მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-10(636)
– ბრწყინვალედ შესრულებული საქმე იყო. სოჭში დაბრუნდი და ცოლ-შვილთან ერთად განაგრძე დასვენება.
სამიოდე საათის შემდეგ უკვე სანატორიუმის პლაჟზე ვიწექი და ლაჟვარდოვან, მშვიდ ზღვას გავყურებდი.
მერიკომ ზურგზე მომისვა ხელი და მითხრა:
– კოკი, საყვარელო, მარცხენა ბეჭზე რა გჭირს, რატომ გაქვს ჩალურჯებული?
ცოლს ხომ არ ვეტყოდი, სპეცდავალების შესრულებისას დავიზიანე-მეთქი და მორიგი სიცრუე მივაგებე:
– ექსკურსიის დროს ავტობუსის მძღოლმა ძლიერად დაამუხრუჭა და სალონის ფოლადის ძელს დავეჯახე.
– რაღაც, ძალიან ხშირად მოგდის ხოლმე მივლინებებში ტრავმები, – ღიმილით მითხრა მერიკომ, – გიდი ხარ თუ კასკადიორი? საყვარელო, ხომ არ მატყუებ რამეს და პარალელურად რამე სახიფათო საქმიანობით ხომ არ ხარ დაკავებული?
– მაინც, რაზე გაქვს ეჭვი?
– ხომ გითხარი.
– კასკადიორი გგონივარ?
– აბა, ამდენი ტრავმა საიდან გაქვს? რამდენჯერმე არაფერი გითხარი, მაგრამ, არ გამომპარვია, რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები გქონდა. ასეთი რამ კი დარტყმებისგან, დაჯახებებისგან და მსგავსი რამეებისგან ხდება. ნუ გავიწყდება, რომ ექიმი ვარ და ეს არ გამომეპარება.
– კარგი, რა, მერიკო, რა კასკადიორი, რის სახიფათო პროფესია! უბრალოდ, ასეთი კანი მაქვს და თითის შეხებაც კი დიდხანს მაჩნდება.
– კეთილი. თუ არ გინდა, ნუ მეტყვი. მთავარია, ჯანმრთელი და ცოცხალი იყო. იმაში კი ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ცუდს არაფერს ჩაიდენ.
ამ საუბრის მერე ყოველთვის ვცდილობდი, რომ სხეული „სუფთად“ შემენახა და არანაირი კვალი არ დამმჩნეოდა. ყოველი დავალების შემდეგ ჯერ სარკის წინ ვდგებოდი შიშველი, გულდასმით ვათვალიერებდი საკუთარ სხეულს და მხოლოდ ამის მერე ვბრუნდებოდი სახლში. ხოლო, თუკი სხეულზე რაიმე იარა მქონდა, ვცდილობდი, ისე მომეშუშებინა, რომ მერიკოს არ ენახა და ეჭვი არ გასჩენოდა.
ეგრეთ წოდებული „სუფთა სხეული“, განსაკუთრებით კი – სახე, აუცილებელია ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, რადგან, ხელოვნური ნიშნის მქონე ადამიანების მიღებას ყველა ქვეყნის ყველა სპეცსამსახური ერიდება. იარა, ნაჭდევი, ტატუ და მსგავსი რამეები განსაკუთრებული ნიშნებია, რომლითაც ადამიანის დამახსოვრება და ამოცნობაა შესაძლებელი, ჩვენს საქმეში კი უჩინარი უნდა იყო და ასეთი ნიშნები მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელია.
ადრე უკვე მოგიყევით, თუ როგორ გავაცურე ერთ-ერთი ინსტრუქტორი, რომელიც შენიღბვას მასწავლიდა და როგორ არ უჯერებდა საკუთარ თვალებს, როდესაც სხვა ადამიანის სახით ვეწვიე სახლში და შუა ჩაის სმის დროს ნიღაბი მოვიხსენი...
– შენ ტალანტი ხარ, ნამდვილი ტალანტი, ჩემო კოკი და თუ ასე განაგრძე, თვით ეშმაკსაც კი გააცურებ, – ხშირად მიმეორებდა ხოლმე ინსტრუქტორი, რომელიც განცვიფრებული იყო ჩემი გარდასახვის უნარით და ეს მთლიანად საკუთარ დამსახურებად მიაჩნდა.
მას მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა. შეიცვალა შენიღბვის ტექნოლოგიები, რომლებიც ძალიან დაიხვეწა და თითქმის სრულყოფილი გახდა. საქმეში ტექნიკა ჩაერია და, ახლა ამ სფეროში ფენომენალური მიღწევებია, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერს მაინც პიროვნული ფაქტორი წყვეტს. თამამად ვიტყვი, რომ, რაც უნდა ულტრათანამედროვე ტექნიკა და ტექნოლოგიები გეხვიოს ირგვლივ, თუ შენ არ ხარ მაგარი, საქმეს თავს ვერ გაართმევ და ვერაფერი გიშველის.
ერთხელ ერთი საკმაოდ რთული ოპერაციის ჩატარება დამავალეს, რომელიც მარტოს უნდა ჩამეტარებინა და თან ორი როლი შემესრულებინა. საქმე ეხებოდა აღმოსავლეთ გერმანიის სპეცსამსახურის თანამშრომელ ქალს, რომლის ფსევდონიმი იყო „გრეტა“. ის ძალიან ძვირფასი თანამშრომელი იყო და, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, „შტაზის“ მაიორის ჩინს ატარებდა. გრეტა ევროპის ქვეყნებში მოღვაწეობდა და საკმაოდ მნიშვნელოვან მისიებს ასრულებდა, თუმცა, „კაგებეში“ ეჭვობდნენ, რომ გრეტა ორმაგი, შეიძლება, სამმაგი აგენტიც კი ყოფილიყო და ამის შემოწმება გადაწყვიტეს. შჩუკინმა კაბინეტში მიხმო და მითხრა:
– საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, თანაც, არცთუ ჩვეულებრივი და შენ სწორედ ამიტომ გიხმეთ. ოპერაცია უკვე შემუშავებულია და უნდა შეასრულო.
– მაინც, რითია უჩვეულო, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მომიგო:
– ყველაფერს თანმიმდევრულად გეტყვი, – შჩუკინმა ხუთი ცალი ფოტოსურათი მანახვა და მითხრა – ეს გრეტაა, „შტაზის“ 27 წლის სუპერაგენტი, მაიორი. ამჟამად ბუდაპეშტშია. ვეჭვობთ, რომ ის ძვირფას ინფორმაციებს ყიდის და, არა ორმაგი, არამედ, სამმაგი აგენტია. თუმცა, ამას, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი სიტყვით, ეს ლამაზი გოგონა მოღალატეა და შენ ის უნდა ამხილო. ბუდაპეშტში ორ როლს შეასრულებ და ორივეს ნიღბით, შენს ნამდვილ სახეს არ გამოაჩენ. ერთი როლის მიხედვით, შენ ხარ სამოციოდე წლის „კაგებეს“ პოლკოვნიკი, რომელიც „შტაზის“ სუპერაგენტ გოგონას პირადად ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს ოპერაციის შესახებ, რომლის მიზანიც იქნება „ცეერუს“ ბუდაპეშტელი რეზიდენტის მოტაცება. ამის შესახებ, „შტაზს“ შევუთანხმდით და ის დაუდასტურებს გრეტას, რომ ოპერაცია მართლაც ტარდება. სინამდვილეში კი, „შტაზის“ ხელმძღვანელობასაც არ ვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ მათი თანამშრომელი გამოვააშკარაოთ. მეორე როლის მიხედვით კი, შენ იქნები ახალგაზრდა ამერიკელი მზვერავი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიმართავს გრეტა სარფიანი წინადადებით და ძვირფასი ინფორმაციის სანაცვლოდ ფულსა და ამერიკაში თავშესაფარს მოითხოვს. ოპერაცია ხვალ იწყება. შენ ბუდაპეშტში ჩახვალ, გრეტას გაიცნობ და რამდენიმე დღის მერე, სექსის დროს, აცნობებ, რომ „ცეერუელი“ ხარ. შენი სახელია ჯონი. ხოლო, როდესაც საქმეში რუსი პოლკოვნიკი დიმიტრი ჩაერთვება, რომელსაც ასევე შენ განასახიერებ, გრეტაც ამოქმედდება. ერთი სიტყვით, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და, მიდი, იმოქმედე.
შჩუკინმა კარგად იცოდა, რომ ერთგული ქმარი ვიყავი და ეგრეთ წოდებული სექს-ოპერაციები არ მეპიტნავებოდა, ამიტომ, მსგავსი ტიპის დავალებებს უკიდურეს შემთხვევაში მაძლევდა. ეს დავალებაც მსგავსი შემთხვევა იყო და, მართალია, გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ, ვუთხარი:
– ყველაფერი რიგზე იქნება.
– წარმატებას გისურვებ. აბა, შენ იცი.
ბუდაპეშტში რომ ჩავედი და მოვეწყვე, გრეტას გასაცნობად გავემართე, რომელიც „შტაზის“ დავალებით ფეშენებელური სასტუმროს ადმინისტრატორი იყო. მეც სწორედ ამ სასტუმროში ვცხოვრობდი. ის უკვე მეორე ღამესვე ჩავიწვინე ლოგინში და ხუთდღიანი მხურვალე სექსის დროს „გავუმხილე“, რომ „ცეერუს“ თანამშრომელი ვიყავი და ბუდაპეშტში ხანგრძლივი მივლინებით ჩავედი. ქალმა ეს ჩემი „აღიარება“ თავისი სექსუალური ღირსებების დამსახურებად ჩათვალა და ფიქრობდა, რომ ვნებები მალაპარაკებდა. იმავე ღამეს ვუთხარი, რომ ორი დღით ბრიტანეთში მივემგზავრებოდი. ხოლო, როდესაც „გავემგზავრე“, ორი საათიც არ იყო გასული, რომ გრეტას სამოცი წლის რუსი პოლკოვნიკის – დიმიტრის სახით მოვევლინე და პაროლების გაცვლის მერე ვუთხარი:
– აქ ძალიან მნიშვნელოვანი მისიით ვარ ჩამოსული, რომელშიც მთავარი როლი თქვენ გეკისრებათ და ინსტრუქტაჟი უნდა ჩაგიტაროთ.
– დიახ, ვიცი, ცენტრიდან უკვე მაცნობეს ამის შესახებ, – მითხრა გრეტამ, რომელსაც იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეჰპარვია იმაში, რომ რუსი პოლკოვნიკი იგივე ჯონი იყო, რომელთანაც უკვე ზედიზედ ხუთი დღე ნებივრობდა.
ერთი სიტყვით, გრეტას არარსებული ოპერაციის დეტალები გავაცანი, მოქმედების რამდენიმე ვარიანტი მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:
– ოთხი დღე გაქვთ განკარგულებაში. რაზეც ვილაპარაკეთ, ყველაფერი გულდასმით მოამზადეთ, დანიშნულ დროს მოვალ და ოპერაციას პირადად ჩავუდგები სათავეში. მაშველი ჯგუფიც ოპერაციის დღეს ჩამოვა. ახლა კი უნდა წავიდე, ნახვამდის.
გრეტასგან კონსპირაციულ ბინაში წავედი და ორი დღე იქიდან არ გამოვსულვარ. ორი დღის შემდეგ კი, „ცეერუელი“ ჯონის ნიღბით დავბრუნდი სასტუმროში, მაგრამ, გრეტას ნახვას არ ვჩქარობდი. საღამოს გრეტა თავად მეწვია ნომერში, მომიალერსა და ვახშამი შეუკვეთა. თითო ჭიქა კონიაკი რომ შევსვით, გრეტამ მითხრა:
– ჯონი, საყვარელო, შენისთანა კაცი ჯერ არ მყოლია, ძალიან კარგი ხარ.
– არც მე მყოლია შენისთანა ქალი, – მივუგე გრეტას და საკოცნელად გავიწიე, მან კი არ მაცალა და მითხრა:
– ეგ შემდეგ, ახლა კი – საქმე.
– ამაზე კარგი საქმე რა უნდა იყოს? მოდი, დავწვეთ.
– მოიცა, ჯონი, მომისმინე. შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს.
– რა საქმე?
– გახსოვს, რომ მითხარი, „ცეერუში“ ვმუშაობო?
– გრეტა! – „აღვშფოთდი“ მე, – ხომ შევთანხმდით, რომ ამაზე აღარასოდეს ვილაპარაკებდით?
– ჰო, მაგრამ, ვითარება შეიცვალა.
– რა ვითარება, რაშია საქმე?
– მაცლი თქმას? გაჩუმდი და მომისმინე.
– გისმენ.
– ჯონ, მე პროფესიონალი მზვერავი ვარ და „შტაზიში“ ვმუშაობ.
– რაო?!
– დამშვიდდი და კარგად მომისმინე. „კაგებე“ და ჩვენი უწყება სერიოზულ აქციას გეგმავენ თქვენ წინააღმდეგ და ამ ოპერაციაში მთავარი როლი მე მეკისრება.
– რა ოპერაციაა და როდის უნდა ჩატარდეს? – ცივი ხმით ვკითხე გრეტას, მან კი მომიგო:
– მე ფული და ამერიკაში თავშესაფარი მჭირდება. შეგიძლია, ამის გარანტიები მომცე?
– რა თანხას ითხოვ?
– სამასი ათას დოლარს.
– ვფიქრობ, რომ უარს არ იტყვიან. როდის ტარდება ეს ოპერაცია?
– ოპერაცია ტარდება ზეგ. მისი მიზანი კი თქვენი აქაური რეზიდენტის მოტაცებაა. მე ის უნდა მოვხიბლო, ოთახში შევიტყუო და დავაძინო, დამხმარე ჯგუფი კი მას გაიტაცებს.
– სად?
– ზუსტად არ ვიცი. ალბათ, მოსკოვში.
ჩემი და გრეტას ლაპარაკი სპეციალურ მიკრო-კინოფირზე იწერებოდა, რომელსაც სასტუმროს ნომერში დამონტაჟებული ორი კამერა იწერდა და ეს იყო „შტაზის“ სუპერაგენტის ღალატის დამადასტურებელი საბუთი. გრეტას თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი:
– მე შემიძლია, ახლავე ვაცნობო ცენტრს შენი სიტყვები და შენი გაყვანა მოვთხოვო, მაგრამ, ერთი აზრი მომივიდა თავში და, თუ დამთანხმდები, გარწმუნებ, ამერიკაში უფრო მეტი წონით ჩახვალ, რაც შენს კარიერას უფრო მეტად წასწევს წინ.
– მითხარი, გისმენ.
– „შტაზსა“ და „კაგებეს“ საპასუხო მანევრი უნდა ჩავუტაროთ და როდესაც მათი ჯგუფი ჩვენი რეზიდენტის გასატაცებლად მოვა, ისინი დავატყვევოთ და ჩვენ გავიტაცოთ.
– კარგი აზრია, – ჩაეცინა გრეტას, – მეტსაც გეტყვი: ამ ოპერაციას „კაგებეს“ პოლკოვნიკი, ვიღაც დიმიტრი ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, რომ „ლენგლიში“ უფრო მეტად დამაფასებენ, თუკი მათ რუს პოლკოვნიკს მივგვრი.
„მომინდომა ამ ძუკნამ მთვარეზე ჟიმაობა“, – გავიფიქრე გუნებაში, გრეტას კი ვუთხარი:
– გენიალურია, უკეთესს ვერავინ მოიფიქრებდა! ახლავე შევათანხმებ ყველაფერს ჩვენებთან, რომ ზეგისთვის სრულფასოვანი ოპერაციის ჩატარება მოხერხდეს.
– კარგი, შევთანხმდით.
– დილით შევხვდებით. ახლა კი, ჯერ შენ გადი, ათ წუთში კი მეც გამოვალ, – ვუთხარი გრეტას და ჩემი ნომრიდან გავისტუმრე.
ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ, როდესაც გრეტამ რუსი პოლკოვნიკი ხაფანგში „შეიტყუა“ და ის ამერიკელების სპეცჯგუფს უნდა გაეტაცებინა, ამ ჯგუფის წევრები „შტაზის“ ოპერმუშაკები აღმოჩნდნენ, მათ გრეტა დააპატიმრეს, რამდენიმე საათში უკვე ბერლინში ჰყავდათ და ჰკითხავდნენ. შტაზელებმა თან წაიღეს საიდუმლო ფირიც, რომელზეც ჩემი და „შტაზის“ სუპერაგენტის დიალოგები იყო ჩაწერილი. ეს გოგონა ოთხმაგი აგენტი აღმოჩნდა და ერთდროულად იყო დაკავშირებული ბრიტანეთის, ფედერაციული გერმანიის, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან. გრეტა გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, შემდეგ მას განაჩენი შეუცვალეს – ოცი წელი მიუსაჯეს და მან ეს ვადა ბოლომდე მოიხადა. როგორც ვიცი, გრეტა დღესაც ცოცხალია, უკვე გაერთიანებულ გერმანიაში ცხოვრობს და, როგორც დიქტატურის მსხვერპლი, საკმაოდ სოლიდურ პენსიასაც იღებს მთავრობისგან. არადა, გრეტა დიქტატურის მსხვერპლი კი არა, ტიპური მოღალატეა და ღირსეულად დაისაჯა. მადლობა თქვას, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, რადგან, ეგრეთ წოდებული სანიმუშო დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი დონის მოღალატისთვის, შესაძლოა, თავიც წაეგდებინებინათ...
ბუდაპეშტის მსგავსი ცრუ აქციები ჩვეულებრივი მოვლენაა სპეცსამსახურების პრაქტიკაში და ასეთ ოპერაციებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა. ასეთი ცრუ მანევრები, ძირითადად, რაღაც უფრო დიდის, მთავრის შესანიღბად გამოიყენება ხოლმე და საკმაოდ დიდი წარმატებითაც.
ერთხელ, ლუბიანკაზე ერთი მსგავსი აქცია დაიგეგმა, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა რეაქტიული ავიაციის ფანტასტიკურ განვითარებაში, რამაც ჩვენს ქვეყანას საშუალება მისცა, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვნად გაესწრო და, შედეგად, საბჭოთა „ასები“ შვიდი წლის განმავლობაში დომინირებდნენ მსოფლიოს ცაში.
„კაგებეს“ შერჩეული ჰყავდა ვინმე მაიორი ზუევი, რომელიც შორეული აღმოსავლეთის საიდუმლო საავიაციო ბაზაზე მსახურობდა და გამორჩეული იყო თავისი ანტისაბჭოური განწყობილებებით. ზუევი პილოტი „ასი“ იყო და თანამედროვე რეაქტიული თვითმფრინავებით დაფრინავდა. მე ზუევს უნდა დავკონტაქტებოდი და ჩამენერგა მისთვის აზრი, რომ მას საბჭოეთში სათანადოდ არ აფასებდნენ და მებიძგა, რომ საიდუმლო რეაქტიული თვითმფრინავი გაეტაცებინა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაეყვანა. ობიექტთან დიდხანს მუშაობა არ დამჭირვებია, ის ისედაც მზად იყო ამისთვის. ჩვენი გაცნობიდან სამ კვირაში მან საიდუმლო თვითმფრინავი გაიტაცა და ამერიკაში დასვა. საბჭოთა მთავრობამ, რა თქმა უნდა, მსოფლიო განგაში ატეხა და თვითმფრინავისა და პილოტის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება მოითხოვა. პილოტის დაბრუნებაზე ამერიკამ უარი განაცხადა, საიდუმლო თვითმფრინავი კი თვე-ნახევრის შემდეგ დააბრუნეს – მას მერე, რაც ის საფუძვლიანად შეისწავლეს ამერიკელებმა. ამ აქციის მიზანი კი ის იყო, რომ ამერიკელებს იმ ტიპის თვითმფრინავებზე გაემახვილებინათ ყურადღება და გამორჩენოდათ ის უახლესი საბჭოთა მოდელები, რომლებიც უკვე დაფრინავდნენ, ამერიკელები, ჩვენს ამ ტრიუკს გვიან მიხვდნენ. იმდენად გვიან, რომ შვიდი წლით ჩამოგვრჩნენ და შვიდი წლის განმავლობაში საბჭოთა ავიაციას კონკურენტი არ ჰყავდა მსოფლიოში. რაც შეეხება ზუევს, შვიდი წლის განმავლობაში მისთვის ხელი არ გვიხლია, ხოლო, როდესაც ამერიკელები მიხვდნენ, რომ ზუევი „შემოგდებული“ იყო, მასზე ხელი აიღეს, ყოველგვარი დაფინანსება შეუწყვიტეს და ის გალოთდა. ყოფილი „ასი“ ამერიკის ტრასებზე დახეტიალობდა და მათხოვრობით შოულობდა ორიოდ დოლარს, რომ დაელია.
– ფუი, დასწყევლოს ღმერთმა ეს საზიზღარი ამერიკა! თუ არ სჭირდები და შენგან მოგება არ აქვთ, ერთ ჭიქა ვისკისაც კი არავინ დაგალევინებს, – ბუტბუტებდა ზუევი, თან ტრასაზე მიმავალ მანქანებს ხელს უქნევდა, რომ სხვა შტატში წასულიყო და იქ ეცადა ბედი.
მის წინ მწვანე „ფორდმა“ გააჩერა და, როდესაც ის მძღოლის გვერდით მოკალათდა, „ფორდი“ ადგილიდან დაიძრა.
– საით გაგიწევიათ, სერ? – ჰკითხა ზუევს მძღოლმა.
– რა ვიცი, იქ, სადაც ჭიქა ვისკის მიწყალობებენ, – მიუგო ზუევმა მძღოლს, შეათვალიერა და დაამატა – ძალიან ნაცნობი სახე გაქვს. სად მინახავხარ, ნეტავ?
– მთელ ამერიკაში ვმოგზაურობ და, ალბათ, ადრე შევხვდით კიდეც სადმე.
– არა, არა, – თავი გააქნია ზუევმა, – სადღაც სხვაგან მყავხარ ნანახი.
– სხვაგან სად?
ზუევმა მძღოლის თვალებში ჩახედა, შემდეგ შეხტა და მიუგო:
– საბჭოთა კავშირში...
– გაგახსენდი? – ირონიულად ვუთხარი ზუევს, რადგან „ფორდის“ მძღოლი მე ვიყავი და ამერიკაში მის დასასჯელად გამგზავნეს.
– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე, ჩემს სამშობლოს როგორ ვუღალატე... – იმეორებდა ზუევი. შემდეგ თვალებში ჩამაცქერდა და მითხრა:
– შენი ბრალია! შენ არ მირჩიე, რომ თვითმფრინავი გამეტაცებინა და ამერიკაში გადავსულიყავი?
– მე მხოლოდ მიმართულება მოგეცი. გაქცევა და თვითმფრინავის გატაცება კი დიდი ხანია, გულში გედო და ხელსაყრელ მომენტს ეძებდი, შე მოღალატევ!
– უკან წამიყვანე, გამასამართლეთ და მომისაჯეთ!
– შენ უკვე მოსჯილი გაქვს.
– რა მაქვს მოსჯილი?
– სიკვდილი და აქ ამ სასჯელის აღსასრულებლად ჩამოვედი.
– არ მომკლა, მაპატიეთ.
– სამშობლოს ღალატი უპატიებელი ცოდვაა, – ვუთხარი ზუევს, წიხლი ვკარი და ღია მანქანიდან უკაცრიელ ტრასაზე გადავაგდე. შემდეგ, მაყუჩიანი პისტოლეტიდან შუბლი გავუხვრიტე და გზა განვაგრძე...
როგორც არაერთხელ მითქვამს, სამშობლოს ღალატი უპატიებელი ცოდვაა და ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ზუევის შემთხვევაში, მავანმა, შეიძლება, თქვას, რომ მას პროვოცირება მოვუწყვეთ და ღალატისკენ ვუბიძგეთ... არავითარ შემთხვევაში! პილოტ „ასს“, როგორც უკვე ვთქვი, ღალატი დიდი ხანია, გულში ედო და შესაფერის მომენტს ეძებდა, ჩვენ კი მისი ეს მდგომარეობა ჩვენს სასიკეთოდ, ქვეყნის ინტერესებისთვის გამოვიყენეთ. ამიტომ, არანაირ პროვოკაციას ან იძულებას არ ჰქონია ადგილი. იძულება მაშინ იქნებოდა, მას რომ ახლობლების განადგურებით დავმუქრებოდით, ასეთი რამ კი ყოფილა და ამიტომაა ის მოღალატე. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო პრევენციული ზომების მიღება – ზუევი ჩამოგვეშორებინა ფრენებს და მის ყურამდე მიგვეტანა, რომ მასზე ეჭვი გვქონდა. ასეთ შემთხვევაში, ზუევი დროებით მაინც გადაიფიქრებდა ღალატს. თუმცა, პირველივე ხელსაყრელ მომენტში მაინც ღალატის გზას დაადგებოდა. „კაგებე“ მონასტერი არ არის, რომ ზრდასრული ადამიანის ხელახლა აღზრდაზე იფიქროს. იქ ან მტერი ხარ, ან მოყვარე. ზუევი მტერი აღმოჩნდა და მისი ეს განწყობა სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოვიყენეთ... ამიტომ, მე არც სინდისის ქენჯნას ვგრძნობ და არც ამორალურ ადამიანად მიმაჩნია თავი. ამორალურობა და უსინდისობა იქნებოდა ის, ზუევი რომ პატიოსანი ადამიანი ყოფილიყო და ის მრუდე გზაზე დაგვეყენებინა. მეტსაც გეტყვით, ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, რომ თუნდაც ჩვენდამი მტრულად განწყობილი ბანაკის წარმომადგენელი, მაგრამ, პატიოსანი ადამიანი, რაიმე ხიფათში გაგვებას. პირიქით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი ოპერაციის წარმატებულობას პატიოსანი ადამიანის დაზარალება სჭირდებოდა, მაგრამ, ეს არ გაგვიკეთებია და უფრო რთული გზა აგვირჩევია მიზნის მისაღწევად. ომის დროსაც კი არსებობს დაუწერელი კანონები და, ვინც ამ კანონებს დაარღვევს, რაც უნდა ძლიერი იყოს, საბოლოოდ მაინც დამარცხდება...
ნურავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ამერიკის უწესო თამაშის შედეგი იყო. ეს ჭეშმარიტებაა, თითქმის მთელი მსოფლიო, მათ შორის ამერიკელებიც აღიარებენ ამას და, რომ იტყვიან, წყალი არ გაუვა. ამიტომ, ნურავის გაეცინება, თუ ვიტყვი, რომ ასე გამარჯვებული ამერიკა საბოლოოდ მარცხისთვისაა განწირული და ეს პროცესი უკვე აქტიურად ვითარდება. ამ ყველაფერს არც განსაკუთრებული ანალიტიკური გონება სჭირდება და არც ჯადოსნური სარკე. ამერიკას ყველა ის ბოროტება, რაც ცივი ომის დროს თესა, ახლა უხვდება წინ და მარტო ის რად ღირს, რომ მის მიერვე შექმნილი, გლობალური ტერორისტული მოძრაობა ასი პროცენტით მასვე შემოუბრუნდა.
საბჭოთა კავშირის დაშლა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ, რამდენიმე წელი მას ჯერ კიდევ დარჩენოდა, როდესაც პაკისტანში ერთი ძალიან წარმატებული სპეცოპერაცია ჩავატარეთ და დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ჩუმად ჩავიგდეთ ხელში. ის ახლაც ცოცხალია და მის პიროვნებას არ დავასახელებ. ამიტომ, პირობითად მას აბდულა ვუწოდოთ.
აბდულა მაშინ ამერიკის მიერ იყო მომზადებული და უხვად დაფინანსებული. ის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა ავღანეთში და თავისი ოკეანისგაღმელი პატრონების უშუალო მითითებით, ტყავს აძრობდა საბჭოთა მებრძოლებს. აბდულას დატყვევება პირადად ანდროპოვის უშუალო მითითებით განხორციელდა. სპეცჯგუფმა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, წარმატებით შეასრულა ეს მისია და ის ჩვენს ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში მივიყვანეთ. აბდულა 30 წლის, სიმპათიური შესახედაობის მამაკაცი იყო და ისე ავიყვანეთ და განვაიარაღეთ, კრინტის დაძვრაც კი ვერ მოასწრო. ის დედიშობილა, რკინის ძელზე მივაბით და პირიდან საცობი რომ გამოვუღე, მითხრა:
– ვხედავ, რომ აქედან თავს ვერ დავიძვრენ და განწირული ვარ. ამიტომ, ერთი თხოვნა მაქვს და, როგორც მეომარმა მეომარს, გთხოვ, გამიგო.
– თქვი, რა თხოვნა გაქვს, – ვუთხარი აბდულას.
– როგორც გინდა, ისე ამომხადე სული. თუ გსურს, ტყავი გამაძრე, ისევე, როგორც მე ვაძრობდი ტყავს საბჭოთა მეომრებს. ოღონდ, კაცური ღირსება არ წამიბილწო.
კაცური ღირსების წაბილწვაში აბდულა სქესობრივ ძალადობას და სასქესო ორგანოს მოკვეთას გულისხმობდა. ჩვენ კი, არამცთუ გაუპატიურებას, მის სიკვდილით დასჯასაც კი არ ვაპირებდით. ხელმძღვანელობისგან პირადად მე მქონდა ნაბრძანები, რომ აბდულა გადმომებირებინა...
– ასეთია პირადად ანდროპოვის მითითება, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც აბდულას შეპყრობის დავალება მომცა. მე კი მას მივუგე:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ეტყობა, იური ვლადიმიროვიჩს არასრული ინფორმაცია აქვს აბდულაზე, თორემ, მის გადმობირებას არ დაგვავალებდა და მის განადგურებას გვიბრძანებდა. თქვენ ხომ კარგად იცით, რა საშიშია აბდულა?
– თავმჯდომარეს სწორედ მე ვურჩიე აბდულას გადმობირება. იური ვლადიმიროვიჩი კი მის ლიკვიდაციას გვავალებდა.
– თქვენ?!
– დიახ, მე და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ ცოცხალი და ჩვენ მხარეზე მყოფი აბდულა ბევრად უფრო გამოგვადგება, ვიდრე ჩვენ მიერვე ლიკვიდირებული.
– კი, მაგრამ... – სიტყვა გავაწყვეტინე შჩუკინს. მინდოდა, მეთქვა, რომ ის ტყავს აძრობდა საბჭოთა მეომრებს და თუნდაც ამის გამო არ დაგვთანხმდებოდა თანამშრომლობაზე. შჩუკინმა კი ხელით გამაჩერა და მითხრა:
– ბოლომდე მომისმინე. აბდულას პიროვნება საფუძვლიანად შეისწავლეს ჩვენმა ფსიქოანალიტიკოსებმა და შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: თუკი მას დაარწმუნებ იმაში, რომ ამერიკელები მუსლიმებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად და ნავთობის ამოსაქაჩავად იყენებდნენ, ის ჩვენს მხარეზე გადმოვა. ამიტომ, შენ ეს უნდა შეძლო. მანამდე კი აბდულა ძალიან უხმაუროდ უნდა მოიტაცო. გარწმუნებ, კოკი, რომ აბდულას ამერიკის ნომერ პირველ მტრად ვაქცევთ და ძალიან ეფექტურადაც გამოვიყენებთ.
შჩუკინის ეს სიტყვები თავში მქონდა ჩაბეჭდილი და, როდესაც დაბმულმა აბდულამ მთხოვა, რომ მისთვის ღირსება არ შემელახა და ისე მომეკლა, მე მას მივუგე:
– აბდულა, ჩვენ შენი მოკვლა არც კი გვიფიქრია, რომ არაფერი ვთქვათ შეურაცხყოფაზე.
– აბა, რისთვის მომიყვანეთ აქ?
– იმისთვის, რომ გამცნოთ, თუ ვის ემსახურები და ეშმაკის ნამდვილი სახე დაგანახოთ.
– როგორ უნდა დამანახოთ ეშმაკის სახე? – მკითხა აბდულამ.
სანამ საუბარს დავიწყებდი, აბდულა ავხსენი და ჩაცმის საშუალება მივეცი. შემდეგ ჩემი ხელქვეითები ოთახიდან გავუშვი და აბდულას არაბულ ენაზე ოცწუთიანი საუბარი ჩავუტარე, რომელშიც ყურანიდან ამოღებული ციტატები ჭარბობდა, ბოლოს კი ვუთხარი:
– შენ ჩვენს აგენტობას არ გთავაზობთ, უბრალოდ, გვინდა, დაფიქრდე ჩემს სიტყვებზე, სწორი დასკვნები გამოიტანო და თავად მიხვდები, ვინ ვინ არის.
აბდულა გავუშვით და მისთვის არანაირი პირობა არ წაგვიყენებია. მას თავისი ბრძოლა არ შეუწყვეტია, თუმცა ძველებურად საშიში აღარ იყო ჩვენთვის. წლების შემდეგ კი ამერიკას ჯიჰადი გამოუცხადა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში