როგორ გახდა 4 000 დოლარი სასტიკი დანაშაულის ჩადენის მიზეზი და რატომ დააყაჩაღეს მოსწავლეებმა ყოფილი მასწავლებელი
57 წლის ნანა ბ-შვილი ყაჩაღების თავდასხმის მძიმე შედეგისგან შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა იხსნეს, რომ არა მათი ოპერატიულობა, შესაძლოა, გულით დაავადებული ქალის სიცოცხლე სავალალოდ დასრულებულიყო. მას გულის იშემიური შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც ორი ყაჩაღი საკუთარ სახლში დაესხა თავს, რომლებმაც ქალი ფულის გატაცების მიზნით აწამეს. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ის ნანა ბ-შვილის ყოფილი მოსწავლე აღმოჩნდა; მეორე თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა, მუშაკებმა მისი დაკავება ინციდენტიდან რამდენიმე საათში შეძლეს.
პედაგოგი ნანა ბ-შვილი მარტო ცხოვრობდა. მისი ერთადერთი ვაჟი წლების წინ წავიდა გერმანიაში სამუშაოდ და იქიდან უზრუნველყოფდა დედას მატერიალურად. ნანა ბ-შვილს ვაჟის წყალობით ფინანსურად არ უჭირდა. შვილი მარტო დარჩენილ დედას არაფერს აკლებდა, პერიოდულად ავტომანქანებსაც უგზავნიდა, რომლის რეალიზაციასაც მისი მეგობარი კახა ა-იანი ახდენდა. ნანა ბ-შვილი კახა ა-იანს თავადაც ხშირად უმართავდა ხელს, რადგან, მისი შვილის მეგობარი, რომელიც ობლად იყო გაზრდილი, შვილივით უყვარდა. ამიტომ, ნანა ბ-შვილი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ კახა ა-იანი მას ასე სასტიკად გაწირავდა – როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდასხმა ქალბატონზე სწორედ მისმა ყოფილმა მოსწავლემ და შვილის მეგობარმა დაგეგმა.
ინციდენტი ნანა ბ-შვილის სახლში გვიან ღამით მოხდა. მარტოხელა ქალბატონი დაბინდების შემდეგ კარს არავის უღებდა, მაგრამ, იმ ღამეს თავდამსხმელებმა მის სახლში შეღწევა მაინც შეძლეს. მათ მოტყუებით გააღებინეს კარი ნანა ბ-შვილს და მის სახლში შეცვივდნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ნიღბით იყო, მეორე კი – ნიღბის გარეშე. ისინი ქალისგან ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. ნანა ბ-შვილმა მათ განუცხადა, რომ სახლში ფული არ ჰქონდა, რაც თავდამსხმელებმა არ დაიჯერეს, ის სკოჩით მიაბეს სკამზე და წამება დაუწყეს. მოგვიანებით დაზარალებულმა ქალბატონმა სამართალდამცველებთან განაცხადა: „სახლში ჯერ უნიღბო ახალგაზრდა შემოიჭრა, შემდეგ – ნიღბიანი, რომელიც ხმას საერთოდ არ იღებდა. ორივე ძალიან აგრესიულად იქცეოდა. თავდამსხმელმა, რომელიც უნიღბოდ იყო, მაშინვე მითხრა: ახლახან რომ მანქანა გაყიდე, ის ფული უნდა მომცეო. მანქანა მართლაც ახალი გაყიდული მქონდა, 4 000 დოლარი სახლში მედო, მაგრამ, თავდამსხმელებს ვუთხარი: არ მაქვს ფული, დღეს ჩემს შვილს გადავუგზავნე გერმანიაში-მეთქი. ჩემს ნათქვამზე ერთ-ერთმა გაიცინა და მითხრა: ვის ატყუებ, მაგ ორ კაპიკს სიცოცხლეს ნუ გადააყოლებო. მივხვდი, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ, მაინც შევეწინააღმდეგე. უცებ ბიჭებმა იქვე უთო შენიშნეს და უფრო აქტიურმა მითხრა: ახლა ამ უთოს გავაცხელებ და დაგაუთოებო. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ იმ ღამეს ჩემთან სტუმრად იყო ჩემი დისშვილი, 14 წლის გოგონა, რომელიც რაიონიდან ჩამოვიდა. ნინოს კაბინეტში ეძინა. მივხვდი, რომ თავდამსხმელებს ჩემ შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ – მათ იცოდნენ, რომ მარტო ვცხოვრობ და სახლში ვინმეს ძებნა არც უფიქრიათ. მათ არც ფულის ძებნით შეუწუხებიათ თავი, პირდაპირ მითხრეს, მშვიდად გამოგვიტანე ის ფული და წავალთო. წინააღმდეგობის გაწევა რომ ვცადე, ერთ-ერთმა მათგანმა უთო გააცხელა და ჯერ სახესთან ახლოს მომიტანა, მერე კი თმაზე დამადო ცხელი უთო და მითხრა: ეს დასაწყისია, ფულს თუ არ მოგვცემ, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალეო. ამ დროს ნიღბიან თავდამსხმელს მობილურზე დაურეკეს. ნიღბიანმა უთხრა: ფულს არ გვაძლევს, ამბობს, გერმანიაში გავგზავნეო. მივხვდი, ტელეფონიდან ინსტრუქცია მიიღო – ფული სახლში აქვს, არ დაუჯეროთო, რადგან, ყაჩაღმა უპასუხა: არც გვჯერა. თუ არ მოგვცემს, თავის თავს დააბრალოსო. ნიღბიანი ხმას არ იღებდა, ხმა რომ ამოიღო, მივხვდი, რომ მას კარგად ვიცნობდი და ჩემს სახლშიც ნამყოფი იყო, მაგრამ, ისე ვიყავი აღელვებული და შეშინებული, ვერაფრით გავიხსენე, ვინ იყო. იმასაც მივხვდი, რომ მძარცველები თავს არ დამანებებდნენ, ფული საძინებელში მქონდა შენახული, რომელიც კაბინეტის გვერდით არის. იქით გასვლას ვერ შევძლებდი, გული ისე ცუდად მქონდა, ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი; თან, ვიცოდი, რომ იქვე ნინოს ეძინა და არ მინდოდა, რომ მისი არსებობა შეემჩნიათ – დარწმუნებული ვიყავი, მასაც არ დაინდობდნენ. მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა, გადავწყვიტე, ფული მიმეცა და ბიჭებს ვუთხარი: ამხსენით და ფულს მე თვითონ გამოვიტან-მეთქი. ნიღბიანმა ხელები და ფეხები შემიხსნა, მეორე თავდამსხმელი კი თავზე დამადგა. მე ძლივს გადავდგი ნაბიჯი საძინებლისკენ და უცებ ძირს დავეცი. ნიღბიანი მომვარდა და ფეხი დამარტყა მუცელში – ადექი, ფული გამოიტანე, ნუ აფერისტობო. გული ძალიან ცუდად მქონდა, თვალთ მიბნელდებოდა, მაგრამ, ძალა მოვიკრიბე და ხოხვით წავედი საძინებლისკენ, სადაც 4 000 დოლარი მქონდა შენახული. საკუთარი ხელით ავიღე ფული და გადავეცი მძარცველებს. ამ დროს ერთ-ერთმა ტელეფონის ხაზის მოძებნა და გადაჭრა დაიწყო, მეორემ კი ისევ სკამზე მიმაბა და სკოჩით პირი ამიკრა. გული ისე ცუდად მქონდა ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი. უცებ ჩემს სახლში კარი შემოამტვრიეს და ხმაური ატყდა. ერთი კი მოვკარი თვალი პოლიციელებს და გონებაც დავკარგე. მერე გავიგე, რომ ერთი თავდამსხმელი მაშინვე დაიჭირეს, მეორე კი აივნიდან გადახტა და გაიქცა.”
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე 24 წლის ილია ვ-ძე დააკავეს – სწორედ ის იყო ნიღბიანი თავდამსხმელი, რომელიც ყოფილი პედაგოგისგან სახის დამალვას ნიღბით ცდილობდა; მეორე თავდამსხმელი, 28 წლის კოტე ი-შვილი, სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზატორი ნანა ბ-შვილის ვაჟის მეგობარი – კახა ა-იანი აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ ქალს სახლში მანქანის გაყიდვის შედეგად აღებული ფული ჰქონდა. სწორედ მან მისცა ინფორმაცია მეგობრებს და დაავალა მათ მარტოხელა ქალის დაყაჩაღება, ხოლო თვითონ, იმის გამო, რომ დაზარალებული მას კარგად იცნობდა, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, მეთვალყურედ დარჩა. მაგრამ, როგორც კი მან ბინასთან სამართალდამცველები შენიშნა, მეგობრები ადგილზე მიატოვა და თავს გაქცევით უშველა, თუმცა დროებით – მეგობრებმა ის დანაშაულის ორგანიზებაში ამხილეს, რის შემდეგაც დაკავებული კახა ა-იანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორ მოხვდნენ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე
დანაშაულის დროული აღკვეთა უნებლიე თვითმხილველის, ნანა ბ-შვილის დისშვილის, 14 წლის გოგონას წყალობით გახდა, რომლის ბინაში ყოფნა თავდამსხმელებისთვის ბოლომდე უცნობი დარჩა.
ამონაწერი ნინო კ-შვილის ჩვენებიდან: „იმ ღამეს დეიდასთან სტუმრად შემთხვევით დავრჩი. ტრენინგზე ვიყავი ჩამოსული რაიონიდან ერთი დღით, წასვლა დამაგვიანდა და მშობლებმა მითხრეს, რომ ღამე ნანა დეიდასთან გამეთია. ახალი ჩაძინებული ვიყავი, როცა ლოჯიიდან ხმაური შემომესმა. ვიცოდი, რომ დეიდასთან ღამით არავინ მოდიოდა და შემეშინდა. საწოლიდან ავდექი, კაბინეტის კარი ოდნავ შევხსენი და დავინახე ორი უცნობი ბიჭი, რომლებიც დეიდას სკამზე აბამდნენ. მივხვდი, რაც ხდებოდა, შემეშინდა, მაგრამ, არ დავიბენი. ოთახიდან რომ გავსულიყავი დეიდას მე ვერაფრით დავეხმარებოდი, პირიქით, უფრო მეტი საფრთხე შეიძლებოდა შემექმნა ორივესთვის. გარდერობში დავიმალე და მობილური ტელეფონით მალულად დავრეკე პოლიციაში. სამალავიდან მხოლოდ მაშინ გამოვედი, როცა სახლში პოლიციელები დავინახე, რომლებმაც დეიდაჩემიც გადაარჩინეს და დამნაშავეებიც დააკავეს. თავდამსხმელებს ძალიან გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ მათ მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მეც ბინაში ვიყავი, მათ დეიდა მარტო ეგონათ სახლში და ერთმანეთს აბრალებდნენ, ოთახების გაჩხრეკა რომ დაავიწყდათ.”
ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზებისთვის დაკავებული კახა ა-იანი თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ, ბოლოს აღიარა, რომ თავდასხმა თავად დაგეგმა.
ამონაწერი კახა ა-იანის ჩვენებიდან: „ნანა ბ-შვილის შვილს ბავშვობიდან ვიცნობ, ჩვენ თანაკლასელები ვიყავით და ვმეგობრობდით. როცა მამუკა გერმანიაში წავიდა სამუშაოდ, დამირეკა და მთხოვა: მანქანებს გამოვგზავნი, შენ რეალიზებაში დამეხმარე, მოგება შუაზე გავიყოთო. თითქმის ორი წელი ვმუშაობდით ასე, მერე რაღაც გაურკვევლობა მოხდა ჩვენ შორის, მამუკამ საქმეს ჩამომაშორა და თავის ბიძაშვილს გადააბრა. ამაზე ძალიან გავბრაზდი, თან, ეკონომიურადაც გამიჭირდა, ამიტომ, ნანა მასწავლებელთან მივედი და ვთხოვე, მამუკასთან მიშუამდგომლეთ-მეთქი, მაგრამ, მამუკამ, ახლოსაც აღარ გამიკარა. ამ ინციდენტიდან 5-6 თვე იყო გასული, როცა ნანა ბ-შვილის დაყაჩაღება გადავწყვიტე. გავიგე, რომ ახალი ავტომობილი ჩამოუვიდათ გასაყიდად და დაველოდე, სანამ რეალიზაციას გაუკეთებდნენ. ვიცოდი, რომ ფული სახლში ექნებოდა. მე თვითონ ვერ შევიდოდი ნანა ბ-შვილის სახლში – ნანა მასწავლებელი ხმით აუცილებლად მიცნობდა. ამიტომ, ამის გაკეთება ჩემს მეგობრებს ვთხოვე, რომელთაგან ერთ-ერთი თავადაც ნანა მასწავლებლის ყოფილი მოსწავლე იყო”. სასამართლომ კახა ა-იანს ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების 10 წლით, კოტე ი-შვილსა და ილია ვ-ძეს კი 9-9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.