რატომ უნდა გააჩნდეს ადამიანს მარხვის პერიოდში მუდმივად სინანული და როგორ უნდა განეშოროს ის სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩახედვას
„მოახლოებულ არიან დღენი დიდისა მარხვისანი: ვალისამებრ ჩვენისა‚ წმიდათა ამათ დღეთა შინა ჩვენ უნდა მოვინანიოთ ცოდვანი ჩვენნი და მივიღოთ წმიდა საიდუმლო. გარნა უწინარეს ზიარებისა‚ შენ‚ ძმაო ჩემო‚ მიხვალ რა მოძღვართან და აღიარებ ცოდვათა შენთა‚ მოელი მისგან‚ რათა სახელითა იესო ქრისტესითა მოგცეს შენ შენდობა. ხოლო რომლითა პირობითა მოგიტევებს შენ იესო ქრისტესი ცოდვათა შენთა? უკეთუ მიუტევნეთ თქვენცა კაცთა შეცოდებანი მათნი. მოძღვარსა შენსა ვერ ძალუძს განტევება ცოდვათა შენთა‚ უკეთუ არ აღასრულე ეს დიდი პირობა. თუ ყოფილიყო სხვა რომელიმე უსაჭიროესი და უდიდესი პირობა‚ მაცხოვარი გვეტყოდა‚ თუ საკმაო ყოფილიყო მხოლოდ მარხვა‚ გრძელი ლოცვა‚ მრავალი მეტანიის ყრა. მისაღებლად ღვთისაგან ცოდვათა შენდობისა‚ წინათვე გვეტყოდა ამას უფალი. გარნა ნაცვლად ამათ ყოველთა‚ ერთსა ამას პირობასა ახსენებს. აწ გსურსა‚ რათა ღმერთმან მოგიტეოს ცოდვანი შენნი? შენც მიუტევე მოყვასსა შეცოდებანი მისნი; გსურსა შეგირიგოს ღმერთმან? შეურიგდი შენცა მოყვასთა შენთა“ (წმიდა მღვდელმთავარი გრიგოლ ქიქოძე). ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).
– მამაო, აღდგომის მარხვას წინ უსწრებს მოსამზადებელი პერიოდი, ერთ-ერთი კი ყველიერის კვირა. როგორ უნდა გაატაროს ის ქრისტიანმა ადამიანმა?
– ოთხივე მოსამზადებელ კვირას და შემდეგ მარხვის დანარჩენ კვირებს აქვს ერთი მნიშვნელობა: თუ როგორი შეგნებით უდგება ადამიანი მარხვის დაწყებას. ჩვენთვის პირველი, ანუ მეზვერესა და ფარისევლის კვირა‚ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მთელი დიდმარხვის პერიოდში. ადამიანი უნდა დაუფიქრდეს ერთ საკითხს, რომ რელიგიური ცხოვრება შეუძლებელია და წარმოუდგენელია, თუ ქრისტიანი არ გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ შეუდგეს მარხვას, როგორ ფიქრობდეს და აზროვნებდეს. ის სახარებები, რომლებიც დიდმარხვის მოსამზადებელ პერიოდში, 4 კვირის განმავლობაში იკითხება, სწორედ ადამიანში არსებული აზრებია. ჩვენ ხშირად მარხვის მიმართაც ზერელე დამოკიდებულება გვაქვს – თითქოს მარხვა არის მხოლოდ წესები, კანონების დაცვა, საკვების მიღებისგან თავის შეკავება. მაგრამ‚ უნდა ითქვას ერთი რამ: მარხვა სწორედ ადამიანის გონებიდან, მისი აზრებიდან იწყება, რომელიც შემდეგ ადამიანის გეგმებში, ქმედებებში ხორციელდება. მარხვა ჩვენი აზრების მომზადება, შინაგანი მდგომარეობის გაწმენდაა, რადგან აზრით იწყება ადამიანის დაცემა, რომელსაც შემდეგ მოჰყვება ქმედება. თუ დავუკვირდებით მეზვერისა და ფარისევლის მდგომარეობას, ერთი შეხედვით‚ ეს არის ორი ადამიანის სახე. ერთი, რომელიც წარმატებულია თავის სულიერ ცხოვრებაში, აღასრულებს მცნებებს, აკეთებს შესაწირს და მეორე – რომელიც თითქოს ცოდვილია. სახარებაში ვკითხულობთ, რომ, როდესაც ისინი ტაძრიდან გამოდიან, ერთი გამართლებულია უფლისგან, მეორე – კი არა. ანუ, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უღრმავდება, აცნობიერებს მართლმადიდებლისთვის ფუნდამენტურ რამეს: ბოლომდე კონცენტრირებულია საკუთარი თავის მიმართ, არსად იყურება – ღმერთს არ ეძებს არც ქვევით, არც ზევით. ის მხოლოდ საკუთარ ცოდვებს უღრმავდება და მარხვას იწყებს ამ სულისკვეთებით. სხვათა შორის‚ როცა კანონებზე ვსაუბრობთ, მინდა აღვნიშნო, რომ უფალს ჩვენთვის არც ერთი კანონი არ დაუდგენია. მათ ჩვენ დავარქვით სახელები: რომ ეს არის კანონი, ეს არის რჯული, მოთხოვნა, წესი, რომელიც უნდა დავიცვათ. სინამდვილეში ღმერთს ჩვენთვის არც ერთი კანონი არ დაუდგენია. შესაბამისად, არც ერთი კანონი თავისი კონკრეტული შინაარსით არ არის კანონი. ეს არის მხოლოდ უფლის სიყვარულის გამოხატულება და ზრუნვა ადამიანებზე. ეს არის არა კანონი, არამედ მაგალითი ადამიანებისთვის.
– თუმცა‚ ამ ყველაფერს კანონის სახელი რომ არ ერქვას, ალბათ‚ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებოდათ მათი დაცვა.
– ეს ურწმუნოსთვის, ნაკლებად მორწმუნესთვის, იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა იწყებს სულიერ, ეკლესიურ ცხოვრებას, ალბათ‚ როგორც კანონი ისე ჟღერს. მაგრამ‚ ვისაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ის ეკლესიურია, გააჩნია სათანადო მომზადება, ეკლესიური ცხოვრების გამოცდილება, მაშინ მასთან კანონებზე, მოთხოვნებზე საუბარი ზედმეტია. მან უნდა იცოდეს, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია. თუ ჩვენ ამ კონტექსტიდან განვიხილავთ საკითხს, ღმერთი კანონებს კი არ გვიდგენს, ის ჩვენთან მიმართებაში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით. ამ ყველაფერს კი იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანი გახდეს ადამიანი. როგორ გახდება ის ადამიანი, როგორ ისწავლის ადამიანობას, როგორ დაიწყებს მარხვას, თუ არ ჩაუფიქრდება საკუთარ თავს?
– რის მიხედვით უნდა გაიგოს ადამიანმა როგორია – ცოდვილი თუ არა? რასთან უნდა მოახდინოს შედარება, რით უნდა იხელმძღვანელოს ამ დროს?
– როცა ჩვენ მარხვაზე ვსაუბრობთ, მთავარია, ადამიანმა წარმატებულად განვლოს მარხვის ათეული დღე და საერთოდ‚ თავისი ქრისტიანული ცხოვრება. ზედმიწევნით, რომ დავიცვა მარხვა, ცნებები, არც ერთი მსახურება არ გავაცდინო, მაგრამ არ მქონდეს შინაგანი მართებული აზროვნება იმისა, რომ ვარ ცოდვილი, მაკლია ბევრი რამ და ბევრი უნდა შევიძინო, ვიშრომო ამისთვის; ჩემი საქმეები თუ არ ემთხვევა ჩემს შინაგან მდგომარეობას, მაშინ გამოდის, რომ მე ვიქცევი როგორც ფარისეველი. შესაბამისად‚ ეს მარხვა მე არაფერს მომცემს, ეს ჩემს სულიერებაში წარმატების მომტანი არ იქნება, ერთი ნაბიჯითაც წინ ვერ წავიწევი. ანუ, შეიძლება ადამიანი ყოველ წესს ზედმიწევნით იცავდეს, მაგრამ აზროვნებით, შინაგანი მდგომარეობით პირწავარდნილი ეშმაკი იყოს. ან‚ პირიქით‚ შეიძლება‚ ადამიანი ამ ყველაფერს ზედმიწევნით არ იცავდეს, თუმცა მათი დაცვა: მარხვის, ლოცვის, ყველაფრის‚ რაც სულიერი ცხოვრების მოსაწესრიგებლად არის საჭირო, აუცილებელია, მაგრამ შინაგანად უნდა იაზრებდეს თავის ცოდვილ მდგომარეობას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა დაინახოს ადამიანმა საკუთარ თავში ცოდვილი მდგომარეობა – თუ ის დაანებებს თავს სხვებში ცუდის ძიებას, მერე ამას საკუთარ თავზეც კარგად მიხვდება.
– ყველიერის კვირაში იწყება ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა. ამით ადამიანს კარგად შეუძლია გაიგოს‚ რა აყენებს მას ცოდვილ მდგომარეობაში.
– ძალიან კარგია, რომ მარხვის პერიოდში იწყება ეფრემ ასურის ლოცვები, ასევე‚ ანდრია კრიტელის სინანულის კანონები. თითქმის ყველა ლოცვაში‚ რაც მარხვაში ტიპიკონის მიხედვით აღესრულება, ჩართულია ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა. ანუ, ჩვენ კი ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ არ ვჭამოთ ხორცი, ყველი, განსაკუთრებული საჭმელები, მაგრამ უფრო მეტად ყურადღება სინანულზეა გამახვილებული. ამ უდიდესი წმიდანების ლოცვებიც სწორედ იმისთვის გვამზადებს, თუ რას უნდა განვიცდიდეთ. ეფრემ ასურის ლოცვებში ეს კარგად არის ჩამოთვლილი. მასში თავმოყრილია ადამიანის მთელი ცხოვრება, თუ როგორი უნდა იყოს ის. მარხვა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საიდანღაც იწყებს, რაღაცაზე უწევს უარის თქმა. დღეს ბევრი მოდის ეკლესიაში ერთი სათხოვრით: რა ეშველება ჩემს შვილს, შვილიშვილს, მომემატება თუ არა ხელფასი, რაღაც კარგი მოხდება თუ არა. იშვიათად თუ ვინმე კითხულობს: მამაო, მე ვგრძნობ, რომ ცოდვილი ვარ და რა მეშველება, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გავხდე უკეთესი? არადა‚ ადამიანმა ასე უნდა დაიწყოს მარხვა და მისი მარხვაც წარმატებული იქნება.
– ანუ, მოსამზადებელი პერიოდის სწორად გატარებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ გაატარებს შემდეგში ის დიდმარხვას?
– ოთხივე კვირიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა არც ერთს არ აქვს. აქ მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი უნდა ვიპოვოთ. გარდა იმისა, რომ ის ფიზიკურად ამზადებს ადამიანს, ნელ-ნელა გადადის საკვების მხრივ შეზღუდვებზე, ეს არის სულიერი მოვლენაც, სულიერი სამზადისიც. ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს კვირები ადამიანს ახსენებს იმას, რომ მარხვას იწყებს თავმდაბლობით. რა თქმა უნდა‚ ამაში იგულისხმება ჭეშმარიტი თავმდაბლობა და არა მონობა, უვიცობა. თავმდაბლობა: ეს არის საკუთარ თავში ჩაღრმავება, რომ მე ძალიან ცუდი ვარ და არავის ვჯობივარ, თუნდაც იმას‚ ვინც ეკლესიაში არ დადის. ასე რომ‚ თუ გვინდა, რომ მარხვა წარმატებული იყოს, გავიზარდოთ, რაიმე მოგვიმატოს, მაშინ მარხვა უნდა დავიწყოთ იმის გააზრებით, რომ ცოდვილები ვართ, ბევრი რამ გვჭირდება იმისთვის, გამოვსწორდეთ და რასაც არ უნდა მივაღწიოთ‚ მაინც ბევრია საჭირო. მაგრამ იმის აღიარება, რომ ცოდვილი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ ბუტაფორიული არ უნდა იყოს, ადამიანის ქმედება უნდა ემთხვეოდეს მისივე გულისწადილს, მის შინაგან განწყობას. თუ შინაგანი განწყობა მართალია, ამაში საქმეც ერთვება და მას უყვარს ადამიანები, არ შურს, არ განიკითხავს, არ არის უსიყვარულო, არ არის ვერცხლისმოყვარე, უყვარს გაცემა. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ აკეთებს, მაშინ ფუჭია მისი მარხვა, ეკლესიაში სიარული, ეს მხოლოდ თავის მოტყუება და დროის უქმად კარგვაა.