რა ჭორებს ავრცელებენ გიორგი წერეთლისა და ლოლიტას სიყვარულის შესახებ და როგორ დაიწყეს მათ მუსიკალური კარიერა
გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ პოპულარობა ზღვისპირა ქალაქში მოიპოვეს. თუმცა, ისინი თბილისშიც არანაკლებ ცნობილები არიან. როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია და მუსიკალური კარიერა, ამაზე თავად მომღერლები გვესაუბრებიან.
ლოლიტა: სიმღერა ძალიან პატარა ასაკში დავიწყე. ოთხი წლის ვიყავი, როცა სკამზე ვდგებოდი და ჩემთვის ვმღეროდი. დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი. შემდეგ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ბარში. ჯაზს ვმღეროდი, შემდეგ გადავედი რუსულ პროგრამაზე. ის უფრო აქტუალური და მოთხოვნადი იყო.
გიორგი წერეთელი: მე 13 წლიდან დავიწყე სიმღერა. მახსოვს, ჩემი ძმა დადიოდა გიტარაზე ხუთი წელი და ბოლოს მე ვისწავლე (იცინის). როცა მეცადინეობდა, ვუყურებდი, ძალიან მაინტერესებდა. სკოლაში ძალიან მოწესრიგებული ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, გუნდში ვმღეროდი, ყოველთვის თითით საჩვენებელი ბავშვი ვიყავი და ამიტომ, დედაჩემს უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ჩემი სულიერი მოთხოვნილება კი ყოველთვის მუსიკა იყო. შემდეგ მოხდა ისე, ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა და იძულებული გავხდი, მეთერთმეტე კლასი ექსტერნად დამემთავრებინა და მემუშავა. ახლობელმა მითხრა, რომ ტელეფონების შემკეთებელი ესაჭიროებოდათ და ვინაიდან ელექტრობა კარგად მესმოდა, დავთანხმდი, დავიწყე მუშაობა. ერთხელ კულტურის სახლს გაუფუჭდა ტელეფონი. იქ რომ მივედი, ვიღაც ბიჭები ისხდნენ და, რაღაცას უკრავდნენ. გადავდე ტელეფონი და ვუსმენდი (იცინის). შემდეგ მეორედ გაუფუჭდათ ტელეფონი და ასე, ხშირად დავდიოდი კულტურის სახლში. ბოლოს ისე მოხდა, ანსამბლში სოლო გიტარისტად მიმიღეს. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. ერთ წელიწადში გავხდი ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი. კონცერტებს ვატარებდით სხვადასხვა რეგიონში – ხაშურში, გორში და ასე შემდეგ.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
ლოლიტა: გიორგი გავიცანი 2009 წელს. ჩვენ ჯერ კოლეგები ვიყავით, ვმეგობრობდით და შემდეგ შეგვიყვარდა ერთმანეთი. გიორგი „ბერმუხაში“ მუშაობდა და იქ მოვხვდი შემთხვევით ქორწილში. მაშინ, უბრალოდ, ერთმანეთი გავიცანით. შემდეგ, ჩვენთან კლუბში მოვიდა სამუშაოდ და მას მერე დიდი ხანი ვიყავით კარგი მეგობრები.
გიორგი წერეთელი: მე ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი რუსეთში. სანამ იქიდან ჩამოვიდოდი ოჯახი მქონდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ერთმანეთს დავშორდით და პრაქტიკულად სულ სამსახურზე გადავერთე. მინდოდა, უფრო მეტად დავტვირთულიყავი საქმით და ვეძებდი მეორე სამსახურს. ასე მოვხვდი ლოლიტასთან (იცინის). მაშინ „ლაივ ბარში“ მუშაობდა და დავიწყეთ ერთად სიმღერა. ძალიან ჰარმონიულად შევეწყვეთ ერთმანეთს სიმღერის დროს. თუმცა, მეგობრობის გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობდით. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრული. როდესაც ადამიანი მიყვარს, შეიძლება ჩავეხუტო, ვაკოცო, კომპლექსი არ მაქვს. ლოლიტაც ასეთია, ძალიან მეგობრული.
– სასიმღერო ჰარმონია როდის გადაიზარდა პირად ჰარმონიაში?
– სიმღერის დროს ისეთი ჰარმონია გაჩნდა, ყველამ აღნიშნა, ახალი დუეტი დაიბადაო. ტემბრალურად ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს. ყველაფერი ქობულეთიდან დაიწყო.
– ერთმანეთის რომელი თვისებებით მოიხიბლეთ ყველაზე მეტად?
– ლოლიტაში ვხედავდი საკუთარ თავს. მოხიბლული ვიყავი მისი ადამიანობით. იმ პერიოდში პირადი ცხოვრება, პრაქტიკულად, არ მქონდა. გვერდით ქალი არ მყავდა, გადართული ვიყავი სამსახურზე. გული მქონდა აცრუებული სიყვარულზე. ლოლიტაში მომხიბლა იმ სითბომ, რომელსაც ვერავინ შეეწინააღმდეგება და რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება.
ლოლიტა: გიორგი ძალიან მართალი და მოწესრიგებული ადამიანია. ძალიან კეთილია, ყველა ის თვისება აქვს, რასაც მამაკაცში ვაფასებ. რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეძებდი, ამ ადამიანში ვნახე.
– არასდროს გიეჭვიანიათ მასზე?
– არა, არასდროს ვეჭვიანობ. რამდენი გოგო მოდის კლუბში და სულ თვალებში უყურებენ (იცინის). მე პირიქით, მსიამოვნებს. გიორგიც ძალიან ჩვეულებრივად უდგება ამ საკითხს.
გიორგი წერეთელი: მე არასდროს მიმიცია და არ მივცემ მაგის საბაბს. პირიქით, მე ვარ ცოტა ეჭვიანი. მიყვარს, როცა ყველგან ერთად დავდივართ. მსმენია არარსებული ჭორები ჩვენ შესახებ. მაგალითად, ერთხელ გავიგე, რომ თითქოს ერთმანეთს დავშორდით. მსგავსიც კი არაფერი ყოფილა.
– თუ იყო რაიმე რომანტიკული, გიჟური ნაბიჯები რომელიმეს მხრიდან?
– ერთი ისტორია გამახსენდა: როგორც უკვე გითხარით, ძალიან გადატვირთულ რეჟიმში ვმუშაობდი – რესტორნიდან რესტორანში გადავდიოდი. ერთხელ მახსოვს, მანქანით შევედი სცენაზე და ისე დავიწყე სიმღერა (იცინის). ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ერთად მოვდიოდით მანქანით, შუქნიშანზე ვდგავართ, რაღაცას ვლაპარაკობთ და უცბად მაკოცა (იცინის). შემდეგ ბავშვივით დაიბნა. მე იმ მომენტში დავიძაბე, მივხვდი, რომ ეს მეგობრობა აღარაა და რაღაც უფრო მეტია. ლოლიტაც ძალიან დაიძაბა, თან საღამოს ერთად უნდა გვემღერა. მინდოდა, მომეხსნა მისთვის ეს დაძაბულობა. მივედი და ვუთხარი, რა პრობლემაა ტუჩებში კოცნა-მეთქი და მაგრად ვაკოცე (იცინის). მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა, ძალიან დავიძაბე და ისეთი გახსნილი ვერ ვიყავი. ამ დროს ნებისმიერი ნაბიჯი ქალისთვის იმედის მომცემია. თან, იმ პერიოდში სრულიად თავისუფალი ვიყავი, გვერდით ქალი არ მყავდა. ეს ლოლიტამ კარგად იცოდა. ერთ საღამოს მის დასანახავად სხვა გოგონა დავპატიჟე სადღაც. მინდოდა ეფიქრა, რომ ვიღაც მყავდა.
– როგორი რეაქცია მოჰყვა?
– როგორი რეაქცია და წამოვიდა ქობულეთიდან. თურმე, მისთვის ეს ძალიან მძიმე იყო. გარკვეული პერიოდი ერთად აღარ ვმუშაობდით. შემდეგ მეგობრებისა და ლოლიტას თხოვნით, ისევ დავბრუნდი მათთან. ნელ-ნელა გამიჩნდა გრძნობა, მივხვდი, რომ ეს იყო ქალი, რომელიც მე მჭირდებოდა და ყველაფერში გამიგებდა.
– ზღვისპირა ქალაქებში საკმაოდ ცნობილი წყვილი ხართ. თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი პოპულარობა?
ლოლიტა: ქობულეთში დაახლოებით ცამეტი წელია, ვმღერი. თავიდან სულ სხვა პროგრამით ჩავედი. ვმღეროდი ჯაზს. შემდეგ პროგრამა შევცვალე – ვმღეროდი თითქმის ყველა ჟანრში და ალბათ, ეს სხვებზე კარგად გამომდიოდა, რადგან პოპულარობა მოვიპოვე. ორიგინალში ვმღეროდი ყველაფერს, ისევე, როგორც ალა პუგაჩოვა, უსპენსკაია და სხვა ცნობილი მომღერლები.
– როგორც ფიქრობთ, იღბლიანი ადამიანები ხართ?
– კი, ვფიქრობ, რომ იღბლიანი ვარ. ყოველთვის დამოუკიდებელი და ძალიან მიზანდასახული ვიყავი. ადამიანი თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, არაფერი გამოუვა.