კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპარა ქართველმა ქურდმა, მეტსახელად „ხვლიკმა“, ცნობილი შედევრი – „მეთევზე“

– აი, ამხანაგებო, ესეც ვან დეიკის „მეთევზე“... – თქვა ტრეტიაკოვის გალერეის გიდმა ქალმა, რომელმაც პირველ დამთვალიერებელთა ჯგუფი შეიყვანა მუზეუმში. შემდეგ შედევრს შეხედა და გაშრა... საქვეყნოდ ცნობილი მხატვრის ნამუშევრის ადგილზე ცარიელი ჩარჩო ეკიდა. თავად „მეთევზე“ კი უკვალოდ გამქრალიყო.

ეს ისტორია 1968 წლის 2 მაისს დაიწყო. მოსკოვის ცნობილი მუზეუმის გიდს, ანასტასია ლისოვსკაიას, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა „მეთევზის“ გაუჩინარება, ნერვული შოკი დაემართა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს. ვან დეიკის „მეთევზე“ ტრეტიაკოვის გალერეაში ამ ცნობილი მხატვრის ერთადერთი ქმნილება იყო და მისი ღირებულება 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

ქურდობის აღმოჩენისთანავე ტრეტიაკოვის გალერეა დახურეს, „მურის“ შესაბამისი სამსახური გამოიძახეს და კრიმინალისტები მუშაობას შეუდგნენ. „მეთევზის“ საქმე გამოსაძიებლად გიორგი ცერცვაძეს გადასცეს და „მურის“ ლეგენდარული მაძებრები დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმეს.

ერთ-ერთი თორმეტთაგანი

კაპიტანმა ცერცვაძემ და „მურის“ კრიმინალისტებმა გულდასმით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს.

– სუფთა ნამუშევარია. ასე ოსტატურად მომუშავე ქურდი სულ რამდენიმე მეგულება, – თქვა ცერცვაძემ.

– ვის გულისხმობ, ავთანდილოვიჩ? – დაინტერესდა თაზო ქვარცხავა, რომელიც ცხაკაიის (სენაკი) მილიციიდან 3 თვის გადაყვანილი იყო მოსკოვში.

– ვის და, რა თქმა უნდა, ბონდო კაჭარავას. მაგრამ, ის სამწუხაროდ, გაქცევის დროს დაიღუპა ტაიგაში.

– საწყალი „ხვლიკი“... რა დაემართა?

ბონდო კაჭარავა, მეტსახელად „ხვლიკი“, ცნობილი ცხაკაიელი ქურდი იყო და ნებისმიერი ნივთის მოპარვა შეეძლო. საქართველოდან დიდი ხნის წასული გახლდათ და რუსეთში „მოღვაწეობდა“. მის მრავალრიცხოვან ქურდობას შორის იყო ერმიტაჟის დახურული ფონდიდან წაღებული ოქროს ნაკეთობებიც. სწორედ ამ დანაშაულისთვის იხდიდა ხვლიკი ათწლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ციმბირში, საიდანაც 6 თვეში გაიქცა.

– სანამ მოსკოვში გადმოგიყვანდნენ სამუშაოდ, ეგ ამბავი 2 კვირით ადრე მოხდა. ოდინცოვოში ცნობილი იუველირის, ზალცმანის აგარაკი გაქურდეს და ის საქმე მე გამოვიძიე. მაშინ გავიგე ეგ ამბავიც. მაშინაც ხვლიკზე მქონდა ეჭვი, თუმცა ქურდი სტეპან ორეხოვი აღმოჩნდა. „არაქისი“ (ორეხოვი) ახლა ციმბირში იხდის სასჯელს და ტრეტიაკოვის საქმეში მისი მონაწილეობა გამორიცხულია. რჩებიან ორნი – პავლე ნიკოლაევი, იგივე „ატმიჩკა“ და სტიოპა ვორსი, იგივე „ჟიდი“.

„ატმიჩკას“ და „ჟიდის“ გადამოწმებამ შედეგი ვერ მოიტანა და ორივეს რკინის ალიბი აღმოაჩნდა.

– ჰმ, – თქვა კოპებშეკრულმა ცერცვაძემ, – ამ საქმის გახსნის არც თუ ისე დიდი შანსები გვაქვს. ვიღაც ახალი ტალანტი გამოჩნდა, რომელსაც ჯერ ჩვენს ხელში არ გაუვლია. ხვლიკი მკვდარი რომ არ იყოს, თავს დავდებდი, რომ „მეთევზე“ მისი მოპარულია. სწორედ ასეთი მოხერხებულობის გამო შეარქვეს მას ხვლიკი... როგორც ეტყობა, კაჭარავას ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდა.

– გიორგი ავთანდილოვიჩ, – უთხრა ცერცვაძეს „მურის“ უფროსმა, – ვან დეიკის ეს სურათი მხატვრის საზღვაო სერიის თორმეტი ნამუშევრიდან ერთ-ერთია და ყველაზე ძვირად ფასობს. თერთმეტი ნახატი ამერიკელ მილიონერს, ოსკარ ჯეისონს აქვს თავის კოლექციაში. ის ფირმა „ფრუტ კომპანის“ მფლობელია და ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორული ურთიერთობები აქვს. არ არის გამორიცხული, რომ „მეთევზეც“ მის კლანჭებში მოხვდეს და აუცილებლად უნდა მივაგნოთ იმ ერთ-ერთს თორმეტიდან.

ეჭვმიტანილი „ხვლიკი“

ცერცვაძემ და ქვარცხავამ ყველა სამუშაო ვერსია მრავალგზის გადაამოწმეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ასეთ ოსტატურ ქურდობას დიდი გამოცდილებაც სჭირდებოდა. ახალბედა კი ასეთ რამეს ვერ შეძლებდა.

– თაზო, მიდი და ციმბირიდან ხვლიკის საქმე გამოითხოვე. მაინტერესებს, რა ვითარებაში გაიქცა კოლონიიდან, – უთხრა ცერცვაძემ ქვარცხავას.

კოლიმიდან გამოგზავნილ საქმეში ეწერა, რომ ხვლიკი ვინმე სემიონ კაცმანთან ერთად გაიქცა. კაცმანი პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იყო და სავალუტო სპეკულაციებისთვის იხდიდა სასჯელს. პატიმრები გვიან ღამით გასულან ბანაკიდან და მდევრებს მხოლოდ დილის 10 საათისთვის აღმოუჩენიათ 30-ე კილომეტრზე ორივეს ტანსაცმელი და ძვლების ნაწილები. ამის გამო ადმინისტრაციას მიაჩნდა, რომ პატიმრები ცოცხლები აღარ იყვნენ. თანაც ირგვლივ 450 კილომეტრის რადიუსში დათოვლილი, გაუვალი ტაიგა იყო, რომელშიც მშიერი მგლები დარბოდნენ.

– არ მინდა, სასაცილოდ გამოვიყურებოდე, მაგრამ 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ხვლიკი ცოცხალია, – თქვა ცერცვაძემ და ქვარცხავას კაცმანის საქმის გაცნობა დაავალა, – ორ დღეში უნდა შეისწავლო კაცმანის საქმე, მისი კავშირები და დასკვნები მომახსენო. ვფიქრობ, რომ ეს გაქცევა, ამერიკელი მილიონერი და „მეთევზის“ გატაცება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ქვარცხავამ გულდასმით შეასრულა ცერცვაძის მითითება და სემიონ კაცმანის საქმე საფუძვლიანად შეისწავლა. მასში კი „ფრუტ კომპანის“ თანამშრომლის, ვინმე ედგარ ფუშერის გვარი ამოტივტივდა. ოფიციალურად ის ფირმის რიგითი თანამშრომელი იყო. ამასთან, თავისი მილიონერი შეფისთვის ხელოვნების ნიმუშების შეძენით იყო დაკავებული. კაცმანის საქმეში ის მხოლოდ მოწმის სახით გადიოდა. ამიტომ, დაკითხეს და გაათავისუფლეს.

– ეგ ფუშერი არ მომწონს, მასზე ფარული თვალთვალი უნდა დავაწესოთ. ოღონდ ისე, რომ არ გავიშიფროთ. ხომ იცი, ასეთ საქმეებზე „კაგებეც“ მუშაობს და ჩვენი უფროსი ძმები არ გავანაწყენოთ, – თქვა ცერცვაძემ.

„ფრუტ კომპანის“ წარმომადგენლობა მოსკოვში იყო. თაზომ და მისმა ბიჭებმა ედგარ ფუშერის ფოტო მოიპოვეს და მას ფარულად უთვალთვალებდნენ.

– მიდით, ბიჭებო, მიდით! მსხვილი თევზი უეჭველად თქვენს ბადეში მოხვდება და სულ მალე გამარჯვებას ვიზეიმებთ, – აგულიანებდა ცერცვაძე ხელქვეითებს.

სულ რაღაც 4 დღეში, შედეგმაც არ დააყოვნა და მურელები კვალზე გავიდნენ.

მევიოლინე

ედგარ ფუშერი მთელი დღეების განმავლობაში მოსკოვის სხვადასხვა მუზეუმსა და ანტიკვარულ მაღაზიებში დაეხეტებოდა. ის რამდენჯერმე ვიღაც ჭაღარა მოხუცს შეხვდა, რომელიც მარცხენა ფეხით კოჭლობდა და ჯოხით დადიოდა. მურელები მოხუცით დაინტერესდნენ და დაადგინეს, რომ ის როზა ლუქსემბურგის ქუჩაზე ცხოვრობდა და სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე, პავლე ტრახტმანი  იყო. ის ჩვეულებრივ ვიოლინოთი დადიოდა, რომელიც შავ ფუტლარში ედო.

– მოხუცს ხელი არ ახლოთ და მხოლოდ უთვალთვალეთ, – უთხრა ცერცვაძემ ქვარცხავას, – თან, ამ კაცის ნათესაური კავშირები შეისწავლე. ეჭვი მაქვს, კაცმანთან უნდა იყოს დაკავშირებული და გამორიცხული არაა, მისი მეშვეობით ხვლიკზე გავიდეთ.

როგორც ყოველთვის, თაზო ქვარცხავამ ძალზე საგულისხმო დეტალს მიაგნო. პავლე ტრახტმანი სემიონ კაცმანის დეიდაშვილი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება ის გახლდათ, რომ ტრახტმანი ლოგინად იყო ჩავარდნილი...

– აბა, ის მოხუცი ვინღაა? – გაოცდა ცერცვაძე.

ქვარცხავა ბრძანების შესასრულებლად მოემზადა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მეთვალყურეებმა აცნობეს, რომ ედგარ ფუშერი და მოხუცი გორკის პარკში შეხვდნენ ერთმანეთს და შემდეგ უკვალოდ გაქრნენ. თაზომ და მისმა ბიჭებმა ახლომდებარე ტერიტორია გადაჩხრიკეს და ერთ-ერთ დასანგრევად გამზადებულ სახლში გაკოჭილი და პირში ჩვარჩაჩრილი ფუშერი აღმოაჩინეს. „ფრუტ კომპანის“ თანამშრომელს უზომოდ გაუხარდა მილიციის გამოჩენა და სხაპასხუპით ალაპარაკდა:

– ბატონებო, იჩქარეთ, იმან ჩემი ბილეთები გაიტაცა და ბათუმში წავიდა. დააპატიმრეთ, თორემ თურქეთში გადავა.

 როგორც გაირკვა, ის სანდომიანი მოხუცი, რომელიც ვიოლინოთი დადიოდა, სინამდვილეში ბონდო კაჭარავა, ანუ ხვლიკი იყო. ფუშერმა ხვლიკს 350 ათასი გირვანქა სტერლინგი გადასცა, სანაცვლოდ კი „მეთევზე“ უნდა მიეღო, რომელსაც ფუტლარით დაატარებდა. ხვლიკმა ფუშერს ფული გამოართვა, შემდეგ გაკოჭა, თან პასპორტი და თბომავალ „სტამბულის“ ბილეთი წაართვა, რომელიც ბათუმიდან გადიოდა.

ედგარ ფუშერი პეტროვკაზე წაიყვანეს. ცერცვაძე, ქვარცხავა და მურის ოპერატიული ჯგუფი კი ბათუმში გადაფრინდნენ და „სტამბულის“ მგზავრებს დაუწყეს თვალთვალი, რომლებიც ნელ-ნელა გროვდებოდნენ გემზე.

– აი, ხვლიკიც, – თქვა ცერცვაძემ და ტრაპზე ამავალი კაჭარავასკენ გაიშვირა ხელი, რომელმაც მშვიდობიანად გაიარა საბაჟო და გემზე ავიდა, – წავედით, მაგრამ ფრთხილად! ხვლიკი მკვლელი არ არის, თუმცა სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მის დაკავებას.

ბონდო კაჭარავას კაიუტაში სწორედ იმ დროს შევიდნენ ცერცვაძე და ქვარცხავა, როდესაც ხვლიკი 350 ათას გირვანქას და მოპარულ „მეთევზეს“ მალავდა პანელში.

– ალყაში ხარ, ბონდო, არ გაინძრე! – უთხრა ცერცვაძემ ხვლიკს, ქვარცხავამ კი თანამოქალაქეს ხელბორკილები დაადო.

ხვლიკმა თავისი თანამემამულე მურელებს უამბო, თუ როგორ გაუსკდა გული ტაიგაში სემიონ კაცმანს. შემდეგ კი ხვლიკმა თავისი ტანსაცმელიც იქ დატოვა და ოცდაათგრადუსიან ყინვაში 24 საათის განმავლობაში ირბინა...

ბონდო კაჭარავას კიდევ 10 წელიწადი დაუმატეს. მოხერხებული ქართველი ქურდი ოთხმოციანი წლების დასაწყისში გაათავისუფლეს ციხიდან და ის საცხოვრებლად რუსეთში დარჩა...

P. S. ხვლიკი 1996 წელს გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი კი დღესდღეობით საქართველოში ცხოვრობს და ერთი ცნობილი ადამიანის მეუღლეა.

скачать dle 11.3