კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

არავითარი ნეგატივი...

 

ჩვევა – ყველაზე ახლობელ, საყვარელ ადამიანზე „გადმოანთხიო“ შენი გაღიზიანება და უკმაყოფილება, ლამის ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ვეღარც კი ვხვდებით, ისე ვუშვებთ შეცდომას, რომელსაც ნელ-ნელა საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მივყავართ. გაღიზიანებულები კი სულ ვართ. ამაში ცხოვრების რიტმი ძალიან გვიწყობს ხელს. რატომღაც ხდება ისე, რომ ნაკლებად ვფიქრობთ პატარ-პატარა სიამოვნებებზე. მაგალითად, დამღლელი დღის შემდეგ, ძალიან სასარგებლოა ერთი ფინჯანი სურნელოვანი ჩაი. სანამ ოჯახის წევრებს საყვედურებით აიკლებდეთ, რომ თქვენს შრომას პატივს არ სცემენ, დალიეთ ჩაი და დაისვენეთ. ნეგატივს ნეგატივი კი არ დაუმატოთ, არამედ გათავისუფლდით მისგან.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ პარტნიორებისთვის აუცილებელია ერთმანეთთან საუბარი; თანაც, განყენებულ მატერიებზე, ზოგადად, საკამათო თემებზე. უკეთესად რომ გავუგოთ ერთმანეთს და არ დავკარგოთ ინტერესი ერთმანეთის პიროვნების მიმართ, გაღიზიანების გამოხატვას გაცილებით ჯობია, გულითადი საუბარი. 

და კიდევ... იპოვეთ მიზეზი დღესასწაულებისთვის. პატარა მიზეზი და პატარა დღესასწაული – პოზიტივი ნეგატივის სანაცვლოდ და კიდევ ერთი მშვენიერი დღე.


ჯილდო მამაცობისთვის

 

როგორ უნდა გაიცნო მამაკაცი?! ხომ ხდება ისეც, რომ ჭკვიანიც ხარ, წარმატებულიც, განათლებულიც, კარგი გარეგნობის, მაგრამ საპირისპირო სქესის ყურადღების მიღმა რჩები... ვის უნდა დააბრალო საკუთარი წარუმატებლობა? გაუბედაობას?! მაშინ, რა გიშლით ხელს, იყოთ უფრო მამაცი და გამბედავი? სტერეოტიპი, რომ ურთიერთობა მამაკაცმა უნდა დაიწყოს?! გათავისუფლდით ამ მოსაზრებისგან და ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს იმას, რისი გაკეთებაც მართლა გინდათ. დაფიქრდით, ნუთუ ცხოვრების განმავლობაში სხვა სტერეოტიპი არ დაგინგრევიათ? ესეც ხომ ჩვეულებრივი სტერეოტიპია. იცით, რამდენი მშვენიერი ოჯახი არ შეიქმნებოდა და არ შედგებოდა ურთიერთობა წყვილებს შორის, ქალს სტერეოტიპი რომ არ დაერღვია?! იქნებ, ღირდეს, შეცვალოთ მოქმედების სცენარი. თუ ჯერ კიდევ ვერ შეგამჩნიათ, გააკეთეთ ისე, რომ აღმოგაჩინოთ. თამამად გაუღიმეთ, თანაც, ისე, რომ სტიმული მისცეთ. ანუ, გათამამდით და გაათამამეთ ისიც. თავდაჯერებულობა, სიმსუბუქე, იუმორი და უშუალობა ხიბლავს ყველა კაცს, მით უმეტეს, ურთიერთობის პირველ ეტაპზე. მამაკაცებს მამაცი და თამამი ქალებიც მოსწონთ. შეიძლება, არ აღიარებენ, მაგრამ, ფაქტები ამას მოწმობს. იმაშიც ნუ შეგეპარებათ ეჭვი, რომ სიმამაცისთვის ჯილდოს მიიღებთ... მაგრამ, ეს უკვე სხვა ისტორიაა.


სასარგებლო „შპარგალკა“

 

ნუ იქნებით ნაცრისფერი თაგუნია. ხშირად გაუღიმეთ ადამიანებს. „ჩართეთ“ უბრალო მექანიზმი: „გაუშვით“ კომპლიმენტები დადებით ენერგიასთან ერთად და მიიღეთ დივიდენდები. ეს აუცილებლად იქნება.

შეეცადეთ, არ წაიკითხოთ სასიყვარულო რომანები. გამოგონილი ისტორიები ძალიან გაგიტაცებთ და რეალობას დაგაშორებთ. გაიზრდება რისკი, ისეთად ვერ აღიქვათ ურთიერთობა, როგორიც ჭეშმარიტად არის.

არსებობს ძალიან ბევრი სასიამოვნო გასართობი – სპორტი, შოპინგი... თავდაჯერებულობა გაკლიათ? – ივარჯიშეთ და შეიცვალეთ სტილი. ნაკლები იფიქრეთ და მეტი იმოქმედეთ. იყავით მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ ამან ძალიან არ ჩაგითრიოთ. არასოდეს იფიქროთ, რომ რომანტიკამ სამუდამოდ მიგატოვათ. გააცნობიერეთ ის, რომ ცხოვრება საკმაოდ გულუხვია და ხშირად გვაჯადოებს სასიამოვნო სიურპრიზებით. უბრალოდ, ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამას.

მთავარია – მზად იყო ყოველგვარი მოულოდნელობისთვის. არ შეგეშინდეს, გარისკო და დაიწყო ყველაფერი თავიდან... მაშინ ცხოვრება აუცილებლად გაგიკეთებთ ერთ დიდ, საუკეთესო და სანატრელ სიურპრიზს!

 

მინდოდა, ასეთი...

 

და... ეს სულაც არ არის გასაკვირი. ბუნებრივია, რომ ქალს ცხოვრების თანამგზავრად ისეთი მამაკაცი უნდოდეს, რომელიც მისი საიმედო დასაყრდენი იქნება. ფსიქოლოგებიც გეტყვიან, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები, როცა მომავალ პარტნიორს აფასებენ, აკონკრეტებენ: მინდა, ჩემი ქმარი იყოს თბილი, ალერსიანი, ერთგული, მზრუნველი, ყურადღებიანი, დიდსულოვანი, მხიარული, კეთილი, მომთმენი... დადებით თვისებათა სრული კომპლექტია, ხომ მართალია?! შეუძლებელია, იპოვო მამაკაცი ხასიათის ამ თვისებებით. ჩვენ თავადაც არ ვართ სრულყოფილები. არჩევნის გაკეთებისას, რაღაც „ნაკლოვანებებზე“ თვალის დახუჭვა გიწევს. სხვანაირად, მთელი ცხოვრება მარტო ყოფნისთვის გაიწირები. ყველაზე პოპულარული მამაკაცის თვისებებს შორის არის: ერთგულება, საიმედოობა, მზრუნველობის უნარი, დიდსულოვნება და იუმორის გრძნობა. უბრალო, ადამიანური ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია ის, რაც ჩამოვთვალეთ. თუმცა, ასეთი „მოკრძალებული“ „კომპლექტიც“ არ არის ადვილად ხელმისაწვდომი.

პრინციპში ვის უნდა უნდოდეს მამაკაცი, რომლის იმედიც ვერაფერში გექნება და რომლისგანაც ელემენტარულს ვერ მიიღებ.

ერთგული და საიმედო მამაკაცის პოვნა შეიძლება. მაგრამ არსებობს ერთი, პატარა პრობლემა: ზოგჯერ ასეთი მამაკაცი გვერდით გყავს და ვერ ამჩნევ. თუ თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს ელოდებით, მთელი ცხოვრება ისე ჩაივლის, ვერ აღმოაჩენთ ყველაზე დასაფასებელ თვისებებს ჩვეულებრივ მამაკაცში.

 

მხოლოდ იდეალი?!

 

ქალებს გვერდით ისეთი მამაკაცი სჭირდებათ, რომლითაც იამაყებენ. ამიტომაც, მათი მოთხოვნების სია, რასაც მომავალ პარტნიორს უყენებენ, საკმაოდ გრძელია. სხვათა შორის, რაც უფრო ინტელექტუალურია ქალი, მით უფრო უჭირს ცხოვრების თანამგზავრის პოვნა. შეიძლება, საპირისპირო სქესის მიმართ „ცხელი“ გრძნობებიც ჰქონდეს, მაგრამ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებისგან თავს მაინც შეიკავებს... მერე კი, იწყება – ასეთი ჭკვიანი ხარ, ლამაზი და მაინც მარტო?! რა ხდება?! გაიხსენეთ, როდის გამოავლინეთ რეალური ინტერესი მამაკაცის პიროვნების მიმართ. საუბარია რეალურ ინტერესზე და არა ფარსზე. მამაკაცები სულელები არ არიან, ისინი ხვდებიან, როცა ქალი უნიჭოდ თამაშობს.

ნუ ეძებთ იდეალს. ჯერ ერთი, ასეთი იდეალი არ არსებობს და მეორეც – თქვენც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი ხართ და ძალიან შორს ხართ იდეალისგან. ადამიანს ღუპავს ის, რომ მოვლენებს და ფაქტებს რეალურად არ აფასებს. დაფიქრდით, გჭირდებათ კი იდეალი? შეიძლება, ასეთი ადამიანის გვერდით არასრულფასოვნების კომპლექსიც კი გაგიჩნდეთ. არსებობს კიდევ ერთი „უკუჩვენება“ – როცა სხვისი პარტნიორი იდეალური გგონიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი იცით მასზე. ის, რაც შორს არის, ყოველთვის გაცილებით მომხიბვლელად გვეჩვენება. ნურასოდეს აურევთ პაემანს საქმიან შეხვედრაში, ანუ იყავით ჩვეულებრივი და ეძებეთ ჩვეულებრივი თანამგზავრი. მაშინ, ყველაფერი კარგად იქნება.

скачать dle 11.3