რა წარმატება მოჰყვა გუგა კოტეტიშვილის მიერ 300 დოლარით წამოწყებულ საქმეს და როგორ ცხოვრობს ის
იცით, როგორ ჰგავს გუგა კოტეტიშვილს თავისი სახლი?! მასში მოხვედრამდე ვერც წარმომედგინა, რომ სახლსა და მფლობელს შორის ასეთი მსგავსება შეიძლებოდა არსებულიყო (არ იფიქროთ, 24 საათის განმავლობაში დაორთქლილ მინაზე ღრუბლებს ვხატავდე, მართლა ზომიერი ვარ... – ავტორი) ჩვენი საუბარი, ჭიქა ყავასთან ერთად, ძალიან თბილად, გულახდილად და საინტერესოდ წარიმართა. ვისაუბრეთ ხელოვნებაზე, წარსულზე, მომავალზე და ამ თემების ირგვლივ ვიტრიალეთ კოტეტიშვილების ოჯახის გარშემო...
– ბატონო გუგა, ტატოზე მიამბეთ, თქვენს შვილზე. როგორც ვიცი, ის უცხოეთში სწავლობდა. ახლა რას საქმიანობს?
– ტატო ხუთი წელი პოლონეთში სწავლობდა კინოსაოპერატორო ფაკულტეტზე. მოგეხსენებათ, პოლონეთის კინოსკოლა ერთ-ერთ საუკეთესო, ძველ და ტრადიციულ სკოლად ითვლება მსოფლიოში. მანამდე აქ სწავლობდა, ორი წელი თეატრალურში, კიდევ უფრო ადრე – კოლეჯში. მოკლედ, ძალიან დიდხანს ისწავლა და ძალიან კარგადაც, ამიტომაც მოიპოვა სხვადასხვა პრიზები. ახლა, ჩამოვიდა თბილისში და უკვე, ჩამოსვლისთანავე გადაიღო ლევან კოღუაშვილის კინო. ლევანთან მეც ვითამაშე მანამდე „ქუჩის დღეებში”. ამჟამად ამ ფილმში ტატო იყო დამდგმელი ოპერატორი.
– რა ჰქვია ახალ ფილმს?
– ჯერ არ ვიცი. ახლა მონტაჟი მიდის, სამუშაო პროცესშია. ჩემი აზრით, კარგი კინო უნდა იყოს.
– თქვენ, როგორც მამამ, დიდი წვლილი შეიტანეთ ტატოს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში, თანხმობა რომ განაცხადეთ „ქუჩის დღეებში” მონაწილეობაზე, მაშინაც აქედან მოდიოდა მოტივაცია?
– პრინციპში, ასეც არის. „ქუჩის დღეებში” გადაღებაზე დავთანხმდი იმიტომ, რომ ფული მჭირდებოდა; იმიტომ რომ, იმ მომენტშიც და ყოველთვის, ეს პრობლემა – ფინანსური, მუდამ დგას.
– ჰონორარი, რომელსაც აიღებდით, ტატოს სწავლას სჭირდებოდა?
– იმ წელს და ყოველ წელს იდგა ეს პრობლემა. კი, გეთანხმებით, ეს იყო ტატოს სწავლის გადასახადის პრობლემა და ამიტომ დაუფიქრებლად დავთანხმდი. მე არც ველოდი, ასეთი ამბიცია არც მქონდა, რომ მთავარ როლზე დამამტკიცებდნენ. ჯერ ერთი, ვიცოდი, რომ უნდა ჩამოსულიყო მერაბ ნინიძე და მას უნდა ეთამაშა ეგ როლი. ელოდნენ ძალიან დიდხანს. მერაბმა ვერ შეძლო ჩამოსვლა და, ბოლოს, ფილმის პროდიუსერს, გია ბაზღაძეს უთქვამს: „გუგას ხომ არ...“ რატომ გაუჩნდათ ეს აზრი, ვერ ვიგებ. მანამდე რომ მეთამაშა სხვა ფილმებში, გავიგებდი. მერაბი ჩემი მეგობარია, ვიცი, რომ უნდა ჩამოვიდეს ამ როლის შესასრულებლად და, უცებ მეძახიან მე. მე ვთქვი: სად მე, სად – მერაბი? მოკლედ, ბოლოს დავთანხმდი. დავთანხმდი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დაინტერესების გამო, თორემ, ფილმში გადაღებაზე არც არასდროს მიოცნებია.
– ტატო როგორ შეხვდა თქვენს დებიუტს?
– პირველად გაუკვირდა, მერე მოეწონა.
– მსმენია, რომ „ქუჩის დღეებს” კონკრეტული ადამიანის ბიოგრაფია უდევს საფუძვლად.
– დიახ, ეს იყო კონკრეტული ადამიანი, ახლა არ მინდა დავასახელო – ვინ. მასზე მოთხრობა დაიწერა, შემდეგ ფილმისთვის გადაკეთდა, შეიცვალა. ბავშვის მოტაცება და ასეთი რაღაცეები სულ მოგონილია ყველაფერი, უკვე რეჟისორის და სცენარისტის მიერ. სწორად აგებული სცენარია და ამიტომაა, ფილმის ნახვის შემდეგ რომ მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, ორი კვირაა შენზე, ანუ შენს გმირზე ვფიქრობთო.
– საკუთარი თავით კმაყოფილი თუ ხართ? ფილმზე მუშაობის პროცესიც გავიხსენოთ.
– მართალი გითხრა, კმაყოფილი ვარ. რეჟისორი საშუალებას გვაძლევდა, რომ კონკრეტული სიტყვები სხვანაირად წარმოგვეთქვა, რომ ყურისმომჭრელად არ გაჟღერებულიყო. აქ იყო ქუჩური დიალოგები, ეს ხომ არ იყო შექსპირი, რომელიც არ უნდა შეცვალო და უნდა დაიზეპირო. იქ ერთი სცენაა, როდესაც ცოლთან შევდივარ, ვითომ მინდა, შევურიგდე, სინამდვილეში კი ჩემი ჩხუბის გამო ბავშვს აგდებენ სკოლიდან და ეგ მინდა, შევაპარო... ეს მომენტი ძალიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ ცხოვრებაში არ ვაკეთებ ასეთ რამეს, არ ვარ ეს ტიპი. არადა როლია და უნდა ითამაშო. უცნაური იყო – მერე მომეწონა. მოგვიანებით ზურა ყიფშიძე ძალიან იყო აღტაცებული – ეგრე მორფინისტს ალ პაჩინო თამაშობს ერთხელ ახალგაზრდობაშიო, შენ ძალიან მაგარი ხარო.
– სხვა შემოთავაზება რომ გქონდეთ კინოში, კიდევ მოსინჯავთ ძალებს?
– სხვა, „სიყვარული აქცენტით” რომ გადაიღო რეზო გიგინეიშვილმა, ნიკიტა მიხალკოვის სიძემ, იქ ვთამაშობთ მე და მერაბ ნინიძე, ეპიზოდური როლი მაქვს. მითხრეს: ერთდღიანი როლია და რეზოს უნდა, რომ თქვენ გადაგიღოთო. არ მინდოდა – რაღაც ფილმი, ვიღაც რეჟისორი... მერე რა, რომ მიხალკოვის სიძეა, კაცმა არ იცის, რა გამოუვა-მეთქი, ვფიქრობდი.
– ანუ, პირადად არ იცნობდით. აბა, მას რატომ გაუჩნდა სურვილი, რომ მაინცდამაინც თქვენ გეთამაშათ ამ ეპიზოდში?
– მნახა წინა ფილმში და ფილმიდან გამომდინარე.
– და, მიუხედავად ყველაფრისა, დასთანხმდით.
– კარგი-მეთქი. აქაც იხდიდნენ, ბუნებრივია. ფული სულ გჭირდება. რეჟისორს არ ვიცნობ... რუსული კინო... რა გამოვა, კაცმა არ იცის... გინდა?! – მაშინ, გადამიხადე. ვიკითხე: რაღა მე? ათასი მსახიობია ირგვლივ. მერე, თან რომ გავიგე, მაინცდამაინც გუგა გინდა რომ იყოსო, მაშინ გადაიხადე... პირველ შემთხვევაში იყო ჩემი ინტერესი და ფულიც მჭირდებოდა, მაგრამ, ფული სულ გჭირდება და, ამიტომ, სულ არ გყოფნის. აქაც, ერთდღიანი გადაღებისთვის 1 000 ლარი მშვენიერი ჰონორარი იყო.
– რადგან კინო არ არის თქვენი მთავარი საქმიანობა და რადგან ფული სულ გვჭირდება ადამიანებს, რამდენიმე სიტყვით, იმ მთავარ საქმიანობაზეც ვისაუბროთ, რითიც არსებობთ და ასე ვთქვათ, დღევანდლამდე მოხვედით.
– ჩემი მთავარი საქმიანობა იყო ფერწერა. თბილისის ომის შემდეგ, სახლი რომ დაგვეწვა, – დაიწვა სახელოსნო, ნახატები, აბსოლუტურად ყველაფერი, ჩემი და ვახუშტის, რაც კი რამე გვქონდა. მერე არც მეგონა, რომ სახლს აგვიშენებდნენ, თუმცა, მერიამ ააშენა. ხომ გახსოვთ ის პერიოდი... დანგრეულ ქალაქში ნახატი კი არა, საჭმელი არ იყო, სინათლე არ იყო, სითბო არ იყო.... ამიტომ, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით – მეც, ვახუშტიც, უკაპიკოდ დავრჩით. ვიფიქრე, რა უნდა გავაკეთო, რომ, ელემენტარულად, ვიცხოვროთ: შემოსავალი – არანაირი, სახლი – დამწვარი, სხვაგან ვცხოვრობთ; ერთადერთი, „ნივა“ გადამირჩა. ისიც დააგორეს მოპარვის მიზნით, მაგრამ, ეგრეთ წოდებული „სეკრეტი“ მქონდა ჩაყენებული, ვერ დაქოქეს და იქვე მიატოვეს. მოსკოვში ვიყავი, ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ მყავს „ნივა“ და მაქვს ჩამოყოლილი 100 დოლარი.
– მაშინ 100 დოლარით საქმეს ვერ წამოიწყებდი, თუმცა არც ისე მცირე თანხა იყო.
– 300 დოლარით წამოვიწყე. მანამდე ვიყავი საბერძნეთში და იქიდან ჩემოვიტანე დიდი ტყავის ჩანთა. ეს ჩანთა მომწონდა. ვიფიქრე: ასეთივე ჩანთები უნდა შევაკერინო-მეთქი. წავედი ორთაჭალაში ტყავის ქარხანაში, შევედი ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე. ვიყიდე 300 დოლარის ფანტასტიკური ტყავები. ვიფიქრე, მოდელებს გავაკეთებ, დავურიგებ მეწაღეებს და, წესით უნდა გაიყიდოს-მეთქი. მაშინ შარდენის ქუჩაზე და ბამბის რიგში არაფერი ხდებოდა, ცარიელი და გაპარტახებული იყო. მგონი, მხოლოდ მე ვცხოვრობდი ამ ქუჩაზე მეგობრის სახლში. მთელი ქუჩა მკვდარი იყო. ქვედა ქუჩაზე ისხდნენ მეწაღეები. ჩავედი მოხუც მეწაღეებთან, ვაჩვენებ ამ ტყავს და ვეუბნები: მინდა, რომ ერთი ჩანთა შემიკეროთ-მეთქი. არა, მე ამაზე არა, – ფეხსაცმელზე ვმუშაობო. გასაგებია, მაგრამ შეკვეთა არა გაქვთ, ტყავზე მუშაობა იცით, ფეხსაცმელზე უფრო ადვილი არაა ამ ჩანთის გაკერვა-მეთქი? ფული შევაძლიე, 100 მანეთამდე ავედი და მაინც ვერ დავითანხმე. მერე მეუბნება: ვა, ეს ტყავი სად იშოვე, მომყიდეო. ამაზე სულ დავიბენი. მეწაღე კაცი, თბილისელი, შარდენზე ზის, იქვე ორთაჭალაში ორი ტყავის ქარხანაა და ტყავს მე მთხოვს, როგორ შეიძლება ეს არ იცოდეს, ძირძველმა მოხუცმა მეწაღემ?... მოკლედ, ისე გამაბრაზა, სახლში რომ მოვედი, დავჯექი და მე თვითონ, ჩემი ხელით შევკერე ტყავის „რუგზაკივით”. ეს ჩანთა მალევე გაიყიდა 30 დოლარად. მალე ამ ჩანთებზე ატყდა ამბავი... ყოველ საღამოს ვკერავდი თითო ჩანთას და ვიცოდი, რომ ნამდვილად გაიყიდებოდა. ფაქტობრივად, ამით ვცხოვრობდით. გოგოები ყიდულობდნენ, ხალხი ერთმანეთს „გუგას ჩანთებით“ ცნობდა. მშრალ ხიდზე მაშინ დაიწყეს ვაჭრობა. ვყიდულობდი ძველებურ, ულამაზეს „პრიაჟკებს” გასაფორმებლად. ყოველი ჩანთა ხელოვნების ნიმუში იყო. 300 ჩანთა შევკერე. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ბიზნესის სფეროში. ამის შემდეგ გადავედი ავეჯზე.
– მშრალი ხიდის მოტივებმა შთაგაგონათ დაგეწყოთ ის საქმე, რასაც დღესაც მიყვებით.
– დიახ, მშრალ ხიდზე ახლაც ხშირად დავდივარ და, რომ დამჭირდეს, ყველაფერს გამომატანენ ნისიად. მენდობიან, იმდენი წელია, მიცნობენ. ვიღაცა კაზინოში ხარჯავს ფულს, ვიღაცა – რესტორნებში, ვიღაცა – ტანსაცმელში... მე ჩავდივარ და ამ ნივთებს ვყიდულობ მშრალ ხიდზე, რომლებსაც, არ ვიცი, კონკრეტულად როდის და რაში გამოვიყენებ, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ გამოვიყენებ. ჩემთვის ამაში არსებობაც დევს და სიამოვნებაც.
– კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო: თქვენ და ნიკო გომელაური...
– ნიკო და მე დეიდაშვილები ვიყავით. მასზე თითქმის 10 წლით ვარ უფროსი. ჩემხელა იყო ნიკოს ძმა, გაგა ინაური, რომელიც ნიკოს გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა გულით, აბსოლუტურად მოულოდნელად. მე და გაგა ერთ კლასში ვსწავლობდით. ნიკო პატარა და ნაფერები იყო, სხვათა შორის, ძალიან დამოუკიდებელი. სამსახიობოზე ჩაბარება საკუთარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ჩაიფიქრა და ბოლომდე მიიყვანა. შემდეგ, ლექსების წერაც რომ დაიწყო, პირველი წიგნი გაგამ დაუფინანსა, მე და გაგამ შევადგინეთ წიგნის დიზაინი. ალბათ, თვითონ ნიკო ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი პოპულარული იქნებოდა – არ ეგონა. სამწუხაროდ, თვითონ იყო გაოგნებული, ბოლოს ხომ სიმსივნე ჰქონდა რამდენი წლის განმავლობაში და „ადნაკლასნიკებში“ ჭორები გავრცელებულა – ნიკო მოკვდაო. თვითონ ყვებოდა – მოვკვდიო და, უცებ ხალხის რეაქცია... არ მეგონა, რომ ამდენს ვუყვარდი და ასე დავენანებოდიო.
აბსოლუტურად საღი ადამიანი იყო, რომელსაც ყველაფერი გადასარევად ესმოდა. იცოდა, რაც სჭირდა. ძალიან კაცურად, ღირსეულად გადაიტანა ყველაფერი ბოლო დღემდე. უკანასკნელ ღამესაც მათთან ვიყავი. ცოლისთვის უკითხავს, გუგა ხომ დარჩებაო... რა თქმა უნდა, დავრჩი... იცით, მე მაინც მიმაჩნია, და მგონია, რომ ცხოვრება ხანგრძლივობით არ არის საინტერესო, მთავარია, როგორ იცხოვრებ. შეიძლება, ბევრად ნაკლებ ხანს იცოცხლო და ბევრად მეტი დატოვო – ეგაა მთავარი. იმას, რომ დიდხანს იცხოვრო როგორც ნაძირალამ, ჯობია, ახალგაზრდა წახვიდე და იყო კაცი. ნიკო დღესაც ცხოვრობს... მამაჩემიც ...
– საკუთარ თავში რამე გახსენებთ ვახუშტის?
– მეუბნებიან – აუ, როგორ დაემსგავსე ვახუშტისო.