კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საიდუმლო წაიღეს საფლავში ლავრენტი ბერიას საყვარლებმა

ათწლეულების განმავლობაში ვრცელდება შემოწმებული თუ შეუმოწმებელი მასალა ლავრენტი ბერიას აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრების შესახებ. სიმართლის დადგენა ნამდვილად გაჭირდა, რადგან, ერთმანეთში აირია ჭორი და მართალი. ბერიასა და მისი ოჯახის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ გურული.

– ბატონო ვახტანგ, როგორ ფიქრობთ,  ლავრენტი ბერიას აღვირახსნილი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ხმები შეეფერება თუ არა სინამდვილეს?

– დავიწყოთ ცოტა შორიდან. საზოგადოებაში დამკვიდრდა შეხედულება, რომ 1917 წლიდან რუსეთის, ხოლო 1921 წლიდან საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სათავეში მოსული ადამიანები რევოლუციის „უმწიკვლო რაინდები” იყვნენ. არადა, ბოლშევიკების ლიდერს, ვლადიმირ ლენინს, ოფიციალური საყვარელი ჰყავდა. სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე საყვარელი ჰყავდა მის მეუღლეს, ნადეჟდა კრუპსკაიასაც. 

ცნობილი ბოლშევიკი, საბჭოთა რუსეთის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე ლევ ტროცკი სამოქალაქო ომის ფრონტებზე მოგზაურობდა სპეციალური მატარებლით, რომლის რამდენიმე ვაგონიდან ერთ-ერთში მკვლელების რაზმი იყო განთავსებული. ისინი, ტროცკის ბრძანების თანახმად, ადგილზე ხვრეტდნენ იმ ჯარისკაცებსა და მეთაურებს, რომლებიც ტროცკის პოლიტიკას არ იზიარებდნენ. მეორე ვაგონი ტროცკის მეძავებისთვის იყო განკუთვნილი. მეძავები ხშირად მიდიოდნენ ტროცკის საცხოვრებელ ბინაშიც მოსკოვში. ისინი „უმწიკვლო ბოლშევიკს” თან ახლდნენ სხვადასხვა კურორტებზე დასვენების დროსაც.

 ლენინგრადის ბოლშევიკების ლიდერის – სერგეი კიროვის ორი საყვარელი (სხვათა შორის, დები) სმოლნში კიროვის რეზიდენციაში მუშაობდნენ და ეს ყველამ კარგად იცოდა. კიროვი სწორედ თავისი საყვარლის ტყვიას ემსხვერპლა.

ცნობილი ბოლშევიკი ქალის, ალექსანდრა კოლონტაის აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრების შესახებ უმაღლეს სახელისუფლო ეშელონებში ანეკდოტებს ყვებოდნენ. 

სექსუალური მანიაკებით იყო სავსე საბჭოთა რუსეთის მრისხანე სპეცსამსახური – საგანგებო კომისია („ჩეკა“). ლავრენტი ბერიას ორი წინამორბედი – საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები: ჰენრიხ იაგოდა და ნიკოლაი ეჟოვი გადაგვარებული ადამიანები – მამათმავლები იყვნენ. ყოველივე ამის შესახებ, თავის დროზეც და ახლაც, რატომღაც არავინ არაფერს ამბობს და წერს, ლავრენტი ბერიას შესახებ კი იმდენი დაიწერა, რომ ათ ტომშიც არ მოთავსდება. 

– თქვენი აზრით, რა არის ბერიასადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი?

– პოლიტიკური დაკვეთა! თუმცა, ობიექტურები ვერ ვიქნებით, თუ არ აღვნიშნავთ: „კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება”. ლავრენტი ბერია თავისი ცხოვრების სტილით ნამდვილად იძლეოდა იმის საფუძველს, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა შინაარსის, არასახარბიელო ხმები გავრცელებულიყო. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ლავრენტი ბერია, სხვებისგან განსხვავებით, არასდროს მალავდა თავის კავშირებს ქმრიან თუ უქმრო ქალბატონებთან. მას საქართველოშიც და რუსეთშიც შეეძლო, ემოქმედა ისე, რომ მისი სექსუალური კავშირები ნაკლებად გამხდარიყო ცნობილი. 

– მე სექსოლოგებისა და ფსიქოლოგების კომპეტენციაში ვერ შევიჭრები, მაგრამ, ბუნებრივად, მებადება კითხვა: იქნებ, ლავრენტი ბერია, თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდეც დაინტერესებული იყო, რომ მის კავშირებზე ულამაზეს ქალბატონებთან, რაც შეიძლება ბევრი ეჭორავათ?

– ვერაფერს გეტყვით. მე ისტორიკოსი ვარ და სხვა პროფესიის ადამიანების კომპეტენციაში ვერ შევიჭრები. ერთი კი შეიძლება გარკვევით აღინიშნოს – ლავრენტი ბერიას შეეძლო, ზუსტად დაედგინა, ვინ ავრცელებდა მის შესახებ ხმებს (ჭორს თუ მართალს) და სასტიკად დაესაჯა ისინი, მაგრამ, ამას არ აკეთებდა! 

– რაც შეეხება ბერიას ოჯახს: იყო თუ არა მისი მეუღლე ბერიას ერთ-ერთი „ნადავლი”? თუ, ეს ოჯახი ორმხრივი სიყვარულის შედეგად შეიქმნა?

– ამის შესახებ თანამედროვეთა მოგონებებში ორი ვერსია მუსირებს. ერთის თანახმად, ლამაზმა ქალიშვილმა ნინო გეგეჭკორმა და არცთუ სანდომიანი შეხედულების ახალგაზრდამ, ლავრენტი ბერიამ, ორმხრივი სიყვარულის შედეგად იქორწინეს; მეორე ვერსიით კი, ლავრენტი ბერიამ ნინო აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა. მე პირველ ვერსიას ვუჭერ მხარს. მეორე ვერსია ბევრ წინააღმდეგობას შეიცავს და ჩემთვის არადამაჯერებელია.

– როგორი ოჯახი ჰქონდათ ლავრენტი ბერიასა და ნინო გეგეჭკორს?

– ლავრენტი ბერიამ და ნინო გეგეჭკორმა ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს. იმხანად ბერიას საქართველოს საგანგებო კომისიაში საიდუმლო ოპერატიული ნაწილის უფროსისა და საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 1925 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც, სერგო ორჯონიკიძის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს. ცხადია, დღეს არავის შეუძლია, იმსჯელოს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ცოლ-ქმარს ოჯახში – ეს საიდუმლო მათ საფლავში წაიღეს. ერთი კია, ნინო გეგეჭკორი დაბეჯითებით უარყოფდა მისი ქმრის შესახებ გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ლავრენტი ბერიას უამრავ ლამაზ ქალთან ჰქონდა რომანი. იგი გადაჭრით აცხადებდა, რომ ცოლ-ქმარს შორის წლების განმავლობაში არ დარღვეულა ყოველდღიური, ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება. ნინოს აზრით, ეს ჰარმონია დაირღვეოდა, თუკი ლავრენტი ბერიას, მეუღლისაგან მალულად, პარალელურად უამრავი საყვარელი ეყოლებოდა. ყოველივე ამას ნინო გეგეჭკორი აცხადებდა ლავრენტი ბერიას მკვლელობიდან (1953 წელი) რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. 

– თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ ნინო გეგეჭკორის შესახებ.

– ნინო გეგეჭკორი დაიბადა 1905 წელს, ესე იგი, მეუღლეზე 6 წლით უმცროსი იყო. ლავრენტი ბერიას მოსკოვში სამუშაოდ გადაყვანის შემდეგ იგი, ქმრის მკვლელობამდე, მუშაობდა ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიაში მეცნიერ-თანამშრომლად. ლავრენტი ბერიასა და ნინო გეგეჭკორის ვაჟი, სერგო, მამის მკვლელობამდე მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მესამე მთავარი სამმართველოს ¹1 საკონსტრუქტორო ბიუროში. 1953 წელს ნინო გეგეჭკორი დააპატიმრეს, ხოლო 1954 წელს გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან დიდხანს იცოცხლა და 1991 წელს გარდაიცვალა. 1953 წელს დააპატიმრეს სერგო ბერიაც და მას ძალდატანებით გამოუცვალეს გვარი. მისცეს დედის გვარი და 1954 წელს ისიც გადაასახლეს. სერგო ბერია დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ ლავრენტი ბერია არ დაუპატიმრებიათ და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე არ დაუხვრეტიათ. შვილი ამტკიცებდა, რომ მამამისი მოკლეს საცხოვრებელ ბინაში. სერგო ბერია სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე აქტიურად იბრძოდა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციისთვის, მაგრამ, უშედეგოდ. 

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ბერია არ დაუპატიმრებიათ და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე არ დაუხვრეტიათ, იგი მანამდე მოკლეს. მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესი მაინც შედგა. რომელზეც ბერიას ორეული წარდგა. სასამართლოს მასალებში თუ არის რაიმე ინფორმაცია ლავრენტი ბერიას მექალთანეობის შესახებ?

– დავიწყოთ სხვა ამბით: ნიკიტა ხრუშჩოვმა იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მზადება სტალინის პიროვნების კულტის გასაკრიტიკებლად. მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა: გამომძიებლების ერთი ჯგუფი აგროვებდა ცნობებს სტალინის აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრების შესახებ. ძალზე ძნელი იყო საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ სტალინს, მას შემდეგ, რაც ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა, ჰყავდა ოფიციალური ან არაოფიციალური საყვარელი. ამიტომ იყო, რომ მოიგონეს ხრიკი, თითქოს სტალინი ციმბირის გადასახლებაში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში სექსუალურ ძალადობებს სჩადიოდა არასრულწლოვანი გოგონების მიმართ და მას დარჩა უამრავი უკანონო შვილი. ეს მასალა იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ, ნიკიტა ხრუშჩოვს ურჩიეს, მისი გამოქვეყნებისგან თავი შეეკავებინა. ხრუშჩოვმა სტალინის კრიტიკის ეს მეთოდი იმდენად წამგებიანად ჩათვალა, რომ თვალი დახუჭა რეალურ ფაქტზე: ტურუხანსკის გადასახლებაში ყოფნის დროს სტალინს, მისი ჩასახლების ადგილზე, ოჯახის დიასახლისის, ქვრივ კუზაკოვასგან მართლაც შეეძინა ვაჟი. რაც შეეხება ლავრენტი ბერიას საქმის ეგრეთ წოდებულ გამოძიებასა და სასამართლო პროცესს, აქ ნიკიტა ხრუშჩოვს ხელჩასაჭიდი ფაქტები ნამდვილად ჰქონდა. გამომძიებლები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ უამრავი ქალი დაადასტურებდა, რომ იყო ბერიას საყვარელი და მისგან შვილიც ჰყავდა. თუმცა, გამოძიება პირში ჩალაგამოვლებული დარჩა – ლავრენტი ბერიას საქმეზე შედგენილ საბრალდებო დასკვნაში არ მოიპოვება მეტ-ნაკლებად საყურადღებო მასალაც კი, რომელიც დაადასტურებდა ბერიას სექსუალურ ძალადობას და ბრალდება ისევ ჭორის დონეზე დარჩა! თუმცა, სასამართლოსათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონია. ლავრენტი ბერიას საყვარლებმა ბევრი საიდუმლო თან წაიღეს იმქვეყნად. ბევრი საიდუმლო წაიღო იმქვეყნად ნინო გეგეჭკორმაც.

скачать dle 11.3