რა როლი შეასრულა აგათა კრისტის ცნობილ დეტექტივში ჟაკლინ ბისეს შემდეგ ელენა სატინემ და როგორ ინტერესდებიან მისი მოწონებული როლებით ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები
ის საოცრად ლამაზია, ელეგანტური, უხვად დაჯილდოებული სამსახიობო ნიჭით. ამიტომაც‚ ის დღეს ჰოლივუდში ერთ-ერთ საინტერესო, წარმატებულ და ნიჭიერ მსახიობად მიიჩნევა. ელენა სატინე – იგივე ელენა სხირტლაძე, წარმატებული ქართველი მსახიობია, რომელიც საკუთარ ცხოვრებას საოცარ მოგზაურობას უწოდებს და მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. გარდა მსახიობობისა, ელენა არაჩვეულებრივად მღერის, უკრავს ფორტეპიანოზე, 11 წლიდან წერს სიმღერებს. დედა, არაჩვეულებრივი ქალბატონი, მარინა სილაგაძე სცენარისტია და დღეს საკუთარ ქალიშვილს ბოლომდე უდგას გვერდში. ელენასთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველად 2008 წელს ჩავწერე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, მან დღეს ჩვენთან სასაუბროდ დრო მაინც გამონახა. პირადად ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ელენამ, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე შეძლო ჰოლივუდში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის მიეღწია. ელენა მონაწილეობდა 16-ზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. რაც მთავარია‚ წარმატებით შეასრულა ერთმანეთისგან განსხვავებული როლები, რაც უდავოდ უსვამს ხაზს მის ნიჭიერებას. Columbia Broadcasting studio-ს მიერ გადაღებულ საკმაოდ ცნობილ სატელევიზიო შოუში Cold Case, რომელიც ნომინირებული იყო „ემიზე“, აქვს კიდევ 9 მოგება და წარდგენილი გახლდათ 25 ნომინაციაზე, ელენამ შეასრულა ნიჭიერი ოპერის მომღერლის როლი, რომელიც გაიქცა კომუნისტური რუსეთიდან, განსხვავებით Melrose Place-ის გმირისგან, სადაც მან კაპრიზული დივას როლი ითამაშა. ამის შემდეგ ელენა ლონდონში გაემგზავრა ახალ პროექტზე სამუშაოდ. ეს იყო ცნობილი აგათა კრისტის – „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე“, სადაც მან გრაფინია ანდრენიას როლი ითამაშა. ამ ფილმის ძველ, 1974 წლის ვერსიაში გრაფინიას როლი ჟაკლინ ბისემ შეასრულა. ლონდონის შემდეგ ელენა ახალ პროექტზე სამუშაოდ კანადაში გაემგზავრა – ეს იყო Warner Brothers სტუდიის მიერ გადაღებული ტელეშოუ Smallville‚ რომელმაც 3 „ემი“ აიღო, აქვს კიდევ 30 მოგება და წარდგენილი იყო 147 სხვადასხვა ნომინაციაზე. ელენამ შეასრულა ცნობილი DC Comics მთავარი გმირის, ატლანტიდის დედოფლისა და აქუამენის ცოლის როლი. ამის შემდეგ ელენამ მონაწილეობა მიიღო Paramount Network Television-ის პროექტში, ამერიკაში ძალიან ცნობილ, პოპულარულ კრიმინალურ დრამაში NCIS და ითამაშა ბელგიელი თავდაცვის მინისტრის ქალიშვილის როლი.
– დიდი მადლობა ელენა, რომ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც გამონახეთ ჩემთან სასაუბრო დრო.
– პირიქით, ჩემთვის სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით – საკმაოდ დატვირთული, მოუსვენარი ცხოვრება მაქვს. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან საუბარი.
– მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ ამერიკაში ცნობილი ხართ, როგორც მსახიობი, რომელიც ყოველთვის განსხვავებულ როლებს ასრულებს, ეს კი თქვენს მრავალმხრივ სამსახიობო ნიჭზე მიუთითებს.
– ჩემი აგენტი და მენეჯერი ძალიან ბევრ სცენარს მიგზავნიან. მაგრამ, საკმაოდ მომთხოვნი ვარ და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ. არ მომწონს ერთი და იმავე ხასიათის ორჯერ თამაში. სხვათა შორის‚ მე რომ მომეწონება რომელიმე სცენარი, გმირი, ხშირად მისი თამაში ჰოლივუდში ბევრ ცნობილ მსახიობს უნდება. ასე რომ‚ ამ მხრივ‚ დიდი კონკურენციაა. სანამ ჩემს საქმიანობაზე, როლებზე, გეგმებზე გავაგრძელებდე საუბარს, მინდა ჩემთვის მნიშვნელოვან ერთ საკითხს შევეხო. საშინლად იმედგაცრუებული ვარ იმით, როგორ წარმადგინა ბოლო პერიოდში ქართულმა პრესამ. რაც ყველაზე მეტად მაწუხებს‚ ის არის, რომ მე, დაბადებულმა საქართველოში, რომელიც ვამაყობ ჩემი ქვეყნით, წარმომავლობით, საკუთარი მიწიდან ასეთი პუბლიკაცია მივიღე. განსაკუთრებით გულგატეხილი ვარ, როცა ამ მასალას ვადარებ რუსულ გამოცემებში, ისეთი როგორიც არის მსოფლიოში ცნობილი „Instyle“, ჩემ შესახებ დაბეჭდილ სტატიებს. მათში ძალიან ლამაზად წარმადგენენ მე, საქართველოში გატარებულ ჩემს ბავშვობას და ყველა ჩემს მიღწევას ჰოლივუდში. არ შეიძლება, მოიპარო ადამიანის პირადი საკუთრება, ფოტოები, რომელიც საავტორო უფლებებითაა დაცული. მათი გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე უკანონობაა. ასევე საშინელი არაპროფესიონალიზმია, როცა ავტორი საკუთარ სიტყვებს, აზრებს მიაწერს სხვას, მასთან საუბრის გარეშე. განცხადებაც, თითქოს ელენას გათავისებული აქვს, რომ თუ გაიხდის ტანსაცმელს, ჰოლივუდში პოპულარული გახდება – ეს არის საშინლად შეუარაცხმყოფელი და საწყენი! თუ ეს ასეა, ანუ ჰოლივუდში წარმატების მისაღწევად მხოლოდ გაშიშვლებაა საჭირო, მაშინ ნახევარი ამერიკა შიშველი ირბენდა იმ იმედით, რომ ჰოლივუდში აღმოჩნდებოდა. მე ასე არ ვფიქრობ და ბევრი ნიჭიერი, ოსკაროსანი მსახიობიც – შარლიზ ტერონი, ნიკოლ კიდმანი, ჰოლი ბერი, ქეით უინსლეთი და ბევრი სხვა, დამეთანხმება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მათ გაიხადეს, მაგრამ, ეს არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ ესოდენ დიდი პატივისცემა მოეპოვებინათ ჰოლივუდში. ჰოლივუდში მხოლოდ ბევრი მუშაობა და ნიჭია დაფასებული. ვამაყობ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ და იმ მიღწევებით, რასაც მივაღწიე როგორც სერიოზულმა და პატივსაცემმა მსახიობმა. რაც მთავარია‚ გამიმართლა და მქონდა იმის ბედნიერება, მემუშავა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან: ლეგენდარული ეილინ ატკინსი, დეივიდ საჩეტი, ტობი ჯონსი, ადამ სენდლერი, ასევე ოსკაროსნები – ფორესტ ვინტაკერი, „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენილები: ბარბარა ჰერში, მინი დრაივერი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვა. ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ თამამი სცენების გადაღებისას ხშირ შემთხვევაში, დუბლიორები მონაწილეობენ. შემდეგ ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ხდება მსახიობის სახისა და დუბლიორის სხეულის გაერთიანება...
– ელენა, ეს როგორც ცნობილია, ეხება ფილმ „მაგიურ ქალაქს“, რომლის გადაღებებში დღესაც მონაწილეობ.
– Magic City არის საოცრად დახვეწილი და ჭკვიანურად დადგმული შოუ. მოქმედება ხდება ამერიკის ისტორიის ძალიან საინტერესო პერიოდში, 1959 წელს, კუბის რევოლუციის შემდეგ, როცა ფიდელ კასტრომ კუბაზე კონტროლი აიღო. საშიში და დისიდენტური „მაგიური ქალაქი“ მოქმედებას იწყებს მაიამიში. იქ მაიამის სანაპიროზე აიკ ევანი აშენებს ყველაზე მდიდრულ კურორტს, სახელწოდებით: Miramar Play Hotel. ის ხდება გლამურული, ეგზოტიკური, საოცარი სასახლის მეფე, რომელიც ყოველღამე ავლენს სიმართლის ბნელ მხარეებს... აიკი პროფკავშირის ბოსებთან ურთიერთობაში ბევრ პრობლემას ეჯახება და იძულებულია‚ მაიამის განგსტერებთან სარისკო გარიგება დადოს. ფიქრობს‚ რომ ამით წარმატების მიღწევას შეძლებს და გადაარჩენს როგორც საკუთარ, ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლეს. რაც შეეხება ჩემს გმირს, ჯუდი სილვერს, ის არის შოუს მატა ჰარი: ჭკვიანი, ახალგაზრდა ქალი, რომლის ძალა იმ საიდუმლოებებშია, რასაც ინახავს. უშიშარი გარეგნობის მიღმა, ჯუდი არის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ყველაფერი გულთან მიაქვს და ცდილობს‚ თავის დემონებს ისევე გაექცეს‚ როგორც მერლინ მონრო. „მაგიური ქალაქის“ გადასაღებად, სტუდიამ მაიამიში ააშენა მთელი ქალაქი. ის დრო რომ აღდგენილიყო, რომელშიც მოქმედება ხდება, შოუში მრავლადაა იმდროინდელი ავტომობილები და თვალისმომჭრელი კოსტიუმები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით‚ ის ყველაზე ძვირად ღირებული შოუა, რაც კი ამერიკაში გადაღებულა. პირველ სეზონს საერთაშორისო წარმატება მოჰყვა. ახლახან კი‚ შოუს მეორე სეზონზე დავასრულეთ მუშაობა, რომლის პრემიერაც ზაფხულში შედგება. ვამაყობ იმით, რომ ჩვენი შოუ აღიარებულია საერთაშორისო, ამერიკული კრიტიკის მიერ და წარდგენილია „ოქროს გლობუსის“ და „ემის“ ნომინაციებზე. ჩემთვის დიდი პატივია‚ ამ აღიარებული შოუს ნაწილი ვიყო და ვითამაშო ისეთი ნიჭიერი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან: დენი ჰიუსტონი, ჯეიმს კანი, ჯეფრი დენ მორგანი, ოლგა კურილენკო, მაიკლ რისპოლი და ბევრი სხვა.
– გარდა ამისა‚ ახლახან სხვა ფილმზეც დაასრულე მუშაობა.
– ახლახან დავასრულე მუშაობა ფილმზე „Beautiful Now“, რომელიც 2014 წელს ფილმების საერთაშორისო ფესტივალებზე იქნება წარდგენილი. ეს არის ღრმა, რთული და ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ახლო მეგობრებს შორის ვითარდება. ამჟამად მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, რომელთა შესახებ საუბარი ჯერ არ შემიძლია. ამავე დროს‚ ვკითხულობ ბევრ სცენარს და იქიდან მომდევნო პროექტს ამოვირჩევ.
– ელენა, დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. იმედია‚ მალე თბილისშიც გიხილავთ.
– ვიმედოვნებ, ეს ახლო მომავალში მოხდება. ბოლო პერიოდში თქვენთან ბევრი ცვლილებაა. მთელი გულით ვუსურვებ საქართველოს წინსვლას, აყვავებას, გაძლიერებას... ღმერთმა დაგლოცოთ!