როგორ მუშაობდა დიჯეი ბაჯუ „ენიგმას“ ფრანგ პროდიუსერთან და როგორ მოხვდა ის „ბი-ბი-სის“ ობიექტივში
დიჯეი ბაჯუ, გიგა ერისთავი, თბილისში 90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დიჯეი იყო. მასზე თბილისში ჩამოსულმა „ბი-ბი-სის“ წარმომადგენლობამ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ის და ლადო ბურდული 90-იანების ჩაბნელებულ თბილისში ერთობლივ ფართებს აწყობდნენ. ბაჯუს – ევროპის არაერთ ქვეყანაში უცხოვრია და უმუშავია, მათ შორის ისეთი სუპერპოპულარული ჯგუფის პროდიუსერთან, როგორიც „ენიგმაა“.
ბაჯუ: მაშინ ყველაფერი ახალი და უცხო ხილი იყო, რასაც მე და ლადო ბურდული ვაკეთებდით. მე და ლადო თითქმის ბავშვობაში შევხვდით ერთმანეთს – იყვნენ მაშინ კარგი მუსიკოსები, თაობები გაიზარდა ლადოს მუსიკაზე, ლექსებზე, ზღაპრებზე... ლადო იყო „ტუსოვშჩიკი“, თავისი სახლი აირჩია შეკრებებისთვის. ფილარმონიის ხელმძღვანელობამ იმხელა ფასი დაადო კონცერტებს, თან ისეთი დრო იყო, ყვავილები კი არა, ბომბები შემოჰქონდათ დარბაზში კონცერტზე... სხვათა შორის, დასავლეთში, მით უმეტეს, ქუთაისში უფრო იყო ეგეთი დვიჟენიები, ვიდრე დედაქალაქში. მთელი თბილისი გაპლანაქეშებული და განარკომანებული იყო, მუსიკოსები თავს იკლავდნენ, მეტროში მატარებელს უვარდებოდნენ...
– ქუთაისში არ არის მეტრო, თორემ იქაც ჩახტებოდნენ.
– არა, პირიქით. ქუთაისში მაშინ სტადიონებზე კონცერტებზე დადიოდა ხალხი. ჩამოდიოდა სხვადასხვა ჯგუფი, ჩამოსული იყო მაკარევიჩი, რომელმაც პირველი დისტანტონი და გიტარა აქ შეიძინა. სხვათა შორის, რუსებს ბევრი რამ ჩვენგან აქვთ აღებული. მე და ლადომ 93 წელს დისკები გამოვუშვით, ალბომი ჩავწერე. მახსოვს, დიდი პრობლემა იყო მაშინ დისკის გამოშვება. მე თვითონ მქონდა სახლში ხმის ჩამწერი სტუდია, ალტერნატიული დისკი გამოვუშვი, ცოტა ალტერნატიული ტონალობით, პროტესტის ელემენტებით. პოლიტიკურ სისტემას, იმ საშინელებას გამოვუცხადე პროტესტი – ნურც ერთი თბილისელი ნუ მიწყენს, მაგრამ ძალიან ტუტუცურად მოიქცნენ მაშინ – განსაკუთრებით კინომცოდნე გოგი გვახარია. ქუთაისის იმ პერიოდზე რაღაც ფილმი გადაიღო და იქ ჩემი მასალებიც გამოიყენა. ჩამოვიდა ქუთაისში, პანდროკსა და ქუთაისურ ალტერნატივაზე ისეთი ხალხი ალაპარაკა, ვინც საერთოდ ამის აზრზე არ იყო. ძალიან ვიყავი გაბრაზებული – თან, ჩემი მუსიკა ედო ფონად. მთელი ქუთაისი მირეკავდა გაბრაზებული. არც მკითხა ავტორს, თანახმა ვიყავი თუ არა, ჩემი მუსიკა გამოეყენებინა – ისეთ ტიპებთან მიმაწება, ვისაც მთელი ცხოვრება ვლანძღავდი და ვაგინებდი.
– ჩაგეჭრებით... თქვენი თაობის ბევრი ბიჭი მაშინ აფხაზეთის ომში წავიდა, თქვენ არ გქონიათ სურვილი?
– მე გამომაგდეს იქიდან (იცინის). ძმაკაცებმა გამომაგდეს – ვიქაჩებოდი, ფრონტზე, წინა ხაზზე უნდა დავდგე-მეთქი. მე რა შემეძლო?! ტანკზე ვიდექი – ტანკის ფრთაზე, თან ვმღეროდი, თან ვიგინებოდი. ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე იმ ომში, მიჭირს და არც მინდა ამ თემაზე ლაპარაკი... ყველას ჰგონია, ქუთაისი ნარკომანებისა და ძველი ბიჭების ქალაქია, მაგრამ არ არის ეგრე. ვისაც ყური ფანქრით არ ჰქონდა მოხატული და თვალი ფლომასტრით გაფერადებული – ყველა რაღაცას აკეთებდა. მე, უბრალოდ, დავტოვე ალტერნატიული, როკენროლის სამყარო და წავედი უცხოეთში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში... ყველგან ვცხოვრობდი. ბევრი უცხოელი პროდიუსერი დაინტერესდა ჩემით, ფრანგი პროდიუსერი მყავდა, რომელიც „ენიგმას“ პროდიუსერი იყო და ამ ჯგუფთან დიდხანს მუშაობდა. სერგი გვარჯალაძის გადაცემაში ლაივს რომ ვუკრავდი, ბევრს ეგონა, დაექსტაზებული ვიყავი, არადა სიგარეტიც კი არ მომიწევია. ჩემი მუსიკაა ჩემი ნარკოტიკი. ერთხელ კინოფესტივალზე ვიყავი და იქიდანაც გამომაგდეს. ქეთი დოლიძეა, მგონი, სათვალიანი, რეჟისორი ქალი. ჩემი აზრით, ძალიან გაუნათლებელი და უმეცარი ადამიანია. გამომაგდო ფესტივალიდან – ელექტრომუსიკა რა უბედურებაა, დენზე ხარ შეერთებულიო... ევროპული კინოს ფესტივალი იყო, უცხოელები იყვნენ. ორი საღამო დავუკარი და მესამე დღეს გამომაგდო, არ მოეწონა. მერე კი დადიოდა თვითონ კარგად „აჭარა მიუზიქ ჰოლში“ დაქალებთან ერთად, სვამდა და იყო ერთ ამბავში.
– მაშინდელი მუსიკოსებიდან ვის გამოარჩევდით?
– კარგი კითხვაა (იცინის). თბილისიდან ბევრი მუსიკოსი ჩამოდიოდა ქუთაისში, მაგალითად, ქიშო, რომელიც ახლა ამერიკაშია. თბილისიდან მოტოციკლეტით ჩამოდიოდა ხოლმე – გაგიჟებული უყურებდა ხალხი (იცინის). გიჟი ტიპი იყო, თმას თეთრად იღებავდა... დავრბოდით საყურეებით, ლადოს „შმოტკებით“. გერმანულ ნაგაზებს რომ მიუქსევენ ჯაშუშს, ისე გვყავდა ჟურნალისტები მოქსეული... ვინა ხართ, რა გინდათო... მუსიკისა და მეგობრების ტრანსში ვიყავი და პოლიტიკა ფეხებზე მეკიდა! მქონდა სინთეზატორები, სემპლერები, სინთეზატორებისგან ვაწყობდი რაღაც მოწყობილობებს... მერე დისკ-ჟოკეები წამოვიდნენ, რადიოში დისკებს ატრიალებდნენ... სერგი გვარჯალაძემ ჩემზე ფილმი გადაიღო – როგორ ვტენიდი აკუმულატორს და როგორ დამქონდა აქეთ-იქით მუსიკის დასაკრავად. გერმანიაში რომ ჩაიტანა ეს ფილმი, გაგიჟდნენ – ეხვეწებოდნენ, ჩამოიყვანე, აქ დაუკრას. კოლბაში უნდა ჩავსვათო (იცინის). კოლბაში ჩასასმელი კაცი ვარ მე? რაღაც ფესტივალი იყო გერმანიაში და იქ წაიღო ეს ფილმი. სხვათა შორის, ჩემი და ლადოს „ტუსოვკებზე“ ბევრი ისეთი ტიპი დადიოდა, რომელიც დღეს ძალიან ცნობილი და პოპულარულია, მაშინ კი არაფერს წარმოადგენდა.
– მე ვიცი, რომ „ბი-ბი-სიმ“ თქვენზე დოკუმენტური ფილმი თუ სიუჟეტი გადაიღო...
– კი, ეგრეა, 90-იანებში იყვნენ ჩამოსული, როგორც ტელევიზიის, ისევე რადიოსადგურ „ბი-ბი-სის“ წარმომადგენლები. რომ ნახეს, იმ სიბნელეში, სანთლების შუქზე ელექტრონულ მუსიკას ვუკრავდი, გაგიჟდნენ. ჩამწერეს – თქვენ თუ სახლში ეგრე მაგრად გულაობთ, გარეთ რაღა იქნებაო (იცინის). აბა, დოლის და ტიკის გარეშე ვინ გაფრენილა-მეთქი.
– საერთოდ, როგორ ეზიარეთ მუსიკას?
– ძალიან ორიგინალურად – ბიბი კინგი ჩამოვიდა ჯაზ-ფესტივალზე – ყელსახვევით ვიდექი სცენაზე და საბავშვო ჯაზ-ანსამბლში ვუკრავდი. სახელმწიფო ფილარმონიაში ვმუშაობდი ბავშვობაში ოფიციალურად... ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. სადაც ვიყავი იმ ქვეყანას კალმით ვხაზავდი რუკაზე, ბოლოს სულ გადახაზული იყო რუკა – დღემდე არ მასვენებს გამჩენი (იცინის). მყავდა გერმანელი, ფრანგი, შვედი პროდიუსერი, ქართველიც... ეს ქართველი ნამდვილი გიჟი და გადარეული იყო. ვიყავი ისრაელში, კორსიკაში... ნაპოლეონის სამშობლო ვნახე, ძალიან მომეწონა. ყველგან ძალიან მაგარია, ინდოეთშიც ვიყავი და ძალიან მაგრად „გამისწორდა“. ინდურ მუსიკასაც ვიყენებ ნამუშევრებშიც. უკრაინაში, სცენაზე თინეიჯერები ამოგვიცვივდნენ, ეგზალტირებულები იყვნენ, კაბელები, ლეპტოპები წამართვეს. გეი-ჰაუს მუსიკას იყვნენ მიჩვეულები და ჩემმა მუსიკამ ტრანსში ჩააგდო ხალხი (იცინის). მე „გომიკების“ მუსიკას არ ვუკრავ – თუმცა გეებისა და „ლესბიანკების“ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეგ კომერციული მუსიკაა. მე კიდევ ექსპერიმენტები მიყვარს. ძალიან გაბრაზებული ვარ თბილისზე, აღარც ჩამოვალ მანდ – ყველაფერი გაპოლიტიკურებულია. ამერიკაში მყავს შვილი – მეხვეწება, ჩამოდი, ჩემთან იცხოვრეო, მაგრამ არ მინდა არაფრით – ქუთაისზე „სვეტსკი“ და ჯიგრული ქალაქი არ არსებობს.
– რამდენი წლისაა თქვენი შვილი?
– 23 წლის – 16 წლის ვიყავი რომ მეყოლა – კონცერტი მქონდა, მოსკოვიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და გამოვიქეცი, დამცოფა ჩემმა მენეჯერმა. იქ დაამთავრა რაღაც სასწავლებელი, არ ვიცი, ზუსტად. ქართული ძალიან ცუდად იცის, აქ ვერ ჩამოდის, აქაური სიტუაცია არ მოსწონს, სულ მეუბნება, მეცოდები, მამაო. ერთადერთხელ ვიყავი ამერიკაში შვილის სანახავად და ისიც ჩუმად, გაუხმაურებლად... არ მომეწონა ამერიკა, რა მოსაწონია (იცინის).
– ესე იგი სანთლების შუქზე გქონდათ „ტუსოვკები“?
– სად იყო შუქი, სანთლები გვენთო და ისე ვაწყობდით – არადა, უცხოელებს ეგონათ, განგებ ვაკეთებდით ასე (იცინის). ხშირად მოდიოდნენ უცხოელი ჟურნალისტები ჩვენთან ინტერვიუს ჩასაწერად. გარეთ ჯაბა იოსელიანი ყაჩაღობდა და ჩვენ მუსიკას ვუკრავდით. ორჯერ თუ სამჯერ დამაყაჩაღა „მხედრიონმა“ – ყველაფერი წაიღეს – დინამიკები, კაბელები, ინსტრუმენტები... სახლში რომ მოდიოდნენ, ჩემით ვუღებდი კარს, მობრძანდით, ერთი ცალი დინამიკი დამრჩა და ბარემ წაიღეთ-მეთქი! ეტყობა, მერე ყიდდნენ, აბარებდნენ. არასდროს მქონია ქურდულ სამყაროსთან შეხება, არადა, გვახარიას რომ ჰკითხო, ქურდებთან და თემურ შაშიაშვილთან დაახლოებული ვიყავი!
– ნარკოტიკებს არ გაჰკარებიხარ?
– მარიხუანა, ექსტაზი... ეგ ჩემი ბავშვობა იყო. 85-ში ჯეკსონის Thriller გამოვიდა, ეცემოდა მთელი საბჭოთა კავშირი. სოხუმიდან დისკები შემოდიოდა არალეგალურად, შემოდიოდა მარიხუანაც – ვბოლდებოდით და ჭკუაზე არ ვიყავით. ახლაც ხშირად ჰგონიათ, რომ დაექსტაზებული ვუკრავ... უბნის ინსპექტორი, დახეული ჯინსებისა და გრძელი თმის გამო მაჩერებდა და მმოძღვრავდა, კუკარაჩა იყო სუფთა (იცინის)... მამაჩემი სისხლის სამართლის გამომძიებელი იყო თვითონ. სკოლაშიც სულ პრობლემები მქონდა – რასაც მასწავლებელი მართმევდა, ყველაფერს იქ ინახავდა და ბოლოს ჩემი მუზეუმი გააკეთეს სკოლაში (იცინის). ათასნაირი მოწყობილობითა და ტრანზისტორებით დავდიოდი გაკვეთილზე.