ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ძალიან განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან დედალ-მამალი ძაღლების სიმაღლე და საშუალოდ რამდენი უნდა იყოს სხვაობა?
პასუხი: ჯიშობრივი სტანდარტების მიხედვით, დედალი უფრო პატარაა, ვიდრე მამალი, მაგრამ, არიან ცალკეული ინდივიდები, რომლებიც სტანდარტებს აჭარბებენ (დედალი ძაღლები) და შეიძლება, მათ მამალი ძაღლის სიმაღლე ჰქონდეთ.
კითხვა: მაინტერესებს, ძაღლს ბეწვი რომ არ გასცვივდეს, რა ნემსი უნდა გავუკეთოთ?
პასუხი: ძაღლს ბეწვი რომ არ გასცვივდეს, აუცილებლად კარგი მოვლა-შენახვის პირობები უნდა შეუქმნათ, ნემსის გაკეთება აქ არაფერ შუაშია. ბეწვის ცვენა დამოკიდებულია კვებაზე, მოვლა-შენახვაზე და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ კარგად მოუვლით, თქვენს ძაღლს არც ეს პრობლემა შეაწუხებს.
კითხვა: ძაღლის ყურებს რაიმე განსაკუთრებელი მოვლა სჭირდება თუ ეს უმნიშვნელო საკითხია?
პასუხი: არის ჯიშები, რომლებსაც პრობლემური ყურები აქვთ და აუცილებლად უნდა მიხედოთ. შეიძლება ძაღლმა 10-11 წელი იცოცხლოს და ყური საერთოდ არავინ ამოუწმინდოს, მით უმეტეს – მეცხვარის ძაღლებს, „დვარნიაშკებს” და ასე შემდეგ. მაგრამ, ჯიშობრივად, პუდელებს, სპანიელებსა და სხვა დეკორატიული ძაღლების უმეტესობას პრობლემური ყურები აქვთ. ასე რომ, თუ დეკორატიული ჯიშის ძაღლი გყავთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ და მის ყურს პრობლემა რომ არ შეექმნას, აუცილებლად უნდა მოუაროთ.
კითხვა: მართალია, რომ ძაღლის გარეთ გაყვანა ქარიან ამინდში არ შეიძლება? მხედველობაში მყავს ძაღლი, რომელიც სახლის პირობებში ცხოვრობს.
პასუხი: თუ ძაღლი სახლში იზრდება და შეგუებულია სითბოსა და კომფორტს, თუ გარეთ ყველაფერი ინგრევა, ნუ გაიყვანთ. ჩადგება ქარი და მერე გაიყვანეთ, რა პრობლემაა. ისე, ჰასკები და მალამუტები 60 გრადუს ყინვაში და ქარბუქში წვანან და ისე სძინავთ. ყველაფერი შეჩვევაა, მაგრამ, თუ აუცილებელი არ არის, ძლიერი ქარის დროს სახლის ძაღლს გარეთ ნუ გაიყვანთ.
კითხვა: რამდენ ხანში უნდა გაუკეთოთ ძაღლს დეჰელმენთიზაცია?
პასუხი: ქალაქის პირობებში დეჰელმენთიზაცია ძაღლს აუცილებლად 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტაროთ. ეს პროფილაქტიკის მიზნით არის საჭირო. ყველას ვურჩევ, არ გადადოთ და ყოველ 3 თვეში ერთხელ დაალევინოთ ძაღლს ანტიჰერმენტული პრეპარატები.
კითხვა: ჩემი ძაღლი ბოლო დროს სახლში მოშარდვას მიეჩვია. იქნებ მირჩიოთ, როგორ გადავაჩვიო?
პასუხი: შეიძლება, ეს ასაკიდან გამომდინარე ხდება, ან, გაცივდა და თავს ვერ იკავებს. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხისთვის, უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, რომელიც გასინჯავს ძაღლს და დიაგნოზსაც დაუსვამს.
კითხვა: გაზაფხულზე ძაღლს რაიმე კონკრეტული მოვლა ხომ არ სჭირდება?
პასუხი: გაზაფხულის დადგომისთანავე აუცილებლად უნდა მოიმარაგოთ რწყილების, ტკიპებისა და მოსკიტების საწინააღმდეგო წვეთები, ასევე, დასაბანი საშუალებები, რადგან, უცებ რომ დაესიოს მკბენარი, ამ შემთხვევაში მზად იყოთ, რომ დროულად მოაშოროთ, სანამ პარაზიტი შხამსა და ტოქსინს შეუშვებს ორგანიზმში.