კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაწერა მამადავითზე ჯვარი ზურაბ წერეთელმა ვლადიმირ ვისოცკისა და მარინა ვლადის და რატომ გადააგდეს სკამიდან შულცი თბილისში ზურაბ წერეთელთან სტუმრობის დროს

ზურაბ წერეთელი – ეს სახელი და გვარი თბილისში ბევრს აღიზიანებს, ბევრისთვისაც სასიამოვნო მოგონებებთან არის დაკავშირებული და ეამაყებათ, რომ იქ, რუსეთში არის ძალიან ნიჭიერი ქართველი მხატვარი, რომელიც ათეული წლებია, თავისი ფანტასტიკური შემოქმედებით სახელს უთქვამს საქართველოს. იქიდან კი საქართველოში მძიმე სოციალურ პირობებში დარჩენილ ბევრ ნაცნობს თუ უცნობს ეხმარება. რამდენიმე თვის წინ ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუში ბატონმა ზურაბმა კითხვაზე, თუ როგორი რეაქცია აქვს, როცა მიზანმიმართულად აკრიტიკებენ, ასე გვიპასუხა: „მე და სალვადორ დალის შემოგვთავაზეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რაღაც მოგვეხატა. ერთ კედელს მე ვხატავდი, მეორეს – ის. ერთხელ, ბარში ყავას ვსვამთ. დალიმ თქვა: რაღაც აღარ მლანძღავენ, ხომ არ დამივიწყესო და მოულოდნელად, უცნაური ილეთები გააკეთა. ეს მომენტი კორესპონდენტებმა დაიჭირეს და მეორე დღეს „ნიუ-იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა – „დალი ყირაზე გადადისო“. მაშინ ვიფიქრე, საბჭოთა კავშირში რომ ვინმე ასე მოქცეულიყო, ხომ ცუდად დაამთავრებდა თავის ცხოვრებას-მეთქი. ჩვენთან მართლა ასე იყო – ვისაც პრესაში გალანძღავდნენ, ცუდად ჰქონდა საქმე. ამიტომ, უკვე იმუნიტეტი გამომიმუშავდა...“ ჩვენ გადავწყვიტეთ, ამჯერად ბატონი ზურაბი უახლოესი მეგობრის, ფერდინანდ ლორთქიფანიძის თვალით დაგანახვოთ და კიდევ უფრო ახლოდან გაგაცნოთ იგი.

– ბატონო ფერდინანდ, დავიწყოთ იქიდან, როცა ზურაბ წერეთელი გაიცანით და დამეგობრდით?

– ზურას დიდი ბიძა (დედის მხრიდან), გიგლა ნიჟარაძე, მამაჩემის მამიდის, ვარდიფინა ლორთქიფანიძის ქმარი იყო. ბაბუაჩემმა რომ გაიგო, ვის გაჰყვა თავისი ქალიშვილი, გაგიჟებულა, ამ გაღლეტილ ნიჟარაძეებს როგორ გააყოლეთ ჩემი შვილიო. თუმცა, გიგლა ძალიან კარგი მხატვარი, განათლებული პიროვნება გახლდათ, იმ დროის თბილისის კოლორიტი. ზურაბმა რომ მოღვაწეობა დაიწყო, ბიძამისს უნდა უმადლოდეს. თვითონ ზურაბიც არ მალავს, რომ მისი საწყისი კარიერა ძირითადად ბიძამისმა განაპირობა. გარდა ამისა, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით – რკინიგზის მეშვიდე გიმნაზიაში.

– როგორც უახლოესმა მეგობარმა, ალბათ, კარგად იცით მისი ხასიათი, თვისებები, ცხოვრება. რამდენადაც ვიცი, სანამ ზურაბ წერეთლის სახელი მსოფლიოში ცნობილი გახდებოდა, საკმაოდ უჭირდა.

– რა თქმა უნდა, უჭირდა, ისევე, როგორც ბევრ ოჯახს თბილისში, მაგრამ ფეხზე რომ დადგა, არც ბიძამისისთვის დავიწყებია სიკეთის გადახდა. ბიძა მატერიალურადაც ეხმარებოდა ოჯახს. ახლა ჩვენ გაჭირვებას ვუწოდებთ, მაგრამ პლეხანოვზე მანქანები იყიდებოდა – „ზილი“, „მოსკვიჩი“, „პობედა“, 15 ათასი მანეთი ღირდა. ყველა ოცნებობდა, ერთი 15 ათასი მომცა, მანქანა ვიყიდოო. თავისუფლად იყიდებოდა მანქანები, მაგრამ ხალხს ფული არ ჰქონდა. მეც და ზურაც იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით. მაშინ სად იყო კორპუსის ბინები? ვინმესთან სტუმარი რომ მოვიდოდა, ერთ მეზობელს მჭადები მიჰქონდა, მეორეს ყველი, ღვინო... და ასე, მეზობლების დახმარებით უმასპინძლდებოდნენ სტუმარს. ბიძამისს უნდოდა, რომ ზურა მის გზას გაჰყოლოდა და ამიტომ ჩააბარა მან თბილისის სამხატვრო აკადემიაში. პრაქტიკებზე აკადემიკოს ჩიტაიასთან, არქეოლოგიურ გათხრებზე, აზომვებზე დადიოდა და ამან განაპირობა მისი შემდგომი წინსვლა. მეც მომიწია, რომ ამ სფეროში მემუშავა და ამიტომაც ვიცი, რა წარმოუდგენელი სიამოვნებაა არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობა. მაგრამ, იმ დროს ძალიან მოდაში იყო „გეპეი“ და ზურაბს იქ უნდოდა შესვლა. მერე მან ცოლად შეირთო ინესა ანდრონიკაშვილი, რომელიც შეძლებული ოჯახიდან იყო. ზურაბის ცხოვრებასა და ჩამოყალიბებაზე სწორედ ამ ადამიანმა იქონია დიდი გავლენა, თან ძალიან ლამაზი იყო. ინესას პარიზში ახლობლები ჰყავდა. როდესაც ის ადამიანი გარდაიცვალა, ინესას მოუვიდა დეპეშა, რომ პარიზის სახლი (არა ბინა) მემკვიდრეობით ინესას რჩებოდა. ზურა ამ დროს უკვე მისი ქმარი იყო.  ადგა ზურა და ეს სახლი სახელმწიფოს, საელჩოს გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ჰქონდა ის შესაძლებლობები, ასეთი საჩუქრები გაეკეთებინა ვინმესთვის. გაუკეთებია ანალოგიური რაღაცეები – სახლიც უყიდია სხვისთვის, მანქანაც. პირადად მე, როგორ დავივიწყებ – ჩემთვისაც უყიდია მანქანა. თქვენ არ იცით, რა საყვარელი ადამიანია, ბავშვივით არის, სულ გინდა, რომ მოეფერო. ნიფნიფას ვეძახი. არაჩვეულებრივი ბუნებისა და ენერგიის პატრონია. ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, კეთილი ბუნება გენებით გამოჰყვა. რამდენიმე ადამიანს სიცოცხლეც შეუნარჩუნა. მაგალითად, ერთ-ერთი თქვენი კოლეგის მამას, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, რამდენიმე წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე – საოცრებები ჩაიდინა, გერმანიაში ჩავიდა, ფული გადაურიცხა. ამ დროს მისი ქალიშვილი სტატიას აქვეყნებს, რომ ვითომ ზურაბ წერეთელმა საქართველოში ოპოზიციას  შვიდი მილიონი გადაუხადა. გამორიცხულია, ზღაპარი... ზურაბი პოლიტიკაში არასოდეს ერევა, არასოდეს გაუკეთებია პოლიტიკური განცხადებები. დამირეკა – ეს რა უბედურებაა, ფერდინანდ, შენ ხომ მაინც იცი, როგორ გადავყევი მამამისსო... ვნახავ ამ ქალს-მეთქი და... არ გინდა, თავი დაანებე, არაფერი უთხრაო. ისიც არ უთქვამს, სირცხვილი მაგასო. უბრალოდ, ძალიან ეტკინა გული. მეც იქ ვიყავი, იმ გოგოს დედა ზურაბთან რომ იჯდა კაბინეტში. ზურაბმა ერთი შეკვრა ფული ამოიღო და მისცა – ეს ისე, მოიხმარეთო.

– ამბობენ, ცოტა ავარდნილი ბიჭი იყოო, მართალია?

– ზურაბი ავარდნილი და ხულიგანი არასდროს ყოფილა, უბრალოდ, როგორც ყველა ქალაქელი კაცი, ძალიან სწრაფი და მოქნილი იყო. უყვარდა ჩხუბი, მაგრამ პირველი არასდროს არ წამოიწყებდა.

– რამდენადაც ვიცი, ყველა გავლენიანი და პატივსაცემი ფიგურა ზურაბთან მიჰყავთ მოსკოვში და ისიც სულ მათ მასპინძლობაშია.

– ერთხელ ხორვატიის პრეზიდენტი ჩავიდა. კარგი ვახშამი გაუმართა ზურაბმა და ამ კაცმა მოითხოვა, გალერეა დამათვალიერებინეთო. ღამის პირველი საათია. მეც იქ ვარ. ზურაბი დიდი ორატორი არ არის, ერთადერთი მისი ნაკლი, შეიძლება ითქვას, ესაა. დამიძახა, – მოდი აქ, ფერდინანდ! აბა, დადექი. თურმე, ეს კაცი ადრე ხატავდა და ძალიან აინტერესებდა ზურაბის სტილი – როგორ იწყებს. დამაყენა და დაიწყო ჩემი პორტრეტის დახატვა. გეყოფა, ზურა, – ვეუბნები, – დავიღალე, ძნელია პოზირება. ზუსტად 50 წუთში დახატა ჩემი პორტრეტი. ერთხელ, თბილისში შულცი ჩამოვიდა. მაშინ ზურაბი ბაგებში ცხოვრობდა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჩერქეზი იყო. მიიყვანეს ზურაბთან. შულცს დაცვა ახლავს. მე გარეთ ვდგავარ, მაგიდასთან რას დავჯდებოდი. უცებ ჩაქრა შუქი და შულცი სკამიდან გადააგდეს, ერთი ათი კაცი დააწვა ზემოდან, ეგონათ, რაღაც ხდებოდა. ეს ჩერქეზი ეუბნება ზურაბს, – როგორ, მეორე ხაზი არ გაქვსო... იმ წუთას გავიდნენ და გააკეთეს მეორე კვება.

სამხატვრო ფონდის გენერალური დირექტორი ვარ და მირეკავს კულტურის განყოფილების უფროსი ნოდარ ჯამბერიძე: პატივსაცემი სტუმრები გვეყოლება რუსეთიდან – კოსიგინი და სუსლოვი და ორი საჩუქარია საჭირო. საჩუქარი უნდა იყოს ჩვენი ხელოვნების ნიმუში და აბა, შენ იციო. ძალიან ძნელი საქმეა, ბატონო ნოდარ, მაგრამ მითხარით და ყველაფერს გიშოვით-მეთქი. მაგის დრო არ არისო. თვითონ შევარდნაძესთან ერთად ისვენებდა ბიჭვინთაში. რა ვქნა ახლა, ვფიქრობ და მოვიფიქრე. იყო ასეთი მხატვარი – ქურხული, რომელიც პორტრეტების „კოპიას“ აკეთებდა გენიალურად და დავახატვინე სუსლოვის სურათი. ახლა კოსიგინი დამრჩა. ერთი მხატვარი იყო კიდევ, წერეთელი, ძირითადად ხეზე მუშაობდა. მივედი მასთან სახლში და დავინახე, უდევს ხის ჩუქურთმებიანი ბოკალი, რომელშიც ექვსი ლიტრი ღვინო ჩადის. ეს კოსიგინისთვის ვიყიდე და კიდევ ფერწერული ტილოები წავიღე თან. ჩავედი ბიჭვინთაში. საჩუქრები ხომ მზად გაქვსო, – მკითხა ბატონმა ნოდარმა. დიახ-მეთქი. არც მკითხა, რა არის, როგორია... ედუარდ შევარდნაძე გასული იყო, ადგილზე არ დამხვდა. ამ საუბარში შევამჩნიე, ვიღაც ჩაცუცქული მოიპარება, თავს შემოყოფს და გადის. ერთი ხუთი კაცი დგას ჩუმად კართან. ეს კოსიგინის დაცვააო, – მითხრა. მოვიდა კოსიგინიც. ყველას ჩამოგვართვა ხელი. საჩუქარი პერგამენტის ქაღალდში მქონდა გახვეული, გავხსენი და ედუარდს მივაწოდე. ედუარდმა გადააწოდა კოსიგინს, კოსიგინმა მადლობა გადაგვიხადა, შეათვალიერა, გადმოატრიალა და ხედავს, აწერია – წერეთელი. კოსიგინს ჰგონია, რომ ზურაბის გაკეთებულია. რამდენიმე წუთი ლაპარაკობდა ზურაბზე – ზურაბ წერეთელი მარტო თქვენ არ გეკუთვნით, დიდებული, ჩვენი სახელოვანი პიროვნებაა... გააგრძელა და გააგრძელა. ნოდარი მიცინის და მეუბნება – ფერდინანდ, დაიმახსოვრე და მხატვრები რომ ჭამენ ზურას, უთხარი, კოსიგინმა რაც თქვაო. კარგ სადღეგრძელოს რომ იტყვის თამადა, ისე დალაგებული ილაპარაკა ზურაბზე. ზურაბთან მიხეილ სააკაშვილიც არის ნამყოფი, იქ ვიყავი, რომ ჩამოვიდა. მთელი მთავრობა დაპატიჟა, დიდებულად დახვდა, მაგრამ მერე შავმა კატამ გაირბინა მათ შორის.

– ისე, რა საინტერესოა, ბატონო ფერდინანდ, რატომ აღარ ესიმპათიურებათ ერთმანეთი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ წერეთელს?

– არა, ზურაბი არ არის ეგ ადამიანი, ვინმე შეიძულოს, ვინმეს გადაემტეროს. უბრალოდ, ნაწყენია, წმიდა გიორგის მონუმენტი რომ ჩამოვიტანეთ და თავისუფლების მოედანზე დავდგით, იმის თანხა ჯერაც არ გადაუხდიათ. მარტო ტრანსპორტირება რა დაჯდა, იცით? – 200 ათასი დოლარი. ზურაბმა დიდი თვითმფრინავი დაიქირავა და სპეციალურად მოძებნა ისეთი კაპიტანი, რომელიც მასზე დაჯდებოდა.

– კარგი, ახლა ის მითხარით, როგორ დაიწყო ბატონი ზურაბის კარიერა მოსკოვში.

– ზურაბმა დაკვეთა მიიღო. ხრუშჩოვის დრო იყო. მოსკოვის მთავარმა არქიტექტორმა პასუხინმა, რომელიც ყველაფერს განაგებდა, ზურას დაავალა ბიჭვინთის რეკონსტრუქცია, გაფორმება. შემდეგ ისე მოხდა, რომ დაახლოვდნენ. პასუხინს ისე მოეწონა ზურაბი, რომ მისმა ბიჭმა ცოლად ზურაბის ქალიშვილი, ლიკა მოიყვანა. მერე კიდევ რაღაცეები გააფორმა, ლაურეატობა მიიღო, ყველა რეგალია აქვს... რა ჩამოთვლის. ასე წავიდა და წავიდა ჩემი ზურიკო.

– ძალიან საინტერესოა მისი მეგობრობა ვისოცკისთან. გვიამბეთ მასზეც.

– ვისოცკი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ზურაბმა ახალშეუღლებული ვისოცკი და მარინა ვლადი თბილისში დაპატიჟა და მამადავითზე ჯვარი დააწერინა. ქორწილი გადაუხადა, ძალიან დიდი სუფრა იყო გაშლილი. აღარ მახსოვს, ვინ იყო თამადა, მაგრამ მან სტალინის სადღეგრძელო შესვა და ალავერდს ვალოდიასთან გადავიდა... მე მაგ სადღეგრძელოს არ დავლევო... უხერხული სიტუაცია წარმოიქმნა. ზურამ მოჰკიდა სუფრას ხელი და ყველაფერი გადაყარა, აშალა. ყველას ენა ჩაუვარდა. აბა, ხელახლა გააწყვეთ სუფრაო და ასე გააშველა ეს ორი – სტალინელი და ანტისტალინელი. სხვათა შორის, ეს ამბავი მარინა ვლადის თავის წიგნში აქვს შეტანილი.

ვისოცკის ეკონომიკურად უჭირდა და ზურა აფინანსებდა, არ ვიცი, სად მიჰქონდა ის ფული. ზურას ვალი რომ ჰქონდა, ეტყობა, მოერიდა და მასთან კონტაქტი შეწყვიტა. ზურამ მითხრა – ფერდინანდ, დაელაპარაკე, არ მინდა ის ფული, უთხარი, მოვიდესო. ასე როგორ ვუთხრა, დავპატიჟებ და მერე შენ თვითონ უთხარი, რაც გინდა-მეთქი. დავურეკე: ზურაბს მოენატრე, შეხვედრა უნდა შენთან და მოდი-მეთქი. ხომ არ ვეტყოდი, ფული არ უნდა-მეთქი. ისიც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. საწყალი, რომ გარდაიცვალა, მთელმა მოსკოვმა წარმოუდგენლად დაასაფლავა და ზურაბმაც დიდი ხარჯი გაიღო.

– ბატონი ზურაბი ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და მოგზაურობა იახტით უყვარს. როგორ ცხოვრობს მოსკოვში?

– ორ საათზე ადრე არ დაწოლილა. დილით ძალიან ადრე დგება. როცა იქ ვიყავი, მიღებებიდან მოვიდოდით სამ, ოთხ საათზე, დილის შვიდ საათზე „ბასეინზე“ მივყავდი. ვეუბნები, ზურაბ, არ მინდა ბასეინი, მეძინება. არა, მაინც... დგება დილით, ივარჯიშებს, მერე ისაუზმებს და დაიწყებს ფერწერას. ძალიან უყვარს ქართული საჭმელები. ჰყავს ერთი ქალი, ჟენია, რომელიც თითქმის ოცდაათი წელია, მასთან მუშაობს. რამდენჯერ რესტორნიდან ნასვამი გამოვსულვართ და უთქვამს – წავიდეთ ახლა ჩვენთან, ლობიო, ან მჭადი და ყველი ვჭამოთო. სხვათა შორის, კარგად სვამს. ერთხელ სასტუმროში არ გვიშვებენ. მაშინ ზურაბს არ ჰქონდა სახლი და სახელოსნო (მერე მისცეს გერმანიის საელჩო მთლიანად, სადაც უზარმაზარი სახელოსნოც აქვს) და სასტუმრო ჰქონდა დაქირავებული. არ გვიშვებდნენ. ვიღაცეებმა აუტეხეს შუხური. მერე ერთ-ერთმა კარისკაცმა ზურაბს უჩივლა – შეურაცხყოფა მომაყენაო. შანტაჟი იყო.

– თქვენ და ბატონ ზურაბს ერთად ძალიან ბევრი საინტერესო რამ გადაგხდენიათ თავს. რომელს გაიხსენებთ?

– იყო ასეთი ცნობილი მხატვარი – ფერმწერი გურამ ქუთათელაძე, სამხატვრო აკადემიის რექტორის შვილი, მეტსახელად ხიტა. მე რომ სამხატვრო ფონდში ვმუშაობდი, ეს კაცი სხდომებზე სულ ზურაბს აკრიტიკებდა. მიუხედავად ამისა, ზურაბი სულ ეხმარებოდა. ხიტას ძმა, ტარიელ ქუთათელაძე, ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად იყო გადასახლებაში 18 წელი. ერთხელაც, ხიტა ავად გახდა. მე, ზურაბი და ნოდარ ჯამბერიძე წავედით მოსკოვში მის სანახავად. ზურაბმა დააწვინა საავადმყოფოში და პატრონობდა. რომ დავინახე, გული ცუდად გამიხდა – ეს მთასავით კაცი 43 კილო გამხდარიყო, ცარიელი ჩონჩხი. ნოდარს ეუბნება, – ბატონო ნოდარ, ცოდვილი კაცი ვარ, – და მუჭისხელა ცრემლები მოსდის, –  თქვენ არ იცით, ამ კაცმა რა სიკეთე გამიკეთა. მე თუ დღეს ცოცხალი ვარ, ზურაბის წყალობით და რასაც ამას ვუკეთებდი, არ ვიცი, როგორ მოვინანიოო. გეფიცებით, ოთხივე ვიდექით და ვტიროდით.

ერთხელ, საკავშირო კულტურის მინისტრმა საქართველოს კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანს დაურეკა – ლონდონიდან ჯგუფი ჩამოდის და ფერდინანდ ლორთქიფანიძე დახვდესო. სტუმრები „ძველ მეტეხში” დავაბინავეთ. ის საბედისწერო 9 აპრილი თენდებოდა. ჩვენი სტუმრები თურმე მეტეხიდან ხედავდნენ, როგორ მოემართებიან ტანკები. ვიღაც-ვიღაცეებმა შეიტყვეს, რომ უცხოელი სტუმრები არიან ჩამოსულები. ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს და მთხოვეს ფირი მათთვის გადამეცა. ვიდეოფირი რომ გადავეცით, ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა, როგორც კი ჩავალ, ყველაფერს მარგარეტ ტეტჩერს ვაჩვენებო. გამიკვირდა და ამ ქალბატონის ვინაობა ვიკითხე. ინგლისის ლორდთა პალატის ვიცე-სპიკერის მეუღლეაო, – მითხრეს. ამ ქალბატონმა მართლაც პირობა შეასრულა და ჩასვლისთანავე ფოტოები და ვიდეოფირი მარგარეტ ტეტჩერს გადასცა. მერე მე და ზურაბი იმ ქალბატონმა ლონდონში მიგვიპატიჟა. იქ, სასტუმროში ისეთი რამ მოხდა, ზურაბი ამას ყველა თავყრილობაზე ყვებოდა... სასტუმროში პასპორტები რომ წარვადგინეთ, ჩემი გვარის გამო ლორდად ჩამთვალეს და ჩემთვის აპარტამენტი გამოჰყვეს პატარა აუზით, ზურას კი ერთი უბრალო ნომერი მისცეს. როცა მასთან შევედი, ცხადია, უხერხულობა ვიგრძენი და ნომრების გაცვლა შევთავაზე. არ დამთანხმდა. ლონდონში ორი კვირა დავყავით. ზურა იცინოდა – ფერდინანდს სამეფო აპარტამენტები მისცეს, მე კი „ლეჟანკაზე“ მეძინაო. „ლონდონ თაიმმა“ ზურაბს ორგვერდიანი სტატია მიუძღვნა, სადაც ეწერა: ზურაბ წერეთელს ფინანსური განმკარგულებელი ახლავს – ლორდი ქიფანიძეო... ინგლისში ერთმა პიროვნებამ სასმელების დეგუსტაციაზე მიგვიპატიჟა. რამდენიმე ისეთი შამპანური დავაგემოვნეთ, რომელიც მსოფლიო ათეულშია შესული. შემდეგ რესტორანში გადავინაცვლეთ. შემთხვევით მენიუში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ რვაასდოლარიანი შამპანურით გვიმასპინძლდებოდა... მერე ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა: მამამ ანდერძი დაგვიტოვა და მისი გარდაცვალების შემდეგ რომ გავხსენით, ეწერა, რომ ქართველი ყოფილა, კახეთიდან. ამ ბიჭს ქართველობის არაფერი ეტყობოდა, მაგრამ და-ძმა ქართულად სვამდა – ამაში აშკარად ჩანდა მათი კახური ბუნება. მამა ომის დროს ტყვედ ჩავარდნილა, შემდეგ უცხოელ ქალბატონზე დაქორწინებულა და იმის შიშით, რომ შვილებს რეპრესიები არ შეხებოდათ, ქართველობას მალავდა... ზურაბმაც ის ბიჭი არაერთხელ მოიწვია საქართველოში, მაგრამ მან ჩამოსვლა ვერ შეძლო...

скачать dle 11.3