კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელ სასტუმროში ცხოვრობდა 1921 წელს მიხაილ ბულგაკოვი და რის გამო დაანგრიეს ქამოანთ ეკლესია სასახლის ქუჩაზე

 

ეს ქუჩა, ისევე, როგორც მასზე არსებული ყველა შენობა, მხოლოდ ძველ ფოტოებზე ცოცხლობს. საუბარია მცირე მონაკვეთიან სასახლის ქუჩაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა გოლოვინის (რუსთაველის) გამზირსა და ერევნელის (თავისუფლების) მოედანს. ქუჩას სახელწოდება მასზე არსებული მთავარმართებლის სასახლის (ყოფილი „პიონერთა სასახლის”) გამო ეწოდა და დღეს საუბარი გვექნება სწორედ ამ ქუჩაზე არსებული შენობების შესახებ, რომლებიც უამრავ საინტერესო ისტორიასთანაა დაკავშირებული.

სათავადაზნაურო თეატრი

იქ, სადაც ამჟამად უნივერმაღი „თბილისის” ძველი შენობა და მეტროსადგური „თავისუფლების მოედანია,” რამდენიმე სახლს შორის, ახლანდელი გრიბოედოვის თეატრის ადგილას, იდგა ულამაზესი შენობა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი თეატრი თბილისში, რომელსაც „სათავადაზნაურო თეატრს” უწოდებდნენ.  ეს მართლაც საოცარი შენობა  1905-1908 წლებში თბილისელი არქიტექტორის, ქრისტეფორე ტერ-სარქისოვის (სატუნცის) პროექტით აშენდა. თეატრს ჰქონდა ულამაზესი ფასადი, რომელსაც გრიფონები, ვაზონები, ქანდაკებები და ჰერბები ამშვენებდა. თეატრის გარდა, შენობაში უამრავი კულტურული და სავაჭრო ორგანიზაცია იყო განთავსებული, მათ შორის: კაფე „პარიზი”, კალატოზოვის სავაჭრო სახლი, ა. როინაშვილის ფოტოატელიე, სადაზღვევო კანტორა „ნადეჟდა”, რ. გენეს საათების მაღაზია, კუკუჯანოვის გალანტერეა, გამომცემლობა „ზაკავკაზიე” და რესტორანი „საბანკო”. 1914 წელს გაჩენილი ხანძრისგან შენობა პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა. 1930-იან წლებში, გასაბჭოების შემდგომ, რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდა გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, ხოლო 1970-იან წლებში, რუსთაველის გამზირის გაფართოების მიზნით, ეს ულამაზესი შენობა მთლიანად დაანგრიეს და მის ადგილას გრიბოედოვის თეატრის ამჟამინდელი შენობა და უნივერმაღი „თბილისი” ააგეს. ამჟამად უნივერმაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

სასტუმრო „სევერნიე ნომერა”

სასახლის მოედნის კუთხეში, ნიკოლოზის (ამჟამინდელი გუდიაშვილის) ქუჩის ჩასახვევთან, იდგა ორსართულიანი შენობა, სადაც 1885 წლიდან ფუნქციონირებდა სასტუმრო „სევერნიე ნომერა”, რომლის ძირითადი კლიენტები საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ, ძირითადად – რუსები, უცხოელები კი უფრო ფეშენებელურ სასტუმროებს ამჯობინებდნენ. ცნობილია, რომ 1900 წელს ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ მწერლები: მაქსიმ გორკი, ანტონ ჩეხოვი და მხატვარი ვიქტორ ვასნეცოვი. 1910 წელს სასტუმრო ნოე სიხარულიძეს შეუძენია და ზედ მესამე სართული დაუშენებია. სასტუმრო 90 ნომრისგან შედგებოდა და ფასი დღე-ღამეში 1-დან 15 მანეთამდე შეადგენდა. ძველი სარეკლამო აფიშებიდან ვიგებთ, რომ სასტუმროში იდეალური სისუფთავე, ელექტრობა, აბაზანები, ტელეფონი და საუცხოო კერძები იყო. განახლებული სასტუმრო „სევერნიე ნომერა” კლიენტებს საქართველოს გასაბჭოებამდე ემსახურებოდა, შემდეგ კი მის შენობაში „ჩეკისტების“ საერთო საცხოვრებელი მოეწყო.

ზუბალაშვილისა და სარაჯიშვილის სახლები

სასახლის ქუჩის დასაწყისში, ერევნელის მოედანთან, 1882 წლებში აშენდა კონსტანტინე ზუბალაშვილის სახლი არქიტექტორ ზალცმანის პროექტით. შენობის მეორე და მესამე სართულებზე გახსნილი იყო ავეჯით მოწყობილი ოთახები – „ევროპეისკიე ნომერა”, მოგვიანებით – „დვორცოვიე ნომერა”, ხოლო 1910 წლიდან – სასტუმრო „ერმიტაჟი”. იმავე პერიოდში ზუბალაშვილის სახლის გვერდით დავით სარაჯიშვილს აუშენებია სამსართულიანი შენობა, რომლის არქიტექტორი ასევე ზალცმანი გახლდათ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლი თბილისში, რადგან, აქ ცხოვრობდა თავად დავით სარაჯიშვილი და მასთან სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი მოღვაწეები. 1907 წელს სწორედ ამ სახლის აივნიდან გამოეთხოვა აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძის ცხედარს. სარაჯიშვილის სახლის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში ეკავა ავეჯით მოწყობილ ოთახებს, რომლებსაც თავდაპირველად „სარაჯევის ნომრებს” უწოდებდნენ. შემდგომში აქ ფუნქციონირებდა  სასტუმრო „ევროპა” და სასტუმრო „პალე-როიალი”. სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდა 1921 წელს თბილისში მყოფი მიხაილ ბულგაკოვი. სასტუმროების გარდა, სარაჯიშვილის სახლში გახსნილი იყო სხვადასხვა დაწესებულება-მაღაზია: კაროლინა ლოტის საკონდიტრო, ე. მხეიძის შლაპების მაღაზია, სომხური გამომცემლობა „ხათაბალა” და გამომცემლობა „სახალხო გაზეთი”. დავით სარაჯიშვილის სახლის მომდევნო შენობაში, რომელიც ციციშვილებს ეკუთვნოდათ, პირველ მსოფლიო ომამდე ფუნქციონირებდა სასტუმრო „ვიქტორია” და, ასევე, სხვა ორგანიზაციები: ცატუროვის შპალერის „მაღაზია, „დონარ და ლეიტცის მანუფაქტურა,“ ბ. სამადაშვილის ცნობათა კანტორა და  ფაბრიკა „კრისტალის” წარმომადგენლობა. 

ქამოანთ ეკლესია

 სასტუმრო „სევერნიე ნომერას” უკანა მხარეს, სასახლის ქუჩაზე სომხურ-გრიგორიანული ტაძარი, ქამოანთ სურბ გევორქის ეკლესია იდგა. სომხურ წყაროებზე დაყრდნობით, ეკლესია გაბრიელ ქამოიანის მიერ იყო აგებული. ეკლესიას უკანასკნელი რეკონსტრუქცია თბილისელმა არქიტექტორმა პავლე ზურაბიანმა ჩაუტარა. ეკლესიის წინ რამდენიმე ერთსართულიანი შენობა იყო განთავსებული, სადაც „ომეგას” ფირმის საათები და საკონდიტრო ნაწარმი იყიდებოდა. ქამოანთ ეკლესია 1930-იან წლებში, გასაბჭოების შემდგომ პერიოდში რუსთაველის გამზირის გაფართოების მიზნით დაანგრიეს. 

კავკასიის არმიის საოლქო შტაბი

 რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მდებარე ეს უძველესი შენობა 1824-1825 წლებში აშენდა და, ფაქტობრივად, მისი კედლებიდან იწყებოდა სასახლის ქუჩა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა თბილისში, რომელსაც პირვანდელი სახე თითქმის შენარჩუნებული აქვს. თავდაპირველად შენობაში განთავსებული იყო ქალაქის თვითმმართველობის ორგანოები და მას „საქალაქო სახლი” ერქვა. მოგვიანებით აქ კავკასიის კორპუსის შტაბი (კავკასიის არმიის საოლქო შტაბი) განთავსდა, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო პროკურატურა იყო. შენობა ადრეული რუსული კლასიციზმის ნიმუშად ითვლება. მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა პარაპეტს ამოფარებული კოშკი, რომელსაც ოთხივე მხარეს სასაათე ღიობი გააჩნია. კოშკზე საათი 1829 წელს დაუმონტაჟებიათ, ამჟამად კი კოშკი საათის გარეშეა. საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში სამხედრო პროკურატურა იყო, დღეს კი იქ რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული.

 

скачать dle 11.3