როგორ გახდა ლელა მებურიშვილი სხვისი ქმრის ცოლი
მართალია, ამბავი იმის შესახებ, რომ ნინო გაჩეჩილაძე წავიდა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები” და ის ლელა მებურიშვილმა შეცვალა, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩვენს რედაქციამდე მოვიდა, თუმცა, პროდიუსერების პოლიტიკიდან გამომდინარე, ეთერში ჯერ პრომოები გავიდა და სიახლის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცნობილი. მაგრამ, თავიდან, ჭორად გაგონილ ამბავსაც კი, რასაც ჯერ არც პროდიუსერები და არც ერთი მხარე არ ადასტურებდა, მოჰყვა მაყურებლის მღელვარება და აგრესიაც კი, რაც მსახიობის შეცვლით იყო გამოწვეული. დარწმუნებული ვარ, აგრესიის გარკვეული ტალღის გადატანა ლელა მებურიშვილსაც მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ ამაში არანაირი ბრალეულობა არ აქვს. პრომოებიდანვე ჩანს ლელას საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმი, რომლითაც ის კატოს ზუსტად იმავე და, ამავდროულად, განსხვავებულ სახეს შექმნის.
ლელა მებურიშვილი: ერთ საღამოს მირეკავენ და მეუბნებიან, თუ შეგიძლია გადაღებაზე მოსვლა „ჩემი ცოლის დაქალების” სინჯებისთვისო. ერთი სცენის ტექსტი გამომიგზავნეს. რომ ვიკითხე, ახალ პერსონაჟს ამატებთ-მეთქი? მითხრეს – არა, კატოს როლზე უნდა გაგსინჯოთო. მივხვდი, რომ წინა დღეებში გაზეთში წაკითხული ამბავი სერიალიდან გაჩკას (ნინო გაჩეჩილაძე) წასვლის შესახებ, მართალი ყოფილა. თუმცა, იქ ჭორის დონეზე ეკითხებოდნენ ნინოს და ის პასუხობდა, რომ არაფერი ასეთი არ მომხდარა. მივედი, გადავიღეთ სინჯი, გაიკრიფა ხალხი სხვა ოთახში და, ვიფიქრე, შევალ, დავემშვიდობები, სხვა საქმეებიც მაქვს-მეთქი. შევიხედე – მივდივარ-მეთქი და, პირდაპირ მკითხეს, როგორია შენი განრიგი, დრო როგორ გაქვს, რომ გადაღებები დავიწყოთო. მივხვდი, რომ დამამტკიცეს. როგორც გავიგე, მანამდე საკმაოდ მასშტაბური ქასთინგი ყოფილა.
– კატოს როლში ისეთი გოგო წარმომიდგენია, თავი საბავშვო ბაღიდან პრინცესა რომ ჰგონია, სიჩერჩეტეც რომ უხდება, სისულელეებს აკეთებს და მაინც პატიობენ, თან, ნერვებს რომ გიშლის და მაინც საყვარელია. შენ ამ ხასიათს როგორ მოერგები?
– მაყურებელიც ყველაფერს პატიობს. კატო განებივრებული პრინცესაა თავისი ბევრი პლუსით. ნინოს მიერ შექმნილი გმირის ხასიათის ხერხემალი, რა თქმა უნდა, იგივე დარჩება, მაგრამ, ხასიათის სხვა შტრიხებს აუცილებლად შეიძენს და გახდება ისეთი, როგორსაც მე შევქმნი. სერიალში ხშირად მომხდარა, რომ, თუ მე ვთამაშობ პერსონაჟს, როგორც მე მივაწოდებ, ბევრი რამ ისე ვითარდება. მაგალითად, „შუა ქალაქის” თიკა საშინელი „სტერვა” უნდა ყოფილიყო, მაგრამ, პირველივე გადაღებული მასალიდან „სტერვული” ფრაზები ამოიღეს, რადგან, ჩემგან გამომდინარე, სხვა მხრივ განავითარეს – „სტერვობა” არ მოგიხდაო. აქაც ასე იყო: კატო ნინოს მოერგო, ნინოს მიხედვით აიწყო და, ისეთი ტიპაჟია, როგორიც მან მოიხდინა, მაგრამ, იმიტომ, რომ გათხოვდა, იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცეები მოხდა, შესაძლოა, კატოს სახე ნელ-ნელა შეიცვალოს. მოკლედ, იქნება თან მსგავსი და თან – განსხვავებული.
– როცა უკვე შენი ამ როლზე დამტკიცება გადაწყდა, არ შეგეშინდა?
– საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. ძალიან კარგად მესმოდა და მესმის, რამხელა რისკთან იყო ეს დაკავშირებული, რადგან, მაყურებელს ვიზუალურად და ისედაც ძალიან მოსწონდა და უყვარდა კატო. იმასაც ველოდები, რომ აგრესია წამოვა. ვიცი, სერიალში თამაშის დროს როგორ უყვარდები ხალხს და როგორ ხდები მათი ოჯახის წევრი და, უცებ რომ ეუბნები, მოიცა, ის აღარ, ახლა სხვა შეიყვარეო, ცოტა რთული მომენტია.
– პროდიუსერებმაც საკმაოდ გარისკეს...
– პირველი სწორედ ეს ვიკითხე – არ შეიძლება, სხვა მეგობარი ვიყო, ვინც, ვთქვათ, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და ჩამოდის-მეთქი? არა, კატო უნდა ითამაშოო. მოკლედ, მომიწევს თავდასხმების გადატანა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იქნება ჩემი პირველი გამოჩენა ეკრანზე, იმედი მაქვს, ცოტა ლოიალურები მაინც იქნებიან და დამინდობენ. სულ ვგრძნობ იმ სითბოს, რაც სერიალების პერიოდიდან მომყვება, ყოველთვის სიყვარულით მხვდება ხალხი და, იმედია, ამ სიახლეს შეეგუებიან.
– რატომ წავიდა ნინო?
– როგორც ამიხსნეს, პრინციპულ საკითხებზე ვერ მოხდა შეთანხმება გადამღებ ჯგუფსა და მსახიობს შორის, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე.
– შენ არ გაქვს უხერხულობის მომენტი, რომ ნინო და შენ ერთ თეატრში ხართ, ერთ საგრიმიოროში?
– სანამ დავთანხმდებოდი, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, არ მინდოდა, რომ ჩვენს ურთიერთობაში ეს დისკომფორტის მიზეზი გამხდარიყო. ახლა ერთ სპექტაკლში ვთამაშობთ და რეპეტიციაზე პირდაპირ ვკითხე – მითხარი, რა მოხდა-მეთქი. არაფერი, ასე გადავწყვიტეთო, – მიპასუხა და, თან მკითხა, შენთვის ხომ არ დაურეკავთო. დამირეკეს და ვფიქრობ-მეთქი. მაშინ თავად მითხრა, უნდა დასთანხმდე, საინტერესო სიახლე იქნება შენთვისო. ასე რომ, ეს დისკომფორტიც აღარ მაქვს. რეალურად, ეს არც უნდა ყოფილიყო რაიმე გაუგებრობის მიზეზი, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჯგუფმაც შემცვლელის ძებნა დაიწყო. ვინ შეცვლის – ამან აღარ მგონია, რომ ვინმეს პრობლემა შეუქმნას.
– ამ გუნდთან მუშაობის გამოცდილება, თუ სწორად მახსოვს, გაქვს.
– დიახ. თუ ვინმეს ახსოვს, არ ვიცი, მაგრამ, სერიალ „საპონში” მე და სალომე შარვაძე ვთამაშობდით. მაშინაც ზუსტად იგივე გუნდი მუშაობდა – პროდიუსერები, რეჟისორი, მხატვრები, გრიმიორები და სხვა, ყველა ბავშვობიდან მიცნობს და მათთან ძალიან ახლოს ვიყავი ყოველთვის. ურთიერთობის პრობლემა არავისთან არ იქნება. კოტე თოლორდავას ძალიან ბევრი წელია, ვიცნობ. ისე გამოვიდა, რომ კოტემ ერთი გოგო მოიყვანა ცოლად და ურთიერთობას უკვე სხვა გოგოსთან განაგრძობს. ეხუმრებოდნენ, ისეთი თაფლობის თვე გქონდათ, რომ შენი ცოლი მთლიანად შეიცვალაო. ასევე კარგად ვიცნობ ყოჩის – ლევან ყოჩიაშვილს და ყველას. ეს მხარე რომ არ იქნება პრობლემური და შეგუება რომ არ გამიჭირდება, დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ და ვნერვიულობ, ეს მაყურებლის განწყობაა, მინდა, რაც შეიძლება მალე შევაყვარო თავი და ეს გადასვლა მაქსიმალურად რბილად და უმტკივნეულოდ მოხდეს. დანარჩენი მოგვარებულია.