როგორ ცხოვრობს ლიბანში ნიკა ცქიტიშვილის ოჯახი და რა დაანათლა ზაზა ფაჩულიამ მის ქალიშვილს
კალათბურთელმა ნიკა ცქიტიშვილმა გუნდი შეიცვალა და ბოლო რამდენიმე თვეა, ოჯახთან ერთად ლიბანში, ბეირუთში ცხოვრობს. მალე ოჯახში მატება ექნებათ – აპრილში მეორე შვილის მამა გახდება. ჩვენი რესპონდენტი ნიკას მეუღლე, სოფო გოგებაშვილია, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილას თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ქმარ-შვილთან ერთად, პატარას მოლოდინში, ბედნიერად ცხოვრობს.
– როგორ შეეწყვეთ ახალ საცხოვრებელ ადგილს?
– ლიბანში ძალიან კარგად ვართ. მე და ლიზი ახლახან ჩამოვედით საქართველოდან, რადგან, უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი. ამიტომაც, ცოტა გვიან მომიწია ბეირუთში ჩამოსვლა. ამჯერად სამშობიაროდ ვემზადები. თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ; კარგი, მზიანი ამინდები გვაქვს და ცხოვრება გვიხარია. რომ მითხრეს, თბილისში თოვდაო, გავოგნდი, რადგან, მარტში ასეთ რამეს არ ველოდი. ამ წუთებში აქ პლუს 25 გრადუსია. თან, პატარა რომ დაიბადება სიცივე არ იქნება, რაც ძალიან კარგია.
– ვის ელოდებით?
– გოგოს. ლიზი ელოდება განსაკუთრებით, სახელებს არჩევს და არის ერთ ამბავში. ჯერ გვითხრა, ზაზუნა დაარქვათო, მერე ნანუკა მოეწონა. სამწუხაროდ, ჩვენ სახელი ნანუკა არ მოგვწონს და ამიტომ ვერ ვარქმევთ ამ სახელს. ალბათ, ბავშვი რომ დაიბადება, მერე გადავწყვეტთ, რა უნდა დავარქვათ.
– ნიკა როგორ მიიღეს ახალ გუნდში?
– ნიკა ძალიან კარგად არის, მშვენიერი გუნდია და ყველანაირად კმაყოფილია. ძალიან დატვირთულია, ხშირად აქვს თამაშები, ვარჯიშები. თან, დამატებით, ინდივიდუალურადაც ვარჯიშობს. მიხარია, რომ ყველანი ერთად ვართ, რადგან, სანამ ჩამოვიდოდით, ლიზის ისე ენატრებოდა მამიკო, დეპრესია ჰქონდა. იმდენად იყო გაბრაზებული, ნიკას სკაიპში რომ ველაპარაკებოდი, კამერაშიც აღარ ენახვებოდა. რაც ჩამოვედით, ლიზი ყოველდღე მიმეორებს, რომ უხარია. რა უხარია, ვერ გავიგე, ალბათ, ნიკასთან ერთად რომ არის. მამა-შვილის დუეტს ვერ აგიწერ, როგორია.
– ნიკა როგორი მამაა?
– ნიკა მართლა ძალიან კარგი მამაა, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო თვეებში მეხმარება. თან, მარტო ვართ, არავინ არ არის ჩამოსული და ნიკას დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ნიკა ინდივიდუალურად ვარჯიშობს, დარბაზში მარტოა და ლიზიც მიჰყავს. ესეც ძალიან ერთობა ბურთის თამაშით, ხან მამიკოს ავარჯიშებს თავისებურად. ნიკა ხუმრობს ლიზი ჩემი პირადი ტრენერიაო.
– ერთ თვეში ბავშვს გააჩენ და მშვენიერ ფორმაში ხარ.
– ფეხით დავდივართ ბევრს და ამის გამო წონაში ცოტა მოვიმატე. მერვე თვეში ვარ და მხოლოდ 9 კილო მაქვს მომატებული. ძალიან მიხარია, რადგან, ლიზიზე ორი ამდენი მოვიმატე.
– ლიზი მამას ძალიან ჰგავს.
– კი ჰგავს, მაგრამ, ჩემი ბავშვობის ფოტოები რომ ნახო, მეც ძალიან მგავს. თუმცა, აქ ვინც ნახა, ყველა მაინც ნიკას ამსგავსებს.
– 19 წლის ხარ და მალე ორი შვილის დედა გახდები.
– აპრილში უკვე ორი გოგონა გვეყოლება, რომლებსაც აუცილებლად ძმაც უნდათ. ამიტომ მალე მესამე წრეზე მომიწევს წასვლა.
– კალათბურთელების ცოლები საკმაოდ აქტიურად ზრუნავთ გამრავლებაზე.
– ცხოვრებაში ამაზე კარგს რას გავაკეთებ? მირჩევნია, ახლავე მივაყოლო ბავშვები ერთმანეთს, ვიდრე წლების შემდეგ გავაჩინო. ერთად გაიზრდებიან, თან, ჩემთვისაც კარგია – რომ წამოიზრდებიან, მერე კარიერასაც მივხედავ.
– უნივერსიტეტში სწავლობ. რომელი კურსის სტუდენტი ხარ?
– პირველ კურსზე ვსწავლობ, რადგან, ლიზიზე ვიყავი ფეხმძიმედ, ერთი წლით გვიან ჩავაბარე. ბიზნესი და ეკონომიკა ავირჩიე, რითაც ძალიან გავირთულე საქმე. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან, ყველაზე გამოსაყენებელი მაინც ეს პროფესიაა.
– ნაკრებზე მინდა გკითხო. ნიკა თუ იქნება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზაფხულში?
– ფედერაციის პრეზიდენტმა დაურეკა, მაგრამ, ზუსტად რა ხდება, არ ვიცი. როგორც გავიგე თვითონ იგორ კოკოშკოვმა უნდა დაურეკოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მას ეხება მოთამაშის დათხოვნა და მოწვევა. მან დაითხოვა და, ალბათ, მანვე უნდა გამოიძახოს. რა თქმა უნდა, ნიკას თუ დაურეკავენ და მოიწვევენ ოფიციალურად, სიამოვნებით დათანხმდება.
– ალბათ, ნიკას მხრიდან კოკოშკოვის შარშანდელ გადაწყვეტილებას გულისდაწყვეტაც მოჰყვა. გულშემატკივრისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, როცა რამდენიმე წარმატებული კალათბურთელი გასულ წელს ნაკრებს მიღმა დარჩა.
– ნიკას იმხელა ამაგი აქვს ნაკრებზე, რომ, ჩემი აზრით, ასე გაშვებას არ იმსახურებდა. კი, მესმის, შემადგენლობის გაახალგაზრდავება საჭიროა, მაგრამ, უნდა იცოდე ვის როგორ უნდა მოექცე კონკრეტულ სიტუაციაში. ნიკას ზუსტად იმაზე დასწყდა გული, რომ მესამე პირისგან გაიგო. ძალიან ულამაზოდ მოხდა ნაკრებიდან ნიკას დათხოვნა. პირადად არ დაურეკავთ და არც მადლობა გადაუხდიათ იმისთვის, რომ 15 წელი ასე აქტიურად იყო ნაკრებში. ჩემი აზრით, ეს სწორი არ იყო, თუმცა, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
– ახალი გუნდის კონტრაქტი რა პერიოდს მოიცავს?
– კონტრაქტი მაისის ბოლომდე აქვს – ჯერჯერობით ერთწლიანს მოაწერა ხელი. თუმცა, ისეთი კმაყოფილია, რომ, არც მეორე წელზე იტყოდა უარს. არ გვეგონა ეს ქვეყანა და, კერძოდ, ქალაქი, ასეთი კარგი თუ იქნებოდა. ყველანაირი პირობით ძალიან კმაყოფილები ვართ და კარგია, რომ ნიკამ სწორი არჩევანი გააკეთა. სანამ კონტრაქტს მოაწერდა ხელს, სამი წელი ეხვეწებოდნენ, მაგრამ, თავს იკავებდა. ახლა გარისკა და გაამართლა. ისეთი კმაყოფილები ვართ, აქამდე სად ვიყავითო, სულ ამბობს. სანამ აქ ჩამოვიდოდით, ირანში თამაშობდა, რომელსაც არც კი შევადარებთ აქაურობას, იმდენად კარგად ვგრძნობთ თავს.
– მეუღლის თამაშებზე თუ დადიხარ?
– კი, როგორ არა, ყველა თამაშზე დავდივარ ლიზისთან ერთად. გუნდში მეუბნებიან, სადაცაა ბავშვს გააჩენ, სახლში დაჯექიო. ლიზი მამიკოს ძალიან აქტიური გულშემატკივარია, „გოუ, ნიკა, მიდი! გოუ, ნიკა, მიდი!” – სულ ასე უყვირის თამაშზე. ყველა გადარია, ძალიან აქტიური ფანია. უკვე შეჩვეულია ბარაბნებისა და საყვირების ხმას.
– ნიკას ფანებს რაც შეეხება?
– ძალიან ბევრი ფანი ჰყავს. თამაშებზე დიდი ტრანსპარანტებით მოდიან, რომლებზეც ნიკას ფოტოა და ზედ აწერია: „ბედნიერები ვართ, რომ აქ ხართ“ და ასე შემდეგ. ყოველდღე ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მომდევნო სეზონიც ამ გუნდში ითამაშოს.
– ზაზა ფაჩულია ლიზის ნათლიაა. კალათბურთის სიყვარული თუ დაანათლა?
– გოგოს ასე კალათბურთი უყვარდეს – არც გამიგია. ეს, ალბათ, მართლა ზაზამ დაანათლა. თან, ძალიან მაღალი ბავშვია – 4 წლის ასაკის ბავშვის ტანსაცმელს ვყიდულობთ. ფეხის ზომაც საკმაოდ დიდი აქვს.
– სად უფრო კარგად გრძნობს თავს, საქართველოში თუ უცხოეთში?
– როცა თბილისში ვართ, ლიზი მამიდაშვილებთან ურთიერთობით ძალიან ბედნიერია, მაგრამ, ძალიან ენატრება ნიკა. რომ ჩამომყავს მერე უკვე ნიკა უნაზღაურებს ყველაფერს, ისე ართობს. მგონია, აქ ყველაზე კარგად არის, მაგრამ მერე ბავშვები ენატრება და სულ თავისი მამიდაშვილების ხსენებაშია.
– ოჯახის დამოუკიდებლად გაძღოლა 19 წლის ასაკში, თან – სამშობლოსგან შორს, ხომ არ გიჭირს?
– პირიქით, ძალიან მსიამოვნებს ეს სიტუაცია. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი. რომ არ მოგატყუო, ძალიან ვიღლები, მით უმეტეს, ორსულად რომ ვარ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც კარგად ვართ და მსიამოვნებს. რაც უფრო დამოუკიდებლად ვცხოვრობთ და მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებთ ოჯახზე პასუხისმგებლობას, ეს ჩემთვისაც კარგია და ნიკასთვისაც. ასე უფრო მეტს იზრდები, მეტს სწავლობ. ამიტომ, მაინც მგონია, რომ ბევრად უკეთესია ასე ცხოვრება.
– ანსამბლ „რუსთავის” მოცეკვავე იყავი გათხოვებამდე. არ გენატრება ცეკვა?
– ძალიან. ისე, ცეკვა ორსულობის დროს უფრო მენატრება, ვერ აგიწერ, როგორი ნოსტალგია მაქვს. ლიზისაც ძალიან უყვარს და სულ მთხოვს, რომ ვიდეო ჩავურთო. აი, რომ ჩავურთავ, მერე უფრო ცუდად ვხდები. ძალიან ძნელია, მაგრამ, რა ვქნა... ჩემი აზრით, ცეკვა არასდროს არ არის გვიან, რომ ჩამოვალ მერეც შემეძლება, მთავარია, ფორმაში ვიყო და სურვილი მქონდეს.
– ჩამოსვლას როდის გეგმავთ?
– გამოცდები მაქვს ივნისში. ამიტომ, როცა კი მომცემენ ბავშვის თვითმფრინავით მგზავრობის უფლებას, მაშინვე გადმოვფრინდებით. აკადემიური სპეციალურად არ ავიღე, რადგან, წლის დაკარგვას, მირჩევნია, რამდენიმე თვე ასე გავწვალდე.
– საუბრის დასასრულს თქვენი ოჯახის გულშემატკივარს რას ეტყოდი?
– ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი ოჯახის სიკეთე გულით უხარია. მინდა, თითოეულ მათგანს ჩვენზე უკეთესი და ბევრად კარგი ცხოვრება ვუსურვო.