ფლორის სამყაროში
კითხვა: ბინაში მაქვს ლოტუსი, მაგრამ, კარგად ვერ ვახარებ. იქნებ ამიხსნათ, როგორ მოვუარო?
პასუხი: ლოტუსი მთელი წლის განმავლობაში კაშკაშა სინათლეზე ამყოფეთ. ის მზის მწველ სხივებსაც იტანს. ის კალათით დაკიდეთ ან თაროზე შემოდგით და ასე უკეთ იგრძნობს თავს. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, ანუ, 18-24 გრადუსი, თუმცა ზამთარში დაბალ ტემპერატურასაც უძლებს. ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით იშვიათად მორწყეთ, რადგან ამ დროს ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია. ნიადაგი რეგულარულად გაანოყიერეთ – ეს ხელს შეუწყობს მცენარის უკეთ ყვავილობას. ის ყვავის პერიოდულად. ყველაზე უკეთ კი – ზაფხულის დასაწყისში. თუ ლოტუსი მეტისმეტად გაიზარდა, წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი გაკრეჭა. ამ სეზონზე სინათლე არ მოაკლოთ, რომ არ გაფუჭდეს.
კითხვა: სად დავდგა კალადიუმი, რომ კარგად იგრძნოს თავი?
პასუხი: ამ მცენარეს ძალიან უყვარს განათება. მისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი, თუმცა, არ უყვარს მზისგულზე ყოფნა, რადგან, ამ დროს ფოთლები უჭკნება. ამიტომ, მისთვის ყველაზე სასურველი ადგილი იქნება ნათელი სააბაზანო. თუ ფართის გამო ამის საშუალება არ გექნებათ, მაშინ შეურჩიეთ რომელიმე ნათელი თარო.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ქრიზანთემა და რამდენ ხანს ცოცხლობს ის ქოთანში?
პასუხი: ამ მცენარისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 13-14 გრადუსი. სითბოში ყვავილები სწრაფად იშლება და სწრაფადვე უჭკნება. ამიტომ, მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას. ეს მცენარე ქოთანში დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ, მიწა არ გაანოყიეროთ. მოაცილეთ გამხმარი ყვავილები – ასე ქრიზანთემა არ დაავადდება და მეტ კოკორს გაშლის.
კითხვა: სახლში მაქვს ორქიდეა, რომელსაც დაეწყო ფესვების სისუსტე და ლპობა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ორქიდეა ტროპიკული მცენარეა და ძალიან პრეტენზიულ სახეობად ითვლება. არ უყვარს ბევრი წყალი, არც ნიადაგის ძალიან გამოშრობა. მას საშუალო რაოდენობით უნდა მიაწოდოთ წყალი, რადგან, თავის სამშობლოში სიცხეებია და ეგუება უწყლობას; ასევე, მას არ ესაჭიროება გადმოკიდებული ფესვების შეჭრა და ხშირი გადარგვა. ორქიდეა გადარგეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მთლიანად გაავსებს თავის ქოთანს ფესვებით, რადგან, როცა ის ძალიან მჭიდროდ არის ქოთანში, ადვილი შესაძლებელია, დალპეს. დალპობა შესაძლებელია მაშინაც, როცა მცენარეს აქვს ძალიან ბევრი წყალი. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ არ უნდა მისცეთ ბევრი სასუქი, თანაც, სასუქებში არ უნდა შედიოდეს აზოტი, ასევე დიდი რაოდენობით კალციუმი. ასეთ დროს მცენარე ვერ ითვისებს თქვენ მიერ მიწოდებულ სასუქს და იწყებს კვდომას. როდესაც შეატყობთ, რომ ორქიდეა კვდება, მაშინვე ამოიღეთ ის ნიადაგიდან და გამდინარე წყალში გაურეცხეთ ფესვები, რომ ზედმეტი სასუქი მოაცილოთ. გაითვალისწინეთ, ეს უნდა გაგრძელდეს 2-4 დღე, ხოლო შემდეგ ის ჩარგეთ ახალ ნიადაგში და სასუქები არ მიაწოდოთ 2-4 კვირის განმავლობაში.
კითხვა: საჭიროა თუ არა ახლა პალმებისთვის ფოთლების შეჭრა, ან, საერთოდ როდის ხდება ეს პროცესი?
პასუხი: პალმა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ, მას არ უყვარს ფოთლების შეჭრა მანამ, სანამ თავისით არ გაუყვითლდება. ეცადეთ, მოითმინოთ, სანამ ეს ფოთლები არ მომწიფდება და თავისით არ მოხმება. ასევე, არის პალმების ისეთი სახეობები, რომლებსაც ესაჭიროება ფოთლების შეკვეცა და შეჭრა, რომ სიმაღლეში მალე წავიდეს, მაგალითად: მარაოსებრი პალმა, ასევე, ბანანისებრთა და სხვა, მაგრამ, ეს სახეობები არ არის საქართველოში.