როგორ ვიმკურნალოთ ანგინისა და ლარინგიტის დროს
ანგინა ხახის ტონზილების მწვავე ანთებაა. მისი გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად არის A ტიპის B ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. თუმცა, შეიძლება, ხახის ნაცხში ბევრი სხვა მიკრობიც შეიჭრას, მათ შორის: სტაფილოკოკი, სოკო, ნაწლავის ჩხირი, ვირუსები და ასე შემდეგ.
ანგინები, განვითარების კლინიკური ნიშნებისა და სიმძიმის მიხედვით, სხვადასხვა ტიპისაა. თუმცა, ჩივილები კლინიკურად თითქმის ერთნაირად გამოვლინდება ხოლმე. ეს კი არის, ყელის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ყლაპვის გაძნელება, საერთო სისუსტე. ამ დროს ხშირად იჩენს თავს ზოგადი ინტოქსიკაციის გამოვლინებები, ასევე, უძილობა, მადის დაკარგვა, სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ.
ანგინის მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურია, თუმცა, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ადგილობრივი ზემოქმედების საშუალებები, მაგალითად: სავლებები, აეროზოლები, საწუწნი აბები, ამოსაწმენდი ხსნარები და სხვა. ასევე, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება.
რაც შეეხება პროფილაქტიკას, ამ დროს უნდა მოერიდოთ დაავადებული ადამიანისგან ინფიცირებას. ბევრს სუსტი იმუნიტეტი აქვს და ანგინით ხშირად ავადდება. სასურველია, მათ იმუნოსტიმულატორები მიიღონ და ამით ორგანიზმის იმუნიტეტი გააძლიერონ.
ლარინგიტი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ის, ძირითადად ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთების შედეგად ვითარდება. მისი გამომწვევი მიზეზებია: ინფექცია, ვირუსი, მტვერი, სიგარეტის კვამლი.
ასევე, ლარინგიტი, შესაძლოა, გამოიწვიოს ხმის დაძაბვამ, ნერვიულობამ, სტრესმა და გადაღლამ. ამ დროს აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვის დროს, მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება. მკურნალობა, ძირითადად, აეროზოლებითა და ინჰალაციით ხდება. ამ დროს, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტასა და ცხოვრების რეჟიმს. აუცილებელია ხმის დაზოგვა, სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა. უნდა მოერიდოთ ტკბილეულს, გაზიან სასმელებსა და ცივ საკვებს.
სოდიანი წყალი სიგარეტისადმი დამოკიდებულებას ახშობს
მოწევის დროს, ადამიანის ორგანიზმში ხდება სისხლში არსებული ეგრეთ წოდებული „შიშის ჰორმონების” დაშლა. ამიტომ ამბობენ, ადამიანს მოწევა ნაწილობრივ სტრესებისგან იცავს, ადუნებს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებასო. ამ მხრივ, ნიკოტინის მოქმედება ამეფამინის, მორფინისა და დიაზეპამის მოქმედებას ჰგავს.
როცა ადამიანი მოწევას იწყებს, ორგანიზმი წუხს შეუთავსებლობის გამო და ყოველ მოწეულ ღერზე თავბრუხვევით, გულისრევითა და სისუსტით რეაგირებს. მაგრამ, შემდეგ ორგანიზმი ცდილობს, შეეგუოს მისი პატრონის ცხოვრების ასეთ წესს. ნიკოტინთან შესაგუებლად, ცვლილებები ხდება ყველა ორგანოში, ძირითადად კი, სისხლძარღვებში.
თუ დიდი ხანია, მწეველი ხართ, ნიკოტინის რეგულარული მოხმარებისგან თავის დაღწევა დამოკიდებულია, არა თქვენს სურვილზე ან ცნობიერებაზე, არამედ თქვენს ორგანიზმზე.
თუ გსურთ, ნელ-ნელა დაანებოთ თავი მოწევას, ყოველდღე მიიღეთ სამ გრამამდე საჭმლის სოდა. დილით, უზმოზე, სოდა ჩაყარეთ ცივ წყალში, გახსენით და დალიეთ. იგივე გაიმეორეთ საღამოს საათებში. სიგარეტი ზრდის სისხლში მჟავიანობას, სოდა კი იმისთვის არის საჭირო, მჟავატუტოვანი წონასწორობა აღადგინოს.
მოწევისას ორგანიზმში იშლება ვიტამინები. ერთი ღერი სიგარეტი ორგანიზმს 0,1 მილიგრამ ვიტამინს აკლებს. კარგი იქნება, თუ ამ დანაკარგს ლიმონით აინაზღაურებთ.
რეკომენდებულია მწეველმა ადამიანმა, ოთხი კვირის განმავლობაში, დღეში 200 მილიგრამი C ვიტამინი მიიღოს. ასევე, საჭიროა B ჯგუფის ვიტამინებიც. ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ თავი დაანებოთ მოწევას.
ორგანიზმში ნორმალური ქიმიური ბალანსის აღსადგენად, აუცილებელია სრულფასოვანი კვება. შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ჩაი, ყავა, შოკოლადი. კოფეინი აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში, რაც თავის მხრივ, ზრდის სწრაფვას არა მხოლოდ ნიკოტინისადმი, არამედ ალკოჰოლისა და ტკბილეულისადმი. ასეთი მკურნალობის პროცესში საჭიროა შემდეგი დიეტის დაცვა: საუზმეზე – ხილი და წვენი, სადილზე – ბოსტნეულის სალათა ან მოხარშული ბოსტნეული, ვახშამზე კი – კვერცხი ან მოხარშული თევზი. შეამცირეთ პური, ბრინჯი, კარტოფილი, ტკბილეული. ამ დროს მიიღეთ დიდი რაოდენობით ნიგოზი, თაფლი, მზესუმზირა, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ბევრი ივარჯიშეთ.
დაბალი ჰემოგლობინი მთელ რიგ დაავადებებს იწვევს
გარკვეულ პერიოდში, ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის დონე საგრძნობლად იწევს ქვემოთ, რაც თავბრუხვევას, სისუსტეს, თავის ტკივილსა და მთელ რიგ დაავადებას იწვევს.
თუ გრიპის ან სხვა ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ, ჰემოგლობინმა დაიწია, შეგიძლიათ, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში ჩაიტაროთ თერაპიის ერთკვირიანი კურსი ხილ-ბოსტნეულის დახმარებით. მაგალითად:
* ორი მესამედი ჩაის ჭიქა ახლად გამოწურული სტაფილოს და ერთი მესამედი ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და მიიღეთ ყოველდღე, ნახევარი ჭიქა, სადილის წინ.
* 100 მილილიტრ ბროწეულის წვენს შეურიეთ ამდენივე ლიმონის, სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენი. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში სამჯერ, 2-2 სადილის კოვზი, ჭამის წინ. გაითვალისწინეთ, რომ ხილ-ბოსტნეულის ეს კოქტეილი აუცილებლად ყოველდღე ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.
* აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში ორთქლზე მოხარშული საქონლის ღვიძლი, ცოცხალი მწვანილი და წითელი ფერის ბოსტნეული. მოერიდეთ მწარე საკვებს.
* კარტოფილის სასარგებლო თვისებები კონცენტრირებულია მის კანში. ამიტომ, როცა მას ვთლით, ფაქტობრივად, ვანადგურებთ ვიტამინებით სავსე ფენას. მიირთვით მოხარშული ახალი კარტოფილი კანიანად.
ვაშლი საუკეთესო დიეტური პროდუქტია
ვაშლი მდიდარია ორგანული მჟავებით, რკინითა და ვიტამინებით. ის საუკეთესო დიეტური პროდუქტია. მასში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავებში მიკროფლორის გაუმჯობესებას, ხოლო ნორმალური ბიოლოგიური მიკროფლორა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის მყარი იმუნური სისტემის შენარჩუნებას.
ვაშლი ამცირებს ნაწლავებში დუღილისა და ლპობის პროცესს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაცაა. სასარგებლოა შეშუპების, დიათეზის, ნიკრისის ქარის დროს. ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ფრუქტოზას. ის დიეტური ხილია, მის ზოგიერთ სახეობას არ აქვს უკუჩვენება შაქრიანი დიაბეტის დროს.
ორგანიზმის შეშუპების შემთხვევაში, კარგია შემდეგი სახის ნაყენის მომზადება: გახეხეთ ერთი ვაშლი და გაწურეთ მარლაში. მიღებულ სითხეს დაამატეთ იმდენივე რაოდენობის წყალი და დაახლოებით 5 გრამი სტაფილოს დაჩეჩქვილი თესლი. მიიღეთ დილით, რადგან საღამოს მისი მიღება გახშირებულ შარდვასაც გამოიწვევს. ასევე, შარდმდენი თვისებების გამო, მისი ხშირად გამოყენება სასურველი არ არის. რეკომენდებულია მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში.
წიწიბურა აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას
წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და ორგანიზმისთვის საჭირო საკვებია. მას ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლედები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.
წიწიბურასგან მომზადებული კისელი დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.
მკურნალობისთვის საჭიროა დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, ჭამოთ ასი გრამი წიწიბურას კისელი, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:
* სამი სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით ერთ ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ ერთი ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ ათი წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაამატოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით.
ოხრახუშის წვენი თირკმელებს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს წმენდს
ოხრახუში, თავისი უნიკალური თვისებების გამო, ოდითგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სამკურნალო მცენარე. ის ეხმარება სისხლის შედედებას. მისი მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას.
* შეშუპების დროს, 1 ჭიქა ოხრახუშის დაჭრილ ფოთლებსა და ფესვებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში მთელი ღამით, დილით კი გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლიმონის წვენი. დალიეთ სადილის კოვზით დღეში 5-6-ჯერ. ორი დღის შემდეგ შეისვენეთ და 3 დღის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
* ჰემოგლობინის ასამაღლებლად კარგია მიირთვათ ოხრახუშის ქორფა ფოთლები და ფესვები. ის უებარი საშუალებაა.
* ოხრახუშის წვენს არაერთი დაავადების დროს იღებენ. მათ შორის: თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად.
* 200 გრამ ოხრახუშს დაასხით 2 ბოთლი ბორჯომი და წამოადუღეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ათი დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* ოხრახუშს ჭამენ კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენ საშუალებას. ასევე, ისეთი ინფექციური დაავადებებისას, როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.
* თუ გსურთ, თირკმელები გაიწმინდოთ, 1-2 სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით. სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა მოგწყურდებათ.