია: იოსებ ბესარიონის ძე სტალინის უშუალო მკვლელებად ითვლებიან: ხრუშჩოვი, იგნატიევი და ჯერჯერობით, ვიღაც უცნობი ექიმი. ნიკიტა ხრუშჩოვი ამ ფარული შეთქმულების უშუალო ხელმძღვანელი იყო. იგნატიევი წყვეტდა ჯუღაშვილის მკვლელობის ორგანიზაციულ საკითხებს, ხოლო უცნობმა ექიმმა დააჩქარა საბჭოთა ბელადის სიკვდილი.