ინტიმური საუბრები
ქალებო, გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომა!
პირველად გწერთ წერილს და ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ.
ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ვმუშაობ. აქ ყოველკვირა ვყიდულობ პრესას, მათ შორის „თბილისელებსაც“ და დიდი გულისტკივილით ვკითხულობ თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებულ ტკივილიან ისტორიებს. ბევრი ფიქრის შემდეგ მეც გადავწყვიტე, რომ მომეწერა. მოკლედ, მინდა, ჩემი სატკივარი გიამბოთ და ამით ყველა ქალბატონს მივმართო, რომ ჩემნაირი შეცდომა არ დაუშვან.
დავიწყებ იმით, რომ ძალიან პატარა – 17 წლის გავთხოვდი. აბსოლუტურად არ მქონდა გაცნობიერებული, რა სერიოზული საქმე იყო ოჯახის შექმნა. საოცრად ბავშვური და მეოცნებე ვიყავი, რაც დღემდე მომყვება. ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით. ორი შვილი მიყოლებით გავაჩინე, რათა ჩემი ქმარი ჯარში არ წაეყვანათ (კომუნისტების დროს ორშვილიანი მამაკაცები ჯარში არ მიჰყავდათ) – ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გამეძლო ორი წელი მის გარეშე.
ჩემმა მშობლებმა ორივეს მიგვაღებინეს უმაღლესი განათლება, ჩემი მეუღლის მხრიდან კი ერთი ადამიანიც არ ყოფილა, რომ თუნდაც მოვეკითხეთ, მაგრამ, იმდენად მიყვარდა, რომ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა, ამის მიუხედავად, ქმრისგან ვერ ვგრძნობდი ვერც სიყვარულს და ვერც ელემენტარულ პატივისცემას. სხვებისგან ყოველთვის მესმოდა ქება: რა ლამაზი ხარ, რა ლამაზი თვალები გაქვსო, მე კი ამ სიტყვების გაგონება ჩემი მეუღლისგან მენატრებოდა, მაგრამ, ერთი თბილი სიტყვაც კი არ მღირსებია. მას ჩემთვის არც ეცალა, ის თავისი ცხოვრებით იყო დაკავებული. სამსახურიც ბიძაჩემმა დააწყებინა და ამის შემდეგ ოჯახი მისთვის მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი იყო. მენატრებოდა, რომ ერთი საათი მაინც გაეტარებინა ჩვენთან. ამის მიუხედავად, 19 წელი იმ ილუზიებით ვიცხოვრე, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მინდოდა, რომ ყოფილიყო, სინამდვილეში კი ქმარი სულ მღალატობდა. მერე კი უკვე აღარავის მოერიდა და საყვარელთან ერთად ოფიციალურად დადიოდა ყველგან. ძალიან გვიან მივხვდი, რომ მასთან არაფერი გამომივიდოდა და ერთმანეთს გავშორდით. ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის ოჯახის დანგრევა საშინელება იყო, თუმცა კი მთელი ეს 19 წელი მარტომ გავატარე, ერთხელაც არ მიგრძნია, რომ გვერდში ქმარი მედგა – მარტო ვზრდიდი შვილებს და ერთხელაც არ უკითხავს, რა სჭირდებოდათ ბავშვებს, როგორ სწავლობდნენ, რას აკეთებდნენ. მაინც შევძელი და ისეთი შვილები გავზარდე, როგორებიც მინდოდა, რომ ყოფილიყვნენ. ორივეს უმაღლესი განათლება მივეცი და ორივე დავაოჯახე. სხვათა შორის, ჩემი შვილები სულ მეხვეწებოდნენ: შენს პირად ცხოვრებაზეც იფიქრე, რადგან ბედნიერებას შენც იმსახურებო. ძალიან განიცდიდნენ ჩემს მარტო ყოფნას, მაგრამ, ამაზე ფიქრიც არ მინდოდა.
მართალია, მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი შვილები არიან, მაგრამ მათ უკვე თავიანთი ოჯახები აქვთ, მე კი 50 წელს ვუახლოვდები და მხოლოდ ახლა ვხვდები, რა საშინელება ყოფილა მარტოობა და ამაზე ფიქრი არ მასვენებს. ვერ გავიგე, რა იყო ჩემი შეცდომა: დიდი სიყვარული? დიდი ერთგულება? დიდი ზრუნვა? დიდი დათმობა? დიდი პატიება?
ბუნებით ძალიან დამთმობი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ, თუმცა...
ღმერთის მადლით, ჩემს ორივე შვილს თავისი ბინა აქვს, მე – ჩემი, მაგრამ გული მტკივა, რომ ამდენი ჯაფის მიუხედავად, საქართველოში რომ დავბრუნდები, ისევ მარტომ უნდა ვიცხოვრო და, რაც არ უნდა გამიჭირდეს, ვერც ჩემს შვილებს შევაწუხებ და ვერც სხვა ვინმეს. არადა, ძალიან მეშინია მარტოობის.
ჩემი ცხოვრების მოკლე ისტორია იმიტომ მოგწერეთ, რომ ყველა ქალმა გაითვალისწინოს ჩემი შეცდომა და საკუთარ თავზეც იფიქროს, რომ ჩემსავით მარტო არ დარჩნენ.
მაინც, ვერ გავიგე, რატომ არიან მამაკაცები ასეთი დაუნდობლები?!
თქვენი ერთგული მკითხველი.
ნათელა, 50 წლის.
ცოლის დაკარგვის მეშინია
გოგო, რომელიც პირველი დანახვიდან რამდენიმე თვეში მოვიყვანე ცოლად, დედაჩემმა გამაცნო – მისი დაქალის დისშვილი იყო და, მთელი სადაქალოს ჩარევით, „შემთხვევით“ შევხვდით ერთმანეთს. მაშინვე მომეწონა და სერიოზულად განვეწყვე მის მიმართ. ახლა რომ ვიყურები წარსულში, ვხვდები, ჩემი ასეთი განწყობის 70 პროცენტი იმით იყო განპირობებული, რომ წინასწარ მქონდა გადაწყვეტილი, რომ თუ გარეგნობითა და კიდევ ცოტ-ცოტა რაღაცეებით მომეწონებოდა, ცოლად შევირთავდი; მაშინ კი მეგონა, რომ ზუსტად ის გოგო გავიცანი, ვისაც ამდენი წელი ვეძებდი. მართალია, მზეთუნახავი არ იყო, მაგრამ, ჰქონდა რაღაც განუმეორებელი შარმი, დახვეწილი იუმორი და საკმაოდ მაღალი ინტელექტი (რაც ასე იშვიათია ხოლმე 20-22 წლის გოგონებში); გარდა ამისა, საოცარ სიმშვიდეს ასხივებდა და, ამ ყველაფარის გამო, გაცნობიდან ერთი საათის შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ცოლად შევირთავდი. თუმცა, ერთი რაღაც მაინც „მიტეხავდა“. შინაგანი ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ჩემით მოხიბლული და აღფრთოვანებული ნამდვილად არ დარჩენილა და რაღაცნაირად, ბედს შეგუებული მომეჩვენა – თითქოს მისთვის სულერთი იყო, როგორ მამაკაცს გაეცნობოდა; მოეწონებოდა თუ არ მოეწონებოდა; თითქოს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ნებისმიერ კაცს გაჰყვებოდა, რადგან ასე დააპროგრამეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეჭვმა გამიელვა, მაშინვე უკუვაგდე, რადგან, სიმორცხვეში ჩავუთვალე.
მაიკო მართლაც არაჩვეულებრივი ცოლი გამოდგა. სულ თვალებში მიყურებდა, კარგად უვლიდა ოჯახს, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ჩემიანებთან; ჩემი მეგობრები და მათი ცოლები ლამის მაიკოს მზეს იფიცებდნენ, ისე შეუყვარდათ, მაგრამ, შინაგანად მაინც სულ ვგრძნობდი მის უთქმელ სევდას. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც მიზეზი, მაგრამ არაფერი მიპასუხა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
ერთხელ კი, სრულიად მოულოდნელად, ყველაფერი გავიგე. თურმე, ჩემს გაცნობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ვიღაც ბიჭი შეჰყვარებია, მაგრამ, რაღაც მიზეზების გამო, ის ბიჭი მაიკოს ოჯახს დაუწუნებია, უფრო სწორად, კატეგორიული წინააღმდეგები ყოფილან მათი დაქორწინებისა და დაუშორებიათ კიდეც, მაგრამ ის მაინც არ ეშვებოდა. როგორც ჩანს, მაიკოსაც უყვარდა, რადგან მითხრეს, ძალიან განიცდიდა მასთან დაშორებასო. მერე ის ბიჭი რაღაც შარში გახვეულა (თურმე, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა) და დაუჭერიათ, რის გამოც მაიკოს ისეთი დეპრესია დაწყებია, ექიმებთანაც კი უტარებიათ. მერე, ყველაფერმა ასე თუ ისე რომ გაუარა, ოჯახს გადაუწყვეტია, სასწრაფოდ მოეძებნათ მისთვის ღირსეული საქმრო და გაეთხოვებინათ და სწორედ მე აღმოვჩნდი ის „ღირსეული“ კანდიდატი.
ეს ისტორია რომ გავიგე, ძალიან განვიცადე. მიუხედავად იმისა, რომ მაიკოს პირველი სიყვარული ისევ ციხეში იჯდა და მისგან არაფერი ისმოდა, საშინელმა ეჭვებმა შემიპყრო. მართალია, ცოლისთვის არანაირი შარის მოდების მიზეზი და საბაბი არ მქონდა, მაგრამ, ვერ ვიშორებდი იმაზე ფიქრს, რომ ისევ ის ნაძირალა უყვარდა, ისევ მასზე ფიქრობდა, ჩემთან კი ძალიან ნიჭიერად თამაშობდა.
კარგა ხანს ვიკავე თავი, მაგრამ, როცა შევატყვე, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, დავსვი და ყველაფერი ვუთხარი. მაიკომ ჯერ იტირა, მერე კი გულწრფელად მითხრა, თავიდან მართლა იმიტომ დაგთანხმდი ცოლობაზე, რომ სახლში მაინც არ მომასვენებდნენ, თან, მივხვდი, რომ კარგი ადამიანი იყავი, მაგრამ, ახლა მართლა ძალიან მიყვარხარ და უშენოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენიაო. ეს რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა, ჩემზე ბედნიერი კაცი აღარ მეგულებოდა დედამიწაზე და ცოლი კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა, მაგრამ ხანდახან მაინც გამკრავს ხოლმე ეჭვი და ასეთ დროს ჩემზე უბედური არავინ არის. აღარ ვიცი, როგორ ვუშველო თავს. არ მინდოდა, რომ ეს ამბავი მაიკოს გაეგო, მაგრამ, მაინც გავრისკე, თქვენთვის მომეწერა. არ ვიცი, წაიკითხავს თუ არა ამ წერილს. შეიძლება, წაიკითხოს კიდეც და მიხვდეს, რომ მე ვწერ (მიუხედავად იმისა, რომ ორივეს სახელი შევცვალე) და გაბრაზდეს კიდეც, მაგრამ, თუ წაიკითხავს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, სულ მეშინია მისი დაკარგვის, ალბათ, ეს ეჭვიც ამის ბრალია.
შაკო, 31 წლის.